ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია

მისამართი: ნუცუბიძის პლატო, III მკ/რ.

არქიტექტურა: ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ორიგინალური არქიტექტურის. ნულოვანი წერტილიდან ტაძრის სიმაღლეა 16 მეტრი; საძირკველის სიღრმე - 5,30 მეტრი; ტაძრის ფართია 10x12-120 კვადრატული მეტრი.

ისტორია: ნუცუბიძის პლატოზე ტაძრის აგების იდეის ავტორი გახლავთ იქ მცხოვრები ავთანდილ ჩიგოგიძე. სწორედ მისი ძალისხმევითა და დიდი მონდომებით დაიწყო ეს საქმე. ტაძრის მშენებლობისათვის პირველ შეგროვილ თანხას წარმოადგენდა ნუცუბიძელების მცირეოდენი შემოწირულობანი. ამ შემოწირულობებმა მოგვიანებით პერიოდული ხასიათი მიიღო.
ტაძრის ასაშენებლად ქალაქის მირიამ გამოყო მიწა, რომელიც 1994 წლის 8 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აკურთხა. გადაწყდა, რომ ტაძარი აშენდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე. ტაძრის პროექტი არჩილ მინდიაშვილის კონსულტაციებით შექმნა არქიტექტორმა ნუგზარ ღონღაძემ.
შეიქმნა ტაძრის მშენებლობის საქველმოქმედო ფონდი „ხარება“, რომლის თავმჯდომარეც იყო ავთანდილ ჩიგოგიძე. მისი ძალისხმევით და მოქალაქეთა კავშირის დახმარებით ჩატარდა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი, რომლის შემოსავალი მთლიანად გადაირიცხა ფონდის ანგარიშზე. საქველმოქმედო ღონისძიებათა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართული გალობის 4-დღიანი საღამოები, რომელიც ჩატარდა ვაკეში, კულტურულ ცენტრ „ყაზბეგში“.
სიმბოლურია, რომ პირველი ქვები საძირკველში ჩადეს № 171 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა.
ტაძრის მშენებლობაზე პასუხისგება აიღეს უბნის ახალგაზრდებმა, რომლებიც სრულიად უანგაროდ და დიდი თავდადებით მუშებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ერთსულოვნად იღვწოდნენ ამ მშენებლობაზე.
ტაძრის იატაკისათვის ბოლნისიდან ბაზალტის ფილები შემოსწირა საქართველოს სახალხო პარტიამ.
აღორძინების თბილისის ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის კახაბერ ღლონტის ძალისხმევით ბათუმიდან ტაძრისათვის შემოსწირეს სახურავი, ძვირფასი ხის კარები და მთლიანად დააფინანსეს მშენებლობის დასრულება.
დღემდე გრძელდება სამუშაოები ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით.
საინტერესოა, რომ ამ ტაძრის მშენებლობის შესახებ კეთდება ტელემატიანე (რეჟისორი ნანა კობერიძე, კონსულტანტი რეზო ჩხეიძე).
29 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა ვანისა და ბაღდადის ეპისკოპოსმა ანტონმა (ბულუხია).

ხატები: კანკელის ხატები შეასრულა ხატმწერმა შოთა ცინცაძემ. ტაძარში ახლადდაწერილი კანონიკური ხატებია. მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ 45, 1999 წ.