ღირსი გრიგოლ სინელი (XIV)

8 (21) აგვისტო

ღირსი გრიგოლ სინელი დაახლოებით 1268 წელს დაიბადა ზღვისპირა დაბა კლაზომენში (სხვა წყაროებით - კუკულში) ქალაქ სმირნის (მცირე აზია) მახლობლად, შეძლებულ ოჯახში. 1290 წელს აგარიანებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს და ლაოდიკიაში გაგზავნეს. როცა განთავისუფლდა, ღირსმა მამამ კუნძულ კვიპროსს მიაშურა, სადაც ბერად შედგა, შემდეგ სინას მთაზე გადავიდა სამოღვაწეოდ და დიდი სქიმა შეიმოსა. ნეტარი მზარეულისა და ხაბაზის მორჩილებას აღასრულებდა, მაგრამ, ამასთან, ხელოვანი კალიგრაფიც იყო, ბევრს კითხულობდა, საფუძვლიანად იცნობდა წმიდა წერილსა და მამათა შრომებს. მისი მკაცრი, ასკეტური ცხოვრება - მარხვა, ღამისთევები, ფსალმუნება, ლოცვა - ზოგს აოცებდა, სხვებს კი შურით აღავსებდა. ღირსმა გრიგოლმა დატოვა მონასტერი და იერუსალიმის წმიდა ადგილთა მოსალოცად გაეშურა. გარკვეული ხნის მანძილზე იგი კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. შემდეგ მან მოინახულა ათონის ყველა სავანე და ბერმონაზვნური მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებასაც ეზიარა.

წმიდა მამამ სულის სასარგებლო მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც შესანიშნავი საგალობლების ავტორი. უფლის სათნომყოფელი წმიდა მამა 1310 წელს (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1346 წელს) მიიცვალა მაკედონიის მთებში, მის მიერვე დაფუძნებულ სავანეში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.