ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695)

20 (03.05) აპრილი

ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695) დაიბადა VI საუკუნის ბოლოს, მიიღო ბრწყინვალე საერო განათლება, რომელიც ღვთისმეტყველების შესწავლით დაასრულა.

ღირსი ანასტასი სიყრმეში აღიკვეცა ბერად, შემდგომ იერუსალიმს გაემგზავრა და სინას მთაზე დაეყუდა. ამ დროს სინას მთის იღუმენი იყო ღირსი იოანე კიბისაღმწერელი (ხს. 30 მარტს), რომელსაც შეენაცვლა მისი ძმა, გიორგი. გიორგის შემდეგ საძმოზე ზრუნვა ღირს ანასტასის დაევალა.

ნეტარმა მამამ დიდი ღვაწლი გასწია აკათელიტების ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც IV მსოფლიო კრების (451) მიერ დადგენილ ქრისტეს ორ ბუნებრიობას უარყოფდა. მართლმადიდებლობის ქადაგებით ღირსმა ანასტასიმ მოიარა ეგვიპტე, არაბეთი, სირია. მონოფიზიტებთან საბრძოლველად მან თავის მოწაფეებს დაუტოვა კითხვა-მიგების ფორმის, 24 თავისაგან შემდგარი სახელმძღვანელო სახელწოდებით - „გზამკვლევი“. ღირსი ანასტასი პაექრობდა ებრაელებთანაც. ჩვენამდე მოაღწია წმიდა მამის თხზულებამ „თარგმანებანი ექვსთა დღეთა“ (12 წიგნი), სიტყვებმა, სწავლებებმა, წმიდანთა ცხოვრებებმა და საღვთო წერილის ადგილთა განმარტებებმა.

ღირსი ანასტასი სინაელი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (+დაახლ. 695).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.