ცხოვრება და ღვაწლი
ღირსი მამის სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა (+ 1392)

ხს. 25 სექტემბერი (8 ოქტომბერი); ნაწილთა აღმოყვანება: ხს. 5 (18) ივლისი

VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე შუა დნეპრისპირეთში აღმოსავლური სლავური ტომების გაერთიანების შედეგად შეიქმნა კიევის რუსეთის სახელით ცნობილი პირველი ფეოდალური სახელმწიფო (ცენტრით ქ. კიევში). ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარული კიი, შჩეკი და ხორავი. (დაახლოებით 852წ). შემდეგ კი სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები მოუწვევიათ სამი ძმის - რიურიკის, სინეუსისა და ტრუველის მეთაურობით. სწორედ ვარიაგთა (ნორმანთა) ლეგენდარული მთავარი რიურიკი ჩაუდგა სათავეში კიევის რუსეთს და ჩამოაყალიბა რიურიკების დინასტია.

რიურიკის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა მისი მემკვიდრის, ოლეგის ხელში, რომელმაც 882 წელს განდევნა კიევის მმართველი ფეოდალები ასკოლდი და დირი და დაიპყრო კიევი, 883-885 წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო 907-911 წლებში ილაშქრა ბიზანტიაში. ოლეგის გარდაცვალების შემდეგ აქტიურ საგარეო პოლიტიკას განაგრძობდა მისი ვაჟი იგორი, რომელსაც ასევე ორგზის ილაშქრა (941; 944) ბიზანტიაში. დალაშქრა კასპიისპირეთი. 945 წელს დრევლიანებმა მოკლეს იგორი. მისმა მეუღლემ, ოლღამ, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთში ქრისტიანობა. იგორისა და ოლღას ვაჟმა სვიატოსლავმა (994-772) დიდად გააფართოვა კიევის რუსეთის ფარგლები და განამტკიცა საერთაშორისო მდგომარეობა. სვიატოსლავი დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში. დიდი მთავრის ტახტზე მისი ვაჟი - ვლადიმირი დაბრძანდა და სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა (988-989). 1015 წელს, წმ. ვლადიმირის ნეტარი აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო ხელთ იგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში „წყეულის“ სახელით შესულმა სვიატოპოლკმა. მან დაქირავებული მკვლელების ხელით მოიშორა წმ. ვლადიმირის ორი ვაჟი - ბორისი და გლები (რომლებიც შემდეგ რუსეთის ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა), მაგრამ იაროსლავ ვლადიმირის ძესთან ბრძოლაში დამარცხდა. დიდი მთავრის ტახტი იაროსლავ I-მა დაიკავა. იაროსლავ ბრძენმა შეძლო ქვეყნის ცენტრალიზაცია. მის დროს კიევის რუსეთში გაჩაღდა დიდი კულტურული საქმიანობა. განვითარდა დამწერლობა. ითარგმნებოდა ბერძნული ლიტერატურა. შეიქმნა რუსული სამართლის („რუსსკაია პრავდა“) უძველესი ნაწილი - „იაროსლავის სამართალი“, კიევში აიგო წმინდა სოფიის ტაძარი, „ოქროს ჭიშკარი“ და სხვა. 1051 წ. იაროსლავ ბრძენმა დაარსა კიევის დამოუკიდებელი მიტროპოლია (მიტროპოლიტად დანიშნა რუსი მღვდელი ილარიონი) და ამით სცადა ბერძნული ეკლესიისაგან გათავისუფლება. იაროსლავ ბრძენის დროს კიევის რუსეთის საერთაშორისო კავშირი და ავტორიტეტი გაიზარდა. გაშენდა ქალაქები. კიევის რუსეთი გადაჭიმული იყო ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე და წარმოადგენდა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო გართიანებას. XII ს-ის მიწურულს კიევის რუსეთი დაიშალა მცირე სამთავროებად. იაროსლავის ვაჟებმა დაიყვეს კიევის რუსეთი და ენერგიულად ცდილობდნენ მისი ერთიანობის შენარჩუნებას. მალე ძმებს შორისაც ატყდა ომი, რომელსაც შეეწირნენ იზიასლავი (რუსული წყაროების მიხედვით, კიევის დიდმა მთავარმა იზიასლავმა 1054 წელს ცოლად შეირთო „აფხაზთა“ (ქართველთა) მეფის ასული - ამ პერიოდში აფხაზთა და ქართველთა მეფე იყო ბაგრატ IV, რომლის ერთი ასული, მართა-მარიამი გახდა ბიზანტიის დედოფალი) და სვიატოსლავი. მთავარი გახდა ვსევოლოდი (1078-1093), რომელმაც ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იჩენდნენ მთავრები. მდგომარეობას ვერც მთავართა ყრილობებმა (1097 წ. და 1113 წ.) უშველა. კიევის მთავარი გახდა ვლადიმერ ვსევოლდის ძე მონომახი (წყაროები გვატყობინებენ, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოში ყივჩაყები გადმოასახლა ვლადიმერ მონომახთან დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად). მან შეძლო მდგომარეობის სტაბილიზაცია (ყივჩაყთა დამარცხება, ცალკეულ მთავართა დამორჩილება), მაგრამ მისი ძის მსტისლავის (1125-1132) სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. დაიწყო ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდი.

XIII ს-ში რუსეთს თათარ-მონღოლები შემოესივნენ. XIII ს-ის დამდეგიდან ჩინგიზ-ხანის (ყველა თვისტომის გაერთიანების შემდეგ, იგი იქცა მათ უზენაეს მბრძანებლად - ყაენად) მეთაურობით მონღოლთა გაერთიანებულმა სახელმწიფომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი აზიასა და ევროპაში - ჩრდ. ჩინეთი, კორეა, ცენტრალური აზია, შუა აზია, ირანი, ავღანეთი და სხვა ქვეყნები დაიმორჩილა. დასავლეთით ისინი მიუახლოვდნენ ევროპის ცენტრებს. მათ ყოველივეს მუსრი გაავლეს. 1223 წ. მონღოლთა 30 ათასიანი ლაშქარმა სუბუდაჲსა და ჯვებეს მეთაურობით გაანადგურა შუა აზიის რამდენიმე სახელმწიფო. მონღოლები შევიდნენ ჩრდილოეთ ირანში, მიაღწიეს კავკასიამდე, სადაც ააოხრეს რამდენიმე ძველი და მდიდარი ქალაქი, დაამარცხეს ლაშა-გიორგის (ქართველთა) უძლეველი ლაშქარი, ჩრ. კავკასიაში გაუსწორდნენ ალანთა და ყივჩაღთა გაერთიანებულ ლაშქარს. ყივჩაღებმა დახმარება რუსებს სთხოვეს. მონღოლებმა 1223 წ. სამხრეთ-რუსეთის გაერთიანებული ლაშქარიც დაამარცხეს, ჩერნიგოვის მიწებსაც გადაუარეს და ჩრდ. ნოვგოროდს მიაღწიეს, შემდეგ უკან მობრუნდნენ და კვლავ ჩინგიზ ხანის წინაშე წარდგნენ ყარაყურუმს.

მონღოლთა სამშობლო ციმბირი იყო. მონღოლურ ტომთა ერთი ჯგუფი ტყეებში ცხოვრობდა და ნადირობით ირჩენდა თავს, ხოლო მეორე - მესაქონლეობას მისდევდა. ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. არაბებისაგან განსხვავებით, რომლებიც სადაც შედიოდნენ, მუჰამედის სარწმუნოების გასავრცელებლად ჯერ ცეცხლსა და მახვილს იყენებდნენ, შემდეგ კი პოლიტიკურ და ფინანსურ საშუალებებს, მონღოლები კერპთაყვანისმცემლები (შამანები) იყვნენ და თავიანთი სარწმუნოების გასავრცელებლად თავი არ შეუწუხებიათ. მონღოლთა ლაშქრობა უფრო ჰუნებისა და ვანდალების შემოსევას ჰგავდა. სამხედრო და დაპყრობითი მიზნების გარდა, არც ჩინგიზ-ხანსა და არც მის მემკვიდრე ყაენებს არ ჰქონიათ.

