წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან

გამოკრებილნი სწავლანი

ფარისეველი – ჩვენ ტაძარში სალოცავად დავდივართ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომელი ლოცვა განგვამართლებს და რომელი – არა. ტაძარში შესულმა ფარისეველმა ღმერთს ასე მიმართა: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე; ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა; ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ამ ლოცვის შედეგად ფარისეველმა არა თუ ცოდვათა მიტევება ვერ მიიღო, არამედ ცოდვა კიდევ უფრო დაამძიმა. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ პირველი თვისება ფარისევლობისა ამპარტავნება და გულდიდობაა. მართლაც, რა ქედმაღალი უნდა იყოს კაცი, რომ ტაძარში შესულს ლოცვის დროსაც არ ჰქონდეს თავმდაბლობა და იქაც პატივი და წინდგომა ახსოვდეს. ლოცვაში კაცი ღმრთის წინაშე თავის უღირსებას უნდა აღიარებდეს. გულში კიდევაც რომ იცოდეს, რომ მან შეძლებისდაგვარად დაიცვა ღმრთის მცნებანი და რომელიმე დიდი ცოდვაში არ ჩავარდა, ამას ღმრთის მადლს უნდა მიაწერდეს, ნაცვლად თავის ქებისა, მას უნდა ჰმადლობდეს და შემწეობას მისგან მომავალისთვისაც უნდა ითხოვდეს. გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ, ჩვენც ხშირად ვემსგავსებით უგუნურსა და ამპარტავან ფარისეველს, როცა თავს ვიმართლებთ იმით, რომ ქურდები, კაცის მკვლელნი და მრუშები მაინც არა ვართ და ვამბობთ, მადლობა ღმერთს, ჩვენზე უარესებიც არიანო, ანუ იმასვე ვიმეორებთ, რაც ფარისეველმა თქვა: არა ვარ მე ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. უგუნურებაა, თავი დიდად მიგვაჩნდეს იმის გამო, რომ ჩვენზე უარესნიც არსებობენ. თუ შენი სულიერი მდგომარეობის შეტყობა გსურს, თავი არა შენზე უარესს, არამედ უკეთესს უნდა შეადარო. თუ ძალიან ცუდ ადამიანებს არ ჰგავხარ, არ ნიშნავს, რომ წმინდანთა მსგავსი ხარ. საკმარისი არაა ცოდვებს არ სჩადიოდე, მადლი უნდა ქნა და სათნოება შეიძინო.

არა ვარ მე, ვითარცს სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. ამ სიტყვებში ჩანს მეორე თვისება ფარისევლობისა: შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა. ფარისეველს თავი სხვაზე ბევრად კარგი ჰგონია. როცა ჩვენ სხვათა საქმეებს ვრცლად განვიკითხავთ, მათ შეცდომებს მჭევრმეტყველურად აღვწერთ და მათ საქმეებსა და თვისებებს დავცინით, ფარისევლებს ვემსგავსებით, რადგან ამით თითქოს იმას ვამტკიცებთ, რომ ჩვენ მათზე უკეთესნი ვართ. ასეთ ქედმაღლურ სიტყვებს ღმრთისმოყვარე და მოშიში კაცი არა თუ იტყვის, ვერც კი მოიფიქებს. მას მცირე ცოდვაც კი შეაშინებს, გულს შეუმუსრავს და ღმრთისაგან განმართლებას სასოებით დაელოდება. ფარისეველს კი იმის გამო, რომ უსაშინლესი ცოდვანი არ ჩაუდენია, თავისი თავი წმინდად მიაჩნია. ის, რითაც მას თავი მოაქვს, კერძოდ, მარხვა და მსხვერპლის შეწირვა, სათნოებასთან მიმყვანი გზაა და არა თვით სათნოება. თუ მარხვამ და მსხვერპლის შეწირვამ ადამიანი შინაგანად არ გააუმჯობესა, იგი ემსგავსება კაცს, რომელიც გზაზე დგას, მაგრამ წინ არ მიდის.

