როგორ შევებრძოლოთ მას, ვინც თამბაქოს კვამლს მიღმა იმალება

„ისეთი წვრილმანი ცოდვა, როგორიც თამბაქოა, - წერდა მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი), - ისე გადაეზარდა ადამიანთა საზოგადოებას ჩვევაში, რომ საზოგადოება მას ყოვლგვარ პირობებს უქმნის. სად აღარ შეიძლება სიგარეტის პოვნა! ყველგან შეხვდებით საფერფლეს, ყველგვარ არსებობს მოწევისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ვაგონები, კუპეები „მწეველთათვის“. გაზვიადებული არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო წარმოადგენს ერთ ოთახს, უფრო სწორად კი ერთ უზარმაზარ ვაგონს „მწეველთათვის“ ვარსკვლავთშორის სივრცეში. ეწევიან, - მშვიდად სჩადიან წვრილმან ცოდვას ყველანი: მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ავადმყოფებიც და ჯანმრთელნიც, სწავლულნიც და უსწავლელნიც. დამნაშავეს დასჯის წინ ნებას რთავენ მოწიოს სიგარეტი. თითქოსდა ჰაერი ცოტაა ატმოსფეროში, ანდა ზედმეტად უფერულია იგი. თითქოს უნდა შევიქმნათ ჩვენთვის რაღაცნაირი გაკვამლული, მოწამლული ჰაერი და ვისუნთქოთ და ვისუნთქოთ ეს საწამლავი, დავტკბეთ ამ კვამლით და აი, ყველანი ტკბებიან იმდენად, რომ „არამწეველი“ - ისეთივე იშვიათი მოვლენაა, როგორც „ადამიანი, რომელიც არასოდეს სტყუის“, ან „ადამინი, რომელიც თავს არ განიდიდებს“. თამბაქოს ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ვაჭრობაში და ყოველწლიურად მილიონობით და მილიონობით ადამიანს მისცეს საშუალება ჩაისუნთქოს ეს მომწამლავი ჰაერი, მისი ნარკოზით გაიბრუოს თავი და მთელი ორგანიზმი“.

მთავარეპისკოპოსის ეს სიტყვები, ცხადია, უწინარეს ყოვლისა, იმ დასავლურ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელშიც მთელმა მისმა შეგნებულმა ცხოვრებამ განვლო. მბოლავი პაპიროსი ან სიგარა წარმატებული ბიზნესმენის ოქროს ბეჭდებით დახუნძლულ ნაპატიებ ხელში, მართებულად აღიქმება ჩვენს მიერ, როგორც დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო, მისი განმხრწნელი და გამომფიტველი ზემოქმედებით ადამიანზე. სიგარეტით ვაჭრობის რეკლამა - ერთ-ერთი მთავარი ნიშანია გარდაქმნის შემდგომი პერიოდის სამწუხარო მოვლენისა - დასავლეთის ენერგიული ექსპანსიისა. ამ რეკლამათა შორის, რომლებიც გვპირდებიან გადააქციონ ჩვენი ცხოვრება ბედნიერი წუთების უწყვეტ ჯაჭვად, გვხვდება მრავალი პლაკატი, ხოტბას რომ ასხამენ ამა თუ იმ სიგარეტის ღირსებებს. „პაემანი ამერიკასთან“, „ნამდვილი ამერიკა“, - ღაღადებენ წარწერები უზარმაზარ პანოებზე, სადაც აღბეჭდილია მანჰეტენის ცათამბჯენთა პერსპექტივა, კოვბოები და მოტიციკლისტები ამერიკული შორეული დასავლეთის მთაგორიანი პეიზაჟების ფონზე. ამერიკა - ეს სიტყვა გადაიქცა მაგიურ ფორმულად, შელოცვად, რომელსაც ადამიანის გული და გონება შეუპყრია. ამერიკა, - წარმატების ქვეყანა, ადგილი სადაც ყოველივე საუკეთესოა თავმოყრილი, რაც კი დედამიწაზე არსებობს. სადაც ნამდვილი ადამიანები ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ და რომლებიც ამერიკული დოლარებით ამერიკულ სიგარეტებს ყიდულობენ.

თუკი სიგარეტი თავისთავად იზიდავს და არ განიცდის მომხმარებელთა ნაკლებობას, მისი შეერთება „ნამდვილი ამერიკული კეთილდღეობის მითთან“, კიდევ უფრო ამძაფრებს საქმეს და ამრავლებს მისი „ლამაზი“ და „ნაღდი“ ჩასუნთქვის მსურველთა რიცხვს.