1227 წ. ჩინგიზ-ხანი მოკვდა. იმპერია ოთხ სახანოდ დაიყო. 1236 წელს მონღოლებმა გაანადგურეს ბულგარეთი. 1237 წელს სუბუდაის მხედრობამ ალყაში მოაქცია ყივჩაღები. იმავე წელს გაანადგურეს მორდოვეთი და დადგნენ რუსეთის საზღვრებთან, ხოლო 30-40 ათასიან ლაშქარს ჩინგიზ-ხანის შვილიშვილი, ბათო-ყაენი ჩაუდგა სათავეში. ზამთარმა გზა გაუხსნა მტერს ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთისაკენ: დეკემბერში მდინარეები გაიყინა და თათარ-მონღოლებმა გადალახეს ვოლგა, დონი და რუსეთს შეესივნენ. 70 დღიანი შტურმი რიაზანზე მონღოლთა გამარჯვებით დასრულდა. ბათო-ყაენის წინ გადაშლილი იყო ვლადიმირ-სუზდალის მიწა-წყლისაკენ მიმავალი რამდენიმე გზა. ის გაემართა ვლადიმერისაკენ მდინარე ოკით, მოსკოვისა და კოლომნის გავლით და არც შემცდარა. ბათო-ყაენმა გაანადგურა ვლადიმერ-სუზდალის შეერთებული მხედრობა, მოსკოვი აიღო და გადაწვა, მოსახლეობა კი გაანადგურა. 3 თებერვალს მოწინავე რაზმი მივიდა ვლადიმირში, ხოლო 7 თებერვალს ქალაქი დაეცა. იმავე დღეებში განადგურდა სუზდალი. ვლადიმირის აღების შემდეგ ბათო-ყაენმა ამოწყვიტა უმწეოდ დარჩენილი ქალაქის მოსახლეობა. 1238 წლის 4 მარტს მტრის ლაშქარმა შემუსრა რუსთა დარჩენილი რაზმები და ნოვგოროდისკენ გაეშურა. ქალაქს ასი ვერსით მიახლოებული ბათო-ყაენი ტალახიანი და ჭაობიანი გზის გამო მოულოდნელად უკან შემობრუნდა და კოზელკისკენ გაემართა. კოზელსკს შვიდი კვირა უტევდნენ. სმოლენსკსაც გვერდი აუარეს. ბათო-ყაენი ვერ ჩავიდა ვერც ვოლოგდაში და ვერც ნოვგოროდის ხელუხლებელ სამფლობელოს მიაღწია (იმ ხანებში ნოვგოროდის მთავარი იყო დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე, ალექსანდრე. იგი ნოვგოროდის მთავრად 1236 წელს აირჩიეს. მონღოლთა ლაშქრის უკან გაბრუნების შემდეგ, მან მზადება მაინც განაგრძო მტრის დასახვედრად, მაგრამ განსაცდელი სხვა მხრიდან დაატყდათ თავს: 1040 წ. მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებასა და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ღმრთისმოყვარე ალექსანდრემ მდ. ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკი დამარცხება აგემა მტრის ლაშქარს, რისთვისაც ხალხმა სიყვარულით „ნეველი“ უწოდა. მან 1242 წელს ჩუდის ტბასთან ე.წ. „ყინულის ბრძოლაში“ ტევტონელთა ორდენის რაინდების (გერმანელი ჯვაროსნების) დამარცხებაც შეძლო. ალექსანდრეს კარგად ესმოდა, რომ თათარ-მონღოლებთან შებმა უაზრო იყო და ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ატარებდა. 1250 წელს მან ნოვგოროდის დიდი მთავრის წოდება მიიღო და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისა და ქვეყნისათვის. ალექსანდრე ნეველი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა).

1239 წლის შემოდგომაზე, ყივჩაღების განადგურების შემდეგ დაიწყო საომარი მსვლელობა სამხრეთ რუსეთისა და ევროპისაკენ. მენტუ-ხანი შეიჭრა ჩერნიგოვში (18/X), დაიპყრო მორდავეთის მიწებიც. ჩერნიგოვის აღების შემდეგ, ერთთვიანი ალყის შემდეგ კიევიც დაეცა (1240 წლის 6/XII). მონღოლთა ლაშქარს ამჯერადაც ბათო-ყაენი ედგა სათავეში. ამის შემდეგ მონღოლებს გზა გაეხსნათ სამხრეთ რუსეთისა და ევროპისაკენ. ევროპის განადგურების ჯერიც დადგა, თუმცა ბათო-ყაენის გამანადგურებელ მსვლელობას რუსეთის დასავლელი მეზობლები (ლიტვა და ჯვაროსნები) სერიოზულად არ აღიქვამდნენ და რუსული მიწების მიტაცებას ცდილობდნენ.

1340 წ. ბათო-ყაენმა ილაშქრა აღმოსავლეთ ევროპაში - პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და დალმაციაში. ამ ქვეყნების ხალხთა წინააღმდეგობამ და ზურგში დარჩენილი რუსეთის შიშმა იგი აიძულა 1342 წ. გაზაფხულზე უკან გაბრუნებულიყო. მონღოლთა დიდი ხანის უგედაის სიკვდილის (1241/XII) შემდეგ ბათო-ყაენი თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად ჯუჩის ულუსში დაბრუნდა. 1243 წ. მდ. ვოლგის ქვემოწელზე მან დააარსა ფეოდალური სახელმწიფო „ოქროს ურდო“ (სატახტო ქალაქი სარაჲ-ბათუ). 1251 წელს მისი მხარდაჭერით ყურულთაიმ იმპერიის დიდ ხანად მუნქე აირჩია. ბათუ-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა.

1255-1266 წლებში ოქროს ურდოს ყაენი იყო ჯუჩის მესამე შვილი და ბათო-ყაენის უმცროსი ძმა, ბერქა-ყაენი. მისი მმართველობის პერიოდში ოქროს ურდო აღარ ემორჩილებოდა მონღოლთა იმპერიას. ბერქამ მდინარე ახთუბაზე ააშენა ახალი ქალაქი - სარაჲ-ბერქე, რომელიც XIV ს-ის I ნახევარში ოქროს ურდოს სატახტო ქალაქი გახდა. ბერქამ შექმნა ხარკის ამკრეფი - ბასკაკთა ორგანიზაცია. მის დროსვე დაიწყო ოქროს ურდოს მოსახლეობის გამაჰმადიანება. 50-იან წლებში ბერქამ ლიტვა დალაშქრა. 1262 წელს აზერბაიჯანის დასაუფლებლად ჰულუგუინებს დაუწყო ბრძოლა და შირვანს შეუტია. 1266 წ. ბერქამ ახალი ლაშქრობა მოაწყო: აზერბაიჯანში შეიჭრა და მტკვარს მიადგა, მაგრამ რადგან ხიდები წინასწარ იყო აყრილი, მდინარე ვერ გადალახა და თბილისისაკენ დაიძრა. გზად დაარბია შირვანი, ჰერეთი, კახეთი, ივრისპირეთი, მაგრამ თბილისს ვერ მიაღწია, გარეჯში გარდაიცვალა.

ძლიერების ზენიტს ოქროს ურდომ უზბექის (1312-1342) და ჯანიბექის (1342-1357) ხანაში მიაღწია. ამ დროს ოქროს ურდოს არმია 300.000 კაცს ითვლიდა, მაგრამ ჯანიბექის მოკვლის შემდეგ დაიწყო ოქროს ურდოს დაცემა. XIV ს-ის დამდეგს ოქროს ურდოს ჩამოსცილდა ხვარაზმი და ასტრახანი, პოლონეთმა და ლიტვამ კი მიწები დაიპყრეს დნეპრის აუზში.

რუსეთი უშუალოდ არ შედიოდა ოქროს ურდოს შემადგენლობაში, მოსახლეობა მხოლოდ ხარკს იხდიდა. დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობას ისინი დიდ გადასახადებს ადებდნენ და არაფერს ერიდებოდნენ, ოღონდ ხარკი მთლიანად ჩაეგდოთ ხელში. მონღოლთა მიერ გადასახადების აკრება ყაჩაღთა ბრბოს თარეშს ჰგავდა. მონღოლთა ბატონობის დროს რუსეთში შეიქმნა საფოსტო გზების ქსელები. შემოიღეს მოსახლეობისა და ქონების აღწერა, რითაც განსაზღვრეს ყოველწლიურად გასაყვანი მოლაშქრეთა რიცხვი.

რუსული ეკლესია დიდი განსაცდელის წინაშე დადგა - დაეცა ზნეობრიობა, აყვავდა ქურდობა, ტყუილი, მტრობა, უთანხმოება, მრუშობა, ლოთობა - სრული თავისუფლება მიეცა უკეთური წარმართების ვნებებს, მაგრამ უფალმა არ დაუშვა რომ რუსეთი დაღუპულიყო და რადონეჟის უდაბნოს ტყეებიდან წმინდა სახარებითა და მადლმოსილი სწავლებით გაანათა მრავალტანჯული და დამცირებული რუსეთი, რომელსაც მძიმე დღეები ედგა.