გარდა ამისა, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ თურმე მარხვა და მსხვერპლშეწირვა არა სინანულიდან და ღმრთისმოყვარებისაგან მომდინარეობს, არამედ, ამპარტავნებისაგან. თურმე შეიძლება, რომ მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაც არა მადლსა და ღმრთისმსახურებას მოასწავებდეს, არამეს ცოდვასა და ღმრთის წინააღმდეგობას. რა არის და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლშეწირვა? მეტი არაფერი, მხოლოდ გლოვა, სინანული, ტირილი საკუთარი ცოდვების გამო და ვედრება ღმერთისადმი მათი შენდობისათვის. ფარისევლის მარხვა კი ორგულობისა და ამპარტავნების ნაყოფია. მას მარხვა თავის მოწონებისათვის, პატივის მიღებისათვის დაუცავს. ე.ი. თუ ფარისეველი რამეს აკეთებს, მხოლოდ გარეგნულად და სხვათა საჩვენებლად, ფარისევლობა ერთი უმძიმესი ცოდვათაგანია, მით უმეტეს, რომ ძნელად მოიპოვება ქვეყანაზე კაცი, რომელიც რაღაც სახით ამ ცოდვას არ იზიარებდეს. ფარისევლობა ისაა, როცა კაცი გარეგნული წესიერი და მოსაწონი საქციელით შინაგან უმსგავსსა და უშვერ თვისებებს მალავს და ირგვლივ მყოფთ ამგვარად ატყუებს. როგორც მაცხოვარი ბრძანებს, ფარისეველნი ყოველ კეთილ საქმეს იქმენ საჩვენებლად კაცთა (მათე 23,4), ქვრივთა ოჯახებს დააცარიელებენ და მერმეÞგრძლად ილოცვენ (23,13); მცირე და გარეგნულ მცნებებს აღასრულეენ და დაუტვებენ უმძიმესსა სჯულისასა, სამართალსა და სიყვარულსა; ჭურჭელს გარედან წმენდენ, მაშინ, როცა შიგნით სავსეა ნატაცებითა და არაწმინდებითა (23,25); ემსგავსებიან საფლავთა განზოგილთა, რომელი სჩანედ გარეშე მშვენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძვალებითა მკვდართათა. ყოვლადსახიერი და ყოვლადმოწყალე უფალი, რომელიც ქვეყნად ცოდვილთა სხნისთვის მოვიდა, თითქმის მოთმინებას ივიწყებს, მკაცრად განსჯის მათ და უგუნურებს, ბრმებსა და იქედნეს ნაშობ გველებს უწოდებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფარისევლობის ცოდვა ფრიად დიდი და საშინელია, რატომ? იმიტომ, რომ ფარისეველი თავისი ცხოვრებით თითქმის შეაგინებს თვით სათნოებას; ზოგჯერ ღმრთისმსახურებას სხვებსაც შეაძულებს, ღმრთისმოყვარებას განაუქმებს და მრავალ კაცს დაუბრკოლებს სულის ცხონებას. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნი ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქვენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა არა უტევებთ შესლვად (მათე 23,14); სხვათა შესვლას სასუფეველში ისინი რა სახით აბრკოლებენ? იმ სახით, რომ გულწრფელი კაცი, რომელიც ფარისევლურ ყოფაქცევას ხედავს, ხშირად ზურგს აქცევს ღმრთისმსახურებას. არაფარისევლურად, ანუ პირუთვნელად თუ ვიტყვით, ჩვენ ხალხს აქვს მიდრეკილება ფარისევლობისადმი, რაც იმაში ჩანს, რომ ხშირად ჩვენი სიტყვანი საქმეთა ჩვენთა წინააღმდეგნი არიან და გარეგნული მოქმედება არ გამოხატავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას.

