ღირსი ირინარქი, როსტოველი დაყუდებული (+1616)

13 (26) იანვარი

ღირსი ირინარქი როსტოვის მაზრის სოფელ კონდაკოვში დაიბადა, გლეხის ოჯახში. ნათლობისას ბავშვს ილია დაარქვეს. ახალშობილი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა – თორმეტი კვირისა იყო, როცა სიარული დაიწყო. ილია სიყრმიდანვე ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა, გართობა-მხიარულება არ იზიდავდა, უყვარდა საღვთო საუბრები, მშვიდი, ჩუმი და ალერსიანი იყო. სიყრმიდანვე საოცრად ისწრაფოდა მისი სული მონაზვნობის მძიმე უღლისკენ. ექვსი წლის იყო, როცა წინასწარმეტყველურად უთხრა დედას: „როცა გავიზრდები, ბერი გავხდები, რკინებს ვატარებ და ღვთისთვის ვიღვაწებ, ყველას მოძღვარი შევიქმნები.“ წმიდანი 30 წლისა აღიკვეცა ბორისისა და გლების მონასტერში. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი წმიდა ლაზარეს სავანეს მიაშურა და სამი წელი დაჰყო ერთ ვიწრო კელიაში. ღირსმა მამამ გაიმკაცრა ცხოვრების წესი: კელიაში რკინის ჯაჭვით მიიბა თავის ხის სკამზე და კისერზეც მძიმე ჯაჭვები დაიკიდა. ამის გამო ბერები დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ მას. მონასტრის სიმშვიდისათვის, წინამძღვრის ბრძანებით, თავდაბალმა ბერმა კიდევ ერთხელ მორჩილად დატოვა იქაურობა. ერთი წლის შემდეგ სავანის იღუმენმა შეინანა თავისი საქციელი და ძმები ირინარქის მოსაყვანად გაგზავნა. წმიდანიც დაბრუნდა. ღირსმა მამამ კვლავ განაგრძო მძიმე ბორკილების ტარება, თან შრომასაც მიჰყო ხელი: გლახაკთათვის სამოსელს ამზადებდა, ღამით მხოლოდ ერთი ან ორი საათი ეძინა.

რუსეთზე პოლონელების თავდასხმის წინ ირინარქმა ძილში გამოცხადებით იხილა უცხოტომელთაგან დარბეული მოსკოვი და ღვთის მინიშნებით მომავალი უბედურების შესახებ გააფრთხილა მეფე - ვასილ ივანეს ძე შუისკი (1606 –1610). უფალმა წმიდა მამას დაუცხრომელი ღვაწლისთვის სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: მას წინასწარ განეცხადა მიცვალების დღე, იხმო თავისი მოწაფეები, დამოძღვრა ისინი და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 1616 წლის 13 იანვარს, დაბადებიდან 68-ე წელს. წმიდანის უხრწნელ ნაწილთაგან, განსაკუთრებით კი მისი ჯვრის, ბორკილების და ჯაჭვების შეხებით, მრავალი კურნება აღესრულებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.