მოწამე იოანე ახალი (+1526)

18 (01.05) აპრილი

წმიდა მოწამე იოანე ახალი (+1526) დაიბადა საბერძნეთში, ქალაქ იანინში. დაობლების შემდეგ წმიდა იოანე კონსტანტინეპოლში წავიდა. მშობლების დანატოვარი თანხით ქალაქის ბაზარში პატარა დუქანი იყიდა და ხელოსნობა დაიწყო.

წმიდა იოანე შრომისმოყვარე იყო, პატიოსნად ასრულებდა ყველა შეკვეთას და საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ მისი სული ზეცათა სასუფეველს მიელტვოდა.

წმიდა იოანე მძიმე დროში ცხოვრობდა. კონსტანტინეპოლი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანები ძლიერ იდევნებოდნენ. მრავალი ქრისტიანი ხელოსანი და ვაჭარი გამაჰმადიანდა. წმიდა იოანე მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საყვედურობდა განდგომილებს, რისთვისაც მათ მოიძულეს წმიდანი და მისი დაღუპვა განიზრახეს. იოანემ ეს იცოდა, მაგრამ არ ეშინოდა, რადგან, ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებული, თვითონვე ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის.

დიდ პარასკევს წმიდა იოანე თავის სულიერ მოძღვართან წავიდა და კურთხევა სთხოვა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. მღვდელმა ჭაბუკს ურჩია, თავი გამოეცადა და ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყო წამებისათვის. წმიდა იოანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, განემტკიცებინა იგი. წმიდანმა დიდ შაბათს ძილში იხილა, რომ ცეცხლოვან ღრუბელზე იდგა და გალობით განადიდებდა უფალს. ეს ხილვა მან მოწოდებად მიიღო, უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მოძღვარს კვლავ სთხოვა კურთხევა.

ბაზარში მისულ წმიდა იოანეს ხელოსნებმა ქრისტიანობისთვის ყვედრება დაუწყეს. პასუხად წმიდანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო და არასოდეს უარყოფდა თავის სარწმუნოებას. მაშინ რჯულის მოღალატეებმა სასამართლოში დააბეზღეს წმიდა მოწამე. მსაჯულები ცდილობდნენ გადაებირებინათ იგი, მაგრამ წმიდა იოანემ მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. წმიდანს რამდენიმე დღე უმოწყალოდ ცემდნენ, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. წმიდა იოანე სიხარულით შეხვდა განაჩენს, აგიზგიზებულ კოცონზეც სიხარულით ავიდა. მაგრამ ჯალათებმა ცეცხლიდან გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, გვამი კი კვლავ კოცონში შეაგდეს.

ქრისტიანებმა შეაგროვეს წმიდანის ძვლები და სასოებით დაკრძალეს ტაძარში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.