ღირსი დიოსი (+დაახლ. 430)

19 (01.08) ივლისი

ღირსი დიოსი სირიის ანტიოქიაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე იგი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ღამეებს ათევდა დაუცხრომელ ლოცვაში... ამგვარი ღვაწლისთვის დიოსს უვნებლობა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.

უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა. ერთხელ მან გამხმარი კვერთხი მიწაში ჩაარჭო და უფალს შესთხოვა, თუ ამ ადგილებში მისი ყოფნა სათნოეყოფოდა, ჯოხი გაენედლებინა. ღმერთმა შეისმინა ნეტარის ვედრება: კვერთხმა ფესვები გაიდგა, აღორძინდა და თანდათან იქცა უზარმაზარ მუხად, რომელიც დიოსის მიცვალების შემდეგაც დიდხანს იდგა და უფლის ყოვლისშემძლეობასა და წმიდანის ღვთივრჩეულობას მოწმობდა.

ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.

ხმამ წმიდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმიდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმიდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა. სავანეს ჭა დასჭირდა. ბერები მას დიდხანს და უშედეგოდ თხრიდნენ. ბოლოს წმიდა იღუმენის ლოცვით მიწიდან წმიდა წყარომ ამოხეთქა და ჯურღმული პირთამდე აავსო. ერთხელ ღირსმა დიოსმა წყალში დამხრჩვალი ადამიანი ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა... ბევრ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა უფალი თავისი რჩეულის ხელით.

ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. უწმიდესი პატრიარქი ატიკე და კონსტანტინოპოლში სტუმრად მყოფი ანტიოქიელი მღვდელმთავარი ალექსანდრე დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ მონასტერში, მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა.

წმიდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას საკურთხეველში ნათელმოსილი ჭაბუკი წარმოუდგა სამღვდელო სამოსლით და აღსასრულის მოახლოება ამცნო. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს (+დაახლ. 430 წელს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.