ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძარი ვაზისუბანში

ვაზისუბნის „ცხრა ყრმა კოლაელთა“ სახელობის ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორები და მონაწილენი ბავშვები არიან. ამ უბანში 1994 წლამდე არც ერთი ეკლესია არ იყო. 1994 წელს ბავშვებმა მიმართეს თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს. ამავე წლის 3 აგვისტოს სამგორის რაიონის გამგეობაში წერილი მოვიდა: „კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დალოცვილია ეკლესიის მშენებლობა, გთხოვთ, დაეხმაროთ ეკლესიის მშენებლობისათვის ტერიტორიის გამოყოფაში“.

1995 წლის 26 ივნისს მოხდა ადგილის კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ და საფუძველი ჩაეყარა მშენებლობას. ყოველ ოთხშაბათს დაწესდა პარაკლისების გადახდა, რომელსაც ატარებდა მამა მიქაელ შაიშმელაშვილი, დაიწერა პირველი ხატი მამა ალექსანდრე ჩახვაშვილის მიერ, დაიდგა ჯვარი და სასანთლე.

ტაძრის მშენებლობა 4 წლის შემდეგ, 1999 წლიდან განახლდა. მშენებლობაში დიდი ღვაწლი დადეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა თეიმურაზ ქურხულმა, ამავე რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი (გია) ყარყარაშვილმა, ხუროთმოძღვარმა რევაზ ჯანაშიამ, რაიონის წარმოება-დაწესებულებათა ხელმძღვანელობამ; მე-40,  163-ე, 92-ე, 172-ე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა და ვაზისუბანის მოსახლეობამ.

2001 წლის 25 ოქტომბერს ტაძარი მოინახულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მოიწონდა და დალოცა. 28 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრია გვაზავამ, მანვე აღავლინა საზეიმო წირვა.