ღირსი მამა გრიგოლი ნაზიანზელი (+374)

1 (14) იანვარი

წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ხს. 25 იანვარს ) მამა იყო. იგი დიდგვაროვან, განათლებულ, მაგრამ წარმართულ ოჯახში აღიზარდა. თითქმის 45 წლისა იყო, როცა მეუღლის, კეთილმსახური ნონას (ხს. 5 აგვისტოს) სურვილით კათაკმეველად გამოაცხადა თავი, შემდეგ მოინათლა და ბოლოს, ნაზიანზინის ეპისკოპოსიც კი გახდა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი დიდი სიყვარულით და მოწიწების გრძნობით იგონებდა მამას: „მამაჩემი იყო მშვენიერი და ფრიად კეთილი მოხუცი, უბრალო ზნის, ცხოვრებაში სამაგალითო, ჭეშმარიტი პატრიარქი, მეორე აბრაამი. თავდაპირველად ცდომილებაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქრისტეს მეგობარი შეიქმნა, ბოლოს, მწყემსი და მწყემსმთავარიც.”

წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი სულიერი მამაც იყო თავისი შვილისა: 358 წელს თავად მონათლა იგი და სამი წლის შემდეგ ხუცესადაც დაასხა ხელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მხარში ედგა ხანდაზმულ მშობლებს, მამის გარდაცვალების (+374) შემდგომ კი ერთხანს ნაზიანზინის მრევლსაც განაგებდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.