საგულისხმოა სიგარეტის წევის ისტორია. მისი წარმოშობა ადასტურებს, რომ ამ ვნებას მხოლოდ დემონთა დახმარებით შეეძლო ფეხის მოკიდება საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ არანაირ წამებას და სიკვდილით დასჯას არ შეეძლო ადამიანთა გადაჩვევა ამ მავნე ჩვევისაგან.

როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა სან-სალვადორის კუნძულს, ის და მისი თანამგზავრები შესძრა უჩვეულო სანახაობამ - აბორიგენები პირიდან და ცხვირიდან უშვებდნენ ბოლს. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელები აღნიშნავდნენ „წმინდა“ დღესასწაულს, რომელზეც ისინი ეწეოდნენ განსაკუთრებულ ბალახს, - სრულ გაბრუებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობაში ისინი კავშირს ამყარებდნენ დემონებთან და შემდეგ ყვებოდნენ, თუ რას ეუბნებოდა მათ „დიადი სული“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ესპანელმა მეზღვაურებმა გააცნეს ევროპულ საზოგადოებას ზემოაღნიშნული „სიამოვნება“. ამგვარად, თამბაქოს წევის ჩვეულება კერპების მსახურებიდან იღებს სათავეს.

და აი, ეშმაკთა მონაწილეობითა და მათი ფარული ხელშეწყობით, მთელ ევროპასა და აზიაშიც კი დაიწყო თამბაქოს წევის ციებ-ცხელება. რას აღარ აკეთებდნენ მთავრობა და სასულიერო პირები, რომ აღეკვეთათ ეს ბოროტება, - დაწესებული იყო ეკლესიიდან განკვეთა, დანმაშავეთა სიკვდილით დასჯა და მათი პირში ჩიბუხგაჩრილი თავების გამოფენა, ტუჩებისა და ცხვირის მოკვეთა, თამბაქოთი მოვაჭრეთა ცოცხლად დაწვა, ნესტოებისა და ცხვირის დაჭრა და დამნაშავეთა გადასახლება.

სხვადასხვა ქვეყნის მმართველთა მიერ დაწესებულ მკაცრ ზომებს მაინც არ შეეძლო ამ ვნების სწრაფი ზრდის შეჩერება, მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნებოდნენ გონიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ასე თუ ისე შეეზღუდათ საყოველთაო ბოროტება, ააშკარავებდნენ რა მთელ დამღუპველ ზემოქმედებას ამ მავნე ჩვევისა. როგორც ჩანს, ამ ნიადაგზე რუსეთში აღმოცენდა ლეგენდები თამბაქოს წარმოშობაზე. ერთი გადმოცემის მიხედვით თამბაქო აღმოცენდა სისხლის აღმრევთა (დისა და ძმის) საფლავიდან, მეორესი კი - მეძავის თავიდან.

არცთუ უსაფუძვლოდ და მყარად მოიკიდა ფეხი თამბაქოს მეტსახელმა - „სატანის საკმეველი“. ის დაკავშირებულია გადმოცემასთან, რომლის მიხედვითაც, როდესაც ძველი აღთქმის ეკლესიაში, მოსე წინასწარმეტყველის დროს (მე-19 საუკუნე ქრისტეს შობამდე) დაწესებული იქნა კანონიკური ღვთისმსახურება საკმევლის გამოყენებით, სატანამ, რომელიც თავისი სიძულვილით ღმერთისადმი ვერასოდეს აღემატება ღვთის საქმეთა კარიკატურულ მიბაძვას, აიძულა თავისი მიმდევარი ეშმაკები საკუთარი ბაგეებით ეკმიათ მისთვის. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ მოწევის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, უწინარეს ყოვლისა, სასულიერო პირთაგან მოდიოდა. თუთუნის წევისა და ყნოსვის ჩვევა, ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს განისჯებოდა სასულიერო პირთა მიერ, როგორც უღვთო და ეშმაკის საქმე.

