ცხრანი მოწამენი, წამებულნი პერგეს პამფილიისასა: ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე (II)

1 (14) აგვისტო

წმიდა მოწამენი ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე პამფილიის პერგეში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდა მინეონი ხურო იყო, სხვები კი მიწათმოქმედებით მოიპოვებდნენ არსობის პურს. როცა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მარტვილები ქრისტესთვის მოწამეობის სურვილით აღენთნენ და წარმართული ქალღმერთის, არტემიდეს სამსხვერპლო შემუსრეს. ამისთვის მათ საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი ცირკში მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. მოწამეთა ლოცვით მოთვინიერებული ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. გაოცებულმა ხალხმა იგრიალა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა!“ უეცრად საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მეხი და ცეცხლი ერთად ეხეთქებოდა მიწას. ზეციდან გაისმა ხმა, რომელიც ნეტარებს ცათა სასუფევლისაკენ მოუწოდებდა. სულით განმხიარულებულმა ქრისტეს ტარიგებმა მადლობა შესწირეს უფალს, ნებსით მოუდრიკეს ქედი მახვილს და მოწამეობრივი გვირგვინებით შემკულნი შეუერთდნენ ზეციურ ეკლესიას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.