საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- ე -

ეგზარქოსი (ბერძ. – „თავი უფროსი“) – 1) ძვ. ბერძენთა ქურუმთუფროსი; 2) ბიზანტიაში ბარბაროსთაგან წართმეული, ოლქის მმართველი; 3) ბიზანტიაში ეკლესიის ეპისკოპოსი (III ს-მდე); 4) მართლმადიდებლური ეგზარქატის თავი; 5) ეგზარქატი - მართლმადიდებელი ეკლესიის ოლქი, რამდენიმე ეპარქიის გამაერთიანებელი, რომლის უფროსი - ეგზარქოსი ემორჩილება პატრიარქს.

ეგზეგეტიკა - ღვთისმეტყველების დარგი, რომლის მიზანია საღმრთო წერილის - ბიბლიის ახსნა-განმარტება.

ეგზორცისტი - საეკლესიო ლოცვებით ეშმაკთა და ბოროტ სულთა განმდევნელი.

ეგუტერი (ეკვდერი) - რომელიმე წმინდანის სახელზე, ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო.

ედემი (ნეტარება, სიტკბოება) - ღმერთის მიერ ადამიანისათვის შექმნილი წალკოტი - ედემის ბაღი, სადაც ადამიანი ყოველგვარ გასაჭირს, ავადმყოფობის და სიბერის გარეშე ცხოვრობდა სრულ ნეტარებაში.

ევანგელია - ხარება, კეთილი სასიხარულო ამბავი. ევანგელია შედგება ოთხი წიგნისაგან: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებისაგან.

ევლოგია (ბერძ. - დალოცვა) - სეფისკვერი, რომელიც ურიგდება მორწმუნეებს ეკლესიაში, წირვის დამთავრების შემდეგ.

ევქარისტია (ბერძ. - მადლობა) - ზიარება, ქრისტიანული ეკლესიის ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი - მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების წირვის (იხ. ლიტურგია) დროს, პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება.

ეკლესია - ღმერთის მიერ დადგენილი ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც აერთიანებს მართლმადიდებლური რწმენა. ეკლესიას განეკუთვნებიან არა მარტო ცოცხალი მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ გარდაცვლილებიც, რომლებიც ჭეშმარიტ რწმენაში და სიწმინდეში იყვნენ. მოციქული პავლე გვამცნობს: „თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს ზეციურ იერუსალიმს და აურაცხელ ანგელოზების კრებულს და პირმშოთა ეკლესიას ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს, და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს, და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს (პავ. ებრ. 12, 22-24).

ეკლესიარქი - აღმოსაველთის ეკლესიაში, განსაკუთრებული თანამდებობა, რომელსაც ევალება ეკლესიაში წესრიგის დაცვა.

ემანუელი (ჩვენთან არს ღმერთი) - იესო ქრისტეს წინასწარმეტყველური სახელი. „აჰა, მუცლად იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს“ (მათე 1, 23) (ესაია 7, 14).

ემბაზი (ბერძ. - შესვლა) - ნათლისღებისათვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის ჭურჭელი. „ემბაზის“ შვილი ნიშნავს მონათლულს.

ენკრატისი - მოწესე დედა, მონაზონი.

ენქერი - გვერდზე ჩამოსაკიდი რომბისებური, სამღვდელმთავრო საკმაული, რომელიც სიმბოლურად ნიშნავს: ღვთის ძალის სიდიადეს და მაცდურზე, სიკვდილზე გამარჯვებას. ასევე ენქერი აღნიშნავს სულიერ მახვილს, რომელიც იარაღის მსგავსად მარჯვენა მხარეს დაიკიდება.

ეპარქია - საეკლესიო ტერიტორიული ერთეული, რომელსაც სათავეში უდგას ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი (ბერძ. - მეთვალყურე, ზედამხედველი) - ღვთის-მსახურთა უმაღლესი წოდება, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი, მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს შვიდივე საიდუმლო და აკურთხოს მირონი. მართავს ეპარქიას, სადაც მისი პრეროგატივაა საეკლესიო იურისდიქცია, ქრისტიანული დოგმატების სწავლება, დაქვემდებარებული სამღვდელოების ქიროტონია (ხელთდასხმა) და სხვ.

ეპიტიმია (ბერძ. - სასჯელი) - მორალურ-გამასწორებელი სასჯელი, რასაც სულიერი მამა დაადებს მორწმუნეს (ხანგრძლივი მარხვა, ლოცვა და სხვ.).

ეპიტრაქილი - იხ. ოლარი.

ეპიფანია (ბერძ. – „გამოცხადება“ ღვთისა) - ქრისტეს გამოცხადება, ნათლობა იორდანეს წყალში.

ერგასი - ძველ ქართულად 50-ს ნიშნავს. ქართული ლიტურგიკული ტრადიციით „ერგასი“ ეწოდება პერიოდს აღდგომიდან სულთ-მოფენობამდე. სახელწოდება ამ დღეების რაოდენობასთანაა დაკავშირებული. სულთმოფენობის დღესასწაული აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. იხ. ზატიკი.

ერგასის განზოგება (განახევრება) - დღესასწაული, ერგასის შუა პერიოდი, აღდგომიდან 25-ე დღე.

ერესი - მწვალებლობა, ეკლესიის დოგმების წინააღმდეგ მიმართული მოძღვრებანი.

ერესიარქი - მწვალებლური სწავლების დამმარსებელი.

ერეტიკოსი - მწვალებელი.

ერთდღიანი მარხვები - 1) ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი (გარდა ხსნილისა); 2) ნათლისღების წინა დღე 5(18) იანვარი; 3) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე 29 აგვისტო (11 სექტემბერი); 4) ჯვართამაღლების დღე 14(27) სექტემბერი.

ესქატოლოგია (ბერძ. - უკანასკნელი მოძღვრება) - რელიგიური მოძღვრება ქვეყნის აღსასრულზე.

ექტენია - იხ. კვერექსი.