და აი, როდესაც ერთმა რუსმა ვაჭარმა, პეტრეს საზღვარგარეთ წასვლის წინ 1697 წელს იყიდა მთავრობისაგან თამბაქოს გაყიდვის მონოპოლია, პატრიარქმა ადრიანემ განკვეთა იგი ეკლესიიდან მთელი თავისი ოჯახით და შთამომავლობითაც კი, დასწყევლა რა მთელი მისი გვარი საუკუნოდ. თამბაქო მე-17 საუკუნის ბოლომდე აკრძალული იყო რუსეთში პატრიარქის მიერ, როგორც არაწმინდა და ანტირელიგიური რამ, ხოლო ერთი მოგზაურის შენიშნვით „დღემდე არც ერთი მღვდელი არ შევა თამბაქოთი გაბოლილ ოთახში“. ამას შეიძლება დაემატოს ისიც, რომ საუკეთესო რუსი მღვდელმთავრები მე-17 - მე-19 საუკუნეებისა თუმც ლმობიერად ეკიდებოდნენ მოწევის მანკიერებას ერისკაცთა შორის (როგორც ჩანს ამ ბოროტების საყოველთაო გავრცელების გამო), ძალიან მკაცრნი იყვნენ, როდესაც საქმე სასულიერო პირებს ეხებოდა, განსაკუთრებით კი მღვდელთმსახურებს.

რას წარმოადგენს მოწევა სულიერი თვალსაზრისით და რა ზიანი მოაქვს ადამიანის სულისა და ხორცისათვის? ეს ცოდვაა, რომლის სათავეც თვითტკბობისაკენ მიდრეკილებაშია. რის გამოც არ უნდა ეწეოდეს ადამიანი, ნერვიული თუ გონებრივი დაძაბულობის მოსახსნელად, მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად, ალკოჰოლის მიერ მოგვრილი თრობის დროს დამატებითი სიამოვნების მისაღებად (მრავალნი მხოლოდ დალევის დროს ეწევიან) და ბოლოს, მოჩვენებითი თვითდამკვიდრებისათვის (რაც მოზარდთა მწეველად ჩამოყალიბების მიზეზი ხდება), ან როგორც წარმართული რიტუალის ნაწილი - ადამიანის გრძნობისა და გონების დაბინდვა. გეჩვენება რა სასიამოვნოდ, იგი იწვევს განმეორების სურვილს და ასე თანდათანობით ყალიბდება ჩვევა - დამღუპველი ვნება საცოდავ მწეველს თავის ბადეში ახვევს.

მოწევა - სულიერი ვნებაა: ბუნებით მოწევის სურვილი ადამიანისათვის არ არის დამახასიათებელი, როგორც მაგალითად ჭამის, სმის, ოჯახის ყოლის. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მოწევა  - ლოცვის ერთგვარი ანტიპოდია. ლოცვა, წმინდა მამებთან, სულის სუნთქვად იწოდება. ახდენს რა ადამიანის ყურადღების კონცენტრაციას თავის თავში და ღმერთში, იგი ჰგვრის  მას ჭეშმარიტ სიმშვიდეს, იწვევს გონებისა და გულის განწმენდას, სულიერი სიძლიერისა და სიმხნევის შეგრძნებას.

მოწევა დაკავშირებულია სხეულის სუნთქვასთან, იწვევს ამ გრძნობათა სუროგატს. თვით სიმბოლო ლოცვისა - კმევა კეთილსურნელოვან გუნდრუკისა - ერთობ თვალსაჩინოდ გამოხატავს საკმევლის კმევის კეთილსურნელებისა და ეშმაკის მყრალი ბალახის გამოყენების ურთიერთსაპირისპირო ხასიათს. შემთხვევითი არ არის, რომ სრულიად რუსეთის უდიდესი მლოცველი, წმიდა და მართალი იოანე კრონშტადტელი, ასეთი ძალით ამხელს თამბაქოს წევის ვნებას. „ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი... გამოსათვის, ნაწილობრივ კი სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა კი, თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, - და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მსა ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერი ხასიათს“.

მოვიყვანოთ მაგალითი ათონელი ბერის, სილუანის ცხოვრებიდან, რომელშიც ისაა საინტერესო, რომ მოძღვრის თანამოსაუბრე, დარწმუნებული მწეველი, აღიარებს ლოცვისა და მოწევის შეუთავსებლობას.

