წმიდა სამების საკათედრო ტაძარი

 

1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.

კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და ორივე ტურში ხუროთმოძღვართა 110-ზე მეტი ჯგუფი მონაწილეობდა. ზოგიერთ მათგანს ტაძრის გეგმის ორი და სამი ვარიანტიც კი ჰქონდა წარმოდგენილი. ცალკეულ ნამუშევარზე ორი-სამი და ზოგზე შვიდი ავტორიც მუშაობდა. იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც მთელი სახელოსნოს მიერ იყო წარმოდგენილი. ხსენებული კონკურსისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მასში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. საუკეთესო პროექტის შერჩევისას კომისიამ, რომელსაც სათავეში თავად უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ედგა, გაითვალისწინა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ყველა ძირითადი ტრადიციული კომპონენტი, ასევე სატაძრო კანონიკისათვის მისაღები სიახლეები და უპირატესობა მიანიჭა იმ გეგმას, რომელიც ამჟამად ელიას მთაზე ხორციელდება. ხუროთმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი ძველი საკათედრო ტაძრების ანალიზზე დაყრდნობით შეეცადა, განესაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი განვითარების დონე დღევანდელობასთან მიმართებაში. მისი თქმით: „სამების საკათედრო ტაძარი არის თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია არის დაცული, და მას თან ერთვის თანამედროვე ნიუანსები“.

„როდესაც ამ ტაძრის გეგმაზე დავიწყე მუშაობა, პირველ რიგში, ეკლესიური გავხდი. აქედან გამომდინარე, უკვე ნათელი გახდა, როგორი კუთხით უნდა გვეწარმოებინა ეს სამუშაო. გავაანალიზეთ თითქმის ყველა დიდი ქართული ტაძარი: ოშკი, ბანა, ბაგრატი, ხახული, სვეტიცხოველი, გელათი და მათ სინთეზზე გავაკეთე ჩემი პროექტი.

კანონიკა აბსოლუტურად დაცულია, მაგრამ არის უამრავი სიახლე. ის, ამავე დროს, არის თანამედროვე ქართული ტაძარი. სართულებს შორის ურთიერთობით, ვერტიკალური კომუნიკაციებით, შიდა სივრცის გადაწყვეტით, ეს არის ჯვარ-გუმბათოვნისა და ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის სინთეზი. თუ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი კედლებზე ეყრდნობა, ხოლო ჯვარ-გუმბათოვანი კი ოთხ სვეტზე, სამების ეკლესია რვა სვეტზეა გაწეული. გუმბათის პარამეტრები არ არის დამოკიდებული აბსიდის ზომებზე, ამით ქალაქის იერსახეში გუმბათმა და თავად ტაძარმა უფრო მონუმენტური სახე მიიღო. მოპირკეთების დროსაც იქნება ძველის ახლებურად გადაწყვეტა. ჩვენ არაფერს ვიმეორებთ, ყველაფერი არის ახალი, მხოლოდ დაყრდნობილია ძველზე, რასაც კი ქართულის სახელი ერქვა. ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში არის ჩადებული მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კოდი, რომლითაც იგი განსხვავდება ბერძნული ან სომხური ტაძრისაგან. ეს ჩვენც გავითვალისწინეთ. ახალი ტაძარი უნდა გამოირჩეოდეს სხვა ტაძრებისაგან, მაგრამ როგორ გააკეთებ ამას, ეს უკვე ოსტატობაზეა დამოკიდებული“ - აცხადებს არჩილ მინდიაშვილი. სამების ტაძარი მოპირკეთდება ბოლნისის ტუფით. შერჩეული მასალა საკმაოდ მტკიცე და რთული დასამუშავებელია. ბატონ არჩილის თქმით: „თავდაპირველად პროექტში სამი ტაძარი იყო: ერთი ძირითადი - საკათედრო ტაძარი და მის გვერდით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ორი მცირე ეკლესია. როდესაც ტაძრის ახალი ადგილმდებარეობა გადაწყდა, ეს ვეღარ მოხერხდა“.

ტაძრის აშენება თავდაპირველად ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის მახლობლად იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ მისი აშენება ელიას მთაზე გადაწყდა.

პროექტის თანახმად, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, სასტუმროებისა და სხვა დამხმარე შენობებისაგან. მთლიანი კომპლექსისათვის ელიას მთაზე 11 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო.

