პროფ. ბონდო არველაძე

მიტროპოლიტის, პროფ. ანანია ჯაფარიძის
„საქართველოს საეკლესიო კრებები“ (ტ. I, ტ. II, ტ. III, თბ., 2003)
და ქართული ეკლესიის ისტორიის ზოგიერთი საკითხი

მიტროპოლიტის, პროფ. ანანია ჯაფარიძის მონოგრაფია „საქართველოს საეკლესიო კრებები“ გამოსცა გამომცემლობა „მერანმა“ (2003 წ.) სამ წიგნად. პირველ წიგნში შესწავლილია XII-XX საუკუნეებში საქართველოში მოწვეული 15 საეკლესიო საკანონმდებლო კრება. ავტორს ამ კრებების იურიდიული მნიშვნელობა განხილული აქვს მსოფლიო საყოველთაო ეკლესიათა კრებების მიერ მიღებულ საკანონმდებლო დადგენილებებთან მიმართებაში. ქართული საეკლესიო სამართალი, ერთი მხრივ, მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობას ეფუძნება და მის საეკლესიო კანონმდებლობის სათავეს მსოფლიო კრებები შეადგენენ, მეორე მხრივ კი, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს საეკლესიო ადგილობრივი კრებები. ამდენად, მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე მართებულად იქცევა, როცა მიმოიხილავს ზოგადად სამართლის ისტორიას და მკითხველს აწვდის ამ დარგში არსებული პრობლემების შესახებ მეცნიერულ ინფორმაციას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მასში წარმოდგენილი საქართველოს საეკლესიო სამართლის კვლევის ისტორია. ერთი კი აქვე გვსურს აღვნიშნოთ: ეს ნაშრომი საქართველოს საეკლესიო კრებების ერთიანი მონოგრაფიული შესწავლის პირველი ცდაა, რითაც მისი მეცნიერული მნიშვნელობა განუზომლად იზრდება. ნაშრომის შესავალ ნაწილში წარმოდგენილია იმ ქართველ მეცნიერთა მოღვაწეობა, რომელთაც ამაგი დასდეს ქართული საეკლესიო სამართლის შესწავლის საქმეს. ამ დარგში პირველი იყო ნიკო ხიზანიშვილი (ურბნელი). მის შრომებში ძველი ქართული სამართლის ისტორიის არაერთი საყურადღებო საკითხია შესწავლილი. ამ მხრივ შეიძლება დავასახელოთ „ათაბაგი ბექა და აღბუღა და მისი სამართალი“, „ძეგლისდება მეფე გიორგი ბრწყინვალესი“. ნ. ურბნელმა სპეციალურად შეისწავლა რუის-ურბნისის კრების დადგენილება და სამართლიანად მიიჩნია ქართული სამართლის ერთ-ერთ საუკეთესო წერილობით ძეგლად და სხვ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ივ. ჯავახიშვილის დამსახურება ამ დარგში, რაც აღნიშნულ მონოგრაფიაში გამოწვლილვით არის წარმოდგენილი. ამ თემაზე დაწერილ ივ.ჯავახიშვილის ნაშრომთაგან გამოირჩევა „ქართული სამართლის ისტორია“, ორ წიგნად, (1928 წ.). მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე მიმოიხილავს ივ. ჯავახიშვილის ამ მონოგრაფიას და წარმოაჩენს დიდი მეცნიერის დამსახურებას საქართველოს საეკლესიო კრებების დადგენილებების მეცნიერული კვლევის საქმეში. აგრეთვე ყურადღებით ეკიდება კ. კეკელიძის მოღვაწეობას ამ სფეროში და იძლევა მისი შრომების მეცნიერულ ანალიზს. კ. კეკელიძე საგანგებოდ შეეხო საეკლესიო კანონიკას თავის წიგნში „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“ (1980, ტ. 1, გვ. 559). კ. კეკელიძის აზრით, X საუკუნის ბოლომდე ქართული საეკლესიო-იურიდიული მწერლობა მისი ნამდვილი მნიშვნელობით არ არსებობდა. ამასთან დაკავშირებით მიტროპოლიტს, პროფ. ანანია ჯაფარიძეს მოაქვს საეკლესიო კანონიკის ცნობილი მკვლევარის ვლ. ბენეშევიჩის საპირისპირო აზრი, რომლის მიხედვით X ს-ში ქართულ ენაზე უკვე არსებობდა დიდი, ანუ 14 ტიტულოვანი სჯულის კანონი ფოტი პატრიარქისა. ამ აზრს იზიარებს ივ. ჯავახიშვილი. კ. კეკელიძის მოსაზრებით კი დიდი სჯულის კანონი ქართულად ითარგმნა რუის-ურბნისის კრების შემდეგ (1103 წ.) არსენ იყალთოელის მიერ, რომელიც შემდეგ შეუვსიათ სხვადასხვა სტატიებით. მონოგრაფიაში ნაჩვენებია აგრეთვე კ. კეკელიძის მიერ მოძიებული საეკლესიო კანონმდებლობის წყაროები და მასალები. მიტროპოლიტს, პროფ. ანანია ჯაფარიძეს განხილული აქვს კ. კეკელიძის ცნობილი ნაშრომი „კანონიკური“ წყობილება ძველ საქართველოში“ (იხ. „ეტიუდები“..., ტ. IV, 1957, გვ. 338-357). კ. კეკელიძემ ამ ნაშრომში გამოთქვა საყურადღებო მოსაზრება კანონიკური წყობის შესახებ საქართველოში და აგრეთვე თავისი შეხედულებანი ჩამოაყალიბა იბერიის ეკლესიის შესახებ. ამ შეხედულების მიხედვით იბერიის ეკლესია თავდაპირველად მტკიცე კავშირში იმყოფებოდა სომეხთა ეკლესიასთან და იერარქიულად ქართული ეკლესია დამოკიდებული იყო სომხურზე. აქ კი ამ საკითხის სიზუსტისა და სისრულისათვის სასურველია მონოგრაფიის ავტორს გაეკეთებინა მცირეოდენი კომენტარი. ეს საჭიროა იმიტომ, რომ საქართველოს და სომხეთის ეკლესიების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ამჟამად არის ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი. პირველი - ადრინდელ პერიოდში ქართული ეკლესია იერარქიულად დამოკიდებული იყო სომხურზე (ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ილ. აბულაძე და სხვ.); მეორე, განსხვავებული მოსაზრების მიხედვით ქართული ეკლესია ოდითგან იყო დიოფიზიტური, რადგან ქალკედონის საეკლესიო კრების (451 წ.) დადგენილებები ქართულმა ეკლესიამ უყოყმანოდ გაიზიარა, გაჰყვა დიოფიზიტურ გზას და არც არასდროს გადაუხვევია მისგან (პ. ინგოროყვა და სხვ.).

მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე სავსებით მართალია, როცა მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ საეკლესიო კრებების და საერთოდ, ეკლესიის ისტორიის დარგში გაწეული ამაგის დაუფასებლობას ჩივის. არადა, მღვდელი პ. კარბელაშვილი საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მკვლევარია, მათ შორის, ვინც სპეციალურად მოღვაწეობდა მეცნიერების ამ დარგში. მისი წიგნი „იერარქია საქართველოს ეკლესიისა, კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი“ (1900 წ.) არის ფუნდამენტური გამოკვლევა. ამ ნაშრომის მნიშვნელობის შესაფასებლად ისიც კმარა, რომ იგი კ.კეკელიძის სამაგიდო წიგნი იყო. პ. კარბელაშვილს დიდად აფასებდა ივ. ჯავახიშვილი და მის ზოგიერთ დასკვნას ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებდა. ამ ნაკლის ერთგვარ გამოსწორებას ცდილობს მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე და ვრცლად განიხილავს მღვდელ პ. კარბელაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობას. საქართველოს საეკლესიო კრებებთან დაკავშირებით პ. კარბელაშვილი აღნიშნავს, რომ დვინის საეკლესიო კრებას სომხეთში (590 წ.) ქართლის კათალიკოსმა კირიონ I მცხეთელმა გაუგზავნა მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებები და „ამის თანახმად იმწყემსება საქართველოს ეკლესია“-ო. პ. კარბელაშვილის აზრით, სომხებმა მოგვიანებით მაინც აღიარეს ქალკედონის კრება. აქ მიტროპოლიტი, ანანია ჯაფარიძე სრულიად მართებულ დასკვნას აკეთებს: პ. კარბელაშვილი, ალბათ, გულისხმობს VII საუკუნეს, როცა სომხურმა ეკლესიამ ერთხანს მიიღო დიოფიზიტობაო. კიდევ არაერთი მოსაზრება აქვს განხილული მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს პ. კარბელაშვილის მეცნიერული ერუდიცია და ალღოიანობა.

მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ფართოდ წარმოადგენს ნ. მარის ღვაწლს ქართული ეკლესიის ისტორიის კვლევის საქმეში. მას მოაქვს ნ. მარის არაერთი მოსაზრება და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უკრიტიკოდ კი არ იღებს, არამედ მათ შეფასებაში იჩენს კრიტიკულ დამოკიდებულებას და ცდილობს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ მეცნიერული საკითხის გადაწყვეტის დროს. მაგალითად, ნ. მარის მიხედვით, ქართულ ეკლესიას IX საუკუნემდე არ ჰქონდა მირონის კურთხევის უფლება. როგორც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ჩანს, ეს უფლება მან მოიპოვა 842-859 წლებში, როცა მან შეწყვიტა იერუსალიმიდან მირონის შემოტანა. ამ საკითხში ნ. მარს არ ეთანხმება მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და წერს „ქართლის საკათალიკოსოში მირონი IV-V საუკუნეებიდანვე იკურთხებოდა. მოგვიანებით დაარსებულ ლაზიკის სამიტროპოლიტოს ბაზაზე აღმოცენებულ აფხაზეთის საკათალიკოსოში, კონსტანტინოპოლში ხატმებრძოლური ერესის გავრცელების გამო, მირონის შემოტანა დაიწყეს იერუსალიმიდან (კონსტანტინოპოლის ნაცვლად), IX ს-დან კი ეფრემ დიდი მაწყვერელის მეცადინეობით საეკლესიო ნორმების გათვალისწინებით, იერუსალიმის საპატრიარქოს თანხმობით, დაწესდა, რომ აფხაზეთის (და არა „აღმოსავლეთის“) კათალიკოსებს მირონი იერუსალიმის ნაცვლად ადგილზევე, ქართლში უნდა მიეღოთ, რადგანაც „აფხაზეთიც ქართლია“, საეკლესიო ერთიანობის გამო აფხაზეთისათვის საჭირო მირონის კურთხევა „ქართლს განეწესა IX ს-დან“ (გვ. 56). ვფიქრობ, დამაჯერებული და არგუმენტირებული მოსაზრებაა და მისაღებად მიგვაჩნია.

მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძეს ვრცლად აქვს განხილული ვარდაპეტობის ინსტიტუტი სომხეთში, რომლის ფორმად არის მიჩნეული ქართული მოძღვრობის ინსტიტუტი ქართლში. უნდა აღინიშნოს, რომ ვარდაპეტის და მოძღვრის შესაბამისობის საკითხი პირველად გამოიკვლია ნ. მარმა. მას მიაჩნდა, სომხური საეკლესიო წყაროების მიხედვით ვარდაპეტი ნიშნავდა არა ბერს, ანდა უბრალო არქიმანდრიტს, არამედ მოძღვარს (მასწავლებელს). ეს შეხედულება გაიზიარა ქართული სამართლის ისტორიის სპეციალისტმა, პროფ. გ. ნადარეიშვილმა: „ძველ სომხურ ეკლესიებში ვარდაპეტის, როგორც მოძღვარ-მასწავლებლის როლი და ავტორიტეტი მეტად მნიშვნელოვანი იყო რთული სასულიერო საკითხების გადაწყვეტაში. როგორც ჩანს, მას უფრო მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე ეპისკოპოსს ან თუნდაც კათალიკოსს... ვარდაპეტებს არამხოლოდ მასწავლებლის - მოძღვრის უფლება ჰქონდათ, არამედ მოსამართლისაც. მათ ხელში იყო მსაჯულობაც“ (გ. ნადარეიშვილი. ნ. მარი და ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, 1989, გვ. 23). ამ დებულებას იზიარებს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. იგი წერს: ქართველ „მოძღვარს“ რუის-ურბნისის კრების მოწვევის დროს, ეტყობა, ისეთივე უფლებები გააჩნდა, რაც სომხურ ვარდაპეტს. მოძღვარი ეკლესიის მასწავლებელი იყო და ჩანს, მოსამართლეც. ამას მოწმობს ის, რომ ქართველი მეფის დარბაზის კარზე მყოფი „მოძღვართ-მოძღვარი“ უმაღლესი მსაჯულის და მოსამართლის უფლებით ყოფილა აღჭურვილი. მოძღვარს ეკისრებოდა მსაჯულის ფუნქციები, ჩანს „მერჩულე“ რჯულის მცოდნედ, მოსამართლედ (მსაჯულად) იწოდებოდა. ეკლესიის ხელში იყო თავმოყრილი მთელი ძალაუფლება, რიგ შემთხვევაში საერო და სასულიერო ძალაუფლება ერთ ხელში იყო. ამის მაგალითად ნ. მარს მიაჩნია ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ინსტიტუტი. ისე ჩანს, მოძღვართა ინსტიტუტს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში, როგორც ვარდაპეტთ - სომხეთში. ეს იყო სახელმწიფოებრივ გაერთიანებამდე, მაგრამ გაერთიანების შემდეგ თავის გვერდით ვერ იგუა ძლიერი და დამოუკიდებელი ეკლესია და მოძღვრობის ინსტიტუტს უფლებანი შეუკვეცა. ამას მოწმობს რუის-ურბნისის კრების მე-12 კანონი - „მოძღვარ წოდებულთა მათ მონაზონთა“. ამ კანონის მიხედვით „პირველად ამას განვსაზღვრებთ, რათა უმღვდელოსა არა ხელეწიფებოდეს განმკითხველობად სულთა, არათუ ეპისკოპოსი იყოს, ანუ მღვდელი ანუ დიაკონი, რამეთუ პირველად შეკვრისა და გახსნისა ხელმწიფობასა უხამს ქონებად და ეგრეთღა განკითხვისა სულთაისა ხელყოფად“ (დიდი სჯულის კანონი, 1975, გვ. 551). აი, ამ კანონს განმარტავს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და წერს: ამ კანონის მიხედვით გამოდის, რომ მეცნიერულ განათლებას, რის გამოც ბევრი იღებდა „მოძღვრის“ წოდებას, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ამიტომ მოძღვრის წოდება შეიძლებოდა მინიჭებოდა მცირემცოდნე ბერს, მაგრამ ნაკურთხ, ანუ ხელდასხმულ სასულიერო პირს. ამის ახსნა კრების მე-12 კანონით არის გამართლებული „შეკვრისა და განხსნის ხელმეწიფება“ მართლაც აქვს მოციქულთაგან მემკვიდრეობით ხელდასხმულ ეპისკოპოსს, მღვდელსა და დიაკონს. რაც შეეხება სომხურ ვარდაპეტს, როგორც ნ. მარი შენიშნავს, მისი უმთავრესი უპირატესობა არის მეცნიერული ცოდნა და ამ ცოდნის უფლება მსაჯულობისა, მასწავლებლობისა და ა.შ. ნ. მარს მიაჩნდა, რომ ძველ სომხეთში ვარდაპეტები თავიანთი უფლებამოსილებით ღირსეულ სიმაღლეზე იდგნენ. ძველი სომხური საეკლესიო წყობილების თანახმად, მათ საპატიო ადგილი ეკავათ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში. მათ შორის სამართალშემოქმედების სფეროში. ნ. მარი თვლიდა, რომ ფეოდალური სომხეთი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ისტორიული ტაო-კლარჯეთი მას სომხეთის ყოფილ ნაწილად მიაჩნდა, ამიტომ ამ ინსტიტუტს ქართულ ეკლესიაზე გავლენა უნდა მოეხდინა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და აღნიშნავს: „სინამდვილეში, მართალია, VI ს-ის შემდეგ ქართველთა ქვეყანა ტაო და ნაწილობრივ მისი მიმდებარე ქართული მხარეები სომხური ეკლესიის გავლენის სფეროში იმყოფებოდა, არაბთა შემოსევების შემდეგ ბიზანტიელთა გავლენით ამ ქართულმა კუთხეებმა თავი დააღწიეს სომხურ საეკლესიო ბატონობას და VIII-IX საუკუნეებში დაუბრუნდნენ ქართულ დედა ეკლესიას“ (გვ. 58). ვფიქრობ, მართებული და საფუძვლიანი აზრია და მისი გაზიარება მოუწევს ზოგიერთ მკვლევარს.

მერჩულე - მოძღვარ-მასწავლებლის ინსტიტუტს დიდი ავტორიტეტი მოუპოვებია არაბთა მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტების ხანაში.

