ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)

8 (21) აგვისტო

წმიდა ექვთიმე იყო გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი. მონასტრის სიგელ-გუჯრები მას „მრავალღვაწლმშრომელად“ მოიხსენიებს.

იოანე ბატონიშვილის ცნობით, ექვთიმე იყო „კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე. ამან ფრიად იღვაწა მონასტრისათვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი; აღაშენა უცხო ვენახი და წისქვილნი... მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა ნივთნი, ეგრეთვე მამულნიცა“. მისი კურთხევით სავანეში ითარგმნებოდა დიდძალი სასულიერო ლიტერატურა, იწერდნენ იშვიათ საგნებს.

იოანე ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ წმიდა ექვთიმემ შეასწავლა „რაოდენთამე მოწაფეთა ფილოსოფია და ღვთისმეტყველებაჲ“.

წმიდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმიდა ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან საბა მიბრძანა მე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს უღირს ექვთიმის აღწერად მუჴლედნი „გიხაროდენ“ საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი“.

1797 წელს თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. მცხოვრებლები ტყეებსა და ხეობებში გაიხიზნენ. კლდის ნაპრალებიდან გამოსული უდაბნოს მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინნენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს: ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ მათ. როგორც ბევრ სხვა სიკეთეს, ამ საქმესაც წმიდა ექვთიმე ხელმძღვანელობდა.

წმიდა ექვთიმე 1804 წელს აღესრულა მშვიდობით.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, „მრავალღვაწლშემოსილი“ ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ექვთიმე წინამძღვარი“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.