მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი (+270-275); ღირსი ანთუსა (+დაახლ. 298)
და მსახურნი მისნი - წმიდა მოწამენი ქარისიმე და ნეოფიტე (III)

22 (04.09) აგვისტო

მღვდელმოწამე ათანასეს, კილიკიის ტარსოსის ეპისკოპოსს, რომელმაც ნათელსცა ღირს ანთუსას, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) მეფობაში მოჰკვეთეს თავი. ანთუსა სირიის ქალაქ სელევკიაში მცხოვრები დიდგვაროვანი წარმართების ასული იყო. როცა ქრისტეს სწავლებას გაეცნო, იგი თავისი ძიძის მონახულების საბაბით მღვდელმთავარ ათანასესთან გაემგზავრა და მოინათლა. მშობლები საშინლად განარისხა ასულის ქრისტიანობაზე მოქცევამ. მაშინ ნეტარი წმიდა ათანასეს ხელით მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქრისტეს მხევალი აქ ოცდასამი წელი მოსაგრეობდა, ბოლოს კი, III საუკუნის მიწურულს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირს ანთუსასთან ერთად მოინათლნენ მისი მსახურები - ქარისიმე და ნეოფიტე, რომელთაც მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.