რაც შეეხება ვარდაპეტის გავლენას და ავტორიტეტს, იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მასწავლებლიდან მოსწავლეს. ამაზე მართებულად შენიშნავს პროფ. გ. ნადარეიშვილი მის საყურადღებო გამოკვლევაში „ნ. მარი და ქართული სამართლის ისტორიის საკითხები“ (1989, გვ. 25). ანალოგიური მდგომარეობა ყოფილა საქართველოში. მაგალითად, 1985 წელს სინას მთაზე გადაწერილი იაკობის ჟამის წირვის ანდერძებში იოანე ზოსიმე იხსენიებს თავის მოძღვრებს, ვითარცა უცილობელ ავტორიტეტებს, რომელთაგან მიიღო ცოდნა, „ვითა მე ვიცოდი მოძღვართაგანო“ - აღნიშნავს იგი. ასე რომ, მოძღვართა ხელშია წმინდა წერილის ზრუნვა, რაც თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ. მხითარ გოშის სამართლის წიგნის მიხედვით, ვარდაპეტობის კანდიდატს ევალებოდა - „ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისა და კანონიკური დადგენილებების საფუძვლიანი ცოდნა. თანაც გამოცდის დროს გამოსაცდელს დაწვრილებით უნდა მოეთხრო გამომცდელისათვის „სად და ვისთან შეისწავლა მან საღვთო წერილის თითოეული წიგნი“ (გ.ნადარეიშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 25). იოანე ზოსიმეც ასევე ახსენებს თავის მეცნიერულ მოძღვარს, კერძოდ, ზემოაღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით, - აღნიშნავს მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე.

შემდეგ განხილულია მოძღვრობის და ვარდაპეტობის ინსტიტუტის როლი და მნიშვნელობა საქართველოს და სომხეთის ისტორიაში. დროთა განმავლობაში მოძღვრობის ინსტიტუტის მნიშვნელობა თანდათან შემცირდა, თუმცა XII ს-ში მას საკმაო ძალა ჰქონია. მონოგრაფიაში არის დასტურად მოტანილი დავით აღმაშენებლის ანდერძი, როცა მან თავისი ქონება შიომღვიმის მონასტერს დაუტოვა საკუთარი მოძღვრის ხელით: ჩემმა შვილმა დემეტრემ „ყოველი მისცეს მოძღვარსა ჩემსა... რათა რომელნი მონასტერნი მამულისა ჩემისანი გამიმწაუმინ, მოძღვარმან ჩემმან უკუ ცემითა მათითა აღხოცნეს ჩემთვისო“.

მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე ვარდაპეტის და მოძღვრის შესაბამისობას კიდევ სხვა განზომილებებშიც განიხილავს. ამ ორი ინსტიტუტის იდენტიფიკაციის სასარგებლოდ, მოჰყავს სხვადასხვა მეცნიერთა მოსაზრებანი. პატივცემულ მკვლევარს მსურს მივუთითო ერთ ავტორიტეტულ მეცნიერზე, რომლის მოსაზრებამ ასახვა ვერ ჰპოვა მის ნაშრომში. ეს გახლავს აკად. კ. კეკელიძე, რომელმაც არ გაიზიარა ნ. მარის ხსენებული მოსაზრება. მან თავისი აზრი ვარდაპეტის და მოძღვრის ურთიერთმიმართების შესახებ გამოთქვა 1928 წელს, პროფ. ლეონ მელიქსეთბეგის სადოქტორო დისერტაციის დაცვის დროს.

მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძეს შესავალში მიმოხილული აქვს აგრეთვე ალ. ვაჩეიშვილის, ივ. სურგულაძის, გ.ნასყიდაშვილის, ზ. რატიანის, ე. გაბიძაშვილის, ბ. ლომინაძის, ის. დოლიძის და სხვათა შრომები.

ნაშრომის პირველ ნაწილში წარმოდგენილია დღემდე მოღწეული საეკლესიო სამართლის წყაროები. იმ წყაროთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა „სწავლება 12 მოციქულისა“ (“დიდაქე“), რომელიც I-II საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება, შემდეგ მოდის მსოფლიო საეკლესიო კრებები და მათი კანონები. მოკლედ არის განხილული შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრება. გაანალიზებულია აგრეთვე ადგილობრივი მნიშვნელობის საეკლესიო კრებები და კანონები. მთელი II თავი ეძღვნება საეკლესიო სამართლის წყაროების პირველ ქართულ თარგმანებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში მსოფლიო საკანონმდებლო ძეგლების ქართული თარგმანები გადმოღებული უნდა ყოფილიყო. ამ მოსაზრებას მისაღებად თვლის მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე.

ნაშრომის საყურადღებო ნაწილია ის თავი, რომელშიც, შეიძლება ითქვას, ზედმიწევნით არის გაანალიზებული საქართველოს საეკლესიო სამართლის წყაროები. ამ წყაროების კვლევა საკმაოდ სრულად არის წარმოდგენილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი, ეროვნული ეკლესიის სამართლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს შეადგენს საკუთარი კრებების დადგენილებანი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია ავტოკეფალიურია, ხოლო თუ მას არა აქვს ავტოკეფალია, მაშინ მისი სამართლის წყაროა ზემდგომი, კირიარქალური ეკლესიის დადგენილებანი. საკითხის უფრო ნათელსაყოფად ავტორს მოაქვს რუსული ეკლესიის მაგალითი. რუსული ეკლესია XV ს-მდე ანგარიშვალდებული იყო აღესრულებინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრებათა, პატრიარქთა და სინოდის დადგენილებები, რადგან იქამდე იგი იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ-ერთი მიტროპოლია. რუსეთის ეკლესიის ანალოგიურად, ავტოკეფალიის მიღებამდე საქართველოს ეკლესიის სამართლის ძირითადი წყარო იყო კირიარქალური ეკლესია. ეს ეკლესიები გახლდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესია - IV ს-ის დასაწყისიდან, შემდეგ კი ანტიოქიის იურისდიქციის ქვეშ მოექცა V ს-ში. ისტორიკოსების ამ დასკვნას არ ეთანხმება მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე. მისი აზრით, რადგან კონსტანტინოპოლი იმპერიის დედაქალაქად აკურთხეს 330 წელს, ხოლო ამ დროს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ემორჩილებოდა თრაკიაში მყოფ თავის მიტროპოლიტს, გამოდის კონსტანტინოპოლს IV ს-ის 30-იან წლებში თავისი ნორმალური სიდიდის ეპარქიაც კი არ გააჩნდა. მას მთელი საუკუნე დასჭირდა, რათა თავის იურისდიქციაში მოექცია 451 წლის ქალკედონის მსოფლიო კრების დასტურით იქამდე ავტოკეფალიური დიოცეზები თრაკიისა, ასიისა და პონტოსი. რახან ეს ასეა, მაშინ ისმის კითხვა: როდის დაარსდა ოფიციალური ქართული ეკლესია. ამ კითხვაზე საკუთარი პასუხი აქვს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს. მეცნიერთა მოსაზრებების საფუძველზე ქართული ეკლესია დაარსდა ან 317, ან 326, ან 337 წლებში. ავტორი ასე მსჯელობს: ქართული ეკლესია თუ დაარსდა 326 წელს, მაშინ კონსტანტინეპოლის იურისდიქციაში მისი მოხვედრა გამორიცხულია. თუ დაარსდა 337 წელს, ახლად დაარსებული (330) კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს არ შეეძლო თავის იურისდიქციაში მოექცია ქართული ეკლესია, რადგან ჯერ თვითონ არ იყო მომძლავრებული. დავუშვათ, მოენდომებინა, მაინც ვერ შეძლებდა, რადგანაც მაშინ კონსტანტინოპოლსა და საქართველოს შორის პონტოს დიოცეზის ავტოკეფალიური ეკლესია იყო. ასე რომ, „საეკლესიო სამართლის“ მიხედვით, IV ს-ის 30-იან წლებში ასეთი დაქვემდებარება შეუძლებელი იყო. მსგავსადვე საეჭვოა, ანტიოქიის იურისდიქცია ჩვენი ეკლესიის მიმართ“ (გვ. 128). მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძეს ამ მოსაზრების საფუძვლიანობის დასამტკიცებლად მოაქვს გიორგი მთაწმინდელის დებულება, რომლის თანახმად ქართული ეკლესია დაარსებული იქნა არა IV ს-ში, არამედ I-II საუკუნეებში თვით მოციქულთა მიერ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსად სხვა მოციქულთა მიერ დაარსებული ყველა ეკლესიისა, ქართული ეკლესიაც დაარსებისთანავე ავტოკეფალიური იყო, თანახმად იმდროინდელი საეკლესიო სამართლისა. ამიტომ ანტიოქიის საპატრიარქოს პრეტენზიები ქართული ეკლესიის მიმართ უკანონო იყო. ანტიოქიის ეკლესია არასდროს ყოფილა ქართული ეკლესიის ე. წ. „დედა ეკლესია“. გიორგი მთაწმინდელის მოსაზრებას მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე ნასტაკისში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალითაც ამაგრებს. ამ არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჩანს, რომ II-III საუკუნეებში ქართლში ქრისტიანულ სარწმუნოებას არამც თუ დაბალ, არამედ საზოგადოების მაღალ ფენებშიც კი შეუღწევია.

მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე ერთგვარი დასკვნის სახით გვთავაზობს, როცა აღნიშნავს, ბალსამონის მიერ ნახსენები „ანტიოქიის კრების დადგენილებამდე“, რომელმაც თითქოს XI ს-ში ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, ქართული ეკლესია დიდი ხნის ავტოკეფალიური იყო, რადგან საქართველოს ეპისკოპოსები არ ემორჩილებოდნენ უცხოეთის არც ერთ პატრიარქს. ყოველი ადგილობრივი საეკლესიო წესი საქართველოშივე „განეგება“. საქართველოს ეკლესიაში „თვით დაისუმენ კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა“ (გვ. 140). ამ მოსაზრების გასამკვიდრებლად იმოწმებს გიორგი მთაწმინდელს. მას საქართველოს და ანტიოქიის ეკლესიები თანაბარი უფლებების მქონე, თავისთავად ეკლესიებად მიაჩნდა. გიორგი მთაწმინდელი არ ცნობდა ანტიოქიის საყდრისადმი ქართული ეკლესიის დაქვემდებარებას არც ერთ დროში, არც წინა საუკუნეებში და არც მის დროს. I-II საუკუნეებში საქართველოს ეკლესია მოციქულთა მიერ იყო დაარსებული, ე.ი. იყო ავტოკეფალიური, რაც შეეხება მირონის კურთხევას, ძველად ამ უფლების უპირატესობით ეპისკოპოსები სარგებლობდნენ. ეპისკოპოსთა ეს უფლება უფრო განამტკიცა კართაგენის კრებებმა IV ს-ში. VI-VII ს.ს. სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიები მირონს თვითონვე აკურთხებდნენ. ამასთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფრიძეს მეცნიერულად აქვს დასაბუთებული ის ფაქტი, რომ სამართლებრივად სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიების თანატოლი და თანაფარდი ქართული ეკლესიაც თვითონ ხარშავდა მირონს ძველთაგანვე. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ IV საუკუნიდანვე უფლის კვართზე ამოსული სვეტიცხოვლის ძირიდან მირონი გადმოედინებოდა, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მას ურევდნენ ხარშვისას წმინდა მირონს.

გამოწვლილვით არის გაანალიზებული საეკლესიო სამართლის წყაროები დვინის კრებიდან რუის-ურბნისის კრებამდე (VI-XI სს.), რუის-ურბნისის კრების შემდგომი პერიოდი (XII-XIII სს.), მიმოხილულია ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების ხანის საეკლესიო სამართლის ძეგლები - „საეკლესიო სამართლის წყაროები ავტოკეფალიის გაუქმების დროს“. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მეფის რუსეთმა გააუქმა 1811 წლის 30 ივნისს. ნ. დურნოვოსა და ქართველ უმაღლეს სასულიერო პირთა აზრით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება იყო საეკლესიო უკანონობის აქტი, რადგან საქართველოს ეკლესიის დადგენილებების და მსოფლიო ეკლესიის თანხმობის გარეშე გააუქმა ძველი ივერიის საკათალიკოსო, მისი უკანასკნელი კათალიკოს-პატრიარქი ძალდატანებით გადაასახლა უცხო მხარეში, საქართველოს ეკლესიას ჩამოართვა მამულები, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრებები მთელი საუკუნის მანძილზე, დაავალა საქართველოს ეკლესიას, მისი კრების დაუდგენლად ედღესასწაულა რუსეთის ეკლესიის წმინდანთა დღეები. აგზავნიდა საქართველოს ეკლესიის მმართველად ეგზარქოსებს - მართებულად აღნიშნავს პროფ. გ. როგავა. აქედან გამომდინარე, ქართული ეკლესიის შერწყმა რუსულთან კანონიკურად არ მომხდარა, რადგანაც ეს უნდა მომხდარიყო კანონიკურ საფუძველზე, „ე.ი. საქართველოს და რუსეთის ეკლესიათა ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთის პატრიარქთა დასტურით. სინამდვილეში კი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებული იქნა რუსეთის იმპერატორის ნებასურვილით“ (გვ. 205), - დაასკვნის მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე. შემდეგში მოაქვს ფაქტები, თუ როგორ გააუქმეს ეპარქიები საქართველოში, ქართველ სასულიერო პირთა პროტესტი და მათი ჩახშობა ცარიზმის მიერ და სხვ.

მოკლედ, მაგრამ ამომწურავად არის წარმოდგენილი საეკლესიო სამართლის წყაროები ავტოკეფალიის აღდგენის (1917წ.) შემდეგ.

მონოგრაფიის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოს ეკლესიის საკანონმდებლო კრებების მეცნიერულ ანალიზს. ეს ანალიზი კი არის ღრმა და ყოველმხრივი. შეიძლება ითქვას, საქართველოს ეკლესიის საკანონმდებლო კრებების ამგვარი მთლიანი, სრული და აკადემიური კვლევა დღემდე არ ყოფილა ჩატარებული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ივ.ჯავახიშვილის ადრეულ ნაშრომებს. ერთი სიტყვით, დაწყებული რუის-ურბნისის საეკლესიო საკანონმდებლო კრებიდან (1103 წ.), ვიდრე საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის პირველი კრების (1917 წ.) მიერ გამოცემულ „დებულებამდე“, ყველა საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები, დებულებები და ფაქტები გამოწვლილვით არის განხილული. XII-XVIII საუკუნეებში კი სულ შედგა 10 საკანონმდებლო კრება.

მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძის ვრცელი ნაშრომის პირველი წიგნი მთავრდება შესაბამისი დასკვნით, რომელშიც გადმოცემულია კვლევის შედეგად მიღებული ძირითადი დებულებები. ამ დებულებების ძირითადი არსი შემდეგით გამოიხატება: საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო გამოწვეულ დანაშაულობათა აღმოსაფხვრელად საკმარისი არ აღმოჩნდა საერო (მეფის და ერისთავთა) ძალაუფლება. ამიტომ საჭირო გახდა ეკლესიის ავტორიტეტი და მისი ენერგიული ჩარევა. ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა სამართლის ძეგლებში. სახელმწიფოში ეკლესიის როლის ამაღლების გამო საერო სამართლისა და სამოქალაქო ცხოვრების მთელი რიგი საკითხები კანონიკური სამართლის ნორმებად წესრიგდებოდა და საეკლესიო სასამართლოების კომპეტენციას შეადგენდა. ვფიქრობთ, დასკვნაში მოკლედ, მაგრამ ზედმიწევნითი სისრულითაა ასახული ავტორის მიერ წარმოებული კვლევის შედეგი.

მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი აქ არ გაჩერებულა, გაუგრძელებია კვლევა და ამავე წელს გამოუცია მეორე წიგნი. იგი მოიცავს შემდეგ ნაწილებს: „საქართველოს ეკლესიის მიმდინარე კრებები“ (IV-XVIII სს.), „მსოფლიო საეკლესიო კრებები ქართველ ეპისკოპოსთა მონაწილეობით“. საქართველოს ეკლესიის არსებობის 1600 წლის მანძილზე ათასობით საეკლესიო კრება უნდა ყოფილიყო მოწვეული, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე კრება იყო გამოვლენილი და შესწავლილი. ამის მიზეზი მარტო ის კი არაა, რომ საეკლესიო სამართლის მეცნიერული შესწავლა გვიან დაიწყო (XIX ს-ის ბოლო და XX ს-ის დასაწყისი), ანდა ათეისტურმა რეჟიმმა შეაფერხა იგი, არამედ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად მოწვეულ კრებათა საკმაოდ დიდი რიცხვისა, მათ შესახებ პირდაპირი ცნობები მცირე რაოდენობით შემორჩა, ძირითადად „სჯულდების წიგნებში“, ტიპიკონებში, საეკლესიო და სამონასტრო კრებულთა განჩინებებში, „დაწერილებში“, სიგელ-გუჯრებსა და სხვა საეკლესიო სამართლის აქტებში. ისინი ივ. ჯავახიშვილის აზრით, მართალია, მოქმედი საეკლესიო სამართლის პირუთვნელ საბუთებს წარმოადგენენ, მაგრამ მათში კვლევის შესაბამისი მასალის მოძიება დიდ შრომა-გარჯასთან არის დაკავშირებული. და აი, მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე არ შეუშინდა დაუღალავ შრომას და წლების მანძილზე კეთილსინდისიერი მეცნიერული მუშაობით გამოავლინა IV-XX სს-ში შემდგარი 100-მდე საეკლესიო კრება, მათ შორის 15 საკანონმდებლო. IV-XVIII სს-ში მოწვეული 21 და XIX-XX სს-ში შემდგარი 50-მდე მიმდინარე საეკლესიო კრება, მათ გარდა 9 მსოფლიო და საერთაშორისო მნიშვნელობის კრება, რომელთა მუშაობაში ქართველი ეპისკოპოსები მონაწილეობდნენ. ეს კი არცთუ მცირე მეცნიერული წარმატებაა ერთი მკვლევარისათვის. რაც შეეხება მეორე წიგნს, როგორც აღვნიშნეთ, მასში განხილულია IV-XVIII სს-ში შემდგარი 21 საეკლესიო კრება, მათგან ზოგიერთი, მართალია, მოწვეული იქნა საქართველოს საზღვრებს გარეთ, მაგრამ მიეძღვნა საქართველოს საეკლესიო საკითხებს. ავტორი სწორად მოიქცა, როცა ამ კრებათა მნიშვნელოვან ნაწილს თან დაურთო მათ მიერ მიღებული საეკლესიო სამართლის ძეგლები. მიტროპოლიტმა, პროფ. ანანია ჯაფარიძემ განხილულ საეკლესიო კრებებს მოწვევის ადგილის მიხედვით მიაკუთვნა სახელი. მან ასეთი დასკვნა შემოგვთავაზა: „შესწავლილი საეკლესიო კრებების ანალიზი ადასტურებს ძველი ქართული ისტორიოგრაფიის დაბეჯითებულ მტკიცებას იურისდიქციის საზღვრების შესახებ (კერძოდ, რომ IV ს-დან ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო, არამედ დასავლეთ საქართველო) თავდაპირველად მდინარე ეგრისის წყლამდე, შემდეგ კი მდინარე კლისურამდე), საეკლესიო ენის და სხვათა შესახებ“ (გვ. 6). შეიძლება ითქვას ამ დასკვნის ფაქტობრივ და საფუძვლიან მტკიცებას წარმოადგენს მთელი ამ ვრცელი ნაშრომის უმეტესი ნაწილი.