1996 წლის 3 მარტს, მართლმდიდებლობის ზეიმზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეპარქიათა მღვდელმთავრები, თბილისის ყველა ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი ჯვრებითა და ხატებით ფეხით გაემართა ელიას მთისკენ. მათ საძირკველში აღმართულ ჯვართან სანთელი დაანთეს და ჩააწყვეს ქვები, რომლებზეც საკუთარი სახელები დაწერეს. საძირკვლის კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. „დღეს საფუძველი ეყრება სამების ტაძარს და ამით საფუძველი ეყრება ძლიერ საქართველოს. საქართველო ეძებს თავის დასაყრდენს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს საყრდენი ძლიერია იმ შემთხვევაში, თუ ერი არის მრავალრიცხოვანი, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ძლიერია მაშინ, თუ მას გააჩნია ძლიერი შეიარაღებული ძალები... თუ მას გააჩნია დიდი მეცნიერება და მაღალი კულტურა. ეს ყველაფერი საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ პირველი და აუცილებელი არის ერის სულიერი ძლიერება. აი, სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი და ამით ვიწყებთ ჩვენი ერის განმტკიცებას. უფალი ბრძანებს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“. და კლდესა მას ზედა ჩვენ უნდა აღვაშენოთ ყოვლადწმიდა სამების ტაძარი და ამით ავაშენოთ ჩვენი სულიერი ტაძარი, რომელიც შერყეულია, დანგრეულია. ჩვენი წინაპრები თავიანთი სისხლით იცავდნენ ქრისტიანობას. იმიტომ, რომ ხვდებოდნენ, ამაში იყო ჩვენი ძლიერება. მტერი უპირველეს ყოვლისა, ტაძარ-მონასტრებს ანგრევდა, რადგან მან იცოდა, რომ ქართველი ერის ძლიერება ქრისტიანობაშია. დადგა ჟამი შენებისა. ჩვენი ერი კვლავ უბრუნდება ფესვებს, მაგრამ ამ დროს უნდა ავაშენოთ ღვთის სადიდებელი ტაძარი, რომელიც გაამთლიანებს ქართველ ერს, ყველას, ვინც სიყვარულით ცხოვრობს საქართველოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. უფალმა შეგვაძლებინოს ამ დიდი საქმის აღსრულება. რადგან ვიწყებთ ამ საქმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ჩვენთანაა“.

კანკელი

სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველს ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები: ქვა სიონის მთიდან, სადაც მოსეს ათი მცნება მისცა უფალმა; ქვა მდინარე იორდანიდან, სადაც ნათელ იღო იესო ქრისტემ; ნაზარეთიდან, სადაც ეხარა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობა; იერსუსალიმის სიონიდან, სადაც დაკრძალული იყო ღვთისმშობელი; მიწა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრიდან; აჭარიდან, გონიოდან, საიდანაც შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და განისვენებს მატათა მოციქული; ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან, საიდანაც შემოვიდა წმიდა ნინო; სვეტიცხოვლიდან, სადაც ბრძანდება უფლის კვართი; მცხეთის სამთავროს მონასტრიდან, სადაც მოღვაწეობდა წმიდა ნინო; მოწამეთადან, სადაც წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები განისვენებენ. აფხაზეთიდან, კომანიდან, წმიდა ვასილისკოს წყაროდან. იერუსალიმის საბა განწმენდილის მონასტრიდან; კაპადოკიიდან, სადაც დაიბადა წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, ბასილი დიდი და სხვა წმიდა მამები; აფხაზეთიდან, სვიმონ კანანელის საფლავიდან; წმიდა დიდმოწამე გიორგის საფლავიდან, იერუსალიმის ელეონის მთიდან, საიდანაც უფალი ამაღლდა ზეცად; ლეჩხუმიდან - წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავიდან, გოლგოთიდან, თაბორის მთიდან, მამრეს მუხის ნაწილი, ქვა გუდამაყრის ხეობიდან, რომელზეც ბუნებრივად არის გამოსახული ჯვარი; სიონის საპატრიარქო ტაძრიდან, ქუთაისის ბაგრატის ტაძრიდან, გეგუთის სამეფო ციხე-სიმაგრიდან; გელათის მონასტრიდან; ანტონ მარტყოფელის საფლავიდან; ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან. უძველესი ტრადიციის თანახმად, მღვდელმთავრებმა საძირკველში ჩააწყვეს ოქროს მონეტები, საფუძველშივე იქნა ჩადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და იმჟამინდელი პრეზიდენტის ორი ფილა მათი სახელებით. „ყოვლდაწმიდა სამებაო, დალოცე, გააძლიერე და გაამთლიანე სრულიად საქართველო და ეკლესია ჩვენი. გევედრები ჰყავ ტაძარი ესე და საქართველო, ტახტად და სამკვიდრებელად შენდა, ხოლო ერი ჩვენი, სამწყსოდ შენდა, ამინ! მონა ღვთისა მდაბალი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ - წერია უწმიდესის ფილაზე.

