საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- ფ -

ფანატიზმი - ავადმყოფური მისწრაფება ცხოვრებაში იმ დაუმტკიცებელი იდეების გატარებისა, რომელსაც ფანატიკოსი თვლის აბსოლუტურად სწორად. ყველაფერი, რაც ფანატიკოსის დოგმატებს არ ეთანხმება, მისთვის წარმოადგენს დანაშაულს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ის არ მოერიდება არანაირ ქმედებას. მართლმადიდებელი სარწმუნოება, სადაც ადამიანი რწმენას მთელი თავისი ნებითა და შეგნებით ეზიარება, გმობს ფანატიზმის ყოველგვარ გამოვლენას.

ფარღალიტი - ტაძრის დარაჯი.

ფერიცვალება - (ლუკა 9, 28-36, მარკ. 9, 2-12) მოციქულებთან სასუფეველზე საუბრის შემდეგ, იესომ თავისი მოწაფეებიდან აირჩია პეტრე, იაკობი, იოანე და წაიყვანა ისინი სალოცავად. ლოცვის დროს მოხდა ქრისტეს სასწაულებრივი ფერიცვალება, მოწაფეების წინაშე.

ფეშხუმი - დაბალფეხიანი თეფში, რომელიც იხმარება ღვთისმსახურების დროს ბარძიმთან ერთად. ფეშხუმზე აწყობენ ტარიგს - ნაკვეთ სეფისკვერს. ფეშხუმს ძვირფასი ლითონისაგან აკეთებენ, იგი სიმბოლურად აღნიშნავს ბაგას, სადაც ღვთისმშობელმა მაცხოვარი მიიწვია შობის შემდეგ და მაცხოვრის საფლავს.

ფეხთბანვა - წესი, დამყარებული სახარების ეპიზოდზე, როცა ქრისტემ თავის მოციქულებს ფეხი დაბანა. აღესრულება დიდ ხუთშაბათს, რომლის დროსაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი ბანს ფეხებს მასზე იერარქიულად დაბლა მდგომ მღვდელმსახურებს.

ფილიოკვეს დოგმატი - რომაულ კათოლიციზმში დოგმატი სულწმიდის გამომავლობის შესახებ. ამტკიცებენ, რომ სულიწმინდა ძე ღმერთისგანაც გამოდის.

ფილონი - მღვდლის ზემოდან, მკერდს დაბლა ჩამოსაცმელი სამოსი, რომელსაც არა აქვს არც სახელოები და არც წინა კალთა სიმბოლურად აღნიშნავს ანგელოზთა ფრთებს.

ფრესკა - ეკლესიაში, ტაძარში კედლის მოხატულობა.

ფსალმუნი - დავითნი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ გარკვეულ საგალობლებსაც. ფსალმუნის ავტორია დავით მეფე-წინასწარმეტყველი.

ფსკვნილი - თოკისაგან მოქსოვილი კრიალოსანი, რომელზედაც კვანძები (ფსკვნილები) შესრულებული ლოცვის ან მეტანიის რაოდენობას აღნიშნავს (იხ. კრიალოსანი).