კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია

მისამართი: ბეთლემის (ყოფილი აზიზბეკოვის) ქუჩა № 7

წინამძღვარი: მამა მიქაელ კაპანაძე

ისტორია: ძველ წყაროთა ცნობით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა დაარსებული და იწოდებოდა დედაციხის ეკლესიად, რომელშიც შედიოდა „ორმოცმოწამეთა“, წმ. დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერი, ციხის დიდი წმ. გიორგის ეკლესია, კლდისუბნის „წმ. გიორგი“, „ჯვარის მამა“, ქვემო ბეთლემის მონასტრამდე. ჩვენამდე კი ამ ტაძარმა XI ს-ნის გეგმით მოაღწია.

1735 წ. უფლისწული ვახუშტის გეგმაზე, ტაძრის დასავლეთით, შესასვლელის წინ იდგა სამრეკლო. უფრო თანამედროვე პერიოდში ტაძრის ჩრდილოეთის ფასადზე არაკანონიერად მიშენდა საცხოვრისები. მეტიც, კომუნიზმის ეპოქაში კლდისუბნის „წმ. გიორგის“ ეკლესიაში მოწყობილი იყო თოჯინების და ლაქის საამქროები, კრივის სექცია, არაქართველი მოსახლეობა მას საბანკეტო დარბაზად იყენებდა, იყენებდნენ სამტრედედაც.

ტაძარი ხელახლა 1991 წლის 23 ნოემბერს იკურთხა. 2002 წლიდან ჩაუტარდა მნიშვნელოვანი კეთილმოწყობითი და მცირე გამაგრებითი სამუშაოები, დასუფთავდა, მოპირკეთდა ეზო, მოეწყო გამწვანება.

ტაძარი და მისი ტერიტორია კომპლექსურ შესწავლასა და აღდგენას საჭიროებს. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით საკურთხევლიდან იყო ჩასასვლელი ქვევით. აღმოსავლეთ ფასადთან ნაპოვნია სამარხი, რომელიც დღემდე შეუსწავლელია.

დღეს-დღეობით ეკლესიის ტერიტორია ყოველმხრივ შეზღუდულია და განიცდილს დიდ სივიწროვეს. არ გააჩნია სამრეკლო, სატრაპეზო, სასულიერო და სამრევლო სკოლა, რომელიც ძველთაგანვე არსებობდა. შეუძლებელია ლიტანიობის ჩატარება, რადგან ეკლესიის ჩრდილოეთის კარზე მიშენებულია ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების სახურავები.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეს უძველესი ტაძარი სერიოზულ მიხედვასა და შველას საჭიროებს, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრისაგან, ასევე, განსაკუთრებით, თბილისის მერიისგან, რათა მოიხსნას უკანონო მიშენებები და ტაძარს დაუბრუნდეს კუთვნილი: სამრეკლო, ჩრდილოეთის ფასადის ქვედა სართული და დასავლეთ ფასადთან არსებული ნაწილები, რომლებიც კლდისუბნის ეკლესიის სრულ საკუთრებას წარმოადგენს.

უფლის შეწევნით, იმედია სახელმწიფო დაწესებულებები გაითვალისწინებენ არსებულ მდგომარეობას და გორგასალისეული კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მალე სრულად აღდგება, გაიმართება ლიტანიობა და ძველი თბილისის ტაძრებს თავისი ზარის ხმას შეუერთებს საკუთარი სამრეკლოდან.