ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი,
მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)

29 (11.01) დეკემბერი

წმიდანი ათოთხმეტი ათასნი ჩვილნი მოწამენი მეფე ჰეროდემ ამოხოცა ბეთლემში.

როცა უდიდესი მოვლენის - ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანსაცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო „ბეთლემს ჰურიასტანისასა“. შემდეგ მან მოგვებიც მოიხმო თავისთან. მათაც გამოჰკითხა ყოველივე და, შეშინებულმა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოეკლა ახალშობილი.

ჰეროდემ ცბიერებით უთხრა მოგვებს: „მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს, და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“. ვარსკვლავთმრიცხველები იერუსალიმში არ დაბრუნდნენ და, ზეციური განცხადებისაებრ, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეწყვიტათ ყველა ყრმა, „რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“. უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. როცა წმიდა მოხუცი გარდაიცვალა, ჰეროდემ არ დაუშვა, რომ იგი ღირსეული პატივით დაეკრძალათ. მეფის ბრძანებით განგმირეს წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც: იგი იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ თავისი ძის, იოანეს ადგილსამყოფელი არ გაამხილა.

ჰეროდეს უსჯულოება დაუსჯელი არ დარჩენილა: ღვთის ნებით, მას საშინელი სენი შეეყარა და მატლებისგან ცოცხლად დაჭმულს აღმოხდა სული. ეშმაკის ჭურჭლად ქცეულმა მეფემ თავისი ცოდვების ნუსხას სიკვდილამდე სხვა, ახალი და საშინელი ბოროტმოქმედებებიც შესძინა: დახოცა იუდეველი მღვდელმთავრები და მწიგნობრები, ღვიძლი ძმა და სიძე, მეუღლე - მარიამი სამი ძითურთ და, აგრეთვე, სინედრიონის წევრი სამოცდაათი ბრძენკაცი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.