საქართველოს ეკლესიის ისტორია დღემდე პერიოდებად არ იყო დაყოფილი. მიტროპოლიტმა, პროფ. ანანია ჯაფარიძემ პირველმა დაყო საქართველოს ეკლესიის ისტორია პერიოდებად. ამ დაყოფას საფუძვლად დაუდო საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიის სახელმწიფოებრივი, სოციალურ-პოლიტიკური და საეკლესიო ცხოვრების ეტაპობრივი განვითარება, მოდელად კი აიღო მსოფლიო ეკლესიის ისტორიის პერიოდული სისტემა. ქართული ეკლესიის ისტორიაში გამოყო სამი პერიოდი: ძველი მოიცავს პირველი საუკუნიდან XII ს-ის დასაწყისამდე (რუის-ურბნისის კრებამდე, 1103-1105წწ.); მეორე, ანუ შუა პერიოდი, მოიცავს ხანას XII ს-დან XIX ს-ის დასაწყისამდე, ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811 წ.); ახალი პერიოდი მოიცავს ხანას XIX ს-ის 10-იანი წლებიდან ვიდრე დღემდე. რასაკვირველია, ეს პერიოდიზაცია, განსაკუთრებით პირველი პერიოდი, შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ ერთი კი ფაქტია, ავტორმა წარმოადგინა ქართული ეკლესიის ისტორიის პერიოდიზაციის მისეული მეცნიერული ხედვა, მოგვცა ყოველი პერიოდის შესახებ არსებული ქართული და არაქართული საისტორიო წყაროების მიმოხილვა. მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე საერთოდ თავის მეცნიერულ მემკვიდრეობაში და ამ ნაშრომში კატეგორიულად იცავს იმ აზრს, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველომ ქრისტიანობა ერთდროულად მიიღო. იგი ეყრდნობა რუის-ურბნისის კრების დადგენილებას აღნიშნულ საკითხზე, აგრეთვე, საერთოდ, ქართველ წმინდა მამათა, ისტორიოგრაფთა და მემატიანეთა მიერ ტრადიციულად განსაზღვრულ თვალსაზრისს.

მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძეს შემდეგ განხილული აქვს საქართველოს ეკლესიის 19 მიმდინარე კრება. ყველა ამ კრების ანალიზს ვერ წარმოვადგენთ, მაგრამ ზოგიერთს კი გარკვეულწილად შევეხებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართული და სომხური ეკლესიები VII ს-ის დასაწყისში საბოლოოდ დაშორდნენ, მათ შორის კამათი რელიგიურ საკითხებზე მაინც გაგრძელდა და რიგ შემთხვევაში მძაფრ ხასიათსაც იღებდა. ეს გაუთავებელი დისკუსია ქართველი და სომეხი სამღვდელოებისა ქართველ მეფეებს არასასურველ მოვლენად მიაჩნდათ და ცდილობდნენ მათ ერთგვარ მორიგებას. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროს. დავით აღმაშენებლის დროს 1123 წელს გამართულა ქართველ და სომეხ სასულიერო მოღვაწეთა პაექრობა-კამათი. კრება დიდხანს გაგრძელებულა, დილაადრიან დაწყებულა და დამთავრებულა გვიან საღამოს. მაგრამ ვერ შეთანხმებულან ვერც ერთ რელიგიურ საკითხზე. ბოლოს მეფე დავითი იძულებული გამხდარა მიემართა სიტყვით სომეხი სასულიერო პირებისათვის. ეს სიტყვა იმდენად ღრმაშინაარსიანი ყოფილა, რომ სომეხ სასულიერო პირთ მისი მოსმენის შემდეგ მეფისთვის შეუბედიათ: „ჩვენ, მეფეო, მოწაფე გვეგონე ამათ მოძღვართა თქვენთა, გარნა ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღვარ-მოძღვართა, რომლის მსჭალსა ვერ მიმწუთარ არიან ეგე მოძღვარსაგონებელნი თქვენნი“. ამ მიმართვას მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე სწორ ინტერპრეტაციას უკეთებს, როცა წერს: ამ სიტყვებით სომეხმა ღვთისმეტყველებმა დაამცირეს ქართველი რჯულის მოძღვრები, რომელთაც არა „მოძღვრები“, არამედ „მოძღვარსაგონებელნი“, ე.ი. ვითომ მოძღვრები უწოდეს. ეს შეფასება სუბიექტური იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ამ კრებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი სასულიერო მოძღვრები, ავიღოთ თუნდაც არსენ იყალთოელი, რომელსაც ამ დროს თარგმნილი ჰქონდა დოგმატიკურ-პოლემიკური თხზულებანი („დოგმატიკონი“). პოლემიკურ თხზულებათაგან 6 მიმართული იყო იაკობიტთა, მონოფიზიტთა, ხოლო სამი - სომხური ეკლესიის „სომეხთა“ წინააღმდეგ.

საეკლესიო კრება, პაექრობა-კამათი თამარ მეფის დროსაც გამართულა ქართველ და სომეხ სასულიერო მოღვაწეთა შორის, მაგრამ ვერ შეთანხმებულან. ამიტომ ეს რელიგიური დავა რომ გადაწვეტილიყო, მიმართეს შემდეგ ხერხს: ორივე მხარეს სამი დღით ძაღლები დაუმშევიათ, შემდეგ კი მათ წინ დაუდვიათ წმინდა ძღვენი. ქართველთა შენაწირ სუფრას მშიერი ძაღლი არ გაჰკარებია, ხოლო სომეხთა შენაწირი ძაღლს შეუჭამია. ქართველებს, რასაკვირველია, გახარებიათ. ამის შემდეგ გადაუწყვეტია ამირსპასალარ ივანე მხარგრძელს მართლმადიდებლად მონათვლა და იგი საქართველოს კათალიკოს იოანეს მოუნათლავს. ამ არაორდინალურ კამათში თამარ მეფე არ ჩარეულა.

ერთ-ერთი საყურადღებო თავია „სვანეთის საეკლესიო კრებები“ (XIII-XVIII სს). მასში განხილულია საეკლესიო სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორიცაა „მატიანე სუანეთისა კრებისაი“. მას ზოგიერთი მკვლევარი პირობით ყოფს სვანეთის საეკლესიო კრებათა „პირველ მატიანედ“ და „მეორე მატიანედ“. ფაქტობრივად, მასში დასახელებული არიან ის პირები, რომელთაც რაღაც გარკვეული ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე. ასე რომ, როგორც მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე შენიშნავს, აქ საეკლესიო კრება პირდაპირი გაგებით არ იგულისხმება. „პირველი მატიანეს“ მთავარი ტექსტი XIII-XV საუკუნეებს მოიცავს და ეხება სვანეთის მღვდელმსახურთა შემადგენლობას და სვანეთის ეკლესიათა ზოგად აღწერას, ხოლო სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე“ - სვანეთის ცხოვრების დაქვეითების მძიმე, XVII-XVIII საუკუნეთა ხანას. ეს კვალიფიკაცია ეკუთვნის პროფ. გ. გასვიანს (დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, 1979, გვ. 62, 74).