* * *

ღირსი სერგის მშობლები -
კირილე და მარიამი

ღირსი სერგი რადონეჟელი იყო უმცროსი ვაჟი კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამისა, რომლებიც როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში ცხოვრობდნენ. იგი დაიბადა 1314 წლის 3 მაისს. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. სერგის ღმრთივრჩეულობა ადრევე განცხადდა: ჯერ კიდევ შობამდე, კვირის საღმრთო ლიტურღიის დროს დედამ და მორწმუნეთა კრებულმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზის წამოძახილი დედის საშოდან - პირველად სახარების კითხვისას, მეორედ ქერუბიმების გალობის დროს, მესამედ კი „წმიდაა წმიდათა“-ს წარმოთქმის დროს. ყრმამ დაბადებამდე მისცა ყველას ნიშანი, რომ წმინდა სამების მსახური იქნებოდა. დედა მიხვდა, რომ მუცლით მადლმოსილ მოღვაწეს ატარებდა და გულმოდგინედ დაიცვა სული და სხეული სიწმინდითა და თავშეკავებით, ლოცვითა და განმარტოებით.

ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა: ოთხშაბათს და პარასკევს რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედის რძეს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ შეწყვიტა ხორცის მიღება.

ბართლომე შვიდი წლის იყო, როცა სასწავლებლად მიაბარეს სკოლაში, რომელსაც როსტოვის ეპისკოპოსი პროხორე ხელმძღანელობდა. პატარა ბართლომეს მრავალი განსაცდელის გადატანა მოუხდა სახლშიც და სკოლაშიც. მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით სწყუროდა სწავლა, გონება არ ეხსნებოდა. შეწუხდნენ მშობლები, ყრმა კი დაუცხრომელად ევედრებოდა უფალს, გონება გაეხსნა მისთვის. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და თხოვნა აუსრულა: ერთხელ მამამ ბართლომე ცხენების საძებნელად მინდორში გაგზავნა. გზად მან მუხის ძირში ლოცვად დამდგარი უცნობი მღვდელ-მონაზონი დაინახა, მიუახლოვდა, ქედი მოიდრიკა და მორჩილებით დაელოდა ლოცვის დამთავრებას. ასკეტური გარეგნობის მქონე ბერმა აკურთხა ბავშვი, აკოცა და ჰკითხა, რა გასჭირვებოდა. ბართლომემ გაუმხილა თავისი სატკივარი - წერა-კითხვას ვერ ვსწავლობო და შეევედრა, უფლისაგან შემწეობა გამოეთხოვა მისთვის. უცნობმა ბავშვს თხოვნა შეუსრულა - ილოცა, შემდეგ კი ჯვარი გადასახა და სანაწილიდან ამოღებული სეფისკვერის ნატეხი გაუწოდა: „გამომართვი, შვილო, და მიიღე. ეს ღმრთის მადლის ნიშანად და წმინდა წერილის გულისხმისაყოფად გეძლევა“-ო. ბართლომეს თხოვნით ბერი სახლშიც ეწვია მის მშობლებს. რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როდესაც ტრაპეზის შემდეგ, ბერის კურთხევით ბართლომე ადგა და გამართულად წაიკითხა ფსალმუნები. გახარებულ დედ-მამას ბერმა ყრმის მომავალი სულიერი დიდებულებაც უწინასწარმეტყველა.

მიხეილ ნერტეროვი. ყრმა ბართლომეს ჩვენება

ამ დღიდან გონება გაუნათდა ბართლომეს და წმინდა წერილის საფუძვლიანად შესწავლას შეუდგა. მას წაკითხულის გაანალიზების საოცარი უნარი მიემადლა. ბართლომე უფლის შიშითა და სიყვარულით იზრდებოდა, გულსმოდგინედ ლოცულობდა, წმინდანთა ცხოვრებას სწავლობდა და მკაცრად მარხულობდა. მან დედა დაარწმუნა, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა. თავმდაბალი, სიტყვაძვირი, მშვიდი და ალერსიანი ყრმა მშობლების ნების უსიტყვო აღმასრულებელიც იყო. მცირეწლოვანი ბართლომე უკვე ჩამოყალიბებული ბერივით იქცეოდა: ღამ-ღამობით ლოცულობდა, ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში კი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა. ბავშურ თამაშებს თავს არიდებდა.

1328 წელს, 15 წლის იყო ბართლომე, როდესაც თათარ-მონღოლთა შემოსევებისაგან გაღარიბებულმა მშობლებმა დატოვეს ძველი როსტოვი და მოსკოვის სამთავროში, პატარა ქალაქ რადონეჟში გადასახლდნენ, მოსკოვის მთავრის მფარველობის ქვეშ. 20 წლის ბართლომემ მშობლებს სთხოვა, ბერად აღკვეცაზე ლოცვა-კურთხევა მიეცათ, მაგრამ მათ სთხოვეს, რომ დედ-მამა სიკვდილამდე არ მიეტოვებინა. მოსიყვარულე შვილიც დაემორჩილა მშობლებს.

უფროსი ვაჟიშვილების დაოჯახების შემდეგ, ღირსი კირილე და მარიამი ხოტკოვის ღმრთისმშობლის საფარველის სახელობის სავანეში სქემით შეიმოსნენ და მალე უფლისათვის სათნო ღვაწლში მიიცვალნენ (წმინდა კირილეს და მარიას ხსენებას ეკლესია აღნიშნავს 28/IX-11/X; 18/31 იანვარს და 6/19 ივლისს). ბართლომემ დედ-მამა წესისაებრ დაასაფლავა, ქონების ნაწილი დაცოლშვილებულ ძმას, პეტრეს დაუტოვა, ნაწილი კი დედ-მამის სახელზე გაჭირვებულებს დაურიგა. მან 21 წლის ასაკში დატოვა ეს სოფელი და დაქვრივებულ, შემდეგ კი ბერად შემდგარ უფროს ძმასთან, სტეფანესთან ერთად უდაბნოს მიაშურა. ისინი რადონეჟისაგან ათი ვერსის, მოსკოვიდან კი 60 ვერსის დაშორებით, მდინარე კონჩურასთან უდაბურ ტყეში დამკვიდრდნენ. ამ ადგილს მაკოვეცსაც უწოდებდნენ. კეთილმსახურმა ძმებმა ტყე გაკაფეს, საკუთარი ხელით მოიწყვეს სენაკები და მიტროპოლიტ თეოგნესტის კურთხევით, რომელიც ძალიან ალერსიანად ექცეოდა მეუდაბნოე ბერებს, ააგეს მცირე ტაძარი, რომელიც ყოვლადწმინდა სამების სახელზე აკურთხეს.

სტეფანემ ვერ გაუძლო განდეგილობის სიმძიმეს და მოსკოვის ღმრთის განცხადების სავანეს მიაშურა. მარტო დარჩენილი 23 წლის ბართლომე 1337 წლის 7 ოქტ. უახლოესი მონასტრის იღუმენმა, მიტროფანემ, სერგის სახელით ბერად აღკვეცა. მან შვიდი დღე დაჰყო ეკლესიაში, ყოველდღე ეზიარებოდა და მხოლოდ ერთ სეფისკვერს ღებულობდა. ამის შემდეგ მიტროფანე თავის მონასტერში დაბრუნდა და ახლადაღკვეცილი ბერი მარტო დატოვა. იგი მთელი გულით მიეცა მეუდაბნოის ღვაწლს. ეშმაკები ცდილობდნენ მის შეშინებას, თავს ესხმოდნენ და ემუქრებოდნენ. იგი მოთმინებით იტანდა მათ თავდასხმებსა და მარტოდმყოფი მეუდაბნოის მძიმე ცხოვრებას, ღამე ლოცულობდა, ხოლო დღე შრომობდა და წმინდა წერილს კითხულობდა. ერთხელ ღამით, როდესაც წმინდა სერგი თავის კანონს ასრულებდა, უეცრად ტყეში ხმაური ატყდა და ეშმაკები შემოერტყნენ მის კელიას. „წადი აქედან, რისთვის დასახლდი უდაბურ ტყეში! - ყვიროდნენ ისინი, - რას ეძებ? ნუთუ არ გეშინია მოკვდე შიმშილით ან ავაზაკების ხელით“. მაგრამ მოღვაწე არც კი განძრეულა, მთელი ყურადღება ლოცვაზე გადაიტანა და ეშმაკებიც უკვალოდ გაქრნენ.

ღირსი სერგი და დათვი

ღირსმა კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: მისი სენაკის წინ დაძრწოდნენ მგლები, მიდიოდნენ მასთან, დაყნოსავდნენ და შემდეგ მშვიდად გაეცლებოდნენ. ნეტარი თავს ლოცვით იცავდა და არ ეშინოდა მათი. მას დათვებიც სტუმრობდნენ. ერთი დათვი მთელი წელი სტუმრობდა და ბერიც დამშეულ ნადირს პურის უკანასკნელ ნატეხს უყოფდა, ზოგჯერ მთლიანადაც უთმობდა, თვითონ კი მშიერი რჩებოდა. ორი წელი დაჰყო მან სრულიად მარტო, შემდგომ კი, მის ირგვლივ ბერული ცხოვრების მსურველებიც შეიკრიბნენ. ღირსი სერგი მიუთითებდა მათ მეუდაბნოის მძიმე ცხოვრებაზე და აფრთხილებდა: „მოამზადეთ თქვენი გული არა სიმშვიდისა და უდარდელობისათვის, არამედ მარხვისათჳს, სულიერი მოღვაწეობისა და მრავალი განსაცდელისათვის“. მალე მისი კელიის სიახლოვეს აშენებულ რამდენიმე ქოხში 12 ბერი დასახლდა. ასე ჩაეყარა საფუძველი წმინდა სერგის სახელგანთქმულ დიდ ლავრას.

