მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

მეზვერე მათეს მოწოდება

მათე 9, 9-13

გულთამხილავმა უფალმა იცის, როდის არის მზად მისი შედგომისათვის, ამიტომაც თითოეულს მოუწოდებს თავის დროს, დადგა ეს სანატრელი ჟამი ღვთისაგან მოწოდებისა მეზვერე მათესასთვისაც, რომელიც თავადვე გვიყვება ამის შესახებ. და წარმოვიდა მიერ იესო, იქიდან, სადაც განრღვეული განკურნა და წავიდა გალილიის ზღვისკენ და იხილა კაცი, რომელი ჰსჯდა საზუერესა, კარავთან, სადაც იხდიდნენ სხვადასხვა გადასახადსა და ბაჟს, რამეთუ კარეპნაუმი იყო სავაჭრო ქალაქი, მატთეოს სახელი მისი. „გვაკვირვებს მახარებელი, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, რამეთუ იგი ასე ცხადად ამხელს თავის ცხოვრებას, როცა სხვა მახარებლებმა დაჰფარეს მისი სახელი, მოიხსენიეს როგორც ლევი“, უფრო საპატიო სახელით, ვიდრე არის უბრალო ხალხური სახელი მათე. მას სურს დაგვანახოს დიდებულება უფლისა, რომელმაც ბოროტი გარემოდან გამოიტაცა იგი, - ისე, როგორც ნეტარი პავლე მოაქცია მაშინ, როცა იგი ეკლესიის მიმართ სავსე იყო სიძულვილითა და მტრობით. „მეზვერის ხელობა, - ამბობს წმ. ოქროპირი იყო უსირცხვლო და უტიფარი, ეს იყო მტაცებელობა კანონს ამოფარებული, მაგრამ ის, რომელიც არ განურისხდა მეძავს და არ მოირიდა იგი, ვინც ეამბორებოდა და ფეხებს უსველებდა ცრემლებით, არ შერცხვა მეზვერისაც, რადგან იგი სწორედ იმისათვის იყო მოსული, რომ ემკურნალა არა მარტო სხეულისათვის, არამდე ბოროტისაგან დაავადებული სულისათვისაც.“

მოკლედ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა მეზვერე იყო უსირცხვილო ანგარებისმოყვარე და წყალწაღებული ცოდვილი, როგორადაც მათ თვლიდნენ იუდეველები; პირიქით, ბევრი მათგანი ზრუნავდა სულის გადარჩენისათვისაც, მოელოდა ქრისტეს მოსლას, დაიარებოდა უდაბნოში, რათა მოესმინა იოანე წინამორბედის ქადაგებისათვის და მისგან იღებდა ნათლობას ღვთის დიდებისათვის. შეიძლება მეზვერე მათეც იყო ასეთი; შესაძლოა მას უკვე ჰქონდა შემთხვევა ენახა ქრისტეს სასწაულები, მოესმინა მისი სწავლისათვის და მისი გული მინდობოდა ხალხში გავარდნილ ხმას დიდ სასწაულმოქმედ იესოზე, რომლისთვისაც მზად იყო დაეტოვებინა თავისი ცოდვილი საქმეც კი. გულთამხილვმა იცოდა, რომ ეს მეზვერე მომავალში იქნებოდა მისი გამორჩეული სამკვიდრებელი, ამიტომაც მიმართა მას მოწყალე მოწოდებით; და ჰრქუა მას: მომდევდი მე - იყავი ჩემი მოწაფე! მათე არ შეყოვნდა არც მერყეობა დაეუფლა, არამედ მაშინვე დამორჩილდა, როგორც მოიქცნენ მეთევზეებიც და აღჰსდგა, და მიჰსდევდა მას, - მაშინვე მიატოვა მის მიერ უკანონოდ დაგროვილი ქონება, და გაჰყვა უფალს, რომელსაც არ ჰქონდა თავის შესაფარებელი ადგილიც კი. აი, დიდი მისაბაძი მაგალითი, როცა მდიდარი „ძვრება ნემსის ყუნწში“, რათა დაიმკვიდროს ღვთის სასუფეველი.

მახარებელი ლუკა გვიყვება, რომ წმ. მათე, რომელსაც იგი უწოდებს ლევის, აღივსო დიდი სიხარულით, რადგან ღირსი გახდა, ჩარიცხულიყო უფლის მოწაფეთა რიცხვში, ამიტომაც მაცხოვრისა და მისი მოწაფეებისათვის გამართა დიდი ლხინი, და უფალი ხედავდა რა მათეს სიყვარულს, დარწმუნებული იყო, რომ მისი მაგალითი შეიძლება ნუგეშად ქცეულიყო სხვა მეზვერეთათვისაც, მიანიჭა რა მას ეს დიდი პატივი. „იგი ყოველთვის იჩენდა უდიდეს შემწყნარებლობას ცოდვილებთან, რომლებიც იმსახურებდნენ გაკიცხვას, - იმიტომ კი არა, - როგორც შენიშნავს წმ. გრიგორ ნოსელი, რათა თანამოზიარე გამხდარიყო მათი უსამართლობისა, არამედ რათა მათთვის ემცნო თავისი სამართალი“.

