ნეტარი დედოფალი თეოფანია (+893-894)

16 (29) დეკემბერი

ნეტარი დედოფალ თეოფანიას დიდგვაროვან მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. ბოლოს მათ შეეძინათ ასული, რომელსაც თეოფანია (ღმერთშემოსილი) დაარქვეს.

თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით, ამიტომაც იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა (867-886) იგი თავისი მემკვიდრის - ლეონის (შემდგომში ბრძნად წოდებულის) (886-912) მეუღლედ გამოარჩია.

ჯვრისწერის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ბოროტმა ენებმა ბასილის ამცნეს, შენი ძე შენს მოკვლას და ტახტის ხელში ჩაგდებას აპირებსო. გულმართალი მეფე ერწმუნა მზაკვარ ცილისმწამებლებს და თავისი ძე მეუღლითურთ დაუყოვნებლივ საპყრობილეში ჩააგდო. ლეონი და თეოფანია სამ წელიწადზე მეტ ხანს იტანჯებოდნენ პყრობილებაში, მაგრამ, უფლის გულმოწყალებას მინდობილნი, მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ამასობაში განრისხებული იმპერატორიც დაცხრა, მიხვდა თავის შეცდომას და ტუსაღები გაათავისუფლა.

ბასილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ლეონი ავიდა, მაგრამ ნეტარი დედოფალი ამის შემდეგაც არ მოხიბლულა ამსოფლიური დიდებითა და პატივით: კვლავინდებურად ლოცულობდა, ჭამდა მხოლოდ პურსა და გამხმარ მწვანილს, მდიდრული სადედოფლო შესამოსლის ქვეშ მჩხვლეტავი ჯვალო ემოსა, ეძინა უხეშ საწოლზე, რომლის ქვეშაც ცხოველების ბასრ ძვლებს ყრიდა. მთელ თავის ქონებასა და ძვირფასეულობას წმიდა თეოფანია ქვრივებს, ობლებსა და გლახაკებს ურიგებდა, მონა-მხევლებს ისე ეპყრობოდა, როგორც ქრისტესმიერ საყვარელ და-ძმებს.

იმპერატორი ლეონ ბრძენი, ხედავდა რა თეოფანიას სიწმიდეს, სიცოცხლეშივე თაყვანს სცემდა მას არა მარტო როგორც მეუღლესა და დედოფალს, არამედ როგორც თავის მეოხს უფლის წინაშე.

წმიდა დედოფალმა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.