წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)

9 (22) დეკემბერი

წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა იყო მეუღლე ელკანასი, რომელიც, ეფრემის მთაზე ცხოვრობდა. უფლის რჩეულ დედაკაცს შვილი დიდხანს არ ეძლეოდა. ელკანამ მეორე ცოლიც შეირთო - ფენანა, რომელიც, ანასგან განსხვავებით, ნაყოფიერი გამოდგა. საშინლად წუხდა ნეტარი ანა და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა შვილის მონიჭებას.

ელკანა მთელი სახლეულითურთ ყოველწლიურად ადიოდა „ტაძარსა უფლისასა“ და თაყვანს სცემდა და მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ერთხელ, ამგვარი მოგზაურობის დროს, დარდისგან ჩამომდნარი ანა დაემხო სკინიის წინ, „სალმობითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ, ტირილით ტიროდა და აღუთქუმიდა. ადონა უფალო, ილიო საბაოთ, უკუეთუ მოხედვით მომხედო სიმდაბლესა ზედა მჴევლისა შენისასა, მომიჴსენო და მომცე თესლი მამაკაცისაჲ, მიცემით მიგცე წინაშე შენსა ვიდრე სიკუდიდმდე მისა, ღჳნოჲ და სათრობელი არა სუას და რკინაჲ არა აღვიდეს თავსა მისსა“. ნეტარი დედა გულში ლოცულობდა - ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, ამიტომ ელი მღვდელმა ჩათვალა, რომ ის ნასვამი იყო, აყვედრა უღირსი საქციელი და უბრძანა, ტაძარს მოშორებოდა. ანამ სიმდაბლით მიუგო: „ნუ ჰგონებ მჴევალსა შენსა ასულთაგან უღირსთაჲსა, რამეთუ მრავლითა ურვითა და სულმოკლებითა ჭირისაჲთა დადნობილ ვარ აქამომდე“. დედაკაცის სატკივარი რომ გაიგო, ელიმ აკურთხა იგი, მისი თხოვნის აღსრულება გამოსთხოვა უფალს და მშვიდობით განუტევა. ანამ გაიხარა, ნუგეში მიეფინა მის სულს და სულ მალე მუცლად იღო კიდეც. ნანატრ ძეს უფლის მხევალმა სამოელი დაარქვა (იხ. 20 აგვისტოს საკითხავი), რაც „უფლისგან გამოთხოვილს“ ნიშნავს. როცა სამოელი დედის ძუძუს განეშორა, ანამ და ელკანამ უხვი ძღვენი შესწირეს უფალს და ძეც, აღთქმისამებრ, ტაძარში დატოვეს. ელი მღვდელმა დალოცა მართალი დედაკაცი, მან კი, გახარებულმა, სამადლობელი გალობა შესწირა უფალს, სადაც ქრისტეს შობამდე ათასი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მაცხოვრის განკაცება. ეს საგალობელი დღესაც სრულდება ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. ამის შემდეგ ანას კიდევ სამი ძე და სამი ასული შეეძინა, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მართალი ანას შესახებ მეფეთა I წიგნშია მოთხრობილი (1, 1-28; 2, 1-11).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.