მოწამენი: თეოდორე და დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოგრაფტი და დიონისე (II)

21 (04.05) აპრილი

წმიდა მოწამენი თეოდორე, დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოგრაფტი და დიონისე (+დაახლ. 138-161) აღესრულნენ იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. როცა სამხედრო სამსახურისთვის ლამაზ და ჯანმრთელ ყმაწვილებს არჩევდნენ, სხვებთან ერთად მხედართმთავარ თეოდორიტეს მიჰგვარეს ჭაბუკი თეოდორეც.

მხედართმთავარმა ჭაბუკს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, მაგრამ იგი არც რჩევას დამორჩილდა და არც მუქარას. თეოდორიტემ ბრძანა, წმიდანი გახურებულ ქვაბში ჩაესვათ და ადუღებული ფისი გადაესხათ, მაგრამ, როგორც კი ბრძანებით შესრულება დაიწყეს, მოხდა სასწაული: მიწა იძრა და ნაპრალიდან ამოხეთქილმა წყალმა ცეცხლი ჩააქრო. უვნებლად გადარჩენილი წმიდა თეოდორემ ღმერთი ადიდა და მხედართმთავარს შესთავაზა, კერპების მეშვეობით გაემეორებინა ეს სასწაული.

თეოდორიტემ წარმართ ქურუმ დიოსკორეს მოსთხოვა, გახურებულ ქვაში ჩაწოლილიყო და მხსნელად ზევსისთვის მიემართა. წმიდა დიოსკორემ უპასუხა, რომ მან უკვე ქრისტე იწამა და მზადაა ზევსის კერპი ცეცხლში ჩააგდოს. გაბრაზებულმა მხედართმთავარმა კვლავ ქვაბში ჩაწოლა უბრძანა აწ უკვე ქურუმყოფილს. მაშინ მოწამე დიოსკორე ფეხებში ჩაუვარდა წმიდა თეოდორეს და სთხოვა, ელოცა მისთვის, თვითონ კი ქვაბში ჩადგა ფეხი ლოცვით: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ შემრაცხე მონათა შენთა თანა. მიიღე მშვიდობით სული ჩემი“.

წმიდა თეოდორე ველურ ცხენებს გამოაბეს და ათრევინეს. ქალაქის კედლებთან რბევისგან ქანცგამწყდარი ცხენები დავარდნენ, მოწამე კი უვნებლად გადარჩა. ორმა მხედარმა - სოგრაფტიმ და დიონისემ იხილეს, თუ როგორ აამაღლა წმიდა თეოდორე ზეციდან გადმოსულმა ცეცხლოვანმა ბორბალმა. მათ გაოცებისაგან შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანთა!“ ახალი აღმსარებლები მაშინვე დაიჭირეს და მეორე დღეს წმიდა თეოდორესთან ერთად გახურებულ ქვაბში ჩაყარეს. ზეციურმა ცვარმა ქვაბი გააგრილა და წმიდანები უვნებლად დაიცვა. დილით მხედართმთავარმა ჯარისკაცებს უბრძანა, მოწამეთა დამწვარი ძვლები ქვაბიდან გადმოეყარათ, მაგრამ გაოცებულმა მსახურებმა თეოდორიტეს აუწყეს, რომ ჭაბუკები უვნებელნი იყვნენ. სასწაულებრივ გადარჩენილ წმიდა თეოდორესთან მივიდა დედა - ფილიპია და გაამხნევა.

თედორიტემ ქალს ურჩია, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის და ამით შვილი გადაერჩინა. წმიდა ფილიპიამ კი უპასუხა, ძის შობამდე მაუწყაო უფალმა, რომ იგი ჯვარზე აღესრულებოდა. მაშინ თეოდორიტემ ბრძანა, თეოდორე ჯვარზე გაეკრათ, სხვებისთვის კი თავი მოეკვეთათ.

წმიდა მოწამე თეოდორე სამი დღე ეკიდა ჯვარზე და სულის ამოხდომამდე უფალს განადიდებდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.