მოწამე კალიოპე (+304)

7 (20) აპრილი

წმიდა მოწამე კალიოპე (+304) - დაიბადა პამფილიის ქალაქ პერღამში. მისი მამა ცნობილი სენატორი იყო. დედა კი - ღვთისმოსავი ქალი თეოკლია. თეოკლიას დიდხანს არ ჰყავდა შვილი და მხურვალე ლოცვებით ევედრებოდა უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ძე უბოძა, მაგრამ ძის დაბადების შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა თეოკლიამ შვილი ქრისტიანულად აღზარდა.

მალე დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. თეოკლიამ გაიგო, რომ მისი შვილიც დაბეზღებული იყო წარმართებთან და კილიკიაში გაგზავნა. როდესაც წმიდანი კილიკიაში ჩავიდა, ქალაქში წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ. ჭაბუკს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო ნადიმში. წმიდა კალიოპემ უარი განაცხადა და აშკარად აღიარა ქრისტე. ქალაქის მმართველმა მაქსიმმა კალიოპეს აღუთქვა, რომ თავის ასულს მისცემდა ცოლად, თუ კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. უარის მიღების შემდეგ მაქსიმმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ჭაბუკი. წმიდანი ხარის გამხმარი ძარღვებით ცემეს, შემდეგ რკინის ბორბალზე გადააკრეს და ნელ ცეცხლში დაუწყეს წვა, ბოლოს ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს.

როდესაც თეოკლიამ შვილის ამბავი გაიგო, ანდერძი დატოვა, მონები გაანთავისუფლა, ქონება გლახაკებს დაურიგა და შვილთან წავიდა საპყრობილეში, დარაჯებს ფული მისცა, საკანში შევიდა და გაამხნევა შვილი.

მეორე დღეს მაქსიმმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრათ ჭაბუკი. დასჯის დღე დაემთხვა დიდ ხუთშაბათს.

თეოკლიამ დარაჯებს სთხოვა, თავდაღმა მიელურსმნათ შვილი ჯვარზე, რადგან მას მაცხოვრის მსგავსად აღსრულების ღირსად არ თვლიდა. მისი თხოვნა შეასრულეს. წმიდა მოწამე დიდ პარასკევამდე ჯვარზე ეკიდა და გარდაიცვალა მაცხოვრის ჯვარცმის დღეს.

ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილის ცხედარი დედამ გულში ჩაიკრა, მაცხოვარს მადლობა შესწირა და თვითონაც უფალს მიაბარა სული. ქრისტიანებმა დედა-შვილის ცხედრები ერთად დამარხეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.