ჭყონდიდის ეპარქია

(ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონები)

ეპისკოპოსი პეტრე (პაატა ცაავა)

დაბ. - 07.04.1970
თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი
1997-2000 - თბილისის სასულიერო სემინარია
27.08.2000 - ბერად აღკვეცა
28.08.2000 - დიაკვნად კურთხევა
03.11.2000 - მღვდლად კურთხევა
2000 - ყაზბეგში სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი
16.07.2002 - ეპისკოპოსად კურთხევა
27.10.2002 - ეპისკოპოსი სტეფანწმინდა-ხევისა

 

მარტვილის მონასტერი

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: აბაშას, მარტვილს, ჩხოროწყუსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ჭყონდიდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხონის, დასავლეთიდან ზუგდიდ-ცაიშის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და სენაკის და შემოქმედის ეპარქიები. საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს მთელს ეგრისში ცნობილი კერპის - მუხის ხის, მეგრულად „ჭყონი დიდი“ მოკვეთილი მასალისგან აუგია. გადმოცემით, მისი სახელწოდებაც „ჭყონდიდი“ სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. IV საუკუნიდან ქვეყნის მოქცევასთან ერთად ეს კუთხეც გაქრისტიანდა, მაგრამ VI ს. II ნახევრიდან ამ მხარეში დაარსებულ ბერძნულენოვან ეპარქიებს შორის გადანაწილდა. აფხაზთა მეფეების მიერ IX-X სს. ამ მხარეში დაარსებულ ქართულენოვან ეპარქიათა შორის (მოქვი, ბედია, ცაიში...) ჭყონდიდი ოდიშის უპირველეს სამღვდელმთავრო კერად ითვლებოდა. ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა დაარსებიდან (X ს.), მთელი მისი არსებობის მანძილზე ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ეპარქია იყო. ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა უმაღლესი საერო თანამდებობა - მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია - ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ზოგჯერ ქართლის უპირველესი საეკლესიო იერარქი - კათოლიკოსიც ხდებოდა.

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში XV-XVIII სს. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. XVII ს-ის 80-იან წლებამდე ოდიშის სამთავროში არსებულ ექვს სამღვდელმთავრო კათედრიდან ჭყონდიდი უპირველესად ითვლებოდა და გარკვეულ დროს ბედიისა და ცაგერ-სვანეთის ეპარქიების სამწყსო ტერიტორიასაც მართავდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებიდან, დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნეშივე განახლებულ სამღვდელმთავროთა შორის ოდიშის ეპარქიის სახელით აღდგენილი მთელი სამეგრელოს ერთადერთი კათედრა 1882 წლიდან გურიის კათედრასთან გაერთიანდა და გურია-ოდიშის ეპარქია ეწოდა. იმ პერიოდში ეპარქიას მართავდა ცნობილი მღვდელმთავარი და საქართველოს მიერ წმინდანად შერაცხილი ალექსანდრე ოქროპირიძე. გაერთიანებული ეპარქიის კათედრა ამჟამად ფოთში იყო, ხოლო რეზიდენცია - მარტვილში. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქიაც. 1988 წ. 14 ოქტომბრიდან ჭყონდიდის ეპარქიას მართავს მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე.

ჟურნალი „ორნატი“ №1, 2003 წ.