წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (1867)

30 (13.05) აპრილი

წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (1867) (ერობაში - დიმიტრი 1807 წლის 6 თებერვალს დაიბადა ვოლოგდის გუბერნიის სოფელ პაკროვსკოში, დიდგვაროვანთა ოჯახში. წმიდანის მამას ალექსანდრე ერქვა, დედას - სოფია. პატარა დიმიტრის სიყრმიდანვე უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა და ლოცვა; ეკლესიაში ხშირად დადიოდა, ესწრებოდა წირვა-ლოცვას. 1822 წელს 16 წლის დიმიტრი მამამ სანკტ-პეტერბურგში წაიყვანა მთავარ საინჟინრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ დაახლოებით ორი წელი იმსახურა სპეციალობით. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი სანუკვარი ოცნება იყო, ღვთისმსახურებისთვის შეეწირა თავი, მაგრამ მის გადაწყვეტილებას დიდი გამოცდა ელოდა წინ. იმპერატორმა ნიკოლოზმა დიმიტრის განზრახვა რომ შეიტყო, თავის ძმას - მიხეილს დაავალა, გადაეფიქრებინა მისი საყვარელი აღზრდილისათვის სამსახურის დატოვება და ბერად აღკვეცა. 19 წლის დიმიტრი დიდი თავადის წინაშე წარსდგა, რომელმაც მეფის გვარდიაში სამსახური შესთავაზა, მაგრამ მომავალი წმიდანი მყარად იდგა თავის აზრზე. მაშინ დიმიტრი მისი სურვილის წინააღმდეგ დინაბურგის საინჟინრო რაზმში გადაიყვანეს. როცა იმპერატორის ძმამ იგი მოინახულა, დარწმუნდა მის ავადმყოფობაში და ნება დართო, გადამდგარიყო. დიმიტრი მაშინვე გაემგზავრა თავის მოძღვარ მამა ლეონიდესთან ალექსანდრო-სვირსკის მონასტერში. მამა ლეონიდე ამ მონასტრიდან პლოშჩანის უდაბნოში გადავიდა, სადაც დიმიტრიც გაჰყვა. ცოტა ხანში იგი ოპტინის უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, და მალე თავის მეგობარ ჩიხაჩოვთან ერთად ნოვოოზერსკის მონასტერში გაემგზავრა, სადაც დიდხანს აღარ დასცალდათ ყოფნა, რადგან იქაური მძიმე პირობების გამო ორივენი დასნეულდნენ და დიმიტრის ოჯახში დაბრუნება მოუწია.

როცა ცოტა მომჯობინდა, ვოლოგდის ეპისკოპოსის - სტეფანეს ლოცვა-კურთხევით წმიდანი სემიგოროდის უდაბნოში დასახლდა, შემდეგ კი გადავიდა დიონისევო-გლუშიცკის მონასტერში.

1831 წელს ეპისკოპოსმა სტეფანემ იგი ბერად აღკვეცა ეგნატეს სახელით. იმავე წელს ივნისში ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, სულ მოკლე ხანში კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1833 წელს იგი იღუმენის ხარისხში აიყვანეს. მამა ეგნატეს მოღვაწეობა ცნობილი გახდა პეტერბურგში, იგი გამოიძახეს დედაქალაქში და წმიდა სერგის უდაბნოს წინამძღვრად დაადგინეს უკვე არქიმანდრიტის ხარისხში.

1838 წელს არქიმანდრიტი ეგნატე პეტერბურგის ეპარქიის ყველა მონასტრის ბლაღოჩინად დაინიშნა. გარეგნულად მოუცლელი ცხოვრების მიუხედავად იგი შინაგანად ასკეტ მეუდაბნოედ რჩებოდა. წმიდა სერგის უდაბნოს განმარტოებულ კელიაში მამა ეგნატე მღვიძარებაში, ლოცვასა და სინანულში ატარებდა ღამეებს.

1847 წელს მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი სამკურნალოდ გაემგზავრა ნიკოლაევო-ბაბაევოს მონასტერში.

მამა ეგნატეს ნაცნობთა წრე საკმაოდ ფართო იყო: ეპისკოპოსები, ბერები, უბრალო ერისკაცები რჩევისათვის მიმართავდნენ მას. იგი საზოგადოების ყველა ფენაში იყო ცნობილი. მიმოწერა ჰქონდა მაღალ არისტოკრატიასთან. დღეისათვის მისი 800 წერილია ცნობილი.

წლები გადიოდა. მამა ეგნატეს ფიზიკური ძალები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, 1857 წელს პეტერბურგის მიტროპოლიტმა გრიგოლმა არქიმანდრიტ ეგნატეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წმიდა სინოდმა მას კავკასიისა და შავიზღვისპირეთის ეპარქია ჩააბარა. მოკლე ხანში ეპისკოპოსი ეგნატე სტავროპოლს გაემგზავრა, რათა ეპარქიის მართვას შესდგომოდა. აქ მან 4 წელი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო თავისი სამწყსოსათვის. მძიმე ავადმყოფობის გამო 1861 წელს ეპისკოპოსმა ეგნატემ თხოვნით მიმართა წმიდა სინოდს, მიეცათ მისთვის უფლება გადამდგარიყო ეპარქიის მართვა-გამგებლობიდან და ბაბაევოს მონასტერში წასულიყო.

განმარტოებული ცხოვრების წლები მეუფე ეგნატემ ამ მიყრუებულ სავანეში გაატარა. აღადგინა თითქმის დაქცეული მონასტერი და ააშენა ახალი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ეპისკოპოსი ეგნატე ნაყოფიერი სასულიერო მწერალიც იყო. მისი ავტორიტეტი ძალზე დიდია მართლმადიდებლურ სამყაროში.

1867 წლის 16 აპრილს სნეულებებით დაუძლურებულმა ეპისკოპოსმა უკანასკნელად სწირა, ამის შემდეგ საერთოდ აღარ გამოსულა კელიიდან, და ამავე წლის 30 აპრილს ლოცვაში მიიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.