წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა
ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე (+დაახლ. 302)

19 (01.09) აგვისტო

წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცის, ძლევამოსილებისა და სამართლიანობისთვის ანდრია ყველას ძლიერ უყვარდა. როცა სპარსელთა ურიცხვმა მხედრობამ სირიის საზღვრები გადალახა, მმართველმა ანტიოქოსმა მომხდურებთან ბრძოლის ხელმძღვანელობა სწორედ მას დაავალა. ბრძოლის წინ წმიდანმა ასე მიმართა თავის მცირერიცხოვან მხედრობას: წარმართული ღმერთები - ეშმაკებია და მათგან შემწეობის მოლოდინი ამაოაო, და უქადაგა ქრისტე, ყოვლადძლიერი მეუფე ზეცისა და ქვეყანისა. სტრატილატის სიტყვებით სულიერ თვალებახელილმა მებრძოლებმა მაცხოვრის სახელი ახსენეს და ისე ეკვეთნენ მტერს. შედეგად - მცირე რაზმმა სპარსთა უთვალავ სპას სამარცხვინო დამარცხება აგემა და ქვეყნიდან განდევნა. ამ ლაშქრობამ წმიდა ანდრიას სახელი ბრწყინვალე დიდებით შემოსა. მოშურნეებმა მმართველს მოახსენეს, რომ იგი ქრისტიანი იყო და თავისი რაზმიც ქრისტიანობაზე მოაქცია. წმიდანი სამსჯავროზე იხმეს და საწამებლად გადასცეს. წამების შემდეგ მმართველმა ანტიოქოსმა წმიდანი სხვა მხედრებთან ერთად საპყრობილეში ჩაყარა და დიოკლეტიანეს აუწყა მომხდარის შესახებ - თავად ვერ გაბედა სახელგანთქმული გმირის სიკვდილით დასჯა. უსჯულო თვითმპყრობელმა იცოდა, თუ როგორ უყვარდა ლაშქარს წმიდა ანდრია, შეეშინდა ამბოხისა და ბრძანა, გაეთავისუფლებინათ მოწამეები, შემდეგ კი სხვადასხვა საბაბით ცალ-ცალკე მოეკლათ.

საპყრობილიდან გამოსულმა აღმსარებლებმა ქალაქ ტარსოსს მიმართეს და აქ ადგილობრივი მღვდელმთავრის, პეტრესა და ბერიის ეპისკოპოსის, ნონეს ხელით ნათელიღეს. შემდგომ ქრისტეს ტარიგებმა ტაქსანატად წოდებულ ადგილას გადაინაცვლეს. ანტიოქოსმა კილიკიის ოლქის მმართველ სელევკუსს ამცნო, დასწეოდა მეომრებს და თითქოსდა საბრძოლო დროშების დატევებისათვის, ყველანი ამოეჟლიტა. წმიდა ანდრია თავისი რაზმით მდევარს სომხეთის სანახებში, ქალაქ ტაბრში დაბანაკებული დაუხვდა - გამოცხადების მიხედვით ისინი სწორედ აქ უნდა აღსრულებულიყვნენ მოწამეობრივად. ანდრიამ თავის მხედრებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ სიკვდილის; ილოცა ყველასათვის, ვინც მათ ხსოვნას პატივს მიაგებდა და უფალს შესთხოვა, მაკურნებელი წყარო აღმოეცენებინა იმ ადგილას, სადაც მათი სისხლი დაიღვრებოდა. ამ ლოცვის დროს მოწამეები, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მომხდურთ, მახვილებით აჩეხეს (+დაახლ. 302). იმავ წამს მიწიდან მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა. ეპისკოპოსები პეტრე და ნონე ღვთისმსახურებთან ერთად ფარულად მიჰყვებოდნენ ნეტარი ანდრიას რაზმის კვალს. უფალმა სწორედ მათ არგუნა მარტვილთა წმიდა ცხედრების დაფლვა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.