მრავალი ცოდვა ტანჯავს კაცის დაცემულ ბუნებას, მაგრამ ფარისევლობაზე საშინელი არცერთი მათგანი არაა. ეს იმიტომ, რომ არცერთი ცოდვა ისე არ მოეკიდება და მოინადირებს კაცის გულს, არცერთი არ გაიდგამს მის ბუნებაში ისე ღრმად ფესვებს, როგორც ფარისევლობა. თუ სხვა ცოდვები რომელიღაც გარკვეულ ასაკში, რაღაც გარკვეული დროით დაიპყრობენ ადამიანს, ფარისევლობა საფლავამდე მისდევს. თუ სხვა ცოდვები ცალკეულ საქმეებში გამომჟღავნდება, ფარისევლობა ყოველ მოქმედებას სვრის და აუწმინდურებს, ყოველ აზრსა და სიტყვას ცუდ ელფერს აძლევს. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ეს ცოდვა არ შემოგვეპაროს. რისთვის გამტყუნდა ფარისეველი? რისთვის დასაჯა იგი სულიწმიდამ? იმიტომ, რომ თვითონ გაიმართლა და აღიმაღლა თავი. ადამიანს ფარისევლობაზე საშინელი მტერი არ ჰყავს, მით უმეტეს, რომ იგი წვრილი და შეფარული გრძნობაა, მზაკვარი და შეუმეცნებელი. რა არის ფარისევლობა? ფარისევლობა ისაა, როცა კაცი პირობას შეკრავს თავის სინდისთან, როცა სიცრუეს დაუმეგობრდება და შეურიგდება, სინდისის ხმას გარეგნული, ყალბი და ცრუ სათნოებით ჩააჩუმებს და გულში სიცრუესა და სიმრუდეს ითმენს. ამგვარ მდგომარეობას კაცისას მაგალითები უკეთ ახსნიან. მაგალითად, ხარ სახელმწიფო მოხელე და ქრთამს იმ მიზეზით იღებ, რომ მცირე ხელფასი გაქვს და ცოლ-შვილის რჩენა გიჭირს. რა არის მიზეზი თავის მართლებისა, თუ არა ფარისევლობა? ფარისევლობაა ისიც, როცა შენზე მაღლა მდგომს სიმართლის თქმის ნაცვლად ემლიქვნელები, რათა შენთვის ჯილდო და წარმატება გამოსტყუო. ფარისევლობაა ისიც, როცა ადამიანს ატყუებ და თავს იმით იმართლებ, სად ჰქონდა ჭკუა, თვითონ მიმხვდარიყოო. ისიც ფარისევლობაა, როცა კაცს პირში აქებ და პირს უკან სინდისის საწინააღმდეგოდ აძაგებ, ისიც, როცა ვინმეს, რომელიც არ მოგწონს, მკაცრად განსჯი, ხოლო სხვას მხოლოდ იმიტომ აქებ, რომ შენი მეგობარია. ფარისევლობის ცოდვას თავს იმ შემთხევაში დავაღწევთ, თუ გულში არცერთ სიცრუესა და სიმრუდეს არ მოვითმენთ. ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და მწიგნობართა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი.

თუ დღევანდელ ქრისტიანებს პირუთვნელად განვიხილავთ, ჩვენდა განსაცვიფრებლად და შემაწუხებლად ვნახავთ, ათასში ერთი კაცი არ არის, რომლის სიტყვა და საქმე იყოს ერთი და მისი გარეგნული საქციელი შინაგან გრძნობებზე იყოს დაფუძნებული. ხედავ, კაცი ყოველ დილით დაუჯდომელს კითხულობს, უწმინდურსა და ბილწ საქციელს კი არ იშლის. ერთი სიტყვით, საშინელი ცომი ფარისევლობისა სუფევს ქრისტიანთა შორის; სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ საშინელ ცოდვაში ურიცხვი ქრისტიანია შთაფლული. ისინი ისე გვაჩვენებენ თავს, თითწოს გულმოდგინედ ლოცულობდნენ და სჯულის კანონებსაც ერთგულად აღასრულებდნენ, სინამდვილეში კი, თუ მათ ყოფაქცევას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ ასე მხოლოდ მოსაჩვენებლად იქცევიან. გული ბოროტებით აქვთ სავსე და არცერთ ცოდვას არ ერიდებიან.

