საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- ქ -

ქადაგება (ბერძ. - ჰომილია) - სამღვდელო პირის მიერ წარმოთქმული მოძღვრება. უძველესი დროიდან დღემდე ქადაგება წარმოადგენდა სარწმუნოების შეცნობის ძირითად საშუალებას. სახარების გავრცელების პირველივე პერიოდიდან ქადაგებს ითვლება წმიდა საქმედ. იგი გახდა აუცილებელი ყველა ღვთისმსახურისა და მოძღვრისათვის, რომლებიც მსახურობენ ეკლესიასა და მონასტრებში. გარკვეული პირის (მოწამის, მოღვაწის) მისამართით წარმოთქმულ ქადაგებას „შესხმა“ ეწოდება.

ქიროტონია - ხელდასხმა: ეპისკოპოსად, მღვდლად, დიაკვნად კურთხევის დროს.

ქორეპისკოპოსი (ბერძ. - მეთვალყურე, ზედამხედველი) - საეკლესიო ადმინისტრაციაში ქალაქის ეპისკოპოსის ხელქვეითი თანამდებობა. საქართველოში პატრიარქის თანაშემწე, აგრეთვე მთავარეპისკოპოსის თანაშემწე. უმრევლო ეპისკოპოსი.

ქორონიკონი - VI საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთაღრიცხვა. მისი ყოველი ციკლი („მოქცევა“) შეიცავს 532 წელს, რომელიც მზის (28 წ.) და მთვარის (19 წ.) ნამრავლითაა მიღებული. ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის თანმიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონის სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის მოძრავი დღესასწაულის წინასწარი გამოთვლაა და, ამდენად, მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონი საქართველოში პირველად VIII ს. 80-იან წლებში გამოიყენეს. მისი მე-13 მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია.

ქორწინება - ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი; ასრულებს მღვდელი ან ეპისკოპოსი. შედგება ორი ნაწილისაგან: დაწინდვა-დანიშვნისა (შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, მეუღლეთა თითებზე კი მათ მარადიულ ურთიერთობას ნიშნავს) და გვირგვინის კურთხევისაგან (თავზე გვირგვინის დადგმა გამოხატავს ვნებების დათრგუნვას, ჯილდოს იმისათვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს); ქორწინების საიდუმლოს დროს კითხულობენ ლიტურგიკულ ტექსტებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან და სხვ. წარმოთქვამენ სპეციალურ ლოცვებს ან სავედრებლებს. ქორწინების საიდუმლოთი შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავენ როგორც ქრისტეს სულიერ კავშირს ეკლესიასთან (ქრისტე - სიძე, ეკლესია - რძალი). მართლმადიდებელი ეკლესია რჯულიერ ქორწინებას ძალიან ძნელად აუქმებს (მაგ.: ცოლ-ქმრისაგან, რომელიმეს ღალატის შემთხვევაში და სხვ.).