1905 წელს მამა სილუანემ რამოდენიმე თვე რუსეთში გაატარა, ხშირად დადიოდა რა მონასტრების მოსალოცად. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მატარებელში მან ერთი ვაჭრის პირდაპირ დაიკავა ადგილი, რომელმაც მეგობრული ჟესტით გახსნა თავისი ვერცხლის პორტსიგარი და შესთავაზა სიგარეტი. მამა სილუანემ მადლობა გადაუხადა და უარი განაცხადა სიგარეტის აღებაზე. მაშინ ვაჭარმა დაიწყო საუბარი: „იმიტომ ხომ არ ამბობთ მამაო უარს, რომ ამას ცოდვად თვლით? მაგრამ მოწევა ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ეხმარება; კარგია, მოსწყდე დაძაბულ სამუშაოს და რამოდენიმე წუთს დაისვენო. მოწევისას მოსახერხებელია საქმიანი თუ მეგობრული საუბრის წარმართვა და გეხმარება საერთოდ ცხოვრების მდინარებაში...“ და შემდეგაც, ცდილობდა რა დაერწმუნებინა მამა სილუანე აეღო სიგარეტი, განაგრძობდა სიგარეტის სასარგებლოდ ლაპარაკს. მაშინ მამა სილუანემ მაინც გადაწყვიტა ეთქვა: „ბატონო, ვიდრე სიგარეტს მოსწევდით, ილოცეთ, ერთი მამაო ჩვენო თქვით“. ამაზე ვაჭარმა უპასუხა: „ილოცო მოწევის წინ როგორღაც არ გამოდის“. მამა სილუანემ პასუხად შენიშნა: „მაშასადამე, ყოველი საქმე, რომლის წინ არ გამოდის აუმღვრეველი ლოცვა, სჯობს არ გავაკეთოთ“.

იმაზე, თუ როგორი ზიანი მოაქვს მოწევას ადამიანის სულისა და ხორცისათვის, აჯობებს ალბათ ღირსი ამბროსი ოპტინელის სიტყვებით ვთქვათ: „თამბაქო - წერს იგი - ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა“.

მოწევა შეიძლება ჩაითვალოს მკვლელობადაც და თვითმკვლელობადაც ორი მიზეზით: ჯერ ერთი, აბინძურებს რა გარშემო მყოფ ჰაერს თამბაქოს ბოლით, მწეველი ავტომობილის გამონაბოლქვთან და უზარმაზარი ქარხნის მილებთან ერთად, ამცირებს მის ვარგისიანობას ნორმალური სუნთქვისათვის, ამასთან არა რაღაც განქარვებადი, აბსტრაქტული კაცობრიობისა, არამედ მის უშუალო სიახლოვეში მყოფ ადამიანებისა და თუკი საწარმოო და სატრანსპორტო ნარჩენების არსებობა ჰაერში ნაწილობრივ კიდევ შეიძლება გავამართლოთ ადამიანთათვის სასარგებლო საქმიანობით, ჩვენი ბინების, ოფისებისა და სხვა ადგილების გაბოლვას ჩვენ იმ „უცოდველ“ სიამოვნებას უნდა ვუმადლოდეთ, რომელზე უარის თქმაც, რაღაც მიზეზების გამო არ ძალუძს ზოგერთს ჩვენს ახლობელთაგანს. განა ეს ნელი, თუნდაც ირიბი, მაგრამ ზიანის მოტანა არაა სხვისი ჯანმრთელობისათვის? ჩვენ არ შევჩერდებით სამედიცინო მოწმობებზე თამბაქოს ბოლის ზიანის შესახებ ყველა მისი ჩამსუნთქავისათვის. ასეთი მოწმობები უამრავია.

რა არის თამბაქო - ეს 750 სხვადასხვა ნივთიერებაა და ყველა საზიანო. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც შედის ვაგონში და აშხეფებს დიხლოფოსის ბალონიდან ჰაერში. როგორ იმოქმედებთ? თქვენ დაიწყებთ ყვირილს, რომ მოგწამლეს და მოითხოვთ ამის აკრძალვას. როდესაც შენთან ეწევიან, ხოლო შენ ცუდად ხდები და ეუბნები: „მაპატიეთ, მაგრამ ადრე იყო ასეთი ჩვეულება - ეკითხათ, შეიძლება თუ არა მოწევა“. შენ გპასუხობენ: რა ნაზბარუქა ყოფილხართ (უკეთეს შემთხვევაში). ანუ ადამიანები აქტიურად ანგრევენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

მწეველები საერთო ჯამში მუშაობენ უფრო ცუდად და ნაკლებს. მოწევით გამოწვეული პაუზების გამო, უფრო ხშირად, მძიმედ და დიდხანს ავადმყოფობენ. ისინი უფრო ადრე კვდებიან. გარდა ამისა, ხანძრების ერთი მესამედი, ეს უკვე ზუსტადაა დადგენილი, მათი მიზეზით ხდება.

