მოწამე თომაიდა ეგვიპტელი (+476)

13 (26) აპრილი

წმიდა მოწამე თომაიდა მეგვიპტელი (+476) - ცხოვრობდა ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში. წმიდანს ძალიან უყვარდა საღვთო წერილის კითხვა. თხუთმეტი წლის თომაიდა ქრისტიან მეთევზეზე გაათხოვეს. ყოველგვარი სათნოებით შემკული ქალი ყველას ძალიან უყვარდა.

ეშმაკის ჩაგონებით წმიდა თომაიდას მამამთილი მისი სილამაზით მოხიბლა და, როდესაც შვილი სათევზაოდ იყო წასული, თავისი ყოვლადბილწი განზრახვის განხორციელება მოინდომა. წმიდანი საშინელ სამსჯავროს და ცოდვილთა დასჯას მოაგონებდა ვნებისაგან გონდაკარგულ მოხუცს, მაგრამ ვერაფერს გაჭრა. რძლის სიმტკიცით გამძვინვარებულმა მახვილს დასტაცა ხელი და ქალს დაემუქრა. წმიდანმა უპასუხა: „ორადაც რომ გამაპო, ღვთის მცნებას არ დავარღვევ“. ვნებით დაბრმავებულმა მამამთილმა მახვილით განგმირა წმიდანი. წმიდა თომაიდა ღვთის მცნების დაცვისთვის მოწამეობრივად აღესრულა 476 წელს.

მკვლელს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს - დაბრმავდა და კარებს ვერ მიაგნო. დილით, როცა ქმრის მეგობრები მოვიდნენ, სახლში იპოვეს წმიდა მოწამის გაცივებული გვამი და გასისხლიანებული, დაბრმავებული მამამთილი.

ამ ხანებში ალექსანდრიაში უდაბნოდან ჩამოვიდა ღირსი დანიელი. მან ოქტოდეკადის მონასტრის ბერებს მოუწოდა, წმიდა თომაიდას გვამი მონასტრის საძვალეში დაემარხათ. ზოგიერთი ბერი გაოცებული იყო და კითხულობდა, როგორ შეიძლებაო ქალის დამარხვა ბერებთან. ღირსმა დანიელმა თქვა, რომ „თომაიდა სიწმიდისთვის დაღუპული დედაა“. წმიდანის დამარხვის შემდეგ დანიელი უდაბნოში დაბრუნდა. მალე მასთან მივიდა ერთი ახალგაზრდა ბერი და უთხრა, რომ ხორციელი ვნებები ტანჯავდა. ღირსმა დანიელმა მას ურჩია, წმიდა თომაიდას საფლავთან ელოცა. ბერმა მოძღვრის რჩევა აღასრულა. ლოცვისას უნებურად ჩაძინებულს გამოეცხადა წმიდა მოწამე, რომელმაც უთხრა: „მამაო, მიიღე კურთხევა და წარვედ მშვიდობით“.

გამოღვიძებულმა ბერმა სიმშვიდე და სიხარული იგრძნო. ამის შემდეგ ის ხორციელ ვნებებს არ შეუწუხებია.

მოგვიანებით წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში, დედათა ერთ-ერთ მონასტერში გადაასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.