საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- დ -

დავითნი - დავით მეფის მიერ დაწერილი საგალობლების ანუ ფსალმუნების კრებული.

დაისის ლოცვა - მწუხრის ლოცვა.

დალოცვა - მღვდელმსახურისაგან ლოცვის მიღება.

დასდებელი - ლოცვების კრებული, ცალკეული ვრცელი ლოცვების ბოლოს ჩასართავი (მუხლებში), აგრეთვე ეწოდება ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის წირვათა მთელ საგალობელ მასალას.

დასნი ანგელოზთანი - ანგელოზთა ციური კრებული. იყოფა სამ იერარქიულ საფეხურად, ხოლო თითოეული მათგანი იყოფა სამ დასად ანუ მხედრობად, უმაღლესი იერარქია - სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი. საშუალო იერარქია - უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი. დაბალი იერარქია - მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

დაუჯდომელი - იხ. აკათისტო.

დაფარნა - საგანგებოდ გამოჭრილი და შეკერილი გადასაფარებელი. დაფარნა სამია: ერთი დიდი და ორი პატარა - პატარებით იბურება ბარძიმი და ფეშხუმი ცალ-ცალკე, დიდით - ორივე ერთად. დაფარნა სიმბოლურად აღნიშნავს სახვევლებს, რომელშიც ღვთისმშობელმა შეახვია ახალშობილი ქრისტე და სუდრებს, რომელშიც შეგრაგნეს მიცვალებული ქრისტე.

დაყუდებული - ბერები, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იკეტებოდნენ გამოქვაბულებში ან კელიებში, თავს უძღვნიდნენ ღვთისადმი ლოცვას და ადამიანურ ვნებებთან ბრძოლას.

დეკანოზი - 1) საეკლესიო იერარქიაში - უფროსი მღვდელი. ტაძრის წინამძღვარი. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამმართველო - „სადეკანოზო“ ებარა. 2) ქართულ მონასტრებში - მღვდლებისა და მგალობლების უფროსი, მონასტრის წინამძღვრის შემდგომ მეორე პირი. მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში. 3) აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატის მსახური, რომელიც სახატო რიტუალს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა (წარმართული გადმონაშთი).

დიაკონი - სამღვდელმსახურო იერარქიის ქვედა საფეხურის წევრი, მოძღვრის თანაშემწე, რომელიც მას ეხმარება ღვთისმსახურების წესების შესრულებაში.

დიდება - ღვთის სადიდებელი შეძახილი.

„დიდება მაღალიანი“ - საცისკრო ლოცვის საგალობელი, რომელიც იწყება სიტყვით „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

დიდი აიაზმა - იხ. აიაზმა

დიდი ოთხშაბათი - იუდას მიერ მაცხოვრის გაცემის დღე.

დიდი სქემა - იხ. სქემა.

დიდი შაბათი - იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღე. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით იმყოფებოდა საფლავში, ხოლო სულით ჩაბრძანდა ჯოჯოხეთში, მართალთა სულების ამოსაყვანად. შაბათს შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი.

დიდი ხუთშაბათი - ქრისტეს უკანასკნელი სერობის (ვახშმის, სამხრობის) დღე, როდესაც მან მოწაფეებისადმი სუფრა გააწყო, რომელსაც 12 მოციქული შემოუსხდა. მოძღვარმა მათ ჯერ სათითაოდ დაბანა ფეხები, შემდეგ პური გაუტეხა. გაუწოდა მოციქულებს და უთხრა: „ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა“, შემდეგ ღვინო მიაწოდა: „ეს არის სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა“. ასე აღესრულა პირველი ზიარება.

დიკასტერია - ოლქი იმ მიტროპოლიტისა, რომელიც, თვით პატრიარქს ექვემდებარება, მაგრამ თავის მხრივ განაგებს ზოგიერთ ეპარქიებს თავისი არქიეპისკოპოსებით, ეპისკოპოსებით და განსჯის მათ პატრიარქისგან მინიჭებული უფლებების მიხედვით.

დიკირი - ორსანთელა, გამოიყენება სამღვდელმთავრო მსახურების დროს, სიმბოლურად აღნიშნავს მაცხოვრის ორბუნებოვნებას.

დიოფიზიტობა - მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი დოგმატი, რომელიც ცნობს ქრისტეში განსხვავებული და თანაბარი, შეურეველი და განუყოფელი ორი ბუნების ღვთაებრივისა და ადამიანურის არსებობას.

დიპტიხი - მოსახსენებელი წიგნი. გამოიყენება მოციქულთა დროიდან. ფართო გავრცელება ეკლესიებში ჰპოვა მე-4 საუკუნიდან. დიპტიხში მოხსენიება ითვლებოდა დიდ პატივად. მასში შედიოდნენ მხოლოდ წმინდა ცხოვრების წესით განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანები. დიპტიხები იყოფა: 1) ნათლობის; 2) ცოცხალთა; 3) წმინდანთა ანუ მარტიტოლოგები; 4) მიცვალებულთა, რომელშიც პირველად შედის ეპისკოპოსთა, სამღვდელოთა და ბოლოს, ერისკაცთა სახელები. ეხლა არსებობს დიპტიხების ორი სახეობა საერო ანუ საეკლესიო და კერძო (მოსახსენებელი) (იხ. მოსახსენებელი). პირველი გამოიყენება მონასტრებსა და ეკლესიებში და მასში შედის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების მამათმთავართა სახელები. მეორე გამოიყენება ყოველ მართლმადიდებელ ოჯახში.

დოგმატიკური ღვთისმეტყველება - ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლების სისტემური გადმოცემა. დოგმატური ღვთისმეტყველება ჩამოყალიბდა იუდაიზმისა და მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცების მიზნით.