როგორ დავითმინოთ წყენა

როცა სხვა გაწყენინებს - მოითმინე; თანაუგრძნე მას, ვინც გაწყენინა, რადგანაც სცოდა. გაგანაწყენეს? ეცადე, როგორმე კეთილისკენ მიაქციო ამის ჩამდენი და თვით უჩვენე ამისი მაგალითი. აბბა პიმენი ამბობდა: „ბოროტება ვერანაირი სახით ვერ აღმოფხვრის ბოროტებას: ამიტომაც, თუ ბოროტი გიყოს ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება“.

ერთხელ დედა თეოდორამ ჰკითხა ალექსანდრიის პატრიარქს - თეოფილეს, რას ნიშნავდა მოციქულის სიტყვა: „მოივაჭრეთ ჟამი“ (ეფეს. 5,16). პატრიარქმა უპასუხა: „მოციქულის სიტყვები სარგებელზე მიუთითებენ. თუ გლანძღავენ, გამოისყიდე ეს დრო თავმდაბლობით და მიიღებ სულისთვის სარგებელს. უპატიობაში თუ იმყოფები - გამოისყიდე ეს დრო მოთმინებით და ისევ მიიღებ სარგებელს. ასე რომ, თუკი მოვიწადინებთ, ყოველი უსიამოვნება შესაძლოა ჩვენსავე სასარგებლოდ მივმართოთ“.

„...გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით“ (მთ. 5,44), - გვამცნო უფალმა.

ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა მოითმინა რა გინება, უთხრა მაგინებელს: „შემეძლო ამგვარივე გინებით მეპასუხა, მაგრამ ღვთის კანონი საცოს სდებს ჩემს ბაგეებს“.

ერთმა ბერმონაზონმა, აბბა პიმენს ჰკითხა: „რის გაკეთებას მირჩევ, მამაო?“ - „იყავი იმისი მეგობარი, ვინც გაწყენინებს“, - უპასუხა ბერმა.

წმიდა აბბა დოროთე ასე გვასწავლის: „გწამდეს, რომ უპატიობა და ყვედრება წამალია სულისათვის, რომელიც შენი სულის სიამაყეს კურნავს. ილოცე შენი მაყვედრებლებისათვის, როგორც ჭეშმარიტი ექიმებისათვის. ვინც მაგინებელს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს“.

თუკი გრძნობ, რომ მწუხარება და რისხვა გეუფლება, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, შეინარჩუნე მდუმარება და მანამდე არ დაძრა სიტყვა, სანამ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ელაპარაკო მას, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენა.

თარგმნა მღვდელმა მიქაელ გალდავამ
„საუბრები სულიერი ცხოვრების შესახებ“, თბილისი, 2003 წ.