საკუთარი გამოცდილებით დარწმუნებულმა, რომ იესო ქრისტეს არ ეთაკილება სიახლოვე მეზვერეებთან და ცოდვილ ადამიანებთან, მათემ პურობაზე მიიწვია სხვა მეზვერენიც - თავისი მეგობრები და ახლობლები, რათა იმათაც მისცემოდა შესაძლებლობა ქრისტესაგან მოესმინათ მაცხოვნებელი სიტყვა. და მართლაც, წმიდა მარკოზი წერს, რომ ამის შემდეგ ბევრი მეზვერე შეუდგა მაცხოვარს. თვით მათე, მორიდებით ყვება ამ პურობაზე, არაფრს ამბობს იმაზეც კი, თუ იგი ვის სახლში გაიმართა, არამედ უბრალოდ ამბობს: და იყო ჰსჯდა რა იგი ინახით სახლსა შინა, ანუ როცა აღმოსავლური წესის თანახმად, დაჯდა დაბალ მაგიდასთან, იდაყვებით ბალიშებს დაყრდნობილი, და იწყო კეთილი მასპინძლის ტრაპეზიდან ჭამა, მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი, ანუ ფარისეველთა აზრით - სამარცხვინო ხალხი, თანა-ჰსხდეს ინახით იესოს თანა მაგიდის გარშემო მოთავსდნენ, და მოწაფეთა მისთათანა, და უფალი ასწავლიდა მათ, სიყვარულით ესაუბრებოდა მათ ცხოვნებაზე, როგორც ყველაზე უმთავრეს საზრუნავზე. „იგი ათავისუფლებდა მათ სულიერ სნეულებათაგან, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, მაშინაც კი, როცა იყვნენ მაგიდასთან, რითაც ჩვენ გვასწავლა, რომ ყოველ საქმესა და ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენთვის სარგებლის მოტანა. მართალია ყველაფერი, რაც კი ამ მაგიდაზე ელაგა, შეძენილი იყო უსამართლობით, მაგრამ ქრისტე არ მოერიდა მას, მან ინება ყოფნა ერთ სახლში, ერთ მაგიდასთან, მეტად ცოდვილ ხალხთან, თუმცა ამის გამო ზოგიერთებისაგან მან საყვედურიც დაიმსახურა, რადგან „ჭამდა მეზვერესთან, მეზვერის სახლში და მეზვერეებთან.“

შენ ალბათ იკითხავ: მოციქული პავლე როგორღა გვეუბნება ამას: „უკეთუ ვინმე ძმაი სახელდებულ იყოს მეძავ, ანუ ანგარ, გინა მაგინებელ, გინა მომთვრალე, ანუ მტაცებელ; ესე ვითარისა მისთანა არცაღა ჭამად“ (1 კორ. 5,11). მაგრამ მოციქული გვიბრძანებს ისეთი ძმებისაგან მორიდებას, რომელთაც არ უნდათ თავიანთ მანკიერებათა მოცილება, მეზვერეებმა კი შეწყვიტეს ბოროტის კეთება და სასიკეთოდ შეიცვალა მათი ცხოვრება. მაგრამ ფარისევლები ეძიებდნენ მხოლოდ ისეთ შემთხვევას, რითაც რაღაცაში ბრალს დასდებდნენ უფალს, და განიკითხავდნენ მაცხოვარს, იმისათვის, რომ მან თითქოს დაარღვია ის, რაც ფსალმუნში ეწერა: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოსა“ (ფს. 1,1)

და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, უყურებდნენ რა იმას, თუ როგორი სიყვარულით ეპყრობოდა იესო იმათ, რომლებიც მათი აზრით მეტად ცოდვილნი იყვნენ, მაგრამ არ ყოფნიდათ გულახდილობა, რომ გამოეთქვათ ეს უფალთან, ეს ორგულები შეეცადნენ მისი გულმართალი მოწაფეების აშფოთებას: ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაისათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჰსჭამს მოძღარი თქუენი? რატომ ეძებს სიახლოვეს ასეთი დაბალი ყოფაქცევის ხალხთან? რატომ არ აქვს საქმე ჩვენთან? - „თითქოს, - შენიშნავს მიტროპოლიტი ფილარეტი, - არა მასწავლებელს მოწაფეთათვის, არამედ, მოწაფეებს უნდა ესწავლებინათ თავინთი მასწავლებლისათვის, როგორ მოქცეულიყო“. - თქვენ რატომ სჭამთ და სვამთ ამ ცოდვილებთან? - „სხვა შემთხვევაში, - ამბობს წმ. ოქროპირი, როცა მოწაფეებმა, დასანახად თითქოს შესცოდეს, ფარისევლემბა საყვედურებით მიმართეს თვით მასწავლებელს და უთხრეს: „აჰა, მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ“ (მთ. 12, 2), ახლა კი მოწაფეებთან ბრალს სდებენ მასწავლებელს. ყოველივე ამას ისინი იმიტომ აკეთებდნენ, რომ მოწაფეები ჩამოეშორებინათ მასწავლებლისაგან“.