მეორე მიზეზი, რომელიც ნებას გვაძლევს მოწევა მცნების „არა კაც კლას“ დარღვევად ჩავთვალოთ, სულიერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევა ვნებაა. რა არის ვნება საერთოდ და რაში მდგომარეობს ამ სიტყვის მნიშვნელობა? ვნება, მამათა ნაწერებში, ეწოდება ცოდვის მატარებელ, ბილწ მიდრეკილებას, რომელიც მისდამი ხანგრძლივი მიყოლის გამო როგორღაც შეესისხლხორცა სულს, გადაექცა ჩვევად, „მეორე ბუნებად“ და იმდენად ძლიერია სულში ამ ჩვევის მოქმედება, რომ არანაირ ყველაზე დამაჯერებელ ლოგიკურ მსჯელობასაც კი არ შეუძლია ადამიანის შეჩერება ჩვეული ცოდვილი სურვილის ასრულებისგან. არც ყველაზე ავტორიტეტულ პირთა მიერ დარწმუნებას, არც დამაბრკოლებელ გარემოებებს, ცოდვის საქმით ჩადენის ფიზიკურ შეუძლებლობასაც კი არ შეუძლია წინ გადაეღობოს ვნების ასრულებას, თუნდაც ოცნების დონეზე, რაღაც მიზეზების გამო მიუწვდომელი ცოდვილი ტკბობისა. გამოდის, რომ ადამიანი მთელ თავის ძალისხმევას, მთელ ფიქრებს, მთელ ძალასა და სურვილებს მიმართავს სიამოვნების მისაღებად, რომელზეც ჩვევის ძალითაა მიბმული მისი სული და ყველაზე ძლიერი არგუმენტი - სინდისის მოწმობა - უმოქმედო ხდება, აწყდება რა მრავალრიცხოვან, მრავალფეროვან, ყველაზე ეშმაკურ თავის მართლებათა კედელს, რომელთაც ჩვენ ვიგონებთ, რომ როგორმე არ ვაღიაროთ ჩვენი ჩვევა, ჩვენი მიჩვევა ცოდვის შემცველად, როგორადაც ჩვენ გვსურს, რომ ვიფიქროთ. ამიტომაც არის, რომ ყველანაირი არგუმენტი მოწევის წინააღმდეგ, უძლურია, ძლიერ ცოტას თუ დახმარებია მოწევის ვნებისაგან განსაკურნებლად თვით ყველაზე დამამცირებელი ფაქტებიც კი. მაგალითად ის, რომ ადოლფ ჰიტლერი მოწევას (ლოთობისა, პორნოგრაფიის დანერგვისა და აბორტების ნებადართულეობასთან ერთად) მიიჩნევდა უმძლავრეს იარაღად ხალხის დამონებისა დაპყრობილ ტერიტორიებზე: „მხოლოდ არაყი და თამბაქო“ მოუწოდებდა ის თავის 1942 წლის დეკლარაციაში.

განსაკუთრებით დამღუპველია მოწევის ვნება, თუკი იგი ყმაწვილობიდანვე გაგიჯდება. მოვიყვანოთ საუბარი ოპტინელი ბერის ნეტრარიოსისა ს.ნილუსთან მისი ბავშვობის ერთ ეპიზოდზე; სადაც იგი ყვება, თუ როგორ შეეჩვია თამბაქოს წევას დედისაგან დაფარულად:

„და აი, დედამ შეამჩნია, რომ თამბაქოს სუნი ამდის...

- შენ რა, კოლია (ერში მე ნიკოლოზი მერქვა), მოწევა ხომ არ დაიწყე? - მეკითხებოდა ხოლმე დედა.

- რას ამბობ, დედიკო, - ვეუბნებოდი მე, - არც მიფიქრია. თავად კი განზე გავძვრებოდი, ვითომდა საქმეზე... ერთი-ორჯერ გამივიდა, შემდეგ კი ჩავვარდი: ერთხელ, როგორღაც ის იყო ნასესხები თამბაქოს მოწევა დავიწყე, რომ დედიკო დამადგა თავზე დაბარებულივით.