1994 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი აკურთხა. ფონდის დაფუძნებისას უწმიდესმა და უნეტარესმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მრევლს: „ჩვენი ერი ახალი ტაძრის აშენებით რწმენის ერთგულებასა და სიყვარულს ერთხელ კიდევ დაადასტურებს, მისმა მშენებლობამ იგი სულიერადაც უნდა გაამთლიანოს. მართალია, ზოგიერთის აზრით, იმ მატერიალური გასაჭირის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ახალი ტაძრის მშენებლობა გაუმართლებლია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ხშირი გასაჭირისა, ჩვენს ქვეყანაში ტაძრების მშენებლობა არასდროს შეწყვეტილა... ჩვენ დღეს უფრო სულიერად გვიჭირს, ვიდრე მატერიალურად, სამების ტაძრის აშენებამ სწორედ ამ სულიერი კრიზისის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი“.

თავდაპირველად მშენებლობა ნელი ტემპებით მიმდინარეობდა, ძირითად სამუშაოებს „საქგვირაბმშენი“ აწარმოებდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საწარმო და ორგანიზაცია მონაწილეობდა მშენებლობაში, მრავლად იყო კერძო შენაწირებიც. უამრავმა ადამიანმა თანხა ისე გაიღო,  ვინაობა არ დაუსახელებია. მშენებლობის ფონდის ინიციატივით 31-ე ქარხანამ უფასოდ დაამზადა ყულაბები წმიდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოწირულობების მისაღებად.

დასავლეთის კარიბჭე

ტაძრის საძირკვლის ამოღება 1995 წლის 23 ნოემბერს დაიწყეს. 2000 წლისთვის პრაქტიკულად დასრულდა მიწისქვეშა სივცის სამუშაოები, რაც დაახლოებით მთლიანი ტაძრის მოცულობას უტოლდება. როგორც სამების ტაძრის ინჟინერ-კონსტრუქტორი და ამჟამად ტაძრის ფონდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ემზარ კიზირია აღნიშნავს: „ქვედა სივრცის ათვისების იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ტაძარი უნდა დაფუძნებულიყო აუცილებლად კლდეზე, სათანადო გეოლოგიური დასკვნების შედეგად 12-13 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ის ძირითადი ქვიშა-ქვები, რომლებიც ტაძარს უდევს საფუძვლად. რაკი ამოღებულ იქნა ეს გრუნტი, გაჩნდა იდეა, მიწისქვეშა ნაწილში გაკეთებულიყო კიდევ ერთი ტაძარი - ხარების და ასევე სიწმიდეთა მუზეუმიც, სადაც ჩვენი ეკლესიის სხვადასხვა ადგილას არსებული სიწმიდეები განთავსდება“.

ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. ესოდენ დიდი სიმაღლისა და ფართის ტაძარი საქართველოში ჯერ არ აშენებულა. ტაძრის მოცულობა 102 კვ. მეტრია, თავისი სავესტიბიულო ნაწილით კი - 137 კვ.მ. ფართობი 5000 კვ. მეტრზე მეტია. იგი აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტრო, გათბობის და ვენტილაციის აპარატურით. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრია. საკუთრივ ჯვრის სიმაღლე კი შვიდმეტრნახევარია. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მეტრია. სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. თუმცა ტაძრის გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება. მისი ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. ის ერთ-ერთი დომინანტი ნაგებობაა მტკვრის მარცხენა სანაპიროს თავზე და ფაქტობრივად, ძველი თბილისის ზემო მხარე უკავია. საინტერესოა ისიც, რომ წმიდა ელიას მთაზე მშენებარე სამების საკათედრო ტაძარი ზუსტად მამა დავითის ეკლესიის აღმოსავლეთ ღერძზეა განთავსებული, ამდენად, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ტაძარს სივრცე უკვე მოგებული აქვს. იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის, ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს დაიტევს.

ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს. ესაა ნაზავი ჯვარგუმბათოვანსა და ცენტრალურგუმბათოვანს შორის. ხშირად ისმის კითხვა: რატომ აშენებენ ტაძრებს ძველი და არა ახალი, თანამედროვე არიქიტექტურით? არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი ბრძანებს, რომ „ეს არ არის სწორი, რადგან მართლმადიდებლობა ორთოდოქსალური რელიგიაა და იგი თავის თავში პირველს, ტრადიციულს ატარებს... ბევრად იოლია აბსოლუტურად ახალს მიაგნო და შექმნა, ვიდრე ძველსა და ტრადიციულზე ააგო ახალი. როგორ შეიძლება პოპ მუსიკით გადმოსცე საგალობელი, იგი ვერასდროს იქნება გალობის ნიშნის მატარებელი“.

სამრეკლო

ხუროთმოძღვარ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „შესაძლებელია ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ რა საჭირო იყო ამხელა ეკლესიის აგება, მაგრამ როდესაც აქ პირველი წირვა ჩატარდა, ტაძარში ხალხის ტევა აღარ იყო. ანალოგიური ვითარება შეიქმნა მაშინაც, როდესაც საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი ქრისტოდულოსი საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა და თან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა ჩამოაბრძანა. როდესაც სიწმიდე ტაძარში დაასვენეს, ისეთი რიგი იყო, რომ მე თავად გამიჭირდა შიგნით შესვლა. ამდენად, რამდენი კრიტიკოსი და ოპონენტიც არ უნდა გვყავდეს, ტაძრის ასეთი ზომები დრომ და საჭიროებამ მოითხოვა. როგორც აღინიშნა, ყოვლადწმიდა სამების ეკლესიის კიდევ ერთი თავისბურება იმაშიც მდგომარეობს, რომ გუმბათი ტრადიციული ოთხი სვეტის ნაცვლად, რვა სვეტზეა დაყრდნობილი, რამაც საშუალება მოგვცა, გუმბათის პარამეტრები შეგვეცვალა. ის ყველაზე განიერია საქართველოს ეკლესიის გუმბათებს შორის (მისი დიამეტრი 16 მეტრია), რამაც უზარმაზარი შიგა სივრვე წარმოშვა. იგი უფრო შთამბეჭდავი იქნება მაშინ, როდესაც ხარაჩოები ჩამოიხსნება. საინტერესოა ისიც, რომ თითოეული ეკლესია არის დამოუკიდებელი, და ამავე დროს, ყოველი მათგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული... დიდი ტაძრიდან გამოუსვლელად ყველა ეკლესიაში შეიძლება მოხვედრა. ეკლესიის მიწისქვეშა ნაწილს ახლავს ტექნიკური გალერეა, რომელსაც ორი ფუნქცია აქვს დაკისრებული. ეს იცავს ტაძრის საძირკველს რელიეფის ზემოქმედებისაგან და ამასთან ერთად, მასში გადის ყველა ის კომუნიკაცია, რაც ტაძრის მომსახურეობას სჭირდება“ - ამბობს ბატონი არჩილი.

ყოვლადწმიდა სამების ლავრისათვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა გააჩნიათ. სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა.

