უფალი მონანულ ცოდვილებსაც შეიწყნარებს

უფალი ადამიანს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მოუხმობს სინანულისაკენ. ამ უკანასკნელ წუთამდე ღვთის მოწყალების კარი ღიაა ყველა შემსვლელისათვის. ნურავინ ჩავარდება სასოწარკვეთილებაში! კარის დახშობამდე ღვაწლი შესაძლებელია; და ადამიანის ცხოვრების უკანასკნელმა წუთებმა, შესაძლოა, მთელი მისი ცხოვრება გამოისყიდოს.

ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად ტაისია, რომელმაც დაობლების შემდეგ გადაწყვიტა, თავის სახლში სკიტის (მცირე მონასტერი) ბერებისათვის ღამის გასათევი მოეწყო. საკმაო ხნის განმავლობაში იგი ღებულობდა და ასვენებდა მამებს. ბოლოს ქონება გამოელია და სიღატაკეში ჩავარდა. მან არაკეთილმოსურნე ადამიანები გაიცნო, რომლებმაც იგი სათნოებათა გზას ააცდინეს. ტაისიამ გარყვნილი ცხოვრება დაიწყო. ამის გამგონე მამები ძალიერ დამწუხრდნენ, მამა იოანე მოიხმეს და უთხრეს: „შევიტყვეთ, რომ ტაისია გაღატაკდა. სანამ მდიდარი იყო, სიყვარულს იჩენდა ჩვენს მიმართ; ახლა კი ჩვენ გამოვამჟღვნოთ სიყვარული მის მიმართ და დავეხმაროთ. მოინახულე იგი და ღვთის მიერ შენთვის ბოძებული სიბრძნის შესაბამისად შეეწიე“.

აბბა იოანე წავიდა ტაისიასთან და კართან მდგომ მოხუც ქალს სთხოვა, მისი მოსვლის შესახებ ქალბატონისათვის ეცნობებინა. ქალმა კი მიუგო: „თქვენ, ბერებმა შეჭამეთ მთელი მისი ქონება“. აბბა იოანემ უპასუხა: „მოახსენე, დიდ სარგებლობას მოვუტან მას“. ქალმა მოახსენა. ახალგაზრდა ქალბატონმა უპასუხა: „ეს ბერები გამუდმებით მოგზაურობენ შავ ზღვაზე, მარგალიტსა და ძვირფას ქვებს პოულობენ. შემოიყვანე იგი ჩემთან“. აბბა იოანე შევიდა, მის გვერდით დაჯდა, სახეში შეხედა, შემდეგ თავი ჩაღუნა და მწარედ ატირდა. ქალმა ჰკითხა: „რატომ ტირი, აბბა?“ ბერმა მიუგო: „ვხედავ, რომ შენს სახეზე სატანა თამაშობს, როგორ არ ვიტირო? რა არ მოგეწონა იესოსი, რომ მის საწინააღმდეგო საქმეებს შეუდექი?“ ამის გაგონებაზე ქალი ათრთოლდა და ჰკითხა: „მამაო, შესაძლებელია ჩემთვის სინანული?“ და როდესაც დადებითი პასუხი მოისმინა, სთხოვა: „წამიყვანე, სადაც გინდა“, ადგა და გაჰყვა მას.

იოანემ შეამჩნია, რომ ქალს არანაირი ბრძანება არ გაუცია, თავისი სახლის შესახებაც კი არაფერი უთქვამს და გაოცდა. როდესაც მათ უდაბნოს მიაღწიეს, შებინდდა. ბერმა ქალს ქვისაგან სასთუმალი მოუმზადა, შემდეგ ოდნავ მოშორებით თავისთვისაც ისეთივე მოიმზადა. მის სასთუმალს ჯვარი გადასახა და უთხრა: „აქ დაიძინე“. თვითონ ილოცა და დასასვენებლად დაწვა. შუაღამისას იოანეს გამოეღვიძა და დაინახა, რომ იმ ადგილას, სადაც ტაისიას ეძინა, ზეციდან კიბე ჩამოდიოდა და ზეციურ ანგელოზებს მისი სული ცად აჰყავდათ. მაშინ ბერი ადგა და ქალს გაღვიძება დაუწყო, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილიყო. იოანე მიწაზე დაემხო და მოესმა ხმა: „მისი ერთი საათის სინანულმა გადააჭარბა სხვის მრავალ საათს, რომლებმაც სინანულის ჟამს საკუთარი თავის ასეთი სრული უარყოფა ვერ შეძლეს“.

ბასილი დიდი ბრძანებს, რომ უფლის მონებისათვის, რომელთა სულებიც სხეულიდან გამოვიდნენ და ღმერთს მიეხლნენ, არ არსებობს სიკვდილი, არამედ ესაა მწუხარებიდან უკეთესსა და უტკბილესში გადასვლა და სიმშვიდისა და სიხარულის მოპოვება.

თარგმნა ელენე ბერიძემ