საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- ი -

იადგარი - ძველ ქართულ მწერლობაში ჰიმნებისა და საგალობლების კრებული.

იაჰვე (ებრ. იეჰოვა) - ძვ. აღთქმით ღვთის გამომხატველი სიტყვა - „მე ვარ რომელი ვარ“.

იბაკო - მცირე ფორმის საგალობლების სახეობა. იგალობება კვირა დღეებში, ცისკრად, 118-ე ფსალმუნის შემდეგ, სრულდება ფეხზე დგომით ე.ი. საზეიმოდ; იბაკო მოთავსებულია კანონის მესამე გალობის შემდეგ.

იერარქი (ბერძ. - ჰიეროს - წმინდა, არქე - საწყისი, საფუძველი ძალაუფლება) - ქრისტიანული სამღვდელოების უმაღლესი რანგი (პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი. არქიელი).

იერარქია საეკლესიო (ბერძ. - სასულიერო ძალაუფლება) - ეკლესიის მსახურთა ხარისხობრივი კიბე ქვემოდან მაღლა. უწინარეს ყოვლისა არჩევენ „თეთრ“ და „შავ“ სამღვდელოებას. „თეთრს“ ეკუთვნის სასულიერო პირი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. „შავს“ - საბერო დასი. ორივეს საწყისი საფეხური დიაკვნობაა, შემდეგ მღვდლობა („თეთრისათვის“) და მღველ-მონაზვნობა („შავისათვის“), შემდგომ მოდის შესაბამისად დეკანოზი და იღუმენი. „თეთრი“ სამღვდელოებიდან ინიშნება პროტოპრესვიტერი (პატრიარქის ან მღვდელმთავრის ღვთისმსახურების მომწესრიგებელი). იღუმენთა შორის უმაღლესი წოდებაა არქიმანდრიტი. არქიმანდრიტებიდან ირჩევენ ეპისკოპოსს. ეპისკოპოსთა შორის არის სამი წოდება: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. ეპისკოპოსთა ხარისხიდან ირჩევენ პატრიარქს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში დგას კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც წმ. სინოდი ირჩევს. მღვდელმთავრები განაგებენ ეპარქიებს, უმაღლესი ორგანოა საეკლესიო კრება. პატრიარქის მოადგილე ქორეპისკოპოსი განაგებს მშენებლობას, არის საგარეო საქმეთა განყოფილება და სხვა.

იერეი - მღვდელი.

იეროკირიქსი - ღვთის სიტყვის მქადაგებელი, საეკლესიო კათედრიდან.

იერომნიმონი - დავიწყებული სამღვდელო საქმის მომგონებელი.

იერუსალიმს დიდებით შესვლა უფლისა - იხ. ბზობა.

იკოსი - კონდაკთან საკითხავი გრძელი მუხლი (VI ლოცვა). დაუჯდომელის გრძელ მუხლებსაც იკოსს უწოდებენ.

იპოსტასი (ბერძ. - პიროვნება, პირი) - სამების თითოეული პირი, ჰიპოსტასი.

ირმოლოგიონი - ღვთისმსახურების წიგნი, რომელშიც მოცემულია მოძრავი და უძრავი დღესასწაულების საგალობლები.

ირმოსი (ბერძ. - დაკავშირება) - ქართ. ძლისპირი - ყოველ კანონში პირველი მუხლის სახელწოდება, ის აკავშირებს ერთიმეორესთან მომდევნო ტროპარებს.

ისიხაზმი - XIV საუკუნის ბერძენი ბერების მიერ ათონის მთაზე ჩამოყალიბებული მისტიკური სწავლა-მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მარადიული შეუქმნელი ღვთიური ნათელის (რომელიც ღვთის ფერისცვალების დროს მოევლინა თაბორზე) ხილვის მიღწევა შესაძლებელია განსაკუთრებული ასკეტური მოღვაწეობით.

იღუმენი - მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი.