არსებობს კი რაიმე შუალედური ცოდვასა და სათნოებას,
ბოროტებასა და სიკეთეს შორის?

რომელთა შორის იგი ყველაზე მავნებელია

„ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები“, - ამბობს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (I კორ. 6, 12).

თამბაქოს მოწევა ამჟამად ძლიერ გავრცელებულია მთელ მართლმადიდებელ სამყაროში. ეწევა ყველა წოდება; ეწევიან ყველგან - სახლებშიც და ქუჩებშიც; მას უკვე ქალები და მცირეწლოვანებიც აღარ ერიდებიან. დღეს მოწევა უწყინარ სიამოვნებად ითვლება, მაგრამ მართლა ასეა?
ის გარემოება, რომ თამბაქოსადმი მიდრეკილება საყოველთაო და წარმატებული გახდა, რომ მისკენ ვნებიანად მიილტვიან, რაც ხშირად ბავშვებშიც შეიმჩნევა, უკვე ცოდვიან და მავნე ჩვევაზე მიუთითებს. სათნო ჩვეულება ასე ადვილად ფეხს არ იკიდებს და არ იზიდავს ყველას და თითოეულს, ვინაიდან „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბ. 8, 21) - მოწმობს ღვთის სიტყვა.

„თამბაქოს მოწევა არც ცოდვაა და არც სათნოება“, - ამბობენ ჩვეულებრივ მოწევის უვნებელობასა და უცოდველობაში სავსებით დარწმუნებული მისი მომხრენი. მაგრამ არსებობს კი რაიმე შუალედური ცოდვასა და სათნოებას, ბოროტებასა და სიკეთეს შორის? ამას უარყოფს ზნეობრივი კანონიც და ადამიანური გონებაც. თუ მასში ვერანაირ სარგებელსა და სიკეთეს ვერ ვხედავთ, მაშ იგი უსარგებლო, უმიზნო და ფუჭი ყოფილა; ხოლო ჩვენთვის მოცემული მცირე ძვირფასი დროის ფუჭად ხარჯვა განა უდიდესი ბოროტება და უაღრესი ვნება არ არის? მიწიერ ცხოვრებაში დრო ჩვენი მთავარი კაპიტალია - გვასწავლის ამსოფლიური სიბრძნე; დრო ტალანტია, რომელიც ადამიანს მარადიული ცხოვრების მოსახვეჭად ებოძა - გვასწავლის ღმრთის სიტყვა. ყოველი ფუჭი სიტყვა, „რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათე 12, 36), ბრძანებს ძე ღმრთისა, ჩვენი მაცხოვარი და მსაჯული. ხოლო ფუჭი საქმისათვის განა უმძიმეს პასუხს არ მოსთხოვენ თითოეულ ჩვენგანს? მოწევა კი არა მარტო ფუჭი და ურგები საქმეა, არამედ - აშაკარად მავნე და ცოდვიანი. იგი დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს სხეულზე, აჩლუნგებს გონების ძალებს და როგორც ნივთიერების ბოროტად გამოყენება, აშკარად ეწინააღმდეგება ღმრთის სჯულს, ქრისტეს სწავლებას.

მოდით, ჯერ ვნახოთ, თუ როგორ ვნებს ეს ჩვეულება ჩვენს სხეულს!

თავისი თვისებებით თამბაქო ძლიერგამაბრუებელ მცენარეთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელთა შორის იგი ყველაზე მავნებელია. მეცნიერებმა მასში უძლიერესი შხამი, ე.წ. ნიკოტინი აღმოაჩინეს, რომლის საშინელი ძალაც მრავალი ცდით დამტკიცდა. საფრანგეთში ბევრი ბოროტმოქმედი ნიკოტინს თავისი მსხვერპლის წამიერი მოკვდინებისათვის იყენებდა. გამომშრალი და მოსაწევად გამზადებული თამბაქო ძალას რამდენადმე კარგავს, მაგრამ მისგან მომზადებული ხსნარიც კი ისეთ მწვავე საშუალებას წარმოადგენს, რომ წარმატებით იყენებენ კოჟრებს, მეჭეჭებისა და სხვა მსგავსთა მოსაცილებლად. მოწევისას თამბაქოს კვამლის ნალექი აღწევს ადამინის შინაგან ორგანოებში და მათზე წარმოქმნის ფენას, რის შედეგადაც ცხვირსა და ყელში ჩნდება შიდა წყლულები და სნეულებანი; ხშირად მოწევა ქრონიკულ თავბრუსხვევასა და პირღებინებას იწვევს; ექიმებმა დაამტკიცეს, რომ თაბაქოს წევა აშრობს მკერდს, ასუსტებს მხედველობას, ამ ჩვევით გატაცებულნი ადვილად ავადდებიან ჭლექით. საგულისხმოა, რომ თამბაქოს ფაბრიკათა მუშები და ამ ფაბრიკების მეზობლად მდებარე სახლების მკვიდრნი მუდმივი თავბრუსხვევითა და პირღებინებით იტანჯებიან. ახლა კი ზემოთქმულით დავკმაყოფილდეთ და საკითხი ზნეობრივი კუთხიდან განვიხილოთ.

 

მთელი სოფელი ვერ გვიშუამდგომლებს ღვთის სამსჯავროს წინაშე

დღეს გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია თამბაქოს მოწევას ცოდვად არ თვლის; ამის დასტურად მავანნი მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მღვდელიც კი ეწევა. თუმცა, მსგავსი მსჯელობა სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენი წმიდა ეკლესიისათვის უცხოა ისეთი ბრმა მიდგომა, რომ ყოველი ახალშემოღებული წესი შეაჩვენოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიახლეა და რომ იგი ჩვენს წინაპართა დროს არ ყოფილა. ასევე არ შეაჩვენებს და არ კრძალავს ეკლესია არც ერთ ნივითიერებას, თუკი მას სასარგებლოდ და გონივრულად გამოიყენებენ. მაგრამ უზომოდ და ყოველგვარი საჭიროების გარეშე გამოყენება უკვე ნივთიერებით ტკბობაა, რასაც ეკლესია მუდამ კრძალავდა და დღესაც კრძალავს. სჯულის კანონი ბრძანებს: თუ ვინმე უზომოდ დალევს წყალს და ამის მიზეზით არწყევს, 40 დღით აეკრძალოს ზიარება და თავშეუკავებლობისთვის აღასრულოს 100 მეტანია. მღვდლებიც რომ ეწევიან, ეს კერძო შემთხვევა და თვითნებობაა. მღვდელმსახურთა შორისაც შეხვდებით სისუსტეების მქონე ადამიანებს და ამაში ეკლესიის კანონი არ უნდა დავინახოთ. თუ ქრისტიანი ისჯება წყლისაგან თავშეუკავებლობის გამო, მით უფრო პასუხისმგებელია იგი ეკლესიისა და უფლის წინაშე თაბაქოს წევის, მემთვრალეობის, ბანქოს თამაშის, ძვირისმეტყველების, ბრაზის, ამპარტავნების, ცუდ-მედიდობის, სიძუნწის, ვერცხლისმოყვარეობის, სიზარმაცის, მრუშობის ცოდვიანი და დამღუპველი ჩვევების გამო. ამ სულიერი უბედურებისაგან რომ გვიხსნას, ღმრთის სიტყვა გვაფრთხილებს და გვირჩევს, არ გაგვიტაცოს რაიმე მიწიერმა, რადგან თუკი ეს გრძნობა გაძლიერდა ჩვენს გულში, მას შეუძლია მთლიანად დაგვეუფლოს და განდევნოს უფლის სიყვარული ჩვენგან. „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა“ (1 იოანე 2, 13), - მოგვმართავს ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე ღმრთისმეტყველი. ჩვენი უბედურება იმაშია, რომ შევეჩვიეთ, ვუსმინოთ ადამიანურ მსჯელობას და არა ღმრთის სიტყვას. უფალი კი მოგვიწოდებს: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაჲ“ (იოანე 8, 12). წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი კი ასე ლოცულობს: „შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალი; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი“ (ფსალ. 17, 28). წმიდა მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი თავის წიგნში „სულიერი საუნჯე“ წერს: „ქრისტიანებო! რაც სარკეა ამ სოფლის შვილებისათვის, სახარება და ქრისტეს უბიწო ცხოვრება იყოს ის ჩვენთვის. ისინი სარკეში იხედებიან, რათა სხეულზე იზრუნონ და სახიდან ბიწი მოიწმინდონ. ჩვენც ასე მოვიქცეთ! ქრისტემ, ღმრთის ძემ, თავისი უბიწო ცხოვრება მოგვცა სახედ „სახე მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ“ (იოანე 13, 15). მაშ, სულიერი თვალით ჩავიხედოთ ამ უბიწო სარკეში - ეთანხმება ჩვენი ცხოვრება ქრისტესას?! ხშირად ჩაიხედე ქრისტეს უბიწო ცხოვრების წმიდა სარკეში და შენი სულის ბიწი სინანულითა და გულის შემუსვრილებით წარხოცე, და ძალისაებრ შენისა მიემსგავსე უფალს, რათა იქაც მისი მსგავსი იყო. თანამედროვე ქრისტიანებს კი ნუ მიემსგავსები: მათი ცხოვრება უმეტესწილად ეწინააღმდეგება ქრისტესას. „ესე ზრახვაჲ იზრაებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ“ (ფილიპ. 2, 5).

შემდგომ მღვდელმთავარი შეგვაგონებს: „ჩვენ გვაქვს არა მარტო გრძნობა, არამედ გონებაც; შეგვიძლია განვსაჯოთ: რა არის სიკეთე და რა - ბოროტება, რა მოგვიტანს სარგებლობას და რა გვავნებს. ჩვენ მოგვეცა ღმრთის წმიდა სიტყვა: ადამიანების მოქმედება მივუსადაგოთ წმიდა წერილს, როგორც უსპეტაკეს სარკეს და მასში დავინახოთ, რმის თანახმად მოქმედებენ ადმიანები თუ მის საწინააღმდეგოდ. დაე თუნდაც მთელი სოფელი საწინააღმდეგოს იქმოდეს, შენ ის აკეთე, რაც ღმრთისათვის სათნოა და შენი სულისათვის სასარგებლო. მთელი სოფელი ვერ გიშუამდგომლებს ღმრთის სამსჯავროს წინაშე; იქ ვერ იტყვი - ესა და ეს იქმოდა ამასო. მსაჯულისგან მხოლოდ ამას გაიგონებ: რატომ არ იქმოდი იმას, რაც მე გიბრძანე? - იყავი სოფელში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა უსჯულოებას სჩადიოდა, მაგრამ იგი არ ჰბაძავდა მათ და იქმოდა იმას, რაც ღმრთისათვის იყო სათნო. „უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა“ (კოლ. 3, 1-2)... გულისყურით უსმინე, სულო ჩემო, ამ სიტყვებს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ“ (ფსალ. 72, 27). გეშინოდეს სიცოცხლისაგან განშორებისა, რათა არ ჰგიებდე სიკვდილში; გეშინოდეს ნათლისაგან განშორებისა, რათა არ ჰგიებდე წყვდიადში. მკვდარია, ვინც სიცოცხლეს განეშორება და ჰგიებს წყვდიადში, ვინც ნათლეს ზურგი აქცია“ - ასე დაჟინებით გვთხოვს წმიდა ტიხონ ზადონელი, მოვუსმინოთ ღმრთის სიტყვას. ვისაც სურს, იცხოვნოს სული, იგი უნდა დაფიქრდეს ამაზე და რჩევას სახარებას დაეკითხოს: გაამართლებს თუ არა იგი ჩვენს მიერ ნივთიერების ბოროტად გამოყენებას ღმრთის სიყვარულის საპირისპიროდ.

 

... და ცოდვაც ის არის, რომ მწეველს თამბაქო ღმერთზე მეტად ახსოვს

ქრისტიანმა ყურადღება რომ მიაპყროს უფალ იესო ქრისტეს ნათქვამს - „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს“ - მაშინვე მიხვდება თამბაქოს წევის მავნებლობას სულისათვის. თუკი ღმრთის სიტყვის თანახმად სულისათვის დამღუპველია, ღმერთზე მეტად გვიყვარდეს ისინიც კი, ვისი სიყვარულიც გვებრძანა, მაშინ რაღა ითქმის ნივთიერებით ტკბობაზე „უფროჲს ღმრთისა“? როდესაც ადამიანი რაიმე ცოდვიან ჩვევას ემონება, იგი მისთვის ღმერთად იქცევა და უფლის მცნების საპირისპიროდ, რომელიც ბრძანებს: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“, მას მხოლოდ თავისი ჩვევა უყვარს, მხოლოდ იგი ახსოვს და მასზე ფიქრობს, თავისი შემოქმედი კი მიტოვებული და დავიწყებული ჰყავს. სწორედ ამგვარია თამბაქოთი გატაცება: ეს უგუნური ჩვევა ერთი წუთით მოსვენებას არ აძლევს მას მიჩვეულ ადამიანს. დაა ცოდვაც იმაშია, რომ მწეველს თამბაქო ღმერთზე მეტად ახსოვს. იგი მხსვერპლს სწირავს თამბაქოს, როგორც გულის კერპს.

არის მეტად სამწუხარო შემთხვევებიც: მავანნი მხოლოდ იმიტომ არ ეზიარებიან ქრისტეს წმ. საიდუმლოებებს, რომ ერთი დღითაც არ სურთ თამბაქოსაგან თავის შეკავება! განა ეს არ არის კერპთყვანისმცემლობა? ჭეშმარიტად, თუკი ისინი არ დაუტევებენ თავიანთ ნებაყოფლობით ცდომილებას აღსასრულამდე, ვერ იხილავენ ღვთის სახეს და მარადიულ ცხოვრებას. ეს ნათლად ჩანს უფლის მკაცრი განჩინებიდან: „გეტყვი თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ!“ (ლუკა 14, 24). ეს სიტყვები სახარებისეული იგავიდანაა სამეფო სერობაზე მიწვეულთა შესახებ, რომლებმაც უგულებელყვეს მეფის მიწვევა. უფლის განჩინება უეჭველად ღვთის იმ შეურაცხმყოფელებზეც ვრცელდება, რომლებიც ასე მკაცრად მიიჩნევენ ან არაფრად აგდებენ ცოდვილი ადამიანის ზიარებას ქრისტეს ხორცისა და სისხლის ყოვლადწმიდა საიდუმლოებებთან.  რა დიდ წყალობას იკლებს ასეთი ადამიანი! რა დანაშაულებრივ უსულგულობას იჩენს დაცემული კაცობრიობისადმი ღმრთის მიუწვდომელი სიყვარულის მიმართ! ოჰ, ნეტავ აღსასრულამდე გონს მოეგოს ქრისტეს სიყვარულის ამგვარად უგულებელმყოფელი, უგულებელმყოფელი მაცხოვრისა, თითოეულ ჩვენგანს რომ ეცხადება ამ მხსნელ, უწმინდეს საიდუმლოში! „რაშიც ვიპოვი, იმაში განვსჯი“, - ამბობს უფალი. წმიდა პავლე მოციქული კი, ანუ უკეთ რომ ვთქვათ - სული წმიდა მოციქულის პირით მოწმობს შემდეგს: „თუკი ვინმე, მოსეს რჯულის შეურაცხმყოფელი ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით, როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყო სული მადლისა?“ (ებრ. 10, 28-29). როდესაც უფალი თავისი ყოვლადწმიდა ხორცითა და სისხლით ჩვენს გულში შემოდის, რითაც გვანიჭებს ცოდვათა მოტევებას და ჩვენთან თავის უტკბილეს მადლმოსილ ერთობას, ხომ არ იჩენს ამ დროს თითოეული ჩვენგანის მიმართ უფრო დიდ მოწყალებას და თავის დამდაბლებას, ვიდრე გამოიჩინა მაშინ, როცა ჩვენი ცხონებისათვის ბეთლემის მღვიმეში ინება შობა და ზეცათა მეუფე პირტყვთა ბაგაში მიიწვინა. მაგრამ ჩვენი ცოდვისმოყვარე გული, უფლის უწმიდეს თვალთათვის საძაგელი ვნებებით აღსავსე, ბევრად უფრო უღირსია მისაღებად, ვიდრე ბეთლემის მღვიმე და პირუტყვთა ბაგა. უფლის მიწიერი ცხოვრების ჟამს ხალხს უკვირდა მისი ესოდენ დიდი გულმოწყალება და შემწყნარებლობა ყველასაგან მოძულებულ აშკარა ცოდვილთა მიმართ. უფალი შედიოდა მათ სახლებში და მათთან ტრაპეზსაც კი იზიარებდა, ეძიებდა მათი სულების მოქცევასა და გადარჩენას; ისეთსავე ან გაცილებით უფრო დიდ გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას იჩენს დღესაც უფალი, როდესაც სტუმრობს იმ ცოდვილთა სახლებზე უარეს ჩვენ ბიწიერ, ცოდვისმოყვარე გულებში. მაგრამ ის ცოდვილები ისე დიდად აფასებდნენ მაცხოვრის სტუმრობას, რომ მყის იცვლებოდნენ და მის ყველაზე გულმოდგინე მიმდევრები ხდებოდნენ; ჩვენ კი საერთოდ უარს ვამბობთ მის ამ უაღმატებულეს და უნეტარეს სტუმრობაზე, უარს ვამბობთ სწორედ მავნე ჩვევისადმი მიდრეკილების გამო!..

 

რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ

„ვინაიცა ტყუე იქმნა ერთი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა“, - ამბობს ღმერთი წმიდა ესაია წინასწარმეტყველის პირით ებრაელ ხალხზე, რომელსაც იმ დროს გარეგნულად ჭეშმარიტი სარწმუნოება ჰქონდა, მაგრამ მრავალი წარმართული ჩვეულებით იყო დატყვევებული. სულის დამღუპველი ამ ბოროტების მიზეზი მათ მიერ უფლის სჯულის დატევება, ღმრთის სიტყვისადმი უყურადღებობდა იყო. დღესაც ქრისტიანთა შორის ძალზედ განელებულია ღმრთის სიტყვის განსწავლისა, წმ. წერილის კითხვისა; იგი ჩვენთვის სინათლე და სიცოცხლეა, იგი ერთადერთი წყაროა ჭეშმარიტებისა და სიკეთის შემეცნებისა. იმის გამო, რომ ჩვენ დავივიწყეთ წმიდა წერილში გადმოცემული უფლის სჯული და დავაგდეთ ლოცვა, ქრისტეს სწავლების საწინააღმდეგო სხვადასხვა ჩვეულებამ დაუბრკოლებლად დაგვატყვეევა და დაიმონა ჩვენი გული და გონება.

კვლავ წმიდა ტიხონ ზადონელი სიტყვებს მოვუხმოთ: „ბრმა ვარ სხვების მსგავსად შენი მადლისა და განათლების გარეშე, ჩემმა ცოდვამ დამაბრმავა. ამისთვის შენმა სახიერებამ ჩემსა და ყველას განსანათლებლად შენს რჩეულ მონათა და მსახურთა მიერ მოგვმადლა შენი წმიდა სიტყვა. იგი, ვითარცა ბნელში მსხდომთათვის დანთებული სანთელი, მინათებს და მიჩვენებს კეთილსა და ბოროტს, სათნოებასა და ცოდვას, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, შენთვის სასურველსა და არასასურველს, რწმენასა და ურწმუნოებას; ასე განდევნის ჩემგან სიბრმავეს და განმინათლებს გონებას: „სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა“ (ფსალ. 118, 105).

„ამა თუ იმ ცოდვაში დიდხანს ყოფნით ჩნდება ცოდვისადმი მიდრეკილება. ვნებისმოყვარეობა შინაგანი და სულიერი კერპთაყვანისმცმელობაა - ვნებების მსახურნი გულის შინაგანი მორჩილებით თაყვანს სცემენ მათ, ვითარცა კერპებს. ვინც ამგვარად აამებს და ემსახურება მუცელს, მათთვის „ღმერთი მუცელი არს“ (ფილიპ. 3, 19): „სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ... არს კერპთ-მსახურებაჲ“ (კოლ. 3, 5); აქ სხვა ვნებებიც იგულისხმება. „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ (შეგნებულად), მონაჲ არს ცოდვისაჲ“ (იოანე 8, 34). „რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ“ (1 პეტრ. 2, 19). ცოდვისმოყვარე ადამიანისთვის ცოდვა, რომელსაც იგი ემსახურება, არის ვითარცა კერპი, მისი ცოდვისმოყვარე გული კი - ვითარცა ბილწიი ბომონი; მასში აღმართულია ბილწი კერპი - ცოდვა, რომელსაც ადამიანი ხბოთა, ცხოვართა და სხვა ცხოველთა ნაცვლად თავის ნებას და მორჩილებას ხალისით სწირავს მსხვერპლად. რამდენჯერაც დაეთანხმება იგი ცოდვას, რომლისადმიც მიდრეკილია, იმდენჯერ გულით უარყოფს ქრისტეს; და რამდენჯერაც თავად საქმით ასრულებს ამ ცოდვას, იმდენჯერ მსხვერპლს სწირავს კერპს. რა სავალალოა ცოდვიანი მიდრეკილება! აი, რას ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: სხვადასხვაგვარია კერპთაყვანისმცემლობის სახეები: ერთი თაყვანს სცემს მამონას (სიმდიდრეს) ვითარცა უფალს, მუცელს - ვითარცა ღმერთს, მეორე - რაიმე სხვა უბოროტეს ვნებას. ელინთა მსგავსად არ სწირავ მათ ხარებს, მაგრამ ბევრად უარესს იქმ - უკლავ მათ შენს სულს“ (წიგნიდან „ჭეშმარიტი ქრისტიანობის შესახებ“).

 

გადაწყვეტილება ახლავე მიიღოს

ვისაც სწადია ცხონება, ამ სამწუხარო მდგომარეობიდან თავის დაღწევა და უფალ იესო ქრისტეში აღდგომა, ვთავაზობთ და ვთხოვთ, მიიღოს შემდეგი რჩევა: ღმრთის შეწევნით თავი დაანებოს  სულისათვის საზიანო თამბაქოს წევის ჩვევას; გადაწყვეტილება ახლავე მიიღოს - სანამ ღმრთის მადლი ეხება გულს და მხსნელი აღდგომისაკენ უბიძგებს. მართალია, ჩვეულების ძალა იმდენად დიდია, რომ ხანდახან შეუძლებელი გეჩვენება მისი გადალახვა, მაგრამ თაკი გულწრფელად მოისურვებ და გადაწყვეტ, და ითხოვ ღმრთის შეწევნას, აუცილებლად მალე დაამარცხებ მას. ამის დასტურად მოვიყვანთ ერთი მღვდლის ნაამბობს: „ჩემი მრევლი თ.კ. ძლიერ ლოთობდა და განუწყვეტლად ეწეოდა. ამგვარი ცხოვრებით მან სრულ სიღატაკემდე მიიყვანა თავისი ოჯახი, თუმცა ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ღრმად განათლებული ადამიანი იყო. ხშირად შევაგონებდი, ხელი აეღო ბოროტ ჩვევებზე, რაზეც მან ერთხელ ასე მომიგო: „მამაო, მერწმუნეთ, სინდისი მქეჯნის და მაწუხებს, რომ არ ვაასრულებ თქვენს კეთილ რჩევებს, უკვე თქვენთან შეხვედრისა და თვალებში შეხედვისაც მრცხვენია. მაგრამ, ჩემი უძლურების მიუხედავად, შევეცდები, დავემორჩილო თქვენს შეგონებას და იმედი მაქვს, ღმრთის შეწევნით თავს დავანებებ არაყს, მოწევის მიტოვება კი არაფრით არ შემიძლია. მე ხუთვა მაწუხებს. ცხენსაშენში მუშაობისას ცხენებმა მკერდი ჩამინგრიეს, რის შემდეგაც გამუდმებით ვახველებ; ხოლო მოწავე კი დიდ შვებას მანიჭებს. განსაკუთრებით დილით, როცა მკერდში დაგროვილი მთელი ნახველი გამოიყოფა, თავს ძალზე მსუბუქად ვგრძნობ, თუკი მოვწევ. ამასთან, ექიმებმაც მირჩიეს, აუცილებლად მომეწია“.

სულ მოკლე ხანში გავიგე, რომ თ.კ.-მ არაყს თავი დაანება. განვლო კიდევ ერთმა წელიწადმა და მოახლოვდა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. აღდგომის წინ ჩვეულებისამებრ ლოცვითა და ჯვრით ოჯახების შემოვლისას შევამჩნიე, რომ თ.კ-თან სახლში სრული წესრიგი და კეთილდღეობა სუფევდა. გამახსენდა, რა სიღარიბეში ცხოვრობდა ამ ცოტა ხნის წინათ და ამის შესახებ ვუთხარი მასაც და მის ოჯახსაც. თ.კ.-ს ისიც შევახსენე, რომ მას ახლა ერთი დიდი ნაკლი, ერთი აშკარა ცოდვა რჩებოდა. იგი მიმიხვდა და მიპასუხა: „მამაო, გულწრფელად გმადლობთ თქვენი დამოძღვრისა და კეთილი დარიგებისათვის. ღმრთის შეწევნით დიდი ხანია მოწევაც მივატოვე“. - „განა შენ არ მარწმუნებდი, რომ თამბაქოზე უარის თქმა არ შეგეძლო, რომ მოწევა სატკივარში შვებას გაძლევდა?“ - „მამაო, ეს მხოლოდ შეცდომა, დიდი ცოდვა და ეშმაკის ტყუილია. ამაში თვითონ დავრწმუნდი. აზრს უკვე ვეღარავინ შემაცვლევინებს“. „ახლა თავს როგორა გრძნობ?“ - ვკითხე მე. „მამაო, არ ძალმიძს გამოვთქვა ჩემი სიხარული და მადლიერება; მას შემდეგ, რაც მოწევას თავი დავანებე (თუმცა უდიდესი ძალისხმევით), თავს არა მარტო კარგად ვგრძნობ, არამედ გამომიკითდა ბრონქები, აღარ მახველებს, მთლიანად მომეხსნა ხუთვა, რომელიც უწინ, მწეველობისას, საშინლად მაწუხებდა და მტანჯავდა. მერწმუნეთ, მამაო, თითქოს თავიდან დავიბადე სულითაც და ხორცითაც ღმრთის ყოვლისშემძლე შეწევნით და თქვენი მამობრივი მზუნველობით“. ამჟამად იგი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სულიერი შვილია და ხალისით ესწრება ყველა ღვთისმსახურებას. მსგავსი შემთხვევა არაერთი ყოფილა ჩვენს ტაძარში; შვიდი წლის წინათ არამწეველნი მრევლში ძალიან მცირენი იყვნენ, დღეს კი ღმრთის მადლით მოწევას ყველა ცოდვად და უკეთურებად თვლის“.

 

ამისთვის გვებრძანა: ვილოცოთ, ვითხოვოთ, ვეძიოთ, ვაკაკუნოთ!

დასასრულს გავიხსენოთ უფლის წარუვალი სიტყვა: „თვინიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5). ჩვენი ნებისმიერი ძალისხმევა, ყველაზე გულმოდგინე მცდელობაც ამაოა და ნაყოფს არ გამოიღებს ღმრთის შეწევნისა და მადლმოსილი თანადგომის გარეშე. ამიტომ პირველ ყოვლისა უფალს სიმდაბლითა და საკუთარი უმწეობის განცდით უნდა შევევედროთ, თავისი ყოვლისშემძლე ძალით შეეწიოს ჩვენს სულიერ უძლურებას. რადგან სწორედ უფალთან ჩვენს ლოცვით ურთიერთობაშია მთელი ჩვენი ძალა და წარმატება. „ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა. მე ვარ ვენახი, და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი“ (იოანე 15, 4-5), გვეუბნება თავად უფალი. მეტისმეტად სუსტია ჩვენი სულიერი ძალები იმისათვის, რომ სძლიოს ჩვენში ფესვგადგმულ რომელიმე ჩვევას; მეტისმეტად არამყარი და ცვალებადია თავად ჩვენი სურვილი ან მისწრაფება სიკეთისაკენ, რაც განუწყვეტლივ მტკიცდება ჩვენი ყოვლდღიური გამოცდილებით. ვინც კარგად იცნობს წმიდა წერილს, მან იცის, რამდენად არასწორია დღეს ერში გავრცელებული და სახარებისა და წმიდა ეკლესიის სწავლებისათვის სრულიად მიუღებელი გამოთქმა - „ნებისყოფა“. წმიდა პეტრე მოციქული საიდუმლო სერობაზე განა ატყუებდა უფალს, როცა ასეთი მხურვალებითა და დაბეჯითებით მოწმობდა: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოთაც“?! განა ეს სიტყვები წრფელი სიყვარულითა და თავდადებით აღსავსე გულიდან არ წარმოთქვა? და მაინც რამდენიმე საათში რა მწარედ დაიტირა სამგზისი უარყოფა საყვარელი მოძღვრისადმი თავისი მხურვალე ერთგულების გრძნობისა...