მიტროპოლიტ, პროფ.ანანია ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ქრისტიანობა საქართველოში გავრცელდა პირველ საუკუნეებში, მოციქულთა დროიდან. IV საუკუნიდან კი ის შეიცვალა ქრისტიანული ეკლესიის იმ ეპოქისათვის მისაღები ფორმით და საყოველთაო ხასიათი მიიღო. იგი ავითარებს ასეთ აზრს: „პირველ საუკუნეთა ქრისტიანობას სპეციალისტები „იუდაურ ქრისტიანობას“ უწოდებენ, ხოლო შემდგომს „ელინურ ქრისტიანობას“ (გვ. 193). შემდეგ ავტორი დაასკვნის: როგორც ჩანს, IV საუკუნიდან ჩვენში გავრცელებულმა ელინურმა მძლავრმა ქრისტიანობამ ვერ იგუა ძველი, ე. წ. იუდაური ქრისტიანობა და ამ ძველმა ქრისტიანულმა მიმდინარეობამ მთებს შეაფარა თავი. ამის შემდგომ მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ საქართველოს მთებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა ღრმა ქრისტიანი იყო და ქრისტიანობისათვის მზად იყო თავის დასადებად. მაგრამ იქვე შენიშნავს, თუმცა ზოგიერთი ისეთი წეს-ჩვეულებაც ჰქონდათ, რომელთაც ახსნას ვერ უძებნიან და წარმართობის ელემენტებად მიიჩნევენო. ასეთია, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ე. წ. „სისხლით განწმენდა“. ეს რიტუალი კი ასეთია: ზვარაკის სისხლს ასხურებენ სხვადასხვა შენობებსა და ნივთებს, მათ განსაწმენდად. მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე ამ ჩვეულებას თვლის არა წარმართობიდან, ან იუდეველობიდან მომდინარე რიტუალად, არამედ ფიქრობს, რომ იგი დაფუძნებული უნდა იყოს „იოანეს გამოცხადების“ შემდეგ მუხლზე - „მე ვუთხარი მას: „უფალო ჩემო, შენ იცი“ და მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები, გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:4).

ვფიქრობთ, „გამოცხადების“ აღნიშნული მუხლი არ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ ზვარაკის სისხლით განწმენდა მოდის ქრისტიანობიდან. შესაძლოა, ეს ჩვეულება მოდის უფრო წარმართობიდან ან იუდეველობიდან.

მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე აღნიშნავს: საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ საქართველოს მთის მოსახლეობა სარწმუნოებრივად უფრო წარმართები არიან, ვიდრე ქრისტიანები. იგი ამ აზრს არ იწყნარებს და საპირისპიროს ამტკიცებს. საბუთად მოაქვს „სვანეთის საეკლესიო კრებათა მატიანე“. ამ საყურადღებო დოკუმენტთა კრებულის მიხედვით თითქოს მთაში ქრისტიანული სარწმუნოება ოდითგან მყარად ჩანს დამკვიდრებული, მაგრამ განსჯისათვის გვინდა შევნიშნოთ: გასული საუკუნის 20-იან წლებში, როცა ათეიზმის საშინელი ტალღა აგორდა და ეკლესია-მონასტრების განადგურების კამპანია გაჩაღდა, ეს ვანდალური პროცესი მთაშიც ჩატარდა. ბოლშევიკებმა დაიწყეს მთაში ქრისტიანული საყდრების გაუქმება. მათ საყდრები ჩვეულებრისამებრ ან დაანგრიეს, ან საწყობებად აქციეს. ამ უკეთურ საქმეში მთის ხალხს მათთვის ხელი მაინცდამაინც არ შეუშლია, მაგრამ როცა მათ წარმართულ სალოცავებს მიადგნენ, თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს და ახლოს არ მიაკარეს ეშმაკის მოციქულნი. ამით გადაჭრით არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ანგარიშგასაწევი ფაქტი კია მთაში წარმართობის და ქრისტიანობის ურთიერთმიმართების დღემდე საკამათოდ ქცეულ საქმეში.

1755-1756 წლებში შედგა საეკლესიო კრებები თბილისში. ამ კრებებზე განიხილეს კათალიკოს ანტონ I-ის „გაკათოლიკების“ საკითხი. კრებამ ანტონ I დაადანაშაულა „გაკათოლიკებაში“ და განკვეთა. ამ საკითხს ეხება ვრცელი პარაგრაფი. მასში ნაჩვენებია ამ გადაწყვეტილების აბსურდულობა. უფრო ზუსტად, ანტონ I-ს ცილი დასწამეს. სინამდვილეში ამით თეიმურაზ II-მ თავიდან მოიშორა ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრე ანტონ I კათალიკოსი. იგი რუსეთში გადასაახლეს. ანტონ I-ის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე, დ. ჩუბინაშვილი, ა. ცაგარელი და სხვ.

მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძეს ანტონ I-ის გამართლება და ამ საქმეში ერეკლე II-ის როლი საკმაოდ ვრცლად აქვს გადმოცემული. ეს მოხდა თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, როცა ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტზე ავიდა ერეკლე მეორე. 1764 წელს შედგა საეკლესიო კრება. კრებამ გააუქმა 1755-1756 წლის კრებათა გადაწყვეტილება და ანტონ I კათალიკოსი ტახტზე დააბრუნეს. ამ კრებამ გამოიძია, ვინ შეიყვანა შეცდომაში წინა კრებები და დამნაშავე მღვდელი ზაქარია გაბაშვილი და მისი შვილი იოსები სასტიკად დასაჯა.

მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძის შრომის მესამე ბოლო ნაწილია საქართველოს საეკლესიო მიმდინარე კრებები XIX-XX საუკუნეებში. მასში განხილულია ამ პერიოდში შემდგარი 50-ზე მეტი საეკლესიო კრება, რომელთა ერთად თავმოყრა და ერთ მონოგრაფიად გამოცემა პირველად მოხდა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ნაშრომის ამ წიგნში წარმოდგენილია მეცნიერული ანალიზი XIX-XX საუკუნეებში შემდგარი მიმდინარე საეკლესიო კრებებისა. ავტორს ეს კრებები დაყოფილი აქვს სამ მთავარ ჯგუფად: 1. კრებები, რომლებიც შედგა ავტოკეფალიის გაუქმებიდან მის აღდგენამდე. 2. 1917 წელს შემდგარი ავტოკეფალიის აღმდგენი კრებები. 3. კრებები 1918-1995 წლებისა.

მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე განიხილავს რა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების საკითხს, სრულიად მართებულად აღნიშნავს: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა არა 1811 წელს, არამედ 1821 წელს, როცა რუსეთის ხელისუფლებამ მთელი სისასტიკით ჩაახშო დასავლეთ საქართველოში საერთო-სახალხო აჯანყება, რომელიც შეეცადა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვას. ამის შემდეგ რუსეთის მთავრობამ გააუქმა საეკლესიო თავისთავადობა საქართველოს ამ კუთხეში.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ქართული ეკლესია შედგებოდა ორი ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი - ქართლისა და აფხაზეთის (იმერეთის) საეკლესიო ერთეულისაგან, რომელთა მეთაურები პატრიარქის წოდებამდე ამაღლდნენ. ეს არ არის უჩვეულო მოვლენა. ასეთი ტიპის საეკლესიო მოწყობა აქვთ სხვა ქრისტიანულ ერებს. ბერძნულ ეკლესიას გააჩნდა და ახლაც აქვს რამდენიმე საპატრიარქო და ავტოკეფალიური საეკლესიო ერთეული. ამ მხრივ ანალოგიური მდგომარეობა აქვთ სომხებს. ქართული ეკლესიის ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა XVIII ს-მდე. სარეცენზიო წიგნში კარგად არის ნაჩვენები, თუ როგორ შეეცადნენ ქართული ეკლესიის მესვეურები საქართველოს ეკლესია გამოეყვანათ ასეთი არასახარბიელო მდგომარეობიდან და გაეერთიანებინათ. ამ დიდი ეროვნული საქმის ორგანიზატორები იყვნენ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის ტახტზე მჯდომი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი და მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი. ეს მაშინ იყო მცდელობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი გაერთიანების საფუძვლის მომზადებისა, რაც, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. რახან ეს არ გამოვიდა, ამიტომ დასავლეთ საქართველოს ეკლესიის იერარქებმა უმჯობესად მიიჩნიეს სრულიად საქართველოს ეკლესიის გაერთიანება: ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოზმა უარი თქვა საკათალიკოზო ტახტზე, რომელიც მას უბოძა იმერეთის მეფემ სოლომონ II-მ. ერთი სიტყვით, იგი თავისი ნებით დაექვემდებარა ქართლის საეკლესიო ხელისუფლებას - კათალიკოს ანტონ I-ს. ასე რომ, 1811 წლისათვის საქართველოს ეკლესია აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს მთლიანად მოიცავდა. ნაშრომში მამულიშვილის გულისტკივილით არის აღწერილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება რუსეთის მთავრობის მიერ, რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარება და ქართველთა მიზანმიმართული გარუსება. შკოლებში სწავლება რუსულად დააკანონეს, ეკლესიებში წირვა-ლოცვა რუსულად დააწესეს. კიდევ მეტი, რუსეთის იმპერია ყველა მართლმადიდებელს, და მათ შორის ქართველებს, რუსად ანდა პოტენციურ რუსად განიხილავდა. ამ დროს რუსეთი სომხებს, ებრაელებს და სხვა ხალხებს ეროვნულს უტოვებდა და ხელს არ ახლებდა. ეს ტრაგიკული მოვლენა რომ უფრო მკაფიოდ წარმოიდგინოს მკითხველმა, მეუფე ანანიას მოაქვს ამონარიდი არქეოლოგრაფიული კომისიის აქტების მე-6 ტომში დაბეჭდილ ქართველთა საჩივრიდან: „თუ რუსეთის იმპერიაში არ შეახეს ხელი ებრაელთა სარწმუნოებას, აგრეთვე სომხებისა და კათოლიკეთა ეკლესიებს, ჩვენ რატომ უნდა წარმოვადგენდეთ გამონაკლისს. თუ იმ დროს, როცა მაჰმადიანთა ხელში ვიყავით, არავინ ეხებოდა ჩვენს მტკიცე რწმენას და არც მრავალ მწუხარებას გვაყენებდნენ, მაშ რაღა დავაშავეთ ამჟამად, როცა გვტაცებენ შეჩვეულ მღვდელმთავრებს, ტაძრებს და მღვდლებს“ (გვ. 12).

ქართველთა თხოვნა-ვედრებამ არ გაჭრა და რუსეთის მთავრობა დასავლეთ საქართველოში ეგზარქოს თეოფილაქტეს მეთაურობით აგრძელებდა ეგრეთწოდებულ საეკლესიო „რეფორმას“, რომლის ძალითაც „მღვდლების“ რიცხვი უნდა შემცირებულიყო ერთი-ორად და ერთი-სამად, ეპისკოპოსების შესამჩნევად დასანახი ცხოვრება ამალითა და სტუმრობით მოისპობოდა, რაც ფრთებს შეაკვეცდა მათ გავლენას თავადაზნაურობასა და ხალხზე; როდესაც საეკლესიო გლეხების აღწერას შეუდგნენ გადასახადების ფულზე გადატანის და მათი მომატების მიზნით, ხალხი შეშინდა. ამიტომ აჯანყდა მთელი იმერეთი, საზოგადოების ყველა ფენა: 1819 წლის ივნის-ივლისში თითქმის ყოველი სოფლის ეკლესიებთან იკრიბებოდნენ. ხალხი ხატზე იფიცებდა, რომ არ უღალატებდნენ ერთმანეთს, საქრისტიანო საქმეს და ა. შ. აჯანყებულთა მიზანი იყო ე. წ. „საეკლესიო რეფორმის“ გაუქმება. ყოველივე ეს საბოლოო ჯამში რუსების ქვეყნიდან განდევნას ისახავდა მიზნად. მიაჩნდათ, რომ აჯანყების სათავეში იყვნენ ქუთათელი და გენათელი მიტროპოლიტები - დოსითეოზი და ექვთიმე. ამიტომ ისინი ტომარაში ჩასვეს და რუსეთის გზას გაუყენეს. მაგრამ მიტროპოლიტი დოსითეოზი გზაში მოკლეს რუსის სალდათებმა. იგი დაასაფლავეს ანანურში, ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატის წინ. მიტროპოლიტი ექვთიმე კი გადაასახლეს შორეულ რუსეთში, სვირის მონასტერში, სადაც გარდაიცვალა 1822 წლის 21 მარტს. ორივე მიტროპოლიტი წმინდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ. ეს აჯანყება კი რუსის გენერალმა ველიამინოვმა მთელი სისასტიკით სისხლში ჩაახშო. რა სამწუხაროა, რომ თბილისის ერთ-ერთი ქუჩა სოლოლაკში ამ რუსი სატრაპის სახელს ატარებდა და ახლაც მას ინერციით ხალხი ველიამინოვის ქუჩას ეძახის. კიდევ მეტი, ვიღაც მედუქნემ დღეს ამ ქუჩაზე მდებარე ცნობილ სახინკლეს ველიამინოვის სახელი უწოდა და ქართველთა სისხლისმღვრელი ჯალათის გვარი „ამშვენებს“ მის აბრას. თუმცა, მოვიდეთ პირველ სიტყვას და მივხედოთ მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძის მიერ წარმოდგენილ ქართული ეკლესიის ისტორიის სევდიან ქრონიკებს. ამგვარი რეპრესიების, განსაკუთრებით 1832 წლის შეთქმულების, დამარცხების შემდეგ ქართველი ხალხი დაითრგუნა. ქართული ეკლესიის მრავალმილიონიანი ქონება ყაჩაღურად დაიტაცეს რუსის ეგზარქოსებმა. ეს იმდენად უსირცხვილო და ზღვარგადასული მისაკუთრება იყო ქართული საეკლესიო ქონებისა, რომ თვით რუსის პატიოსანი სასულიერო პირებიც კი აღშფოთდნენ. ამ მხრივ გამოირჩევა ნ. დურნოვო, რომელმაც ხმა აღიმაღლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების და ქართული ეკლესიების კუთვნილი ქონების ძარცვის წინააღმდეგ.

ნაშრომში მოცემულია მიზეზები იმისა, თუ როგორ ხდებოდა რუსის მთავრობის ხელშეწყობით და მცდელობით ქართველთა გათათრება, გაოსება, გასომხება და ა.შ. ქართველთა გასომხების შესახებ კი ავტორი ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე მართებულად დაასკვნის; „რუსების დროს ქართველი გრიგორიანელები საბოლოოდ გასომხდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ რუსეთის იმპერია აშკარად მფარველობდა სომხურ ეკლესიას, იცავდა მის თავისთავადობას, არ შეხებია მის ავტოკეფალიურობას, ხოლო ქართული ეკლესია თითქმის გააქრო საიმპერიო ეკლესიის წიაღში“ (გვ. 37).

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ეკლესია რუსეთის იმპერიის ძლიერი წნეხის ქვეშ იყო მოქცეული და მისი საბოლოო მოსპობა სურდა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე ფიქრი მაინც არ მომკვდარა და დროდადრო იღვიძებდა. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნამ განსაკუთრებით იფეთქა XIX საუკუნის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში. ავტოკეფალიის იდეის ამ პერიოდში გააქტიურების შესახებ ნაშრომში მოტანილია მეცნიერთა ორი განსხვავებული აზრი. კირიონ II ფიქრობდა, რომ ეს იდეა დაბადა ნ. დურნოვოს გაბედულმა წერილებმა, პატრიარქი კალისტრატე კი ამტკიცებდა, რომ ამას საფუძველი დაუდო მისმა გამოკვლევამ „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია“. მეუფე ანანიას მართებულად მიაჩნია: საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების შედეგად საქართველოში ბუნებრივად გაჩნდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის აქტიურ აღორძინებას იქნებ ნიადაგი შეუმზადა და ბიძგი მისცა ნ. დურნოვოს და პატრიარქ კალისტრატეს შრომებმა. ასეც შეიძლება ვიფიქროთ. ასეა თუ ისე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერდნენ და გულმოდგინედ იცავდნენ: ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნიკოლოზ ზაოზერსკი, მ.კოვალნიცკი, ი. პალმოვი და სხვ. მათი ოპონენტები იყვნენ საქართველოს ეკლესიის მტრები: ი. ვოსტორგოვი, ი. ბუტკევიჩი, პროფესორები: გლუბოკოვსკი, ბერდნიაკოვი, ალმაზოვი, ოსტროუმოვი, ეპისკოპოსი სტეფანე, მიტროპოლიტები ვლადიმირი და მაკარი, ტვერის ეპისკოპოსი სერაფიმი, ეპისკოპოსი ინოკენტი (ქ. პავლიაშვილი. „საქართველოს საეგზარქოსო 1900-1917 წწ.“ გვ. 129).

მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე ვრცლად განიხილავს 1905-1916 წლების საეკლესიო კრებებს, რომლებზეც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არაერთგზის იქნა განხილული. ამ დროს ავტოკეფალიის საკითხის გააქტიურებას ხელი შეუწყო 900-იანი წლების პოლიტიკურმა ძვრებმა - 1905 წლის რევოლუციამ გამოიწვია საზოგადოებრივი აზროვნების და პრესის ერთგვარი განთავისუფლება ცენზურის ბრჭყალებისაგან, ამან კი საშუალება მისცა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მომხრეებს, ენერგიულად მოეთხოვათ ქართული ეკლესიის თავისთავადობის აღდგენა. მაგრამ არც რუსეთის უწმინდეს სინოდს ეძინა და სასტიკად გაუსწორდა ქართველ „ავტოკეფალისტებს“: ეპისკოპოსი კირიონი საქართველოდან გაიწვია და რუსეთის ერთ-ერთ ყრუ მონასტერში გამოამწყვდია; ეპისკოპოსი ლეონიდე თავის კათედრას ჩამოაშორეს და სხვაგან გადაიყვანეს. ნაშრომში დეტალურად არის განხილული 1905-1916 წლებში მოწვეული 19 საეკლესიო კრება. აგრეთვე გამოწვლილვით არის გაანალიზებული 1917 წლის ავტოკეფალიის აღმდგენელი 19 კრება. ყველაფერი დამთავრდა 1917 წლის 12 მარტის „თვითგამორკვევის აქტის“ მიღებით. ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში შეიკრიბნენ საქართველოს სამღვდელოების და ერისკაცთა წარმომადგენლები. მათ ერთხმად დაადგინეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიური მმართველობის აღდგენა. რა თქმა უნდა, რუსეთის ეკლესია წინააღმდეგი იყო ამ სამართლიანი აქტისა და ამტკიცებდა, თითქოს ასეთი ქმედება არაკანონიკური იყო და ქართული მხარე უნდა დალოდებოდა რუსეთის საეკლესიო კრების მოწვევას. 1917 წლის 17 სექტემბერს კრებამ აირჩია კათალიკოს-პატრიარქი. დასახელებული იყო ორი: ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) და მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე). არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 448 დელეგატმა. 12 ხმით მეტი მიიღო კირიონმა და კრებამ ის გამოაცხადა არჩეულ კათალიკოსად და უგალობა მას „აქსიოს“. იგი დიდხანს არ მჯდარა საქართველოს კათალიკოსის ტახტზე - 1918 წლის 21 აგვისტოს ღამით მოკლეს მარტყოფის მონასტერში. მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე საფუძვლიანად განიხილავს ამ ვერაგულ მკვლელობას და სხვა მეცნიერთა მსგავსად (ს. კაკაბაძე, ვ. გურული) ისიც ფიქრობს, რომ კირიონ II მოკლეს სოციალ-დემოკრატებმა. ღასაკვირველია, ამის დამტკიცებას ცდილობს სათანადო საბუთებით და არგუმენტებით.

სოციალ-დემოკრატების სიმპათიებს ვერავინ დამწამებს, მაგრამ ვფიქრობ, ამ სატანის მოციქულების ბრალეულობა ამ საქმეში ნაკლებად სავარაუდებელია, რადგან მათ ხომ კარგად იცოდნენ, თუ კირიონ II-ს მოკლავდნენ, მის ადგილას სხვას აირჩევდა საეკლესიო კრება. ამით არაფერი შეიცვლებოდა. საქართველოს ეკლესია მაინც ავტოკეფალიური გზით წავიდოდა. ჩვენი აზრით, კირიონ II-ის ფიზიკური განადგურების შემკვეთი უფრო იმ დროის საქართველოს უმაღლეს სასულიერო წრეში უნდა ვეძებოთ...

ნაშრომის მნიშვნელოვანი თავია „საეკლესიო კრებები 1918-1995 წლებში“. ამ პერიოდში სულ ჩატარებულა 23 კრება. ამ კრებათა მიზანი იყო დაკარგული ეროვნული სახელმწიფოებრივი ცნობიერების აღდგენა ხალხში. ამისთვის ეკლესიის სახელით გამოვიდა „დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მორწმუნე მოქალაქეთა ფიცის ფურცელი“. ამ დოკუმენტმა გარკვეული როლი ითამაშა რუსეთის 117 წლის მონობაში მყოფი ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების აღდგენასა და გამოცოცხლების საქმეში.

1920 წლის 27 ივნისის საქართველოს საეკლესიო კრებას განუხილავს სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის, სასულიერო დისციპლინათა სწავლების სამინისტროსადმი გადაცემის, ეკლესიის ბიუჯეტის, სამღვდელოების საყოფაცხოვრებო და მცხეთა-თბილისის ეპარქიების გაერთიანების საკითხები. აგრეთვე კრებას კათალიკოს-პატრიარქად დაუმტკიცებია მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე).

1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში შედგა საქართველოს მესამე საეკლესიო კრება. კრებამ კათალიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია. ავტორი მემატიანის პირუთვნელობით აღწერს ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვა-გლეჯის და განადგურება-გაპარტახების ტრაგიკულ ისტორიას, აგრეთვე, საქართველოს დანაწევრებას ავტონომიურ ერთეულებად და ყოველგვარი ეროვნულობის მოსპობას. ამ ბარბაროსობით შეძრწუნებულმა კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის თებერვალ-მარტში საკათალიკოსო საბჭოს თანხმობით მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციას ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ წითელი რუსეთის დელეგატებიც. მემორანდუმში აღწერილი იყო ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსია და ამ ანექსიის მძიმე შედეგები. საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ კათალიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას არ აპატია მემორანდუმის გაგზავნა, მისი ანტიეროვნული პოლიტიკის საქვეყნოდ მხილება და დააპატიმრა. პატიმარს საბჭოთა სასამართლოზე ღირსეულად ეჭირა თავი. მან სასამართლოს ასე მიმართა: „გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის, სული - ღმერთს, გვამს რაც გინდაც, ის უყავითო“.

კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია საქართველოს წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა.

კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას სასულიერო მოღვაწეობას და მარტვილობას შთამბეჭდავად გადმოსცემს მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე და ეს ნაწილი, შეიძლება ითქვას, ამ ნაშრომის ერთი ყველაზე საყურადღებო თავია არა მარტო მეცნიერულად, არამედ სამაგალითოა ქართული პატრიოტულ-ეროვნული საქმისათვის თავგანწირულობის თვალსაზრისითაც.

მთელი ათეული წლები დასჭირდა რუსეთის ეკლესიას, რათა ლიტერგიკულ-კანონიკური ურთიერთობა აღედგინა საქართველოს ეკლესიასთან და ეცნო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიურობა, მისი საპატრიარქოს ღირსება და VI ადგილი მსოფლიო მართლმადიდებლურ დიპტიხში. ნაშრომში მკაფიოდ არის წარმოდგენილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლი და ადგილი ქართული ეკლესიის ისტორიაში. ილია II-ის ძალისხმევით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო სცნო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, ილია II-ის მიზანმიმართული მოღვაწეობით 2002 წლის 17 სექტემბერს დაამტკიცა წმინდა სინოდმა, ხოლო 28 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა და ამის შემდეგ ძალაში შევიდა კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. თითქმის შეუძლებელია დაასახელო საქართველოს ისტორიაში ისეთი პერიოდი, როცა იმდენი ეკლესია იყოს აშენებული, რამდენიც ილია II-ის ზეობის ხანაშია აგებული. ამ მხრივ იგი შეიძლება გრიგოლ ხანძთელს შევადაროთ. ეს მისი ბრძნული საეკლესიო პოლიტიკის შედეგია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რად ღირს თბილისში, ელიას მთაზე წმინდა სამების ტაძრის აგება, რომელიც ყველაზე მაღალია და მოცულობით დიდია კავკასიაში არსებულ ტაძრებს შორის.

დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ყველა საუკუნის ქარტეხილებს გაუძლო. მას არ დაუკარგავს ეროვნული გზა. აქ გვსურს დავიმოწმოთ მიტროპოლიტი, პროფ. ანანია ჯაფარიძე: „შემთხვევითი არ ყოფილა ის მოვლენა, რომ ჩვენი ეროვნული ცხოვრების სხვა ნაწილებთან შედარებით ეკლესიამ ყველაზე მეტი ბრძოლა განიცადა ეროვნული თავისუფლების დასაცავად და 1917 წლის 12 მარტს პირველმა მან აღმართა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა“.

მიტროპოლიტ, პროფ. ანანია ჯაფარიძის „საქართველოს საეკლესიო კრებები“ და ქართული ეკლესიის ისტორიის ზოგიერთი საკითხი ქართული საეკლესიო სამართლის ისტორიის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც უეჭველად დაიკავებს თავის ადგილს ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარების საქმეში.