საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- უ -

„უგალობდითსა“ - საეკლესიო საგალობლის კანონის I გალობა, რომლის სახელწოდება აღებულია ბიბლიის „მოსეს გალობის“ დასაწყისი სიტყვების მიხედვით: „უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“ (გამოსვლათა 6, 19).

უდაბნო - 1) უკაცრიელი ადგილი; 2) მონასტერი, სკიტი.

უკვდავება სულისა - მთელი ახალი აღთქმა სულის უკვდავების სწავლებითაა განმსჭვალული. ქრისტიანობა იმ აზრზეა დაფუძნებული, რომ ჩვენ ღმერთი სიცოცხლის ღმერთია. ცოდვასთან ბრძოლაში მაცხოვარი სიმტკიცეს იმ რწმენით გვმატებს, რომ ხორცის წარმწყმედელს სულის მოკვლა არ შეუძლია (მათე 10, 28), მდიდრისა და ლაზარეს იგავით კი უჩვენებს, რომ გარდაცვალების შემდეგ მართალი ლაზარეს სული ნეტარებას განიცდის, ხოლო მდიდრის სული ცოცხალია, მაგრამ ტანჯვით დამძიმებული (ლუკა 16, 19-31); სული დამოუკიდებელი არსებაა, რომელიც არსებობის საიდუმლოს თავისივე თავში ატარებს. იგი ნივთიერი ბუნების ძალებზე და მატერიებზე აღმატებულია და მაშინ როცა მის ორგვლივ ყოველივე იცვლება, თვითონ უცვლელი რჩება.

უნია - კათოლიკური და ზოგიერთი სქიზმაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით.

უსისხლო მსხვერპლი - ევქარისტიის საიდუმლო. იხ. ევქარისტია.

უსუპი - ნაკურთხი წყლის სასხურებელი, საპკურებელი.

უტევანი - მანძილის ერთეული, უდრის 125 ნაბიჯს.

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - იხ. ბზობა.