გონიერი კაცი, რომლის გულშიც ღმრთის მადლი და სასოებაა, არასოდეს იქნება კმაყოფილი თავისი თავისა. იგი თავს მარადის აფრთხილებს და ამხელს. თუ კარგი რამე გააკეთა, უმჯობესის გაკეთება სურს, რადგან კაცის ბუნებაში დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესი და უმაღლესი მდგომარეობისადმი, თვით ღმერთმა დანერგა. ჭეშმარიტად ღმრთისმოყვარე კაცის გული, რაგინდ მრავალი სათნო საქმე აღასრულოს, მაინც ვერ გაძღება. მაშასადამე, ფარისეველი, რომელიც თავისი სათნოებით ამაყობს, ამით ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი სათნოება საერთოდ არა აქვს და ის, რომ თავისი თავით კმაყოფილია, მხოლოდ მის უგუნურებაზე მეტყველებს. მაშასადამე, ფარისეველს სამი ბოროტი თვისება გამოარჩევს: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება, ანუ მოტყუება. ფარისეველნი სწავლულნი, მწიგნობარნი და ერისაგან პატივცემული კაცნი იყვნენ. მაგრამ მათი ზნეობა და ყოფაქცევა სრულიად საწინააღმდეგო იყო იმისა, რასაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოითხოვდა და ასწავლიდა. ისინი სჯულს გარეგნულად, კაცთა საჩვენებლად აღასრულებდნენ, ხოლო მათი შინაგანი და ფარული ბუნება ბოროტებით, ამპარტავნებით, შურითა და ანგარებით იყო აღვსებული. მაგრამ ყველაზე უარესი მათში ის იყო, რომ ფარისევლები თავიანთ ცოდვილობას ვერ გრძნობდნენ და საკუთარი თავი მართლად, სათნოდ და წმინდად მიაჩნდათ.

ფიცი – ჰეროდე მეფემ მროკველ დედაკაცს ფიცით აღუთქვა, რომ რასაც ითხოვდა, ყოველივეს მისცემდა. როცა სალომეამ დედის შეგონებით იოანე ნათლისმცელის თავი ითხოვა, მეფე შეწუხდა, მაგრამ ფიცის დარღვევა აღარ მოინდომა და იოანესათვის თავის მოკვეთა ბრძანა. აქედან უნდა ვისწავლოთ, რა ცუდი შედეგი მოაქვს ადვილად და ნაჩქარევად მიცემულ ფიცსა და აღთქმას. ვინც ფიცსა და აღთქმას ადვილად და გაუაზრებლად იძლევა, ბოლოს იძულებული ხდება ან მიცემული ფიცი დაარღვიოს, ან კიდევ რომელიმე ბოროტი საქმე აღასრულოს. ასე დაემართა ჰეროდე მეფესაც, წინასწარ დაუფიცა სალომეას, რომ თხოვნას შეუსრულებდა, მერე კი მიხვდა ცუდად რომ მოიქცა, მაგრამ ფიცის დარღვევის შერცხვა. ასე ნაჩქარევად და უსაფუძვლოდ არ უნდა დაეფიცა, მაგრამ რაკიღა ასეთი უგუნურება ჩაიდინა, უმჯობესი იყო უგუნური ფიცი დაერღვია და საშინელ ცოდვაში არ ჩავარდნილიყო.