წყნარად და მშვიდად მიდიოდა ბერების სამონასტრო ცხოვრება. ყოველღამე იკრიბებოდნენ ეკლესიაში და აღასრულებდნენ შუა-ღამიანს, შემდეგ ცისკარს, ჟამნს, მწუხრს და სერობას. საღმრთო ლიტურგიას კი ახლომდებარე სოფლიდან მოსული მღვდელი ატარებდა, რადგან მათ შორის მღვდელ-მონაზონი არ იყო. ძმებს შორის სრული თანასწორობა სუფევდა, თუმცა სერგი სულიერად მათზე მაღლა იდგა. მას ვერავინ შეედრებოდა, არც მაშინ და არც შემდგომ წლებში. თუმცა მაცხოვრის სიტყვებისაებრ - „რომელსაც უნდეს თქვენ შორის პირველ-ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონაჲ“ (მაკ. 10.44) - ის ემსახურებოდა ძმებს: აშენებდა კელიებს, შეშას ჩეხდა, პურსა და სეფისკვერს აცხობდა, ტანსაცმელს კერავდა, ხელის წისქვილით ფქვავდა, მოჰქონდა წყალი და ასრულებდა ყველანაირ სამუშაოს, ღამეებს კი ლოცვაში ათენებდა და მხოლოდ წყლითა და პურით იკვებებოდა. ერთხელაც მათთან მივიდა იღუმენი მიტროფანე და იგი მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მისი სიკვდილის შემდეგ, 1354 წელს, ხანგრძლივი და მხურვალე ვედრებით, სავანის ბერებმა სერგი წინამძღვრობაზე დაითანხმეს. თავისი ნების წინააღმდეგ იგი წავიდა ვოლინის ეპისკოპოს ათანასესთან, რომელიც დროებით ცვლიდა კონსტანტინეპოლში წასულ მოსკოვის მიტროპოლიტ ალექსის და სთხოვა მონასტრისათვის წინამძღვარი მიეცა, მაგრამ ეპისკოპოსმა ათანასემ მას დაასხა ხელი, ჯერ ბერ-დიაკონად, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად და იღუმენადაც დაადგინა. ახლადდადგინებულ იღუმენს მან ანდერძად დაუდო, რომ კარგად დაემახსოვრებინა პავლე მოციქულის სიტყვები: „თანა გუაც ჩუენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთაჲსა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო ყოფად“ (რომ. 15,1) და „ურთიერთას სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტეჱსი“ (გალ. 6, 2).

მიხეილ ნერტეროვი. სერგი რადონეჟელის შრომა

სიხარულით შეხვდა მონასტრის საძმო ახალ იღუმენს. ახოვანი მოსაგრე ბრძნულად განაგებდა მონასტერს; არა მარტო სიტყვით, საქმითაც კეთილ მაგალითს აძლევდა ძმებს. ყოველთვის ძალიან ღარიბულად ეცვა. იღუმენის ხარისხში მან კიდევ უფრო გააძლიერა ღუაწლი. იგი ყველაზე მეტს მუშაობდა, თუმცა ახერხებდა ყველას შესწეოდა გასაჭირის ჟამს. თავშეკავებული ცხოვრება, მშვიდი და თავმდაბლი ქადაგება, ცრემლთა დენა და საღმრთო მოშურნეობა ყველასათჳს სამაგალითოს ხდიდა მას. წმინდანის მოწაფის, ეპიფანეს სიტყვებით, იგი ყველაფერში პირველიც იყო და უკანასკნელიც, „მას ვერავინ შეედრებოდა“. იღუმენი წირვას ყოველ დღე აღასრულებდა და ღმრთისმსახურებისათვის აუცილებელს თვითონვე ამზადებდა: სანთლებს აკეთებდა, ხორბალს ფქვავდა, ცომს ზელდა და სეფისკვერებს აცხობდა. ამ საქმეს არავის არ ანებებდა. ეკლესიაში ის პირველი მიდიოდა და ბოლო ტოვებდა. არასოდეს მიყრდნობია კედელს და არც დამჯდარა. იმ ხანებში ეშმაკებმა კვლავ განაახლეს წმინდანზე თავდასხმა და ხშირად ეცხადებოდნენ მას გველის ან სხვა ქვეწარმავლის სახით, მაგრამ ღმერთმა ბოროტ ძალთა განსხმის ნიჭი მიჰმადლა და ვეღარ ბედავდნენ მასთან მიახლოვებას.

დიდი ხნის განმავლობაში სავანეში კვლავ 12 ბერი იმყოფებოდა, მაგრამ ერთხელაც მათთან სმოლენსკის არქიმანდრიტი სტეფანე მივიდა და სავანეში დარჩა, როგორც უბრალო ბერი. მას თან ახლდა თავის უმცროსი შვილი, 12 წლის იოანე, რომელიც ღირსმა სერგიმ მორჩილად აღკვეცა და უწოდა თეოდორე. ამ ღირსშესანიშნავი ამბის შემდეგ ყოველი მხრიდან დაიძრნენ, როგორც ახალგაზრდები, ასევე მოხუცები, რათა სახელგანთქმული იღუმენის ხელმძღვანელობით დაეწყოთ მოღვაწეობა. ღირსი სერგი ყველას სიყვარულით ხვდებოდა, ჯერ მორჩილებაში ამყოფებდა და როდესაც მიეჩვეოდნენ სამონასტრო განგების აღსრულებას, მათ მანტიაში აღკვეცავდა, ყველაზე მოშურნეებს კი - სქემაში.

მონასტრის მართვაში იგი სიმდაბლეს ბრძნულად აზავებდა სიმკაცრესთან. ყოველღამე კელიებს ჩამოივლიდა და ვისაც ლოცვაში, ხელსაქმესა და წმინდა წერილის კითხვაში ნახავდა, უხაროდა და მისთვის ლოცულობდა. თუ ვინმეს საუბარში წაასწრებდა, ფანჯარაზე მიუკაკუნებდა და გზას გააგრძელებდა. მეორე დღეს კი დამნაშავეს გამოიძახებდა და მშვიდად დაარიგებდა, მონანულებს სიყვარულით გაისტუმრებდა, ხოლო ურჩებს სასჯელს დაადებდა.

ახალდაარსებულ მონასტერს მატერიალურად ძალიან უჭირდა: ღმრთისმსახურება არყის კვარის შუქზე აღესრულებოდა, ძმები ხის ბარძიმიდან ეზიარებოდნენ. სავანის ბერებს არანაირი პირადი საკუთრება არ გააჩნდათ: ყველაფერს, საჭიროებისაებრ, საძმოს საერთო ქონებიდან იღებდნენ და სამონასტრო სამუშაოებშიც თანაბრად მონაწილეობდნენ. ხშირად მთელი საძმო პურის ნატეხის გარეშე რჩებოდა და შიმშილობის მძიმე ჟამი დგებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ყოვლადსახიერი ღმრთისადმი სასოება რომ დაენერგა სულიერ შვილებში, ნეტარი მკაცრად უკრძალავდა მათ სავანიდან გასვლას მონასტრისთვის მოწყალების სათხოვნელად.

ერთხელ ნეტარმა შიმშილით დასუსტებული ძმა მაცხოვრის სიტყვებით დაამშვიდა: „მიჰხედეთ ფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ: არა-მე თქუენ უფროჲს უმჯობეს ხართა მფრინველთა?“ (მთ. 6, 26). სიტყვა არც კი ჰქონდა დამთავრებული, რომ მონასტრის კარებზე დააკაკუნეს და მთელი ურემი ახლადგამომცხვარი პური შემოსწირეს, შემდეგ კი იმდენი სურსათი მოიტანეს, რომ სავანის ძმობას დიდხანს ეყო.

მონასტრის სიახლოვეს მჩქეფარე წყარო დაშრა, წმინდა სერგის ლოცვით კი მოულოდნელად ამოხეთქა სხვა წყარომ, რომელიც სასწაულთმოქმედი აღმოჩნდა. მას სერგის წყაროს ეძახდნენ, მაგრამ ღირსმა მამამ აუკრძალა მათ წყაროს ასე მოხსენიება.