- შენ ახლა ეწეოდი? - მეკითხება. მე ისევ:

- არა, დედიკო. რა არა, როდესაც ერთ კილომეტრზე ვყარდი თამბაქოს სუნით. დედას სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ ისეთი დამწუხრებული მზერა მესროლა, რომ მთელი გულ-მუცელი ამემღვრა. ის გამშორდა და სადღაც საქმეებზე წავიდა, მე კი ერთ მოფარებულ კუთხეში დავჯექი და უნუგეშოდ დავიწყე ტირილი იმის გამო, რომ დედა გავაბრაზე, უფრო მეტიც, არათუ გავაბრაზე, - მოვატყუე და ვიცრუე კიდეც. ვერც კი გამოვთქვამ რა მტკივნეული იყო ეს ჩემთვის! გავიდა დღე და დადგა ღამე, მაგრამ ძილი არც მიფიქრია: ვწევარ ჩემს საწოლში და სულ ვქვითინებ, ვწევარ და ვქვითინებ. დედამ გაიგონა. - შენ რა კოლია, ტირიხარ? - არა, დედიკო; - მაშ რატომ არ გძინავს?

ამ სიტყვებით დედა ადგა, აანთო სინათლე და ბალიშიც სველი მაქვს... და რომ გენახათ რა ხდებოდა ჩვენს შორის! ორივემ გული ვიჯერეთ ტირილით და შევრიგდით! ამით დამთავრდა ჩემი გართობა“ მოწევით.

ზემოთ მოყვანილ მონათხრობში გვინდა ხაზი გავუსვათ შეძრწუნებამდე მისულ განგაშს კეთილკრძალული დედისა, რომელსაც მშვენივრად ესმოდა, თუ რა დამღუპველ მახეს უმზადებს მის შვილს ვითომდა უწყინარი „გართობა“.

ამ წიგნის მიზანი ვინმეს გაკიცხვა ან შეშინება კი არაა, არამედ სურვილი იმისა, რომ დაეხმაროს ადამიანებს ამ ვნებისაგან საკუთარი თავისა და ხსვების გათავისუფლებაში. მოწევა სულიერი ვნებაა და შესაბამისი საშუალებებით იკურნება. მოვიყვანთ უდიდესი ოპტინელი მამის, ღირსი ამბროსის რჩევას. პეტერბურგის ერთ მცხოვრებს, ალექსეი სტეფანეს ძე მაიოროვს, რომელმაც მას რჩევისთვის მიმართა, თუ როგორ მიეტოვებინა მოწევა, მოძღვარი წერდა: „თქვით დაწვრილებით აღსარება მოყოლებული 7 წლის ასაკიდან დღემდე და ეზიარეთ წმიდა საიდუმლოებებს და ყოველდღე ფეხზე მდგომარემ იკითხეთ სახარება თითო თავი ან მეტი, ხოლო როდესაც სევდა გეწვევათ, ისევ იკითხეთ ან მის ნაცვლად განმარტოებით გააკეთეთ 33 სრული მეტანია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სამახსოვროდ და წმიდა სამების საპატივცემულოდ“.

ალექსი სტეფანეს ძემ წერილი წაიკითხა და მოწია პაპიროსი, მაგრამ უეცრად თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო და ამასთანავე, ზიზღი თამბაქოს ბოლისადმი და ღამით აღარ მოუწევია. მეორე დღეს ოთხჯერ დააპირა მოწევა ჩვევისამებრ, მაგრამ უკვე მექანიკურად, ბოლის გადაყლაპვაც კი აღარ შეეძლო თავის ძლიერი ტკივილის გამო და მოწევას ადვილად გადაეჩვია, მაშინ როცა წინა 2 წლის მანძილზე როგორ არ აიძულებდა თავს, მაგრამ უშედეგოდ. აი, მაშინ კი იგრძნო თავისი ავადმყოფობა და გააცნობიერა საკუთარი უძლურება ამ ვნების აღმოფხვრის საქმეში. „კეთილი ადამიანის რჩევით, - წერს მაიოროვი, - მამა ამბროსის მივმართე გულწრფელი სინანულითა და თხოვნით, ელოცა ჩემთვის. შემდეგ, როდესაც ჩავედი მასთან, რათა პირადად გადამეხადა მადლობა, იგი შეეხო ჩემს მტკივან თავს და მას შემდეგ არავითარი თავის ტკივილი აღარ მიგრძვნია“.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ სასწაულებრივი განკურნება მოწევისას წარსულის ხვედრია. ყოვლადმოწყალე უფალი ყოველ ეპოქაში მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს განკურნების მსურველთ. საოცარ ამბავს მოგვიყვა 1994 წლის 27 ნოემბერს პოკროვის მონასტრის იღუმენია დედა ოლიმპიადა. ერთმა კაცმა, რომელიც 20 წელი ეწეოდა, მიიღო სასწაულებრივი განკურნება თამბაქოს წევის დაავადებისაგან წმიდა ნეტარი ქსენია პეტერბურგელის წმინდა ნაწილებთან.