ქადაგება – როცა დიდი დღესასეაულის დასასრულს მაცხოვარმა ჩვეულებისამებრ იქადაგა, მსმენელთა შორის კამათი და შფოთი ატყდა. ზოგი ამბობდა, წინასწარმეტყველია და კარგად გვასწავლისო, ზოგიც, პირიქით, ცბიერია და ცუდად გვასწავლისო. ეს საკვირველი გარემოება იმაზე მეტყველებს, თუ რა მძიმე და ძნელი საქმეა ღმრთის სიტყვის ქადაგება. რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს, ისე, რომ არავის შეეხება და არც განსაკუთრებულ სწავლა-დარიგებას მისცემს ვინმეს. ასე რომ, იგი ყველა მსმანელისათვის ერთი ფასისა იქნება. ამგვარი ქადაგება არავის გაანაწყენებს, მაგრამ არც დიდ სარგებლობას მისცემს ვინმეს, და გარეგნულად რაც არ უნდა დიდი მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდეს მსმენელნი მაინც გულგრილად მიიღებენ. მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი სიტყვა მსმენელებს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვენებანი და საჭიროებანი მსმენელისა და ქადაგბას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწავლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში მისი სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭევრმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, რომ მისმა სიტყვამ მსმენელთა გულებში შეაღწიოს და იქ თავისი კვალი დატოვოს. მართალია, ამგვარ მქადაგებლებს ხალხისათის უფრო დიდი სარგებლობა მოაქვთ, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ხშირად მსმენელებში უკმაყოფილებასა და შფოთს იწვევენ. ეს არცაა გასაკვირი, ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათ ცუდ თვისებებს წარმოაჩენენ; ღმრთის სიტყვის მქადაგებელმა დაფიქრებით უნდა გამოარჩიოს, თუ რომელი სიტყვა და საგანია უსაჭიროესი მსმენელისათვის. მან უფრო ხშირად და მტკიცედ უნდა ილაპარაკოს და დარიგება მისცეს იმ ცოდვის, ნაკლულევანიბისა და სულიერი სენის შესახებ, რომელიც მის სამწყსოს უფრო ეჩვევა და ვნებს.

ქართლის ცხოვრება – ქართველმა ერმა იესო ქრისტეს მართლმადიდებელი სჯული მეოთხე საუკუნეში მიიღო. მას უკან მას ყველა გარშემო მყოფნი ერნი და მეფენი გადაემტერნენ და დევნა დაუწყეს, ჯერ კერპთმსახურებმა და მერე მაჰმადიანებმა. ვინ შეძლებს, რომ მოკლე სიტყვით გამოხატოს, თუ რამდენი ჭირი, მუსრვა, ბრძოლა და აოხრება გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში. საკვირველია, რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენ ჭირს, მაშინ, როცა მის ირვლივ უმძლავრესი მეფობანი და ერნი დაეცნენ და გადაშენდნენ. მაგალითად, ძველი დიდი მაკედონიის სამეფო, ძველი დიდი და უმძლავრესი სპარსეთის სამეფო, არაბეთი და სხვანი, რომელნიც უწინ აოხრებდნენ და თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს საქართველოს იმიერ და ამიერ ქვეყანა, შემდეგ კი თვითონ განქარდნენ. რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო? – მიზეზი ამისა ის არის, რომ ჩვენი ერი ყოველთვის საღმრთო სჯულის ერთგული იყო და ღმერთიც იფარავდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსაც წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა. ყველას გვახსოვდეს, ძმანო, ეს ჭეშმარიტებაა და ამით ჩვენ თავს ნუგეშინისვცეთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მშვიდობა და წარმატება ჩვენი სჯულის აღსარებასა და კეთილმსახურებაზეა დამოკიდებული. ყურადღებით დაუკვირდი და ბევრ მაგალითს დაინახავ, რომ შენი ნაცნობი კაცი, რომელიც უწინ მდიდარი იყო და შემდეგ გაღარიბდა, დაეცა და დაგლახავდა, ამის მიზეზი ღმრთის წინააღმდეგი ცხოვრება ყოფილა. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში, მეტადრე ახალგაზრდობამ ჩვენი ქვეყნისა და ერის წარსულ ცხოვრებასა და მამა-პაპის ისტორიას ყურადღება მიაქცია. ისინი ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლასა და ჩვენი ენის არდავიწყებას ჩვენც მოგვიწოდებენ. დიახ. პატიოსანი და მოსაწონია ეს მიმართულება! მაგრამ მე ის მაკვირვებს და მაწუხებს, რომ ახლანდელ მწერლებს საკმაო ყურადღება სწორედ იმაზე არა აქვთ მიქცეული, რაც ჩვენს წინაპრებს უმეტესად შესანიშნავი და უმთავრესი თვისება ჰქონდათ, რითაც ისინი გამხნევებულნი და აღტაცებულნი იყვნენ, რაც მათ მართავდა და ძალ-ღონეს აძლევდა. ეს იყო სიყვარული საღმრთო სჯულისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა. სარწმუნოებამ დაიცვა ისინი, სარწმუნოებამ გააძლებინა და მოიყვანა ვიდრე აქამომდე ჩვენი ერი.