ნეტარი სერგისა და მისი ძმების სიწმიდით გაბრწყინებულმა ცხოვრებამ თანდათან მიიპყრო თანამედროვეთა ყურადღება და მალე ლავრამ მთელ რუსეთში გაითქვა სახელი. მონასტრის დაარსებიდან 15 წლის შემდეგ მის შემოგარენში დასახლება დაიწყეს გლეხებმა. ისინი ტყეებს კაფავდნენ და მიწებს ამუშავებდნენ. გლეხები მონასტერსაც ეხმარებოდნენ სურსათ-სანოვაგით. ამიერიდან სიღატაკესა და შიმშილს აღარ შეუწუხებია ისინი.

ერთხელ, როცა ნეტარი ღამით მოწაფეებთან ერთად ლოცვად იდგა და სავანის საძმოს უფალს ავედრებდა, გაისმა ხმა: „სერგი! შენ შენს სულიერ შვილებზე ლოცულობ და შენი ლოცვა შესმენილია. შეხედე, რამდენი ბერი იკრიბება შენი ხელმძღვანელობითა და ყოვლადწმინდა სამების სახელით“ გაკვირვებულმა წმინდანმა პირჯვარი გადაისახა და თვალისმომჭრელი ნათლის ფონზე იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე, რომელთაც გადაეფარათ ლავრა და მისი შემოგარენი. ზეგარდამო ხმამ განაგრძო: „სერგი, ამ ფრინველებივით გაგიმრავლდება სულიერი შვილები და ამ ფრთოსანთა მშვენებასავით მრავალფერი და საკვირველი იქნება მათი სათნოებანი და შენს შემდეგაც არ შემცირდება, თუ განაგრძობენ შენს კვალზე სიარულს“. წმინდა სერგიმ სიმონს დაუძახა და მანაც იხილა ნაწილი ჩვენებისა. მათ მთელი ღამე სულიერ სიხარულსა და გალობაში გაატარეს.

იმ ხანებში წმინდა სერგის ღუაწლის შესახებ იერუსალიმშიც ჰქონდათ ცნობები და ათონის წმინდა მთაზეც. ამას შესახებ გვატყობინებს მისი ცხოვრების აღმწერელი „ეპიფანე ყოვლადბრძენი“, რომელმაც წმინდა ადგილები მოილოცა.

ერთ დღესაც ათონიდან წმინდა ბერი ჩამოვიდა, რომელსაც სახელად სერგი ერქვა (ნურომელი. ხს. 7/X) და თავისი სული სერგი რადონეჟელს ჩააბარა. იმავე ხანებში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფილოთეოსმა [იგი იყო ერთგული მოწაფე და მიმდევარი უდიდესი განმანათლებლის, თესალონისკის არქიეპისკოპოსის - გრიგოლ პალამასი (1296-1359 წ.წ.), რომელიც იესოს ლოცვას ასწავლიდა უძველეს მეუდაბნოეთა გამოცდილების მიხედვით], წერილი გაუგზავნა წმინდა სერგის და მისწერა, ყველაფერი კარგია შენს მონასტერში, გარდა იმისა, რომ არა გაქვთ საერთო საცხოვრებელიო და აკურთხა, რომ მონასტრული ცხოვრების ახალ ფორმაზე გადასულიყვნენ, რომელიც ჯერ კიდევ უცხო იყო რუსეთისთვის. ამის შემდეგ უდაბნოში დააარსეს საერთოსაცხოვრებელი და საკვები და ტანსაცმელი გახდა საერთო სამონასტრო.

ღირსი მამა ასწავლიდა ძმებს გულმოწყალების საქმეებს - გლახაკთმოყვარეობას, უცხოთმოყვარეობას, ავადმყოფების მოვლას და ჰპირდებოდა მათ, რომ მათი სავანე მანამდე იარსებებდა, სანამ ეს მცნებები შესრულდებოდა. იმ ხანებში მონასტრის ახლოს დიდი გზა გაიყვანეს და მისვლა-მოსვლამ და სტუმრიანობამ მოიმატა სავანეში. განსაკუთრებულ მამობრივ სიყვარულს იგი ობოლთა, გლახაკთა, უპოვართა და მონასტერს შემოვედრებულ მწირთა მიმართ იჩენდა. ისინი უამინდობის გამო დიდხანს ყოვნდებოდნენ მონასტერში. შიმშილობების ჟამს წმინდანი აღებდა მონასტრის ბეღლებს და დამშეულებს უხვად ურიგებდა ხორბალს.

სერგეი ჩიკუნჩიკოვი. სერგი რადონეჟელის მიერ
ყრმის მკვდრეთით აღდგინება. 1999 წ.

იმავე ხანებში ერთ გლეხს მასთან ავადმყოფი შვილი მოჰყავდა, მაგრამ გზაში ყრმა გარდაიცვალა. სერგის შეეცოდა მამა, რომელიც ძალიან განიცდიდა შვილის უდროო სიკვდილს, ილოცა და მკვდარი აღადგინა, თუმცა გახარებულ მამას ასე უთხრა: „ყრმა ძლიერი ყინვისაგან გაიყინა, შენ კი გეგონა, რომ მოკვდა. თბილ კელიაში ის გამოცოცხლდა, შენ კი გეგონა, რომ მკვდრეთით აღსდგა“-ო.

ერთხელ სავანეში ეშმაკეული მიიყვანეს. ლოცვის დასრულებისას, როცა ღირსმა მამამ ჯვარი გადასახა, შეპყრობილს მოეჩვენა, რომ ჯვრიდან ცეცხლის ალი გამოვარდა და ყვირილით ძირს დაენარცხა, ხოლო გონს სრულიად განკურნებული მოვიდა.

წმინდა სერგი გაურბოდა ამქვეყნიურ დიდებას, მაგრამ მისი სახელი თანდათან იზრდებოდა. მას პატივს სცემდნენ და ცდილობდნენ მისი ხელმძღვანელობით გადარჩენას. მდიდრებიცა და უბრალო ადამიანებიც მისი ნახვის სურვილით იწვებოდნენ. წმინდანის სულიერ შვილთაგან ბევრი ბოიარი და თავადი მონასტერს თავისი ქონების ნაწილს სწირავდა, რამაც შემდგომ შესაძლებელი გახადა ახალი, უფრო დიდი ტაძრის აშენება. სავანის სახსრები იზრდებოდა, მაგრამ სერგი და მისი ძმები ძველებურად კვლავ სიღატაკეში ცხოვრობდნენ. მდიდრულ შემოწირულობებს იღუმენი მხოლოდ საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. დიდი იყო იმედგაცრუება სახელგანთქმული იღუმენის სანახავად მისული გლეხისა, როცა მას ბოსტნის მბარავი და დაბებკულ ტანსაცმელში გამოწყობილი უბრალო ბერი დაანახეს. ამ დროს მონასტერში წარჩინებული ბოიარი მივიდა, თავმდაბლად ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანის სცა მას. ამ სანახაობით შეძრული გლეხი სამუდამოდ მონასტერში დარჩა.

საერთო საცხოვრებლის წესის გამო, რომელსაც არ იცნობდნენ იქაური ბერები, მონასტერში უკმაყოფილება გაჩნდა თვით წინამძღვრის მიმართაც. უკმაყოფილოთა შორის მისი ძმა, სტეფანეც ერია. წმინდანი არ არ შეწინაღმდეგებია ძმებს. იგი მდინარე კირჟაჩზე გადავიდა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზე სავანე დააარსა, თუმცა რადონეჟის უდაბნოს (სავანის) საქმეები ძალიან ცუდად წავიდა, რადგან მრავალი მოღვაწე მას გაჰყვა. მიტროპოლიტ ალექსის საშუალებით წინამძღვარი უკან დაბრუნებაზე დაითანხმეს ძმებმა და დიდი სიხარულითაც შეეგებნენ. კირჟაჩზე იღუმენად მისი მოწაფე, ღირსი რომანი დაინიშნა. ამის შემდეგ მშვიდობა ღირსი სერგის უდაბნოში აღარასოდეს დარღვეულა.

ერთხელ პერმის ეპისკოპოსმა, განმანათლებელმა სტეფანემ (ხს. 20/IV.) წმ. სერგის სავანის შორიახლოს, 8 ვერსის მანძილზე გაიარა, მონასტრის გასწვრივ გაჩერდა (ამ ადგილზე შემდეგ სამლოცველო აშენდა) და თაყვანის სცა ღირს მამას სიტყვებით: „მშვიდობა შენდა, სულიერო ძმაო!“. ამ დროს წმინდა ბერი, რომელიც ძმებთან ერთად სატრაპეზოდ იჯდა, ადგა, ილოცა და თაყვანის-სცა ეპისკოპოსს შემდეგი სიტყვებით: „გიხაროდეს შენც, ქრისტეს სამწყსოს მწყემსო, უფლის მადლი და კურთხევა დაე მუდამ იყოს შენთან!“. ტრაპეზის შემდეგ კი ძმებს განუცხადა ერთი საათის წინ ჩვენი მონასტრის პირდაპირ შეჩერდა მოსკოვში მიმავალი ეპისკოპოსი სტეფანე, თაყვანი სცა სამებას და დაგვლოცა ჩვენ ცოდვილები“ო. ამ მოვლენის აღსანიშნავად მონასტერში დამკვიდრდა ასეთი ჩვეულება: ტრაპეზზე ბოლო კერძის შემოტანის წინ რეკს ზარი, ყველა ფეხზე დგება. მორიგე ბერი წარმოთქვამს: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, შეგჳწყალენ ჩუენ!“. ამის შემდეგ სხდებიან და ტრაპეზს ამთავრებენ.

წმინდა სერგის თავისმა მოწაფემ, ისააკმა ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვა მდუმარების ღუაწლის ასაღებად, მან ჯვარი გადასახა და უთხრა: „შვილო, უფალი აღასრულებს შენს სურვილს!“-ო. ამ დროს ისააკმა დაინახა ღირსის ხელიდან გამოვარდნილი ალი (ცეცხლი ენა) რომელმაც გაანათა წმინდანი. ისააკი მდუმარების ღვაწლს შეუდგა და მხოლოდ ერთხელ, სასწაულებრივი მოვლენის გამო გახსნა ბაგე: ღირსი სერგი თავის ძმა სტეფანესა და ძმისშვილ თეოდორესთან ერთად საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, როცა მდუმარებაში მყოფმა ისააკმა დაინახა მეოთხე თანამწირველი ბრწყინვალე შესამოსელში, რომელიც ისეთი არაბუნებრივი ნათლით იყო შემოსილი, რომ თვალს ვერ გაუსწორებდი. სახარებით მცირე გამოსვლისას ის თან გამოჰყვა ღირს მამას. ისააკი ისე შეძრწუნდა, რომ თავისდაუნებურად გახსნა ბაგე და ახლოს მდგომ მაკარი მღვდელს ჰკითხა: „ეს რა საოცარი სანახაობაა, მამაო? ვინ არის ეს საკჳრველი კაცი?“, მაკარი თვითონ იყო ნანახით გაოგნებული. წირვის შემდეგ მისი საიდუმლო თანამწირველის ვინაობა ჰკითხეს წინამძღვარს. ღირსმა განუცხადა მათ, რომ ის იყო უფლის ანგელოზი, მასთან ერთად მუდმივად თანამწირველი და თანამსახური, მაგრამ სხვებთან ამ თემაზე საუბარი მკაცრად აუკრძალა.

ერთხელ, როცა ღირსი მამა ღმრთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდა თავისი სავანის გაძლიერებას, კანონის წაკითხვის შემდეგ, შუაღამისას დასასვენებლად ჩამოჯდა და თავის მოწაფეს, მიქიას უთხრა: „შვილო, გამხნევდი და გამოფხიზლდი, ახლა ღირსი გავხდებით მოულოდნელი და საკვირველი გამოცხადებისა“- ო. მართლაც, მოულოდნელად ხმა გაისმა: „აჰა, მობრძანდება ყოვლაწმინდა“. როდესაც ღირსი მამა თავის კელიაში შევიდა, საოცარმა, მზის სხივებზე უბრწინვალესმა ნათებამ გაანათა იგი. მან დაინახა ზებუნებრივი ბრწყინვალებით შემოსილი ღმრთისმშობელი, ხოლო მასთან იყვნენ წმინდა მოციქულები: პეტრე და იოანე. წმ. სერგი მუხლებზე დაეცა, მაგრამ ყოვლადწმინდამ წამოაყენა და უთხრა: „ნუ შეშფოთდები, ჩემო რჩეულო! მე მოვედი შენთან, რადგანაც მესმა შენი ლოცვა მოწაფეთა გამო. ნუღა სწუხარ ამ სავანის გამო, მას არ დატოვებს სიუხვე და დოვლათიანობა არც შენს სიცოცხლეში და არც შენი ღმერთთან მიახლების შემდეგ. მე აღარასოდეს დავტოვებ ამ ადგილს!“. ამის შემდეგ ღმრთისმშობელი სწრაფად გაუჩინარდა. ღირსი სერგი შეძრწუნებული და აკანკალებული დარჩა, ხოლო მიქია მკვდარივით ესვენა მიწაზე. წმინდანმა წამოაყენა მიქია, ის კი ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა: „მამაო, ღმრთის გულისათვის მიამბე, რა მოხდა. ჩემი სული კინაღამ ხორცს დასცილდა, იმდენად ბრწყინვალე ხილვა იყო“. წმინდა მამას დიდი სულიერი სიხარული დაეუფლა, სახე უბრწყინავდა. მან მხოლოდ ამის თქმა შეძლო: „შვილო, ცოტა ხანს გაჩერდი, რადგან ამ საკვირველი გამოცხადებისაგან სული მითრთის!“-ო, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი ისააკსა და სიმონს დაუძახა და ყველაფერი უამბო მათ, შემდეგ გადაიხადეს ღმრთისმშობლის პარაკლისი და ის ღამე უფლის დიდებასა და ლოცვაში გაათენეს.

ღირსი სერგი ლიტურღიას აღასრულებდა, როცა სიმონმა დაინახა, რომ ტრაპეზიდან ცეცხლი გამოდიოდა, ანათებდა საკურთხეველს და გარს ევლებოდა წმინდანს, ისე, რომ თავიდან ფეხებამდე ცეცხლის ალში იყო გახვეული. წმ. საიდუმლოს (ზიარების) მიღების წინ, ცეცხლი საბურველივით გადაეფარა ბარძიმს და შიგ ჩაეშვა, საიდანაც ეზიარა იგი. შეშინებული სიმონი დადუმებული იდგა. ნეტარმა ჰკითხა მას: „შვილო, რამ შეაძრწუნა სული შენი? სიმონმა უპასუხა: „მამაო, მე ვიხილე სასწაული, მე დავინახე სული წმიდის მადლი, რომელიც შენით მოქმედებდა“. ღირსმა სერგიმ მასაც აუკრძალა ამ ამბის გახმაურება სანამ ცოცხალი იყო.

ერთ ბერძენ ბერს არ სჯეროდა სერგის სიწმინდის. „ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ ქვეყანაში ასეთი მნათობი გაბრწყინდეს?“-ო, ამბობდა ის, მაგრამ როცა სერგის კელიას მიუახლოვდა, შეძრწუნდა, რადგან მხოლოდ მან დაინახა მისი გაბრწყინვებული შარავანდედი, რომლისაგანაც სრულიად დაბრმავდა. წმინდანმა ათრთოლებული ბერი თავის კელიაში შეიყვანა, თვალებზე შეეხო და განკურნა, შემდეგ კი თავმდაბლად ესაუბრა. მას შემდეგ ეს ბერი ყველას ეუბნებოდა, რომ იხილა „ანგელოზი ქუეყანისაჲ და კაცი ზეცისაჲ“.

ნეტარი ალექსი, მოსკოველი მიტროპოლიტი ხშირად იღებდა სერგისაგან რჩევა-დარიგებას, მას სურდა, სიკვდილის წინ მღვდელმთავრის ტახტი მისთვის გადაებარებინა, მაგრამ წმინდანმა მტკიცე უარი განაცხადა და უთხრა: „ყრმობიდან აქამდე არა ვყოფილვარ შფოთის მოყუარე“-ო. განმანათლებელი მიუხვდა და უფალს მიენდო. მართლაც წმინდა მიტროპოლიტი აღესრულა 1378 წელს და ხანგრძლივი შფოთი იმით დასრულდა, რომ სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის ტახტზე ავიდა განმანათლებელი კვიპრიანე (1390-1406).

წმ. დიმიტრი დონელი

კეთილმსახური დიდი მთავარი მოსკოვისა, დიმიტრი იოანეს ძე, [შემდგომში დონელად წოდებული (ხს. 19 მაისს)], ხშირად სტუმრობდა წმ. სერგის და მისგან რჩევა-დარიგებასა და ლოცვა-კურთხევას იღებდა. დიდი მთავარი დიმიტრი დაიბადა 1350 წელს კეთილმსახური მთავრის იოანე იოანეს ძისა და მისი მეორე ცოლის, მთავრინა ალექსანდრა იოანეს ასულის ოჯახში. მისმა ბავშვობამ წმ. ალექსი მიტროპოლიტის მეთვალყურეობის ქვეშ გაიარა. წმ. ალექსი იყო დიმიტრის მამის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი. თავიდან მისი როლი მხოლოდ სულიერი მხარდაჭერით ამოიწურებოდა, მაგრამ იოანე იოანეს ძის გარდაცვალების შემდეგ (1559წ), მოსკოვის მიტროპოლიტი ალექსი გახდა ფაქტიური წინამძღვარი მოსკოვის სამთავროსი და მამის მაგივრობას დიდი ხნის განმავლობაში უწევდა დიდი ზნეობრიობითა და მაღალი სულიერებით გამორჩეულ დიმიტრის. ალექსი მიტროპოლიტი ხასიათის სიმტკიცითა და პოლიტიკური გამჭრიახობით გამოირჩეოდა. დიმიტრი მასთან შეთანხმებით აგრძელებდა მამა-პაპათა მიერ დაწყებულ პოლიტიკას: რუსული მიწების შემოკრებას მოსკოვის გარშემო, რის გამოც მას მოუწია დიდი მთავრის დაკარგული ტიტულისათვის ხანგრძლივი ბრძოლა ამავე ტიტულის მაძიებელ სხვა მთავრებთან.

