ღირსი მაქსიმე ბერძენი (+1556)

21 (03.02) იანვარი

ღირსი მაქსიმე ბერძენი (XV-XVI), მდიდარი და წარჩინებული ბერძენის ვაჟი, ალბანეთის ქალაქ არტში დაიბადა. სიყმაწვილეში მან ბევრი იმოგზაურა, ბევრ ენას დაეუფლა, მრავალ მეცნიერებას გაეცნო, ბოლოს კი ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის სავანეში ბერად აღიკვეცა. ამ დროს მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილ ივანეს ძემ (1505-15330) ისურვა, თავისი დედის, სოფია პალეოლოგის ბერძნულ ხელნაწერებსა და წიგნებში გარკვეულიყო და კონსტანტინეპოლის პატრიარქს მიმართა თხოვნით, მისთვის სწავლული ბერძენი გამოეგზავნა. პატრიარქმა ასეთად ბერი მაქსიმე ჩათვალა. მოსკოვში ჩასულ წმიდანს დაევალა, სლავურად ეთარგმნა ფსალმუნებისა და საქმე მოციქულთას განმარტება, აგრეთვე რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი.

ღირსი მაქსიმე გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას, მაგრამ იმის გამო, სლავური მისი მშობლიური ენა არ იყო, ბუნებრივია, თარგმნის პროცესში უზუსტობები ეპარებოდა.

მოსკოველი მიტროპოლიტი ბარლაამი დიდად აფასებდა ღირსი მაქსიმეს ნაშრომებს, მაგრამ მისი მემკვიდრის, დანიელის დროს, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.

ახალმა მიტროპოლიტმა მოითხოვა, რომ წმიდა ბერს სლავურად ეთარგმნა თეოდორიტეს საეკლესიო ისტორია. მაქსიმემ უარი განაცხადა, რადგან ამ თხზულებაში მწვალებელი არიოზის ნაწერები იყო ჩართული. ამ ურჩობამ უთანხმოება ჩამოაგდო ღირს მამასა და მიტროპოლიტს შორის. მიუხედავად ამისა, წმიდანი განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას: წერდა წერილებს მაჰმადიანების, პაპისტების, წარმართების წინააღმდეგ; თარგმნა მათეს და იოანეს სახარებების იოანე ოქროპირისეული განმარტებანი, შექმნა რამდენიმე დამოუკიდებელი თხზულებაც.

როცა დიდი მთავარი მეუღლესთან, სოლომონიასთან განშორებას აპირებდა მისი უნაყოფობის მიზეზით, წმიდა მაქსიმემ ამხილა იგი და ამისთვის ღირსი მამა საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო სატანჯველებით სავსე ეტაპი მისი ცხოვრებისა; თარგმანებში დაშვებული უზუსტობები წმიდანს წიგნების შეგნებულ დამახინჯებად ჩაუთვალეს. უჭირდა წმიდანს, მაგრამ ღვთის მოწყალებაც არ აკლდებოდა. მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იყუჩე, ბერო! ამ სატანჯველებით საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებ.”

ექვსი წლის შემდეგ ღირსი მაქსიმე საპყრობილედან გაანთავისუფლეს, საეკლესიო სასჯელი დაადეს და ტვერში გაგზავნეს, სადაც გულთბილი და მოსიყვარული ეპისკოპოსის, აკაკის ზედამხედველობით იცხოვრა ოცი წლის განმავლობაში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები 70-ს გადაცილებულმა წმიდა მამამ ტროიცკო-სერგიევის ლავრაში გაატარა. დევნამ და მძიმე ღვაწლმა მოტეხა მისი ჯანმრთელობა, სულით კი კვლავინდებურად უდრეკი დარჩა. ცხოვრების მიმწუხრზე იგი თავის მოწაფესთან, ნილოსთან ერთად ფსალმუნების თარგმნაზე მუშაობდა.

ღირსი მაქსიმე ბერძენი გარდაიცვალა 1556 წლის 21 იანვარს. დაკრძალულია ტროიცკო-სერგიევის ლავრაში. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.