ღირსი ალიპი, პეჩორელი ხატმწერი (+დაახლ. 1114)

17 (30) აგვისტო

ღირსი ალიპი პეჩორელი, ერთ-ერთი პირველი რუსი ხატმწერი, სიყმაწვილეშივე აღიკვეცა ბერად კიევო-პეჩორის მონასტერში. ხატწერას იგი დაეუფლა ბერძენი ოსტატებისაგან, რომლებიც 1083 წლიდან პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვაზე მუშაობდნენ. ღირსი ალიპი ხატებს უსასყიდლოდ წერდა. თუ შეიტყობდა, რომ რომელიმე ეკლესიაში ხატები დაძველდა, მიჰქონდა და ანახლებდა. თუ ზოგჯერ გასამრჯელოს გადაუხდიდნენ, ღირსი მამა მის ერთ ნაწილს საჭირო მასალის შესყიდვას ახმარდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისთვის. წმიდა ალიპი არასოდეს რჩებოდა უქმად და ხატწერას მხოლოდ ღვთისმსახურების დროს წყვეტდა. იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი სასწაულთქმედებით: ნეტარმა ხატებისათვის შემზადებული საღებავების ჭრილობებზე ცხებით განკურნა ერთი კიეველი, რომელიც კეთრს შეეპყრო და ხორცის ლპობაც დასწყებოდა. ცნობილია შემთხვევები, როცა ღირს ალიპის თავის წმიდა საქმეებში ანგელოზები შეეწეოდნენ. კიევის ერთმა მკვიდრმა ტაძარი ააგო და ორ პეჩორელ ბერს სთხოვა, ხატები შეეკვეთათ მისთვის. ბერებმა დაივიწყეს თხოვნა და წმიდანს არაფერი უთხრეს. კიეველი დიდხანს ელოდა შეკვეთის შესრულებას, ბოლოს კი იღუმენთან უჩივლა ნეტარს; მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ ალიპიმ არაფერი იცოდა შეკვეთის შესახებ, მაგრამ როცა ბერებისთვის გამოტანებული დაფები მოიტანეს, მასზე უკვე მშვენიერი ხატები აღმოჩნდა გამოსახული. ამ კიეველის მიერ აგებული ტაძარი შემდგომში დაიწვა, მაგრამ ხატებს არაფერი დაშავებია. ერთი მათგანი - ღვთისმშობლის მიძინების ხატი, რომელსაც შემდგომ ვლადიმირ-როსტოვისა (ხს. 15 აგვისტოს) ეწოდა, დიდმა მთავარმა ვლადიმირ მონომახმა გადააბრძანა როსტოვში, მის მიერ აგებულ საყდარში.

ნეტარი ალიპი მიიცვალა 17 აგვისტოს, არა უგვიანეს 1114 წლისა. უფლის რჩეული ახლო მღვიმეებში დაკრძალეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.