ქაღალდის თამაში – საზოგადოებაში თავის შექცევის ფრიად დასაწუნებელი და გასამტყუნებელი ჩვეულებაა. იგი სულისთვისაც და ხორცისთვისაც მავნებელია; სულისთვის იმიტომ, რომ ქაღალდის მოთამაშე კაცის სულში მრავალი იმგვარი ცუდი ვნება აღიძვრება და განმტკიცდება, როგორიცაა სიხარბე, ჯავრი, სიძულვილი და ჩხუბი; ხოლო ხორცისთვის იმიტომ, რომ ერთ ადგილას დიდ ხანს ჯდომით და გაფუჭებული ჰაერის სუნთქვით, კაცი სიმრთელეს აგებს და სნეულებას იგებს.

ქება – კაცი გონიერი და თავმდაბალი თავის თავს არასოდეს არ იქებს. თუ ღირსია ქებისა – სხვანი უნდა აქებდნენ მას. თუ რამე კეთილი უქმნია და ნაყოფი გამოუღია, ისიც ღმრთის მადლსა და შემწეობას უნდა მიაწეროს.

ქების ღირსი – როდესაც მხედარი გაცხარებულ ომში თამამად დგას და მის გარშემო ათასნაირი სიკვდილი ფრინავს, მაგრამ მას არ ეშინია, მტერს უშიშრად ებმება, დაჭრილიც არ ტოვებს ბრძოლის ველს და ისე კვდება, - მას ყველა აქებს და გმირს ეძახის; მაგრამ უდიდესი ქების ღირსია ის კაცი, რომელიც საზოგადო საქმეს თავდადებულად ემსახურება და სიცოცხლესაც სწირავს მას. მტერთა და მოშურნეთაგან შეიძლება მრავალი ყვედრება და ცილისწამება ესმოდეს, მასზე მრავალ უსამართლობას წერდნენ და შრომას უფრო მეტად უმძიმებდნენ, მაგრამ ჩუმად და მოთმინებით აკეთებს საქმეს და იმაზე არ ფიქრობს, რომ ვინმესგან ქება მოისმინოს. ვინც თავის მოვალეობას ასე თავგამოდებით და ნაყოფიერად აღასრულებს, იგი ღმრთის ნებას ასრულებს და მას ემსახურება, რადგან ღმერთიც ამას გვიბრძანებს და ამას მოითხოვს ჩვენგან, რომ ცხოვრებას დაუცხრომელი შრომითა და მეცადინეობით ვატარებდეთ.

ქველმოქმედება – იხ. კეთილი საქმე.

