ღირსი გერმანე სოლოვკელის ნაწილთა აღმოყვანება (1484)

30 (12.08) ივლისი

ღირსი გერმანე სოლოვკელი განმარტოებით ცხოვრობდა მდინარე ვიგის სანაპიროზე. დაახლოებით 1429 წელს აქ მას შეხვდა წმიდა საბატი (ხს. 27 სექტემბერს), ვალაამის სავანის ბერი, რომელიც განკრძალულ ადგილს ეძებდა სამოღვაწეოდ. გერმანემ მას სოლოვკის უდაბური კუნძულის შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც წმიდა მამებმა ერთად გადალახეს ზღვა და სოლოვკიზე დამკვიდრდნენ. ნეტარი საბატის (+1435) მიცვალების შემდეგ ღირსმა გერმანემ სხვა მეუდაბნოესთან, ღირს ზოსიმესთან (ხს. 17 აპრილს) ერთად განაგრძო კუნძულზე მოსაგრეობა.

ღირსმა გერმანემ წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ღვთისგან იყო განბრძნობილი. მას სურდა, საბატისა და ზოსიმეს მაგალითი შთამომავლობისთვის შემოენახა და ღვთისმსახურებს უბრძანა, ჩაეწერათ მისი მოგონებები ნეტარი მამების შესახებ. ღირს გერმანეს უყვარდა სულის სარგებელი საკითხავების სმენა და მოწაფეებს დაუბარა, სავანეში წიგნებისთვის მოეყარათ თავი. სამეურნეო და სხვა საჭიროებებისთვის წმიდანი ღრმა მოხუცებულობამდე მოგზაურობდა და არანაირ ხიფათს არ ერიდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, 1479 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ანტონის მონასტერში. მისი ცხედარი სოლოვკის მონასტრისკენ წაასვენეს, მაგრამ უგზოობის გამო მდინარე სვირის სანაპიროზე, სოფელ ხავრონინასთან დაკრძალეს. 1484 წელს წმიდანის ნეშტის ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.