XIV ს-ის შუა ხანებისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთი შედგებოდა მოსკოვის, ტვერისა და სუზდალის ძლიერი სამთავროებისაგან. მოსკოვის დიდი სამთავროს გაძლიერება გამოიწვია მისმა მოხერხებულმა მდებარეობამ სავაჭრო გზაჯვარედინზე, ხელოსნობის, ვაჭრობისა და მიწათმოქმედების განვითარებამ საკუთრივ სამთავროში, მოსკოვის მთავართა გონივრულმა პოლიტიკამ, თუმცა უპირატეს მთავრად ითვლებოდა ის, ვინც ვლადიმირის დიდი მთავრის ტიტულს ატარებდა (ვლადიმირის სამთავრო იყო ნაწილი ერთ დროს უძლეველი და ერთიანი კიევის სამთავროსი, რომელიც XIII ს-ში ნაწილებად იქნა დატაცებული. იგი მდებარეობდა მდინარეებს: ოკასა და ვოლგას შორის. ამ ტერიტორიებზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, დამაკავშირებელი არა მარტო ნოვგოროდთან, არამედ ევროპასთან, შუა აზიასა და ბიზანტიასთან, კარელიასთან, სკანდინავიასა და ინგლისთან). ეს ტიტული კი ოქროს ურდოში, მონღოლთა უმაღლესი ხელისუფლების მიერ ენიჭებოდა მათ მიერ გამორჩეულ მთავარს.

1361 წელს ნავროზ-ხანმა მიიტაცა ოქროს ურდოს ტახტი, მოკლა თავის წინამორბედი და ვლადიმირის დიდი სამთავრო მისცა სუზდალის მთავარს დიმიტრი კონსტანტინეს ძეს, ალექსანდრე ნეველის უმცროსი ძის, ანდრეის შთამომავალს. თუმცა მოსკოველი ბოიარები დაინტერესებული იყვნენ მოსკოვის დინასტიის წარმატებით და ყველაფერი გააკეთეს, რომ დაებრუნებინათ თავის მთავრისათვის დიდი მთავარის სახელი და ღირსება.

1361 წ. 11 წლის დიმიტრი ოქროს ურდოში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგზაურობა დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, ის ძალზე სასარგებლო გამოდგა რუსეთის სამთავროს მომავალი მეთაურისათვის. როგორც ჩანს, ალექსი მიტროპოლიტმა წინასწარ განჭვრიტა მომავალი, როდესაც სახიფათო გზაზე წასასვლელად აკურთხა დიმიტრი, რადგან ფიქრობდა, რომ მომავალ მთავარს თავისი თვალით უნდა ენახა მტერი, რომლის უღელქვეშ ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გმინავდა მისი ერი.

იმ პერიოდში ოქროს ურდოში დიდი სისწრაფით იცვლებოდნენ ხანები: ორი ათეული წლის განმავლობაში გამოიცვალა ოცი ხანი. როდესაც ნავროზ-ხანი მოკლეს, ოქროს ურდო გაინაწილა ორმა ხანმა: აბდულამ და მიურიდმა. მოსკოვში თავიდან ეგონათ, რომ მიურიდის პარტია უფრო ძლიერი იყო და ბოიარები ცდილობდნენ მასთან მოეგვარებინათ საქმე, მაგრამ 1362 წელს მამაის პარტიამ უპირატესობა მოიპოვა და აბდულას საშუალებით დიმიტრი იოანეს ძეს დიდი მთავრის ტიტული უბოძა. (მამაი იყო მონღოლ-თათართა მხედართმთავარი - მეთაური 10.000-იანი ლაშქრისა - რომელმაც ხანთა დაპირისპირების შედეგად 1361 წელს ფაქტიურად ხელში ჩაიგდო ოქრის ურდოს დასავლეთი ნაწილი - თეთრი ურდო. მამაი არ იყო ხანი, რადგან არ მიეკუთვნებოდა მონღოლთა იმპერიის დამაარსებლის ანუ ჩინგიზ ხანის შთამომავლობას. მამამისი იყო ყივჩაყთა ხანი აკოპი, ხოლო დედა ოქროს ურდოს ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავრის მურზა მამაის ასული. მამაიმ ცოლად შეირთო ერთ-ერთი ხანის ქალიშვილი და საწამლავისა და მახვილის საშუალებით დაწინაურდა. იგი ოქროს ურდოს მართავდა „ფიქტიური“ ხანების საშუალებით. რუსული მატიანე მათ „მამაის მეფეებს უწოდებს“)

1363 წელს დიმიტრი „დაჯდა“ ვლადიმირში. ამ დროს სუზდალის მთავარმაც მიიღო დიდი მთავრის ტიტული მიურიდისაგან და დაიკავა ვლადიმირი, მაგრამ 12 დღეზე მეტი ვერ შეიანაჩუნა: როცა მოსკოვის სამთავროს მრავალრიცხოვანი ლაშქარი დაინახა, გაიქცა და სუზდალში ჩაიკეტა. ღმრთისმოყვარე დიმიტრი კი ვლადიმირში მიბრძანდა და ძველი რუსული წესის მიხედვით ეკურთხა მთავრად. ამ დროიდან იგი მოსკოვის მიტროპოლიტის, ალექსის ხელმძღვანელობით ბრძნულად განაგებდა სამთავროს.

დიმიტრი სუზდალელის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდნენ სუზდალ-ნიჟეგოროდის მთავრები. ერთმა მათგანმა, მისმა უმცროსმა ძმამ, ბორისმა, აიღო ნიჟნი ნოვგოროდი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მაშინ დიმიტრი კონსტანტინეს ძემ მოსკოვს მიმართა და სამხედრო და პოლიტიკური დახმარება ითხოვა. მოსკოვის ხელისუფლებამ მას დაუბრუნა მიტაცებული ქალაქი შეპყრობილ ბორისთან ერთად. ამ დახმარების სანაცვლოდ დიმიტრი სუზდალელმა 1365 წელს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რის მიხედვითაც იგი უარს ამბობდა დიდი მთავრის ტიტულზე. მათი კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა 1366 წლის 17 იანვარს, როდესაც დიდი მთავრი, დიმიტრი იოანეს ძე დაქორწინდა სუზდალის მთავრის ქალიშვილზე - ევდოკია დიმიტრის ასულზე. ამ ქორწინების შედეგად დიდ მთავარს შეეძინა 12 შვილი, აქედან 5 ვაჟი იყო და მათ შორის მომავალი დიდი მთავარი ვასილი I.

დიდი მთავრის მთელი ენერგია ურიცხვ მტრებთან ბრძოლაში იფლანგებოდა. გარეშე მტრების - ურდოსა და ლიტვის გარდა, დიმიტრის შინაური მტრები და მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავდა, რომელთა შორის ნიჟგოროდის, რიაზანის და ტვერის სამთავროები გამოირჩეოდნენ ძლიერებით. იგი არც ერთ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას ეკლესიის კურთხევის გარეშე არ იღებდა. გადამწყვეტ როლს მის ცხოვრებაში სამი სამღვდელო პირი ასრულებდა: მოსკოვის მოტროპოლიტი, განმანათლებელი ალექსი, ღირსი სერგი და თეოდორე (სიმონოვი), შემდგომში როსტოვის არქიეპისკოპოსი.

დიდი მთავარი დიმიტრი იოანეს ძე იყო გამოჩენილი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ბრძენი და უშიშარი მხედართმთავარი. მისი ოჯახური ცხოვრება ჯერ ალექსი მიტროპოლიტის სულიერი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, შემდგომ კი თეოდორეს. მათ ოჯახზე გავლენა ჰქონდა ღირს სერგისაც. დიმიტრის 12 შვილიდან ორი წმ. სერგის მონათლული იყო. დიდი მთავრინა ევდოკია ღირსი სერგის სულიერი შვილი იყო და დიდი ღვთისნიერებით გამოირჩეოდა. მან ააშენა მრავალი მონასტერი და ეკლესია, როგორც მოსკოვში, ისე პერეიალავ-ზელენსკში, სადაც დიდი მთავრის რეზიდენცია მდებარეობდა.