მსხვილი ფირმის დირექტორი, ლამაზი, ინტელიგენტური გარეგნობის მიხეილ მიხეილის ძე (ასე ერქვა ამ ადამიანს), მონასტრის თაყვანისმცემელი და კეთილისმყოფელია. განკურნებისას ის 35 წლის იყო. სავანეში ცხოვრობს გოგონა (ამჟამად მონაზონი). იგი ცალი ფეხით დაიბადა. ღირსი სერაფიმე საროველის წმიდა ნაწილების მეორე მოპოვების წელს (1991 წ.) იგი 10 წლისა იყო. მონაზვნები ჯგუფ-ჯგუფად ჩამოდიოდნენ ღირსი სერაფიმე საროველის ახლად მოპოვებული წმიდა ნაწილების თაყვანისსაცემად, რომლებიც მაშინ პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში განისვენებდნენ. დედებს ნასტენკას თან წაყვანა სურდათ, მაგრამ ის ხომ ვინმეს უნდა ეტარებინა, ისინი კი მას ვერ მოერეოდნენ. და აი, თავის კეთილისმყოფელს სთხოვეს, დახმარებოდა მას წმიდა ნაწილებამდე მისვლაში, ეტარებინა იგი ხელით და მხრებით.

მატარებელში მიხეილი ძალიან ხშირად გადიოდა ტაბმურში მოსაწევად. დედა ოლიმპიადა, რომელსაც ყველაფერი საუკეთესო სურდა ამ პიტივცემული ადამიანისთვის, წუხდა რა, ეუბნებოდა: „რა არის ეს მიხეილ მიხეილის ძევ, ასე ბევრს რომ ეწევით? თქვენ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი ხართ, ეწევით კი ტამბურში და უნებურად ისმენთ უჯერო საუბრებს“.

„შემინდეთ დედაო, - პასუხობდა ის, - მაგრამ მე ხომ უკვე 20 წელია ვეწევი! დღეში დაახლოებით 2 კოლოფს ვეწევი, გააჩნია როგორი სამუშაო მაქვს. როდესაც განვიცდი რამეს, ან ბევრს ვმუშაობ, უფრო ბევრს ვეწევი“.

ჩამოვიდნენ პიტერში. ღირსი სერაფიმ საროველის წმიდა ნაწილების თაყვანისცემის შემდეგ დედებმა მოინდომეს წასულიყვნენ სმოლენსკის სასაფლაოზე, წმიდა ნეტარ დედა ქსენიას საფლავთან. როგორც კი ლავრის ზღუდეს გასცდნენ, მიხეილმა დაიწყო მოწევა სიტყვებით: „მეტი აღარ შემიძლია“.

როდესაც მივიდნენ სასაფლაოზე და შევიდნენ სამრეკლოში, იქ ლოცვა მიმდინარეობდა. ლოცვის სითბო ტრიალებდა, ენთო სანთლები, კანდელები და რაც ყველაზე მთავარია, მოსულთა სულები სიყვარულისა და ჩუმი სიხარულის რაღაც განსაკუთრებულ შეგრძნებას შეეპყრო, როგორც ეს ჩვეულებრივ, ნეტარი ქსენიას წმიდა ნაწილებთან ხდება ხოლმე. დედა ოლიმპიადამ მიხეილს მიმართა: „აი, თქვენ წმიდა ნეტარ ქსენიას შემწეობა მოწევის მიტოვებაში! ის დაოჯახებულებს ძალიან ეხმარება“.

ის დაეცა მუხლებზე მარმარილოს საფლავზე, თავი ფილაზე დადო და 15 წუთი გაუნძრევლად იყო, თითქოს დავიწყებას მიცემოდა. რა გრძნობა ავსებდა ამ მაღალი წრის ადამიანს ასე მოულოდნელად ბავშვურად დამხობილს ნეტარ ქსენიას წმიდა ნაწილებთან? მიხეილმა ვერც შენიშნა, როგორ დასრულდა ლოცვა.