ამჟამად, ტაძრის ძირითადი სხეულის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. ტაძარი შიგნიდან მთლიანად გაილესა, მისი გუმბათი ფურცლოვანი სპილენძით დაიხურა. გარედან მოპირკეთებულია ქართული ქვებით: ბოლნისის ტუფითა და კურსების გრანიტით. ინტერიერში გამოყვანილია ქართული, ბოდბის გამარმარილოებული კირქვა, ძირს დაგებულია ჩინური და ინდური გრანიტი, კედლებზე - იტალიური, ეგვიპტური და ბერძნული მარმარილოები. კანკელი ბერძნული მარმარილოთია დამზადებული. წინასწარი გაანგარიშებით, ტაძარი 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით მთავარი, სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს მხატვარი ამირან გოგლიძე. ტაძარს მოხატავენ კანონიკის სრული დაცვით და იმ ტრადიციათა გათვალისწინებით, რაც ქართულ ფრესკულ მხატვრობასა და ხატწერაშია დამკვიდრებული. ამასთანავე, ეკლესიის მოხატულობის კონცეფციის განსასაზღვრად ჩამოყალიბებულია ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი და სამების ტაძრის მოხატვაც მათ დასკვნებზე დაყრდნობით შესრულდება. გარდა მოხატვისა, ეკლესიის საკურთხეველი მოზაიკით უნდა მოიჭიქოს. ბატონ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „ერთ-ერთი ურთულესი საქმე იქნება მხატვრობა, რადგან აქ სირთულეს შექმნის ფრესკის მასშტაბის მონახვა თუ რა ზომის უნდა იყოს კომპოზიცია, რათა ის ამხელა სივრცეში არც დაიკარგოს და არც ამოვარდეს. გადასაწყვეტია საერთო ფერთა გამაც. რაც მთავარია, დიდი სირთულე, ალბათ, შეგვხვდება მოზაიკაში, რადგან ეს, უკვე დიდი ხნის წინ დაკარგული ტრადიციაა“. მოზაიკით მოიჭიქება საკურთხეველი, რაც ძალზედ შრომატევადი და ამასთან ერთად მეტად ძვირადღირებული სამუშაოა.

საკურთხეველი

ელიას მთაზე, როგორც ამას მთის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ადრე წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო აგებული. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტით აქ წმიდა ილიას სახელობის ხის ეკლესიის აგება გადაწყდა და 1998 წლის აღდგომისათვის სამუშაოები დამთავრდა. ხის ეკლესია ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით სვანიძემ, სამების ტაძრის მთავარი არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის დახმარებით დააპროექტა. სამწუხაროდ, რამდენიმე ხანში ტაძარი დაიწვა. მის ადგილას დღეს ახალი, რკინა-ბეტონით ნაშენები ტაძარი დგას.

მესამე ათასწლეულის პირველი ქრისტეშობა ქართველმა ერმა სწორედ წმიდა სამების მშენებარე ტაძარში აღნიშნა. 2003 წლის 6 დეკემბერს სამების ტაძარზე 7,5 მეტრის სიმაღლის მოოქროვილი ჯვარი დაიდგა, რომელიც 2 ტონას იწონის. ჯვარი უჟანგავი ლითონისა და ბრინჯაოს მასალითაა დამზადებული, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის ესკიზებით. ის თითქმის ერთი წელი მზადდებოდა. ჯერ ქარხანა „მიონში“ იყო, შემდეგ მშენებლობის უფროსი, ბატონი თამარ არველაძე დეკანოზ ტარიელ სიკინჭელაშვილთან ერთად იყო მოსკოვში იქაური გამოცდილების გასაზიარებლად, რათა ჯვარს ამ სახით ერთი საუკუნე მაინც გაეძლო. ბევრი მეთოდი და ახალი ტექნოლოგია მოისინჯა. ჯვარი დაიფარა სპილენძის ფირფიტებით, შემდეგ - ვერცხლით და ბოლოს მოოქროვდა. იგი უჟანგავი ლითონით დამზადდა. ამიტომ საუკუნეებს გაუძლებს.

საქართველოს საპატრიარქოს ეზოში დაბრძანებული ჯვარი 5 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II აკურთხა წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან - ცხუმ-აფხაზეტის მირტოპოლიტ დანიელთან (დათუაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოს ისაიასთან (ჭანტურია) და ხონელ მთავარეპისკოპოს საბასთან (გიგიბერია) ერთად.

კურთხევის შემდეგ ჯვარი მორწმუნე მრევლმა გალობით საპატრიარქოს ეზოდან ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძრის ეზოში გადაასვენა, სადაც იგი ერთი დღე-ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული. მის წინაშე განუწყვეტელი პარაკლისები აღესრულებოდა.

6 დეკემბერს, დღისით ჯვარი საზეიმოდ აღიმართა ყოვლადწმიდა სამების ტაძრის გუმბათზე.

თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II „ათასწლეულის მშენებლობა“ უწოდა, ხუროთმოძღვრის თქმით, ძირითადად შემოწირულობებით ხორციელდება. ბატონმა არჩილმა ისიც დასძინა, რომ ჩვენი უცხოელი თანამემამულეებიც ფირად ხელგაშლილნი არიან და ამ საშვილიშვილო მშენებლობას საკმაოდ დიდ თანხებს სწირავენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მადლობა მოვახსენოთ ყველას, ვინც ქრისტიანული საქართველოს (და არა მარტო მისი) ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მშენებლობას ოდესმე რაიმეთი შეეწია.

2004 წლის 23 ნოემბერს 9 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც პირველად გაიჭრა წმიდა სამების ტაძრის საფუძველი. წელს სწორედ ამ დღეს იკურთხება იგი, როგორც სიმბოლო ქართველი ერის სულიერი ერთობისა და ჭეშმარიტი რწმენისა.

გამოყენებული ლიტერატურა:

თეიმურაზ საგანელიძე „ათასწლეულის მშენებლობა“
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 5 (212), 2003 წ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 49 (257), 2003 წ.

თამარ ასათიანი „სამების საპატრიარქო ტაძარი“
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43 (301), 2004 წ.

 

პრინკიპონისის მიტროპოლიტ იაკობის (სოფრონიადისის) სიტყვა
წმიდა სამების ტაძრის კურთხევის დღეს

   „ეს არის ბრწყინვალე დღე საქართველოსთვის, ეს არის იმის ტოლი დღესასწაული, როდესაც ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოში, წმიდა ნინო შემოვიდა საქართველოში და ისეთი დღე, როდესაც ყველა ქართველმა წმიდანმა გააბრწყინა საქართველო მთელი მსოფლიოს თვალში. ეს არა ახალ ფურცელს, არამედ საერთოდ ახალ წიგნს ხსნის ამ ქვეყნის მომავლისათვის. ქართველები მთელს მსოფლიოში იგრძნობენ უკვე ამ დღეებში რამდენად ტკბილია, იყო ქართველი. და მათთვის, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ისინი ნოსტალგიაში ჩავარდებიან და ასევე მათთვის უკვე ძალიან დიდი სურვილი და ნატვრა იქნება, რომ ჩამოვიდნენ და ახალ საკათედრო ტაძარში უფალს თაყვანი სცენ.
   ძალიან მალე აქ დაიწყება ნათლობები, ახალი სულიერი ცხოვრება, და ეს ტაძარი ყველას შეახსენებს, რა სიდიადეა ამ ქვეყნის წარსულში, მაგრამ ასევე რა სიდიადე ელოდება ამ ქვეყანას მომავალში“.

 

„ეს ტაძარი ყველა შეკითხვაზე თვითონ გასცემს პასუხს...“

გვესაუბრება ყოვლადწმიდა სამების ლავრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ისააკი (ღადუა):

- მამა ისააკ, ელიას მთაზე, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძართან რამდენიმე წლის წინ წმიდა სამების ლავრა დაარსდა, რომლის წინამძღვარიც თქვენ ბრძანდებით. ორიოდე სიტყვით გვიამბეთ მონასტრის დაარსების ისტორია.

- როგორც კათოლიკოსპატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ბრძანებს, მონასტერი არის ფილტვი, რომელიც ფილტრავს და ასუფთავებს საზოგადოებას. მით უმეტეს, აღმატებული მნიშვნელობა აქვს ქალაქის ცენტრში დაარსებულ მონასტერს, განსაკუთრებით, როცა იგი საპატრიარქო ტაძრის გვერდით არსებობს.

ჩვენი მონასტერი ღვთის განგებითა და უწმიდესის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. მისი პირველი წინამძღვარი მეუფე ექვთიმე (ლეჟავა) იყო, რომლის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, მონასტრის წინამძღვრად მამა დოროთე (ყურაშვილი) დადგინდა. იგი თავიდანვე ამ მონასტრის ბერი გახლდათ. მონასტრის ძმობა ჯერ კიდევ მეუფე ექვთიმეს დროს ჩამოყალიბდა, წმიდა ილია თეზბიტელის ტაძარში ტარდებოდა წირვა-ლოცვები, შემოიკრიბა მრევლი. მამა დოროთეს დროს კიდევ უფრო დიდი საძმო შეიკრიბა, დაახლოებით 30 კაცამდე ვიყავით. მეც აქ, წმიდა ილია თეზბიტელის ტაძარში აღვიკვეცე ბერად, ხოლო როცა მონასტრის საძმო მამა დოროთესთან ერთად წალკაში გადავიდა, მონასტრის წინამძღვრად მე დამადგინეს. დღეს ჩემს გარდა აქ არის სამი ბერი, ოთხი კაბოსანი მორჩილი. მონასტერში სულ თხუთმეტამდე წევრია. ჩვენი წეს-განგება მეტ-ნაკლებად განსხვავდება სხვა მონასტრებისაგან, ვინაიდან იგი მშენებარე საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარეობს. დღეში შვიდგზის ვრეკავთ ზარებს, ვკითხულობთ შვიდგზის ლოცვებს, უწმიდესის კურთხევით, მონასტრის წევრები ქვაზე კვეთაზე ვმუშაობთ, ტრაპეზის ქვის დამუშავებაშიც მივიღეთ მონაწილეობა. მონასტრის მთელი საძმო ვმონაწილეობდით კანკელის დამზადებაში.

- უწმიდესი ალბათ ხშირად ამოდის მონასტერში? ეს ტაძარი ხომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით შენდება.

- მართალია, ხშირად, ზოგჯერ დღეში ორჯერაც ამოდის. საღამოობითაც მოდის ხოლმე და ერთად ვლოცულობთ. უწმიდესი ყველაფერს თავისი ხედვით, თავისი გემოვნებით აკეთებს. ყველა ერთხმად აღნიშნავს ხოლმე, რომ რაც გაკეთდა, ყველაფერში მისი უწმიდესობის ხელი და გემოვნება ურევია.

- ყველას შეუძლია, ვისაც სურვილი ექნება თქვენს მონასტერში მოვიდეს და თქვენი ძმობის წევრი გახდეს?

- რა თქმა უნდა. საერთოდ ასეთი წესია: ვისაც ბერობა უნდა, ყველა უნდა მიიღონ მონასტერში. იოანე კიბისაღმწერელი მონასტრის წინამძღვრებს ურჩევს: მონასტრის წევრისგან ყველაფერი მოითმინე, ყველა სისუსტე აიტანე, მაგრამ თუ ურჩობას გამოიჩენს ვინმე, მხოლოდ მაშინ გაუშვი მონასტრიდან. სხვა შემთხვევაში, ვისაც ბერობა სურს, უარი არ უნდა უთხრა. დღეს ჩვენთან მშენებლობაა, ამიტომ ადგილებიც არ გვყოფნის საძმოს გასაზრდელად, მაგრამ კრწანისის ტერიტორიაზე ამ ლავრის მეტოქიონი არსებობს, სადაც ჩვენი მონასტრის მორჩილები ცხოვრობენ, ერთმანეთს ვენაცვლებით და ყველანი ერთი საძმოს წევრები ვართ. აქ მართლაც არ გვყოფნის ადგილი, კელიებიც ცოტაა, უფალი ყველაფერს გვიგზავნის. როცა ტაძრის მშენებლობა დაიწყო, წირვა- ლოცვასაც ვეღარ ვატარებდით, ამიტომ სამრეკლოში მოვაწყვეთ სამლოცველო, ორი კელია გავაერთიანეთ და მრევლი იქ გადავიყვანეთ.

ჩვენი მონასტერი ძირითადად შემოწირულობებით არსებობს. საეკლესიო წესებიც არ ტარდება, მხოლოდ ნათლობებს ვასრულებთ. ბერები და მორჩილები ხატწერას სწავლობენ. დიდი გეგმები გვაქვს: უნდა გაკეთდეს ხატწერისა და მინანქრის სახელოსნოები, თუმცა ჯერ ამის საშულება არ არის.

- როგორია მოსახლეობის განწყობილება, მრევლი თუ დადის ახალ ტაძარში?

- აქ გარშემო ძირითდად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს. ისინი გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევრები არიან. თუმცა ზოგიერთები მოდიან ჩვენთან და გვთხოვენ, მართლმადიდებლურად მოვნათლოთ. მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ეს დიდებული ტაძარი, ბევრი ამან დააფიქრა კიდეც. მრევლი თანდათან იზრდება, ვინც ერთხელ მაინც მოვა აქ, მერე უჭირს ტაძართან განშორება და ისევ და ისევ მოდის ხოლმე. ამ ტაძარს დიდი მადლი აქვს. აქ რომ კაცი შემოვა და ამ დიდებულ ტაძარს დაინახავს, ურწმუნოც რომ იყოს, ადიდებს უფალს, ყველაფრის შემოქმედს.

