ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი,
თამარ მეფის თანამედროვე(XIII)

1 (14) აპრილი

ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“.

ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში.

ღირსმა იოანემ გამუდმებული სულიერი მოღვაწეობით, განუწყვეტელი ლოცვით და ღვთივსათნო ცხოვრებით უფლისაგან ბრძნადმეტყველების მადლი მიიღო.

როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა „იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“.

აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. ღირსმა იოანე შავთელმა მეფეს უთხრა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“

ევლოგი სალოსმა იოანე შავთელს განუცხადა საიდუმლო. ღვთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესთვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერი ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას - „მყის წარვიდა პირისაგან მათისა და დაიმალა“.

წმიდა იოანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობელად დაწერა „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა „აბდულ-მესიანი“ (ქრისტეს, მესიის მონა).

ღირსი იოანე შავთელი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდანთა დასში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე შავთელს იხსენიებს ორჯერ: 1 აპრილს, ევლოგი სალოსთან ერთად და 9 ივნისს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.