დედა ოლიმპიადას მთელი დღე არ უნახავს მიხეილი. მხოლოდ საღამოს მატარებელში გაოცებულმა შენიშნა, რომ ის არ გადიოდა ტამბურში მოსაწევად. დედაო დაინტერესდა: „რა მოგივიდათ?“ მიხეილმა, თითქოს რაღაცის შეეშინდაო, ტუჩებზე თითი მიიდო და ჩუმად წარმოთქვა: „ჩუ-უ-უ! დედაო, დღეს მე ჯერ არ მომიწევია“. ჩამოვიდნენ რიგაში და დამშვიდობებისას დედა ოლიმპიადა დაინტერესდა: „რა განწყობაზე ხარ?“ მან მალული ღიმილით წარმოთქვა: „მადლობა ღმერთს, ჯერ არ მომიწევია“. სამი დღის შემდეგ მიხეილმა მთელი ხმით იყვირა ტელეფონში: „მე არ ვეწევი!“ თავის კაბინეტში კი დაკიდა ფირფიტა წარწერით: „გთხოვთ, ნუ მოსწევთ!“

თანამშრომლები, რომლებიც ასევე ძველი მწეველები იყვნენ, მომხდარით გაოცებულნი მხრებს იჩეჩავდნენ, მაგრამ კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ სახლში მას თამბაქოს ბოლის მთელი ბოლქვები ელოდა, მისი ცოლის მიერ გამოშვებული, რომელმაც შეიტყო თუ არა, რა გადახდა მას პიტერში, წამოიყვირა: „მე რატომ არ წამიყვანე ნეტარ ქსენიასთან? მეც მინდა მოწევის მიტოვება და არ შემიძლია!“ ერთი წლის შემდეგ დედა ოლიმპიადამ დაურეკა მიხეილს. მან გაახარა დედაო, რომ მას შემდეგ უკვე წელიწადია არ ეწევა.

მაგრამ რამდენად შესაძლებელია ადამიანმა, რომელიც 20 წლის მანძილზე ორ-ორ კოლოფს ეწევა დღეში, ერთ წამში მიატოვოს მოწევა? ეს აშკარა სასწაულია ღვთისა წმიდა ნეტარი დედა ქსენია პეტერბურგელის შუამდგომლობითა და შემწეობით აღსრულებული!

ზოგიერთი ათონელი ბერი იმდენად რადიკალურია, მწეველ მომლოცვლებს აღსარებაზე არც კი იღებს - თვლის რა, რომ თუკი ადამიანს არ შეუძლია მოწევის მიტოვება, მაშინ როგორღა შეძლებს იგი სხვა ცოდვილ მიდრეკილებათაგან განწმენდას. მათთვის კი ვისაც მოწევა მცირე ცოდვა ჰგონია, მოვიყვათ ორ შემთხვევას, რომელიც ცხადყოფს თუ რაოდენ საძაგელია ღვთის წინაშე იგი.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგ შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღვთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა, რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშაკარა შეურაცხყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ, იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცხყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღვთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილსი „სატანის საკმეველი“ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.

სულ ახლახანს კი კიევო-პეჩორის ლავრის ბერებმა შემდეგი გამოცხადება იხილეს: მწეველებს ეშმაკები სასტიკად აწამებდნენ იმით, რომ პირში სჩრიდნენ ჩამქრალ სიგარეტებს. ცნობილია, რომ სულს, თუკი იგი არ განიწმინდა ვნებისაგან, ეს ვნება რჩება სიკვდილის შემდეგაც, მისი დაკმაყოფილების საშუალება კი ესპობა.

ყოველივე ამის შემდეგ თქვენთვის მოგვინდვია იმის განსჯა, თუ რაოდენ „პატარა“ ცოდვაა მოწევა.

მას კი ვინც გადაწყვეტს მოიშოროს ეს საშინელი ვნება, ანდა შეეწიოს თავისი ლოცვით ახლობლებს, ვთავაზობთ ლოცვებს, რომლებიც უეჭველად დაეხმარება მათ ამ კეთილ საქმეში. ლოცვა ხომ ყველაზე უფრო ქმედითი და საიმედო იარაღია ბოროტი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამეთუ „შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ“.

თარგმნა მელანია შანავა-ვეფხვაძემ