ღირსი ევტიქი (+540) და ფლორენტი (+547)

23 (05.09) აგვისტო

ღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოსაგრეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქიმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ მას სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. წმიდანი დათანხმდა, მაგრამ ამის შემდგომაც განაგრძობდა ზრუნვას უწინდელ სამოღვაწეო ადგილზე, სადაც მისი თანამოსაგრე ფლორენტი დარჩა.

ღირსი ფლორენტი უამრავ სასწაულს აღასრულებდა: მოათვინიერა დათვი, რომელიც ემსახურებოდა, ცხვრებს მწყემსავდა, წყალს ეზიდებოდა და მოძღვრის სხვა კურთხევებსაც აღასრულებდა. წმიდა ევტიქი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულთქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის სამოსელთან კურნებები აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებს და უფალიც წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი კი - 547 წლის 1 ივნისს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.