ჯვრის გამოჩინებაჲ, რომელი კონსტანტი მეფეს გამოუჩნდა ზეცით

29 (11.02) იანვარი

წმიდა მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდი (306-337) რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის კეისარი, ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობილი კონსტანცი ქლორის ვაჟი იყო. მან სიყმაწვილე დიოკლეტიანე მეფის კარზე გაატარა „საპატიო ტყვეობაში“, სადაც საკუთარი თვალით ხედავდა ქრისტიანთა აუტანელ, მხეცურ ტანჯვა-წამებასა და ხოცვა-ჟლეტას. ის გრძნობდა, რომ სისხლისმსმელი იმპერატორი რაღაც დაუძლეველს ებრძოდა, მისი გული ქრისტიანებისადმი თანაგრძნობით იმსჭვალებოდა და იმ ღვთის მისაღებად ემზადებოდა, ვისი ძალაც ასე ცხადად ევლინებოდა უძლურებაში.

306 წელს, კონსტანცი ქლორის სიკვდილის შემდეგ, ლაშქარმა კონსტანტინე დიდი გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად გამოაცხადა. ტახტზე ასვლისთანავე მან ქრისტიანობის სასარგებლოდ გაცემული მამამისის განკარგულებები დაადასტურა და მათ სარწმუნოების აღსარების თავისუფლება მისცა. რომის იმპერიის სხვა ხელისუფლებს – ფანატიკოს წარმართ მაქსიმიან გალერიუსს (აღმოსავლეთში) და სასტიკ ტირანს მაქსენტის (დასავლეთში) სძულდათ კონსტანტინე და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ.

როცა ამის შესახებ შეიტყო, მოციქულთასწორმა მეფემ თავად დაიწყო მზადება რომზე გასალაშქრებლად, რაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ მას სურდა, ჭეშმარიტად ზეციდან მიეღო შეწევნა და უფალმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულს. ერთხელ, ნაშუადღევს, უკვე დასავლეთისაკენ გადახრილი მზის ფონზე მან ცხადად დაინახა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლევ!“

ამ სანახაობამ თავზარი დასცა კონსტანტინეს და მის თანმხლებ მეომრებს, რადგან ჯვარი, როგორც სამარცხვინო სასჯელის იარაღი, წარმართებს უბედურების მომასწავებლად მიაჩნდათ. შეშფოთებულ მეფეს ღამით, ძილში თავად იესო ქრისტე ეჩვენა და ურჩია, საბრძოლო დროშებზე გამოესახა ხილვაში ნანახი ნიში და მისი ძალით შებრძოლებოდა მტერს.

მართლაც, უფლის რჩეულმა თავის ლაშქარს ჯვრის გამოსახულებიანი ოქროებითა და ძვირფასი თვლებით შემკული საბრძოლო დროშა წაუმძღვარა, მეომრებს ფარებზე და მუზარადებზეც ეს ნიშანი გამოასახვინა და მტერს არნახული დამარცხება აგემა.

რომში გამარჯვებით შესულ კონსტანტინეს სიხარულით შეეგება მაქსენტის ძალმომრეობით დათრგუნული და გატანჯული მოსახლეობა, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მათ ახალი იმპერატორის ქანდაკი აღმართეს, რომლის ხელშიც, თავად კონსტანტინეს მითითებით, დაამაგრეს ჯვრის ფორმის შუბი წარწერით: „ამ მაცხოვნებელი ნიშით გავანთავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისაგან და რომაელ ხალხს და სენატს დავუბრუნე ძველი ბრწყინვალება და დიდება“.

ამ გამარჯვების შემდეგ, 314 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც მის ქვეშევრდომებს სარწმუნოების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა: წარმართებს რჩებოდათ თავიანთი რიტუალების შესრულების უფლება, ქრისტიანებს კი ეძლეოდათ ნება აშკარად ეღიარებინათ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. შემდგომი ბრძანებულებებით კონსტანტინემ გააუქმა ჯვარცმის სასჯელი, აკრძალა სისხლიანი სანახაობები ცირკში; კვირა დღე დასვენების დღედ გამოაცხადა არა მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეებისათვის, არამედ მონებისათვისაც; მღვდელმსახურები ყოველგვარი გარეშე მოვალეობებისაგან და გადასახადებისაგან გაანთავისუფლა; ეკლესიას დაუბრუნა ჩამორთმეული შენობები და გადასცა ახლებიც, ღვთისმსახურებისთვის მეტად შესაფერისი ბაზილიკები, სადაც ადრე მოსამართლეები ბჭობდნენ. ქრისტეს ეკლესიამ შვებით ამოისუნთქა „უძველესი იადგარის“ მოწმობით, ჩვენი წინაპრები 29 იანვარს ზეიმით აღნიშნავდნენ ჯვრის გამოჩინების სასწაულს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.