საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

- ზ -

ზარი - ხარების ქრისტიანული სიმბოლო ღვთისმსახურებაში. პირველად შემოღებულ იქნა მე-4 საუკუნეში, ნოლანის ეპისკოპოსის - პავლინის მიერ.

ზატიკი - 1) მსხვერპლი, „ვნება“ იესოსი, დღესასწაული პურისა, - ზატიკად ჩვენდა დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთ. 5, 7); 2) საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ყოველთა წმინდანთა კვირამდე წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები; 3) პასექის დღესასწაული, იგივე ერგასი, ზატიკში იგულისხმება პერიოდი აღდგომიდან ყოველთა წმინდანთა კვირამდე. ამ პერიოდში უდიდესი საუფლო დღესასწაულებია: მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა, რის გამოც ამ პერიოდს საეკლესიო მსახურება განსაკუთრებული საზეიმო ხასიათით და ლიტურგიკული თავისებურებებით გამოირჩევა. იცვლება სხვადასხვა ლოცვები და მათი კითხვის წესები.

ზატიკი მცირე - საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია ბრწყინვალე შვიდეულში წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები.

ზედაშე - ყურძნის სუფთა წვენისაგან დამზადებული წითელი ღვინო. გამოიყენება ლიტურგიის დროს.

ზესკნელი - ზევით, უმაღლესი კიდე, ანგელოზთა სამყოფელი.

ზიარება - იხ. წმ. ზიარება.