- ალბათ განსაკუთრებული გრძნობაა, როცა ასეთი დიდებული მონასტრის წინამძღვარი ბრძანდებით.

- როცა შემატყობინეს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ამ ტაძრის წინამძღვარი, უფალს გაოცებულმა ვკითხე: რატომ მაინცდამაინც მე? ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ყველა ადამიანმა თვითონ შინაგანად კარგად იცის, რა ეკუთვნის და რა არა, რისი ღირსია და რისი - არა. ამიტომ ჩემთვის ეს უდიდესი ჯილდო, ღვთის უდიდესი საჩუქარია, რასაც ვერასდროს წამოვიდგენდი. არასდროს მიფიქრია, ტაძრის წინამძღვრი რომ ვიქნებოდი. ბერობაში საერთოდ არ არსებობს წინამძღვრობის სურვილი. ბერობა არის ცხოვრების წესი. რასაც ბერული ცხოვრება გავალებს, ისე ცხოვრობ, მაგრამ თუ უფალმა მოგიწოდა, მორჩილებით ეკურთხები და იკისრებ წინამძღვრის მძიმე მოვალეობას. ბერობა პირველ რიგში არის მორჩილება, თავმდაბლობა და საკუთარი ნების უარყოფა. უფალმა ასე ინება, ასე ისურვა უწმიდესმა და მე აქ ვარ. ღვთის შეწევნით, ვეცდები, რომ დედაეკლესიას ვემსახურო და ვიყო მისი ერთგული, ვემსახურო ჩემს პატრიარქს და ჩემს მოძღვარს. ხილულად ღმერთი არავის უნახავს. ღმერთს ჩვენ ადამიანის მეშვეობით, წმიდა მამების, წმიდანების, ჩვენი მოძღვრების მეშვეობით ვხედავთ, რომლებიც ჩვენს წინაშე დგანან, რომლებმაც გვასწავლეს ღვთისადმი სიყვარული და ერთგულება. თუ ღვთისმსახურება გინდა, მაშინ ღვთის მსახურებს, ანუ ღვთისმსახურ ადამიანებს უნდა ემსახურო. ეს ისეთი ჯაჭვია, რომელიც ქრისტესგან მოდის - მოციქულები, შემდეგ მღვდელმთავრები, ღვთისმსახურები, ჩვენი დღევანდელი მამები და ეს ბოლო ჯაჭვი ისევ ქრისტეს უერთდება. ერისკაცობაში ხობში ქრისტიანული ხელოვნებისა და კულტურის სასწავლებელი ჩამოვაყალიბე, სემინარიაში ვსწავლობდი... როცა მონასტერში მოვედი, მეგონა, ყველაფერს მოვშორდებოდი, ბერად აღვიკვეცებოდი, ჩემს კელიაში ვილოცებდი, ამ დროს, პირიქით მოხდა, ზუსტად იგივე საქმე ჩამაბარა უფალმა, რასაც ერისკაცობაში ვაკეთებდი, ოღონდ უკვე ყველაფერს სხვა ცნობიერებით ვაკეთებ. უფალმა ყველაფერი სულ სხვა კუთხით დამანახა. ვმადლობ ღმერთს ყველაფრისათვის. ჩემი ცხოვრების დევიზად გავიხადე სიტყვები: „იყოს ნება ღვთისა“ და ასეც ვცხოვრობ.

- თქვენი აზრით, რას ნიშნავს ყოვლადწმიდა სამების ტაძარი ქართველი ერისათვის?

- როცა უწმიდესს დაუსვეს კითხვა ამ ტაძრის შესახებ, მან ბრძანა: „ეს ტაძარი ყველა შეკითხვაზე თვითონ გასცემს პასუხს“. ეს მართლაც ასეა. ამ ტაძარმა გააღვიძა ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა ისინი, ვისაც გამოღვიძება თავადვე უნდოდა. ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება და იგი თვითონ აკეთებს არჩევანს. გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს ამ ტაძარს. ვინც როგორ შეხედავს, ისეც დაინახავს. რაც მთავარია, სამების ტაძარმა ჩვენს ერს გაუღვიძა რწმენა, აუხილა თვალი და გააერთიანა.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის

ესაუბრა ნათია თარაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43 (301), 2004 წ.