საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- შ -

შავი სამღვდელოება - ბერ-მონაზვნობაში მყოფი მღვდელი და დიაკონი.

შანდალი - სასანთლე, სანთლების რაოდენობის მიხედვით სხვადსხვა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგ.: ერთსანთლიანი აღნიშნავს იესო ქრისტეს ან იმ წმინდანს, ვის სახელზეც ანთია; ორიანი - იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას; სამიანი - წმიდა სამებას. შანდალი, რომელშიც სანთლები წრიულადაა განლაგებული მარადისობის სიმბოლოა.

შარავანდედი (ნიმბი) – 1) სხივი, შუქი, ბრწყინვალება; 2) სამეფო გვირგვინი მსგავსი სხივთა (საბა); 3) ნათელი, რომელიც თავს ადგია წმინდანებს.

„შედეგი“ (ჟამთა შედეგი) - ლოცვა; იკითხება ჟამნის ბოლოს.

შენდობის კვირა - დიდმარხვის წინა კვირა, როდესაც მორწმუნეები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუტევებენ ურთიერთ შეცოდებებს.

შერაცხვა - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების წმინდანად აღიარება.

შერისხვა - იხ. შეჩვენება.

შესამოსელი - სამღვდელო ტანისამოსი. ღვთისმსახურების დროს დიაკვანი იცვამს: სტიქარს, გინგილას და სამკლავებს. მღვდელი: სტიქარს, ოლარს, სამკლავებს, სარტყელს და ფილონს. ეპისკოპოსები: სტიქარს, ბისონს, ოლარს, ომფორს, ენქერს, მიტრას, პანაღიას და მანტიას. დამსახურებული მღვდლები დამატებით: საგვერდეს, სკუფიას ან კუნკულს, ენქერს და მიტრას. სამღვდელოთა ყოველდღიური შესამოსელია ანაფორა.

შესვლა - არსებობს დიდი და მცირე; იგივე გამოსვლა. იხ. გამოსვლა.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და მათი წამალი - შვიდი სათნოება - 1. ამპარტავნება - სიმდაბლე; 2. ანგარება - მოწყალება; 3. სიძვა - უმანკოება; 4. მრისხანება - სიმდაბლე; 5. ნაყროვანება - მარხულობა; 6. შური - სიყვარული; 7. სასოწარკვეთილება - სასოება.

შვიდი საიდუმლო - იხ. საიდუმლოებანი.

შვიდსანთელა - შვიდლამპრიანი შანდალი, ტრაპეზის წინ აღმოსავლეთით.

შობა უფლისა იესო ქრისტესი - იმ საიდუმლოების შესახებ, რომ ქვეყანაზე უნდა მოვლენილიყო ძე ღვთისა, იცოდა ღვთის რჩეულმა ქალწულმა მარიამმა და იოანე ნათლისმცემლის მშობლებმა, რომელთაც ეს ეცნობათ სულიწმიდის მადლით. ღვთის ანგელოზი გამოეცხადა ქალწულ მარიამის დანიშნულს, საქმროს იოსებს და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამი მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათე 2, 20-21). ამის შემდეგ იოსები გახდა არა მარტო მარიამის ქალწულობის დამცველი, არამედ მონაწილე ისაიას წინასწარმეტყველებისა, რომლის თანახმად იგი გახდა მომსწრე საიდუმლოსი, ქალწულისაგან ღვთის შობისა. იმ დღეებში კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა. ვინაიდან იოსები დავითის მოდგმისა იყო, მას მოუწია დავითის ქალაქში ჩასაწერად ბეთლემში გაემგზავრება. „მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში ადგილი არ იყო მათთვის“ (ლუკა 2, 6-7). იმ მხარეში იყვნენ მწყემსები და დარაჯობდნენ თავიანთ ცხვრებს, როდესაც მათ გამოეცხადათ უფლის ანგელოზი, რომელმაც ახარა მათ იესო ქრისტეს დაბადების ამბავი: და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდი ლაშქარი, ციდან აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2, 13-14). ამის შემდეგ მწყემსებმა მოინახულეს ყრმა იესო, ხოლო მერე გამოჩნდნენ მოგვები, რომელთაც ამცნეს ხალხს იესო ქრისტეს დაბადება.

შობა ღვთისმშობლისა - ერთ-ერთი 12-დან უდიდესი დღესასწაული, იესო ქრისტეს დედის წმ. ქალწულ მარიამის შობასთან დაკავშირებული. წარმომავლობით მარიამის მამა იოაკიმი იყო დავითის შთამომავალი, დედა კი - არონ მღვდელმთავრის შთამომავალი - ანა. მათი ასულის შობა იყო „სიხარული ყოველისა სოფლისა, რამეთუ მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო“ (ტროპარიდან). დღესასწაული აღინიშნება 8(21) სექტემბერს.

შტახსი - კეთილსურნელება.