ქრისტიანი – სახარებაში იესო ქრისტე გვეუბნება: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი (ინ.15, 1-4). აი, როგორი სიახლოვე არსებობს ჩვნესა და ჩვენს უფალს შორის. ყოველი ქრისტიანი ჭეშმარიტი ვენახის – იესო ქრისტეს რტოა. ჩვენ ვიცით, რომ უკეთუ რტო გახმა, მას მოჭრიან და განაგდებენ, ხოლო უკეთუ რტო ნედლია, ფურცლიანი და ნაყოფსაც იღებს, იგი ვენახის პატრონს ახარებს. მსგავსად ამისა, კეთილი და სათნო ქრისტიანი გაახარებს ზეციერ მამას. რადგან ეკლესია ქრისტეს რტოებად გვზრდის, ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ ნაყოფი გვქონდეს, რათა ყოველთვის ვენახზე ვიყოთ, მცნებები უფლისა საქმით უნდა აღვასრულოთ, ანუ ცხოვრება ისე უნდა გავატაროთ, რომ ყოველმა კაცმა ჩვენზე თქვას: იმ კაცს ღმერთი ახსოვს და ნამუსი აქვსო; ქრისტიანი ისაა, ვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება აქვს და კეთილი ზნეობა. სული და ბეჭედი ქრისტიანობისა – ესაა სიყვარული ღმრთისა და სიყვარული მოყვასისა. ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როცა ჩვენი ცხოვრება კეთილი და წმინდაა, ქრისტეს სახელი იდიდება ჩვენ შორის, ხოლო უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია და ცუდად ვიქცევით, მაშინ ღმრთის სახელს ვამდაბლებთ.

ქრისტიანული მოქალაქეობა – თუ ახლანდელ ქრისტიანებს დავუკვირდებით და მათ სულიერ მდგომარეობას წარმოვიდგენთ, ვნახავთ, რომ ისინი სრულიადაც არ ფიქრობენ იმაზე, რა დიდი და ძნელი საქმეა კეთილი ქრისტიანული მოქალაქეობა და რამდენ შრომასა და სიფრთხილეს მოითხოვს ჩვენგან ჩვენი სულიერი მოვალეობის აღსრულება. დილიდან საღამომდე ისინი ამა სოფლის ამაოებას არიან მიცემულნი და ღმრთისადმი გულს ერთხელაც არ მიაქცევენ. თვით უმცირესი განსაცდელიც კი დაუკარგავს მათ ღმრთის სიყვარულსა და სასოებას, შეურყევს სარწმუნოებას. წმ. მოციქული პავლე გვამცნობს, რა დიდი და მძიმე საქმეა ქრისტიანული ცხოვრება. განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაითა. ე.ი. სულიერი ცხოვრებისათვის დიდი ღონე და ძალა გვჭირდება, ამასთან არა მხოლოდ საკუთარი ძალა, არამედ ძლიერება უფლისა. ქრისტიანული მოქალაქეობა დაუცხრომელი ბრძოლაა, არა ხორციელთა წინააღმდეგ, არამედ სოფლის მპყრობელი ბოროტი სულების მიმართ. ამიტომ ქრისტიანი ყოველთვის აღჭურვილი უნდა იყოს სულიერი საჭურველით, რადგან მისი სულიერი მტრები ყოველ წამს მზად არიან მის შთასანთქმელად; ამას ემატება ბრძოლა ხილულ მტრებთან, ბოროტ ადამიანებთან და საკუთარ ვნებებსა და ცუდ მიდრეკილეებთან, რომელნიც მარადის აცდუნებენ მას და ღმრთისაგან განაშორებენ. მაგრამ თუ ყოველთვის გვახსოვს ჩვენი სჯული და უფლის ძლიერების სიმტკიცით ვართ გაძლიერებულნი, ყოველგვარ განსაცდელს წინ ადვილად აღვუდგებით და სულიერ სვლას მტერთა და მაცთუნებელთა შორის ადვილად წარვმართავთ. წმ. მოციქული პავლე იმასაც გვასწავლის, როგორ შეუძლია ქრისტიანს გაძლიერება. რამდენადაც ეს სოფელი სიცრუისა და უსამართლობის ზღვაა, თუ ქრისტიანი სიმართლითა და ჭეშმარიტებით არ შეიმოსა, მასში დაინთქმება. ამა სოფელში მიმოსვლისა და ზრუნვის დროს მას გულში ის მშვიდობა უნდა ჰქონდეს, რომელიც სახარების მადლმა მოგვანიჭა. სარწმუნოება ფარად უნდა ჰქონდეს და ხელში სულის მახვილი – სიტყვა ღმრთისა უნდა ეჭიროს. მხოლოდ ასე აღჭურვილი ქრისტიანი სძლევს სულიერსა და ხორციელ მტრებს, უვნელად გაივლის განსაცდელთა შორის და ღმრთის სასუფეველს დაიმკვიდრებს.

