მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305)

21 (04.05) აპრილი

მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი, მოწამენი ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (305) იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნილობის დროს აღესრულნენ ქრისტესთვის.

წმიდა იანუარი შეიპყრეს და მიჰგვარეს კამპანიის (შუა იტალია) მმართველ ტიმოთეს. მტკიცე აღმსარებლობისათვის წმიდა ეპისკოპოსი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ბაბილონელ ყრმათა მსგავსად უვნებლად გამოვიდა ცეცხლიდან. ამის შემდეგ წმიდა მოწამე შეკრეს და სასტიკად ცემეს.

წამების ადგილას თავმოყრილ ბრბოში იდგნენ წმიდა დიაკონი ფავსტო და წმიდა დოსითეოზ მკითხველი, რომლებიც, ეპისკოპოსის ტანჯვის შემყურენი, გულისტკივილს ვერ მალავდნენ და ტიროდნენ. წარმართები მიხვდნენ, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ და მღვდელმოწამე იანუართან ერთად ქალაქ პუტეოლას ციხეში ჩაყარეს. ციხეში მათ დახვდნენ ქრისტიანობისთვის დევნილნი, წმიდა დიაკონნი: სოსიოს და პროკული და ერისკაცები: წმიდა ევტიქი და აკუტიონი.

მეორე დილით ყველა ქრისტიანი ცირკში წაიყვანეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მათ პირი არ დააკარეს. ტიმოთემ განაცხადა, რომ ეს სასწაული ქრისტიანთა ჯადოქრობით აღესრულებოდა. მკრეხელს დაატყდა თავს ღვთის რისხვა: იგი დაბრმავდა და სასოწარკვეთილმა შემწეს უხმო. მღვდელმოწამე იანუარმა ილოცა ტიმოთეს განკურნებისთვის და მას თვალები აეხილა, მაგრამ სულიერად მაინც ბრმად დარჩა: კვლავ გამძვინვარებული აბრალებდა ქრისტეს აღმსარებლებს ჯადოქრობას. მმართველის ბრძანებით ეპისკოპოსი იანუარი, დიაკონნი: ფავსტო, პროკული და სოსიოს, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს (+305).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.