ქრისტე იესო - ქრისტე ბერძნულად ნიშნავს ცხებულს, ებრაულად - მესიას. უფალი იესო ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა თავი შეეწირა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად - „არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა“ (ებრ. 9, 12); „წმიდა ღვთისმშობლის მარიამის ძე, არის აღთქმული მესია, იგი მოევლინა ქვეყანას, წინასწარმეტყველების მიერ ნათქვამ დროს“ (დაბ. 19, 10) 25 დეკემბერს, ბეთლემში; ძველ აღთქმაში მრავალი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ის ნამდვილად აღთქმული მესია იყო. იესო ქრისტე არის თვითმყოფადი, მარადიული, ყველგანმყოფი და უცვლელი. იესო ქრისტე მეორე პირია წმიდა სამებისა, რომლის წინაშეც, ისევე როგორც მამისა და სულიწმიდისა, ქედს იხრის და ემორჩილება ყოველი არსება ცასა და მიწაზე. ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე არის აგრეთვე ჭეშმარიტი ადამიანიც, რომელიც სულიწმიდისა და ქალწულ მარიამის საშუალებით განკაცდა. განკაცდა - ნიშნავს, რომ ძე ღვთისამ მიიღო ხორციელი სახე ადამიანისა, ყველა მისი თვისება, გარდა ცოდვისა. „უცილობლად დიდია ღვთისმშობლის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგებ იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა წუთისოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში“ (1 ტიმოთე 3, 16); წმ. მოციქული პავლე გვამცნობს: „ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმრთისა და კაცთა შორის შუამავალი კაცი - იესო ქრისტე“. ამგვარად, მასში გაერთიანებულია და განუყოფლად იმიყოფება ორი თვისება - ღვთაებრივი და ადამიანური, მაგრამ ამავე დროს, ის არის ერთი სახე - ღმერთკაცი. როგორც პირველი მღვდელმთავარი და შუამავალი, იესო ქრისტე გახდა ყველა ჩვენგანის ცოდვების მიმტევებელი (გამომსყიდველი). „რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელ სიცოცხლეს მონობაში იყო“ (ებრ. 2, 14-15). მისი უკვდავების ნათელი მაგალითია მისი ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება. ქრისტეს ღვთაებრივ ძალაზე მეტყველებს მის მიერ ჩადენილი უამრავი დიდი სასწაული, რომელიც უხვადაა გადმოცემული წმ. სახარებაში; უზომოა უფლის სიყვარული ადამიანებისადმი, ყველა გაჭირვებულისა და სნეულისადმი. წმ. სახარებიდან ვგებულობთ, რომ მისი სწავლება ვრცელდება არა მარტო ერთ ერზე, არმედ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანზე. მან მისცა კაცობრიობას ჭეშმარიტება, ასწავლა ღმერთთან მიმავალი გზა, მისცა მცნებები, რომელთა საშუალებითაც ყველა ადამიანს შეუძლია უკვდავჰყოს თავისი სული და მოხვდეს სასუფეველში.

ქრისტეშობა - იხ. შობა უფლისა იესო ქრისტესი.

ქრისტიანული დღესასწაულები - 12 უდიდესი დღესასწაული. მოძრავი: 1) ბზობა, ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში იესო ქრისტესი; 2) ამაღლება იესო ქრისტესი; 3) სულთმოფენობა; უძრავი: 4) ნათლისღება, ანუ განცხადება უფლისა - 6(19) იანვარი; 5) მირქმა (მიგებება ყრმისა) – 2(15) თებერვალი; 6) ხარება - 25 მარტი (7 აპრილი); 7) ფერიცვალება - 6(19) აგვისტო; 8) მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა - 15(28) აგვისტო; 9) შობა ღვთისმშობლისა - 8(21) სექტემბერი; 10) ჯვართამაღლება (მსოფლიო ამაღლება ჯვარისა) – 14(21) სექტემბერი; 11) ტაძრად მიყვანება მარიამისა - 21 ნოემბერი (4 დეკემბერი); 12) ხორციელად შობა უფლისა იესო ქრისტესი - 25 დეკემბერი (7 იანვარი). დიდი საეკლესიო დღესასწაულებია: 1) წინადაცვეთა უფლისა - 1(14) იანვარი; 2) იოანე ნათლისმცემლის შობა - 24 ივნისი (7 ივლისი); 3) პეტრე-პავლობა, მოციქულთა დღესასწაული - 29 ივნისი (12 ივლისი); 4) იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა - 29 აგვისტო (11 სექტემბერი); 5) მცხეთობა (სვეტიცხოვლობა), საფარველი ღვთისმშობლისა - 1(14) ოქტომბერი.

ქტიტორი (ბერძ. - დამფუძნებელი, შემქმნელი) - პიროვნება, რომლის ხარჯითაც შენდება ან ხელახლა ირთვება ეკლესია. ქტიტორთა ასახვას საეკლესიო მხატვრობაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.