უფალმა დაინახა, რომ მოწაფეებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა, ამიტომ თვითონ უპასუხა ფარისევლებს: ხოლო იესოს, ვითარცა ესმა, ჰრქუა მათ: თქვენ თვლით, რომ სულიერად ხართ ჯანმრთელნი: რატომ არის თქვენთვის გასაოცარი, რომ მე არ მოგმართავთ თქვენ? თქვენ ვერ გრძნობთ, ჩემს საჭიროებას, როგორ მხსნელისას, ამიტომ მე არ გახვევთ თავს ჩემს მაცხოვნებელ მადლს: მათ კი სურთ გადარჩენა და მე მათ გადავარჩენ. არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ამიტომაც ეხლა მოვედი მე, როგორც მკურნალი, და არა როგორც მსაჯული, ამიტომ ვითმენ ცოდვის სიმძიმეს. „შეჰხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, უფალი ფარისეველთა სიტყვებიდან როგორ სრულიად საპირისპიროს ასკვნის, ისინი ბრალად სდებდნენ მეზვერეებთან სიახლოვეს, იგი კი პირიქით, ამბობ იმას, რომ სწორედ ასეთი ხალხის გამოსწორებაა მეტად მნიშვნელოვანი საქმე, ურიცხვ ქებას რომ იმსახურებს, ხოლო თქუენ წარვედით, თქვენს სამლოცველო შესაკრებელში, სადაც ყოველთვის კუთხულობენ და განგიმარტავენ სჯულსა და წინასწარმეტყველებას, და ისწავეთ თუ აქამდე რაც არ გისწავლიათ, რა არს ჩემი მამის მიერ წინასწარმეტყველ ისაიას პირით ნათქვანი: წყალობა მნებავს და არა მხსუერპლი. ისწავლეთ, რა არის მოწყალება, განსაკუთრებით კი სულიერი; შეიცანით, რომ ცოდვილთა შეწყალება ყოველგვარ მსხვერპლზე უფრო მოსაწონია ღვთისათვის. არ სჭირდება ღმერთს შენი შესაწირი, თუ შენ არ გსურს მოყვსს შეეწო გასაჭირში. მოწყალების საქმენი თავისთავად არის ყვლეაზე საუკეთესო მსხვერპლი ღვთისათვის, რომელსაც სხვა შესაწირავებზე მეტად მოიხსენიებს საშინელ სამსჯავროზე ღმერთი. რაც შემეხება მე, თითქოს ასე აგრძელებს მაცხოვარი: მე არა მარტო არ ვთაკილობ ცოდვლ ხალხს, არამედ სწორედ მათთვის მოვედი: რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, ვითომ მართალთათვის, როგორებიც თქვენ ხართ, არამედ ცოდვილთა, გულით შემუსვრილთა და სულით მდაბალ ცოდვილებს ვუხმო სინანულად, მე იმისათვის კი არ მოვედი, - ამბობს მაცხოვარი, რომ ცოდვილები დარჩნენ ცოდვილებად, არამედ რათა შეიცვალნენ ისინი უკეთესებად. თქვენთვის კი, ვიდრე მართლად მიგაჩნიათ თავები, ხსნა შეუძლებელია, რადგან თქვენი ამაყი გული უვარგისია ჩემი მხსნელი მაღლის ხმის გასაგონად, რომელიც მოგვიწოდებს გადასარჩენად.

როგორ მკაცრ გაფრთხილებას გვაძლევს ჩვენ ყველას უფალი ფარისეველთა ამ პასუხში! მიმოვიხილოთ: ხომ არ არის ჩვენშიც ფარისეველთა მსგავსი დაუდევარი და აბუჩად ამდგები დამოკიდებულება მოყვასის სისუსტეებისადმი; ხომ არ იმალება ჩვენს სულებშიც თვითშემცდარობა დამღუპვლი: „არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე. გინა ვითარცა ესე მეზუერე.“ თუ ჩვენ გულში მოიძიება ასეთი აზრის თუნდაც აჩრდილი, მაშინ შორ იქნება ჩვენგან ქრისტეს მიერ უწყებული ღვთის სასუფეველი“.