ამიტომ დაე, ვისაც სურს, ესავდეს თავის „ნებისყოფას“, - ჩვენ კი მას არ ვცნობთ; ჩვენი ერთადერთი სასოება ღმრთის ძალა - ქრისტეა (I კორ. 1, 24). მას შევღაღადებთ წმიდა ეკლესიასთან ერთად: „შენ ხარ სიმტკიცე ჩემი, უფალო! შენ ხარ ჩემი ძალა, ჩემი ღმერთი, ჩემი სიხარული“.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ წმიდა ტიხონ ზადონელის ღმრთივგანბრძნობილ სიტყვებს: „როგორც სიკეთის ქმნისაკენ, ისე ცოდვის წინააღმდეგ მიმართული ჩვენი ყოველი ღვაწლი და ძალისხმევა უძლურია ღმრთის შეწევნის გარეშე, რადგან ჩვენ ერთობ დაცემული და უმწეო ვართ. აი, რატომ გვითხრა ჩვენმა მაცხოვარმა: „თვინიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5). ამიტომ მისგან უნდა ვითხოვოთ და ვეძიოთ ყოველი სიკეთე, სიმტკიცე და ძალა ცოდვის წინააღმდეგ“. - „ადამიანის ცხოვრება მდინარეზე მცურავი ნავის მსგავსია. მდინარის დაღმა ნავი თვითონ მიცურავს. მისი დინების წინააღმდეგ სვლა კი არასგზით ძალუძს, და როცა მდინარის აღმა დააპირებს წასვლას, ძლიერი მენიჩბეები ან იალქანი სჭირდება, რომელიც ზურგის ქარის დახმარებით აამოძრავებს მას. ასევეა ადამიანიც: თავისი ხორცის, ახირებებისა და ვნებების აყოლით, თავისი ბოროტი ნების მიდევნებით იგი ადვილად ცხოვრობს თავისით, ისევე როგორც მდინარის დინების დაღმა თვითონ მიცურავს გემი. მაგრამ საკუთარი ბოროტი ნების წინააღმდეგ ცხოვრება, მისი დამარცხება და ღმრთის ნებისათვის დამორჩილება, ვნებათა წინააღმდეგ ღვაწლი და ბრძოლა, მათი ჯვარცმა და მოკვდინება, და ამ გზით კეთილმსახური და ქრისტიანული ცხოვრება, - ჩვენ ისევე არ ძალგვიძს, როგორც გემს მდინარის სწრაფი დინების წინააღმდეგ მენიჩბეთა და იალქანთა გარეშე ცურვა. უთუოდ ზებუნებრივი ძალა უნდა შეგვეწიოს და, როგორც გემი მდინარის წინააღმდეგ, აგვამოძრაოს და ვნებათა მისრაფების წინააღმდეგ აღგვძრას. ყოველივე ამას ადამიანში დამკვიდრებული ღმრთის მადლი იქმს; მისი ძალით ადამიანს ყველაფერი შეუძლია, - მის გარეშე არაფერი ძალუძს. ღმრთის მადლი ჩვენი სულების სიცოცხლეა; ყოველ ჟამს, საათსა და წუთს მას ვსაჭიროებთ; მის გარეშე სული ვერ იცოცხლებს. ამისათვის გვებრძანა: ვილოცოთ - ვითხოვოთ, ვეძიოთ, ვაკაკუნოთ. - „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდეთ, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მიიღოს“. (მათე 7, 7-8) - ამბობს უფალი. მაგრამ ასე ძლიერად და გულწრფელად რომ ვითხოვოთ ხსნა სულიერი უბედურების - დამღუპველ ჩვევათა და მიდრეკილებათაგან, აუცილებელია, განვჭვრიტოთ ისინი ჩვენს თავში, განვიკითხოთ და დავინახოთ მათი მთელი სიავე, მათი აყოლით დაგროვილი ცოდვის მთელი სიმძიმე. მხოლოდ მაშინ გაგვიჩნდება გულწრფელი სურვილი, განვეშოროთ ცოდვას და შევძლებთ სულის სიღრმიდან ვილოცოთ ღმრთისადმი. უფალი შეეწევა მხოლოდ მათ, ვინც მთელი ძალით ეძიებს მის დახმარებას და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძვის, არ ნებდება თავის ვნებებს. უგუნურებით აღსავსეა თავდაჯერებულობა; მაგრამ უფალს შეურაცხყოფს მის შეწევნაზე მეტისმეტი სასოებაც, როცა ადამიანი თავისი ნებით ყოვნდება ცოდვაში და შეგნებულად ნებდება მანკიერ ჩვევებს.

მომზადებულია ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტრის ლოცვა-კურთხევით
გამოცემული ბროშურის „მოწევა ცოდვიანი ჩვევაა“ მიხედვით.

თარგმნა ირაკლი კამკამიძემ