ქურდობის ცოდვა – პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გგონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით, ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე, ან დააბრკოლე; ან შეიძლება პირდაირი ზარალი არ მიგიყენებია, მაგრამ არც სიყვარული და შემწეობა გამოიჩინე. ის კაციც მპარავია, რომელმაც თავისი მოყვასისათვის მიცემული სიტყვა და პირობა არ აღასრულა და ამით ზარალი მიაყენა. საზოგადოდ რომ ვთქვათ, პირდაპირი ქურდისაგან კაცი როგორმე თავს დიაფარავს, პირობის დამრღვევისა და ცრუ კაცისაგან კი – ვერასოდეს. მაშასადამე, პირობის დარღვევა უფრო მცირე ცოდვა არ არის, ვიდრე პარვა. თუ გსურს პარვის მოზიარე არ იყო, ეცადე, რომ ან ისეთი პირობა არ დადო, რომლის აღსრულებაც არ შეგიძლია, ან თუ რაიმე პირობა აიღე შენს თავზე, ეცადე, რომ აღასრულო კიდეც. უეჭველია, რომ მპარავის მსგავსია ის სახელმწიფო მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი, რომელიც თავის თანამდებობრივ მოვალეობას დაუდევრად და არა ერთგულებით აღასრულებს; ჯამაგირი ან ჯილდო, რომელსაც იგი სახელმწიფოსაგან იღებს, მოპარულია ასეთი ჩინოვნიკის მიერ. ვაჭარი, რომელიც თავის საქონელს უზომო ფასს ადებს, ანუ კარგი საქონლის ნაცვლად ცუდს ასაღებს და სრულ საფასურს იღებს, პირდაპირ მპარავთა შორის უნდა შეირაცხოს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ იქნებ მართლმსაჯული ღმრთის თვალთა წინაშე პირდაპირი ქურდი არც იყოს იმ ზომად ცოდვილი, ვითარცა ფარულად და მზაკვრებით აღმასრულებელნი პარვისა. ფარული ქურდები მოყვასთ უარეს ზარალს აყენებენ, რადგან ისინი არავის ქურდად არ მიაჩნია, ხშირად კი ამ ქვეყანაზე პატივცემლნი და ამპარტავენნი არიან მოყვასთა შორის. მაგრამ ღმერთი ისე არ უყურებს ჩვენს მოქმედებას, ვითარცა კაცის მოკლე ჭკუა; ამიტომ გეშინოდეს და ეცადე, რომ ყოველი შენი მოქმედება პატიოსანი, უზაკველი და უვნებელი იყოს მოყვასთა შენთათვის. თუ შენ სიტყვით, ან საქმით ვინმე მოყვასთაგანი აცთუნე, ე.ი. ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე და გარყვნილებას მიაჩვიე, ეს ასწილ უმწარესი ცოდვა იქნება, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი კაცს მიაყენებს; ამისთანა მოქმედება კაცის სულს საუკუნოდ წარწყმედს და საუკუნოდ ზარალში ჩააგდებს. ამიტომაც საღმრთო წერილი იტყვის: უმჯობესია კაცმა კისერზე ლოდი მოიკიდოს და თავი ზღვაში გადაიგდოს, ვიდრეღა აცთუნოს ერთი ამათ მცირეთაგანი. კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა; ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისულაფი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს, რასაც თავის შრომით შეიძენს; მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯითობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მაცთური ვერ წარიტაცებს.