წმიდა მოწამენი ქართველნი სპარსეთში მოწყვეტილნი (XVII-XVIII)

ამაღლება

ბევრი ავბედობა გადაუტანია საქართველოს მისი „სამი ღვთაებრივი საუნჯის: ენის, მამულის და სარწმუნოების“ დასაცავად, მაგრამ განსაკუთრებულია XVII ს-ის ტრაგედია, რომელიც დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება ჩვენს ჯვარცმულ ისტორიაში.

1616 წლის გაზაფხულზე, ირანის სისხლიანი მბრძანებელი შაჰ-აბას I დიდძალი ლაშქრით შემოესია საქართველოს, მისი მიზანი იყო საბოლოოდ გაენადგურებინა და მოეოხრებინა ქვეყანა. შაჰმა კახეთიდან ასიათასობით ტყვე გაიყვანა და ირანის სხვადასხვა კურთხეში ჩაასახლა, დაცარიელებული ადგილები კი თურქმენებს მისცა საცხოვრებლად. ამ დროს დაიწყო ლეკების მასიური დასახლებაც ქართველთა მიტოვებულ კარ-მიდამოებში.

XVII ს-ის ევროპელი მოგზაური პედრო დელავალე ქართველების ირანში გადასახლების აღწერისას ამბობს: „რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რამდენი სიკვდილი ამ საშინელი გაჭირვებისაგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება... რამდენი ბავშვი ამათ დედის ძუძუს მოსწყვიტეს და დაჰყარეს გზებზე მხეცების შესაჭმელად, ცხენების, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასრესად. რამდენი დააშორეს მამა - შვილს, ცოლი - ქმარს, და - ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი-შორს ქვეყნებში... რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზე უფრო იაფად... მაგრამ ყველას ვინ მოთვლის“.

შაჰ-აბასი უსასტიკეს ზომებს ატარებდა „ურჩი“ ქართველების წინააღმდეგ, სჯულშეცვლილებს კი სწრაფად აწინაურებდა სხვადასხვა თანამდებობებზე. მიუხედავად ამისა, ხალხის დიდი ნაწილი მაინც მხნედ იდგა ქრისტიანობაზე და მტკიცედ იცავდა ქართულ ტრადიციებს.

ტყვედ წაყვანილი სასულიერო პირები ჩუმად აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას და ხალხს ქრისტიანობის ერთგულებისკენ მოუწოდებდნენ. სწორედ ამიტომ ირანელები განსაკუთრებული სისასტიკით სჯიდნენ მათ. ერთ ოჯახად შეკრული ქართველები, ურთიერთ თანადგომით ცდილობდნენ დაეცვათ სარწმუნოება და ეროვნება. შემდგომში მათი ძალად გამაჰმადიანების მიუხედავად, იქაური ქართველები დღემდე მხოლოდ თანამემამულეებზე ქორწინდებიან. ცოცხლად ინახავენ ისტორიას და ტრადიციის ძალით პატივს მიაგებენ ქრისტიანობისთვის წამებულთა ხსოვნას.

წმიდა სინოდმა განიხილა ირანში იძულებით გადასახლებულთა მოწამეობრივი ისტორია: 1616 წელს შაჰ-აბასის მიერ ირანში ასიათასობით იძულებით გადასახლებულ ქართველთა დიდი ნაწილი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მხნედ იცავდა მამა-პაპათა სჯულს და მუსულმანთა უკიდურესად აგრესიულ გარემოცვაშიც ახერხებდა არ მოსწყვეტოდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებას.

მართლმადიდებლობის ერთგულებისათვის მრავაი სასულიერო პირი იქნა უსჯულოთაგან მოკლული და ათასობით ქართველი მოწამეობრივად აღსრულებული, რასაც ადასტურებენ როგორც ჩვენი მეცნიერები, უცხოელი ისტორიკოსები და მოგზაურები, ასევე ამჟამად ირანში მცხოვრები ქართველები, რომელნიც დღემდე განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ წინაპართა მოწამეობრივ ღვაწლს: მიდიან მათი მარტვილობის ადგილებზე (ერთ-ერთ მათგანს ამაღლება ჰქვია), მოწიწებით ეამბორებიან მამა-პაპათა სისხლშემშრალ ქვებს და ტრაპეზსაც ამზადებენ მათი სულების საოხად.

2003 წლის 18 აგვისტოს წმიდა სინოდმა დაადგინა: წმიდანთა დასში შეირაცხოს XVII-XVIII ს-ში სპარსეთში ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მუსულმანთაგან მოწყვეტილი ყოველი ქართველი.

ირანში ქრისტესთვის მოწყვეტილ ქართველთა ერთ-ერთი წამების ადგილის სახელწოდების მიხედვით, მათი ხსენების დღედ დადგინდეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.