წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)

წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 წ.წ.) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო კვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.

იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: „წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო“. როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: „წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა“. ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: „უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ“. ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.

ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.

ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.

წმიდანის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

წმიდა სპირიდონს ადამიანთა ცოდვების ხილვაც შეეძლო. ერთხელ მან უარი უთხრა ცოდვილ ქალს, რომელსაც სურდა, მისთვის, როგორც სტუმრისათვის, ფეხები დაებანა. და შემდეგ, როდესაც სიყვარულით ამხილა იგი, დედაკაცმა მოინანია ცოდვები და წყლის ნაცვლად ცრემლით დაბანა ფეხები წმიდა მღვდელმთავარს.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი - სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: „მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტე 1, 15).

წმიდა სპირიდონს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ ხელს გაიშვერდა ხოლმე ბეღელისაკენ, საიდანაც ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს იღებდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე აბრუნებდა.

ერთხელ ქურდებმა წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განიზრახეს, მაგრამ უჩინარმა ძალამ ისინი იქვე შებოჭა. დილით მეუფე ფარასთან მივიდა, გაკოჭილი ავაზაკები იხილა, ლოცვის ძალით გაათავისუფლა ისინი და დიდხანს შეაგონებდა, დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით ეშოვნათ. ბოლოს უძილო ღამისათვის ორივეს თითო ცხვარი აჩუქა.

წმიდა სპირიდონი მონაწილე იყო 325 წელს ნიკეაში გამართული პირველი მსოფლიო კრებისა, რომელზეც არიოზის ცრუსწავლება დაიგმო. კრების დაწყებამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ და არიოზს მწვალებლობის დაგმობისკენ მოუწოდებდნენ ხოლმე; მათ შორის იყო ერთი ფილოსოფოსი, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. მასთან პაექრობაში წმიდა სპირიდონიც ჩაერთო, რომლის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახვა კაცობრივი ამაობრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. „მისმინე, ფილოსოფოსო, - მიუგო წმიდა სპირიდონმა, - რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისაგან შექმნა ცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა ჩვენი ხსნისათვის და შემდეგ აღდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა კაცთა მთელი მოდგმა; გვწამს, რომ იგი ერთარსი და თანასწორია მამისა“. ამ სიტყვების შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობარს უთხრა: „ვიდრე არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლურ იქმნა, რადგან ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი პირითაც თვით უფალი მეტყველებდა“.

კრების მსვლელობისას წმიდა სპირიდონმა უფრო დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა მოწინააღმგებისათვის (არიანელთათვის), თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც - სამი პირი და ერთი ბუნება, - განუცხადა მოწინააღმდეგეებს სპირიდონმა.

კრების დამთავრებისთანავე, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, წმიდა სპირიდონმაც საკუთარ ქალაქს მიაშურა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი ირინე, რომელმაც თავისი სიყმაწვილე უბიწო და ღვთივსათნო ცხოვრებაში გაატარა. ირინეს დაკრძალვამდე წმიდა სპირიდონთან ერთი დედაკაცი მივიდა და შესჩივლა: თქვენს ასულს ოქროს სამკაული ჩავაბარე შესანახად და ახლა მას ვიღა დამიბრუნებსო. მეუფემ მთელ სახლში ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო. მაშინ იგი მივიდა განსვენებულთან და უთხრა: „შვილო, ირინე, სად არის ამ დედაკაცის მიერ მობარებული სამკაული?“ ქალიშვილი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ალაპარაკდა და დაასახელა ის ადგილი, სადაც სამკაული ინახებოდა. შემდეგ წმიდა სპირიდონმა მიუგო: „ახლა კი იძინე, შვილო, ვიდრე უფალი მეორედ მოსვლის ჟამს არ გამოგაღვიძებს“. ამის მხილველნი განცვიფრდნენ, წმიდა სპირიდონმა კი სამკაული მოძებნა და დედაკაცს გადასცა.

იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე, კონსტანცი ავიდა (337-361 წ.წ.). ერთხელ ანტიოქიაში ყოფნისას იგი მძიმე სენმა შეიპყრო. ექიმებმა ვერაფერი იღონეს მეფის განსაკურნებლად, რის გამოც მან ისინი დაითხოვა და საშველად უფალს მიმართა. ღამით მან სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. მათგან ერთ-ერთი ჯერ ეპისკოპოსი არც იყო. მეფემ ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. ისინი არც ხელმეორე შეკრებაზე ჩანდნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. სპირიდონს ფინიკის კვერთხი ეჭირა და იმდენად უბრალოდ ეცვა, რომ სასახლის კარისკაცმა იგი შენობაში არ შეუშვა, მეტიც, ხელიც კი გაარტყა. წმიდანი მაცხოვრის შეგონების მიხედვით მოიქცა და მეორე ლოყაც მიუშვირა. კარისკაცი მიხვდა, რომ მის წინაშე ეპისკოპოსი იდგა, შეიგნო საკუთარი შეცოდებაც და შენდობა ითხოვა.

მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. იმპერატორის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი დღე მან წმიდა სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო - როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოვებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა“.

მხოლოდ მეფის უკიდურესი დაჟინების შემდეგ დათანხმდა წმიდა მამა ოქროს აღებას, მაგრამ ის მაშინვე უპოვართ დაურიგა. წმიდა სპირიდონის დარიგების თანახმად, იმპერატორმა მღვდლები, დიაკვნები და სხვა საეკლესიო მსახურები გადასახადებისაგან გაათავისუფლა.

წმიდა მღვდელმთავარი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა. განსაკუთრებით ამპარტავნებისა და ცუდმედიდების მიმართ. ერთხელ იგი ქალაქ ერითრას ტაძარში შევიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ დიაკონს მოკლე ლოცვის აღსრულება სთხოვა. მკის ჟამი იყო და ძალზე ცხელოდა. გარდა ამისა, მეუფე მგზავრობით იყო დაღლილი, დიაკონმა კი საკუთარი ხმისა და გალობის უნარის წარმოჩინების მიზნით განგებ გააგრძელა ლოცვა. მაშინ წმიდა სპირიდონმა მკაცრად შეხედა დიაკონს და უბრძანა, დადუმებულიყო. დიაკონი იმავე წუთს დამუნჯდა. ყველას შიშის ზარი დაეცა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო და ყველა სასწაულის სანახავად გამოეშურა. დიაკონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა სპირიდონს და ხელებით ანიშნა, მისთვის მეტყველების უნარი დაებრუნებინა. იგივეს ევედრებოდნენ წმიდა მღვდელმთავარს დიაკვნის ახლობლები და მეგობრებიც. ბოლოს მეუფემ დიაკონს დაუბრუნა მეტყველება, მაგრამ იგი სამუდამოდ ენაბრგვილი დარჩა და ხმაც დაუსუსტდა, რათა შემდგომში კვლავ არ ეამპარტავნა თავისი ნიჭით.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. პატრიარქი ბევრს ლოცულობდა და უფალს კერპის შემუსვრას სთხოვდა. ერთ ღამესაც მას ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმიდა სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“.

მთელი ქალაქი სიხარულით შეეგება წმიდა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეს წმიდა სპირიდონი სამკალად წავიდა. პაპანაქება სიცხეში მკის დროს ყველამ დაინახა, როგორ დაეშვა ზეციდან ცვრის ღრუბელი და წმიდანს თავზე დაადგა. შემდგომ მას თმის ნაწილი გაუყვითლდა, ნაწილი გაუშავდა და ნაწილი გაუთეთრდა. მეუფემ თავზე ხელი გადაისვა, უკანასკნელად დამოძღვრა იქ მყოფნი და უთხრა, რომ დადგა მისი სულისა და სხეულის გაყრის დრო. წმიდა სპირიდონი ლოცვით აღესრულა. იგი ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაკრძალეს. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბიაში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. წმიდანის მარჯვენა ხელი რომშია დაცული.

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
თბილისი, 2004 წელი