სამოციანი წლების მეორე ნახევარში დიდმა მთავარმა გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, მიმართული სახელმწიფოს ცენტრალიზაციისაკენ. 1365 წ. მოსკოვში გაჩნდა დიდი ხანძარი, რის შედეგადაც 2-3 საათში განადგურდა კრემლი, ქალაქი და მისი შემოგარენი. ამ ამბავმა დღის წესრიგში დააყენა ქვით შენების აუცილებლობა. დიდმა მთავარმა კრემლი თეთრი ქვით ააშენა (კრემლი რუსულად ციხესიმაგრეს, ციტადელს, ციხე-კოშკს ნიშნავს და მიუთითებს დიდ, გამაგრებულ, ცენტრალურ კომპლექსზე). ამის შემდეგ მოსკოვი უკვე დაცული იყო მტრის შემოსევებისაგან. 1368 წ. კრემლის ქვის კედლებმა მოსკოვის მკვიდრნი ლიტველთა გამანადგურებელი თავდასხმებისაგან დაიფარა. 1371 წ. მოსკოვისა და რიაზანის სამთავროების საზღვრებისათვის ბრძოლაში, დიმიტრიმ დაამარცხა რიაზანის მთავარი. 1372 წ. დიმიტრი იოანეს ძემ სძლია ლიტველთა მთავრის ოლგერდომის პოლკს და მასთან ზავი დადო.

ვ.გურიანოვი. წმ. სერგი რადონეჟელი
აკურთხებს დიმიტრი დონელს
კულიკოვოს ბრძოლის წინ

1374-1375 წლებში დიდი მთავრის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა გააჩაღა ტვერის მთავარმა მიხეილმაც. 1375 წელს ოქროს ურდომ მას დიდი მთავრის ტიტული უბოძა (ეს სხვა მიხეილ ტვერელია, ხოლო წმინდა კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი იყო წმ. ალექსანდრე ნეველის ძმისწული და 1318 წელს მოწამეობრივად თავი მოკვეთეს ოქროს ურდოში) მან ლაშქარი გამოგზავნა დიმიტრის წინააღმდეგ ქ. ტორჟოკსა და უგლიჩში. დიმიტრის გარშემო შემოიკრიბა უამრავი მოკავშირე - რუსეთის თითქმის ყველა მთავარმა მისი მხარე დაიჭირა. ერთთვიანმა ალყამ დაასუსტა მიხეილ ტვერელის ძალები და ზავი ითხოვა. მან სამუდამოდ უარი თქვა დიდი მთავრის ტიტულზე. იმავე ხანებში ნოვგოროდის მთავარმა ნოვგოროდული საქონლით ვაჭრობის ნება მისცა მოსკოვის მთავარს თავის ტერიტორიაზე. XIV ს-ში ფულის მოჭრა ერთ-ერთმა პირველმა დიმიტრი იოანეს ძემ დაიწყო.

მამაი ძლიერ შეშფოთებული იყო მოსკოვის მთავრის გაძლიერებით. იგი მუდმივად მხარს უჭერდა დიმიტრის მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით კი ტვერისა და რიაზანის მთავრებს. მამაი ერთხელაც არ შეჭრილა რიაზანის სამთავროს ტერიტორიაზე, რომელიც ბუფერული ზონის როლს ასრულებდა მოსკოვსა და ოქროს ურდოს შორის. მისი წაქეზებით 1377 წ. ოქროს ურდოს ერთ-ერთი უფლისწული არაპშა (არაბ-შახი) გამოემართა ნიჟნი ნოვგოროდის ასაოხრებლად, რომელიც მოსკოვის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. რუსთა გაერთიანებული ლაშქარი დიდხანს ელოდა მის გამოჩენას მდ. პიანის ნაპირზე, და როცა აღარ გამოჩნდა, მეომრებმა სიფხიზლე მოადუნეს, აღჭურვილობა მოიხსნეს და ბუნებაში გართობა-ნადირობას მიჰყვეს ხელი. მოულოდნელად ხუთ ნაწილად დაყოფილი მტრის ლაშქარი თავს დაესხათ და საშინელი დამარცხება აგემათ: ნიჟნი-ნოვგოროდი კი ააოხრეს და გადაწვეს.

დიმიტრი იოანეს ძემ წინააღმდეგობის გასაწევად მზადება დაიწყო. მას ეშინოდა, რომ აღარ განმეორებულიყო რუსეთის მიწა-წყლის 1237-1240 წლების საშინელი გაპარტახება. მთელი მისი ცხოვრება თითქოს მზადება იყო ამ გადამწყვეტი ომისათვის. ეკლესიის გავლენით მის სულში ჩამოყალიბდა და გამტკიცდა იდეა რუსეთის გაერთიანებისა. თათარ-მონღოლთა წინააღმდეგ მან სხვა მთავრები და ბოიარებიც დარაზმა. ეკლესიის მიერ შთაგონებული ეს მოძრაობა, ფართოდ გაიშალა რუს ხალხში.

1377 წელს ასპარეზზე გამოჩნდა ახალგაზრდა ხანი თოხთამიში, რომელმაც თემურლენგის ხელშეწყობით შეტევა განახორციელა ოქროს ურდოზე, დაამარცხა მისი აღმოსავლეთი ნაწილი - ცისფერი ურდო და შეუტია მამაიას მიერ უზურპირებულ დასავლეთის ნაწილს, თეთრ ურდოს, და ფაქტიურად მთლიანად დაეპატრონა მას. მამაი მიმწყვდეული აღმოჩნდა მშობლიურ ჩრდილო შავიზღვისპირეთში - ქალაქ აზოვში და მის შემოგარენში. მიუხედავად ამისა, შემდეგ წელს მამაიმ გამოგზავნა თავისი ლაშქარი მურზა ბეგიჩას მეთაურობით „მეტისმეტად გაძლიერებული მოსკოვის“ გასანადგურებლად. მათ გადაწვეს ნიჟნი-ნოვგოროდი. დიმიტრი მედგრად შეეგება მტერს რიაზანის მიწაზე, მდინარე ვოჟასთან, სადაც 1378 წლის 11 აგვისტოს რუსულმა არმიამ დიდი მთავრის დიმიტრის ხელმძღვანელობით პირველად გამოიყენა ბრძოლის ახალი ტაქტიკური ილეთები და საშინელი დამარცხება აგემა მტერს, ბეგიჩი კი ბრძოლაში მოკლეს.

ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადებოდა მამაი „რუსეთზე უდიდესი თავდასხმისთვის“. თოხთამიშთან დაპირისპირების მიუხედავად მან მოახერხა დიდი ლაშქრის შეკრება და ჩაფიქრებული ლაშქრობის განხორციელება. მან დაიქირავა: გენუელთა, ჩერქეზეთა, ჩეჩენთა და ალანთა რაზმებიც.

* * *

წმ. სერგის ლავრა დღეს

წმინდა ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის ნეტარი სერგი უფალმა წინასწარმეტყველებისა და სასწაულთმოქმედების ნიჭითაც დააჯილდოვა. მოსალოდნელი ბრძოლის წინ, 1380 წელს, დიდი მთავარი დიმიტრი ძმასთან და ბოიარებთან ერთად ეწვია სამების ლავრას, რათა ელოცა და ღირსი იღუმენისაგან ლოცვა-კურთხევა მიეღო. წმინდანმა გადასახა მას ჯვარი, ნაკურთხი წყლით განამტკიცა თანამოაზრეებთან ერთად და მტერთან ბრძოლაში გამარჯვება უწინასწარმეტყველა. მთავრის თხოვნით ლაშქრობაში ორი ბერი, ალექსი და ანდრეი, ყოფილი ბოიარები გააყოლა და კვლავ დალოცა ხატით, - ყოვლისმპყრობელი უფალი. მან რუსული სამთავროების გაერთიანებული მხედრობაც აკურთხა და თათრებზე გამარჯვება დიმიტრის კვლავ უწინასწარმეტყველა.

დიდმა მთავარმა 20 აგვისტოდან დაიწყო ეკლესია-მონასტრების მოლოცვა: ურიცხვი მტრის დამარცხებას შესთხოვდა უფალს და სამღვდელოებასა და ბერ-მონაზვნებს ევედრა, რათა დღედაღამ ელოცათ.

ბრძოლის წინ ბერების საშუალებით ღირსმა მამამ დალოცა დიმიტრი, გაუგზავნა ღმრთისმშობლის დიდი სეფისკვერი და სიგელი, რომელშიც ანუგეშებდა მას და უფლის იმედით კვლავ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. მიუახლოვდა რა მდინარე დონს, დიმიტრი ყოყმანობდა, გადასულიყო თუ არა მეორე ნაპირზე, მხოლოდ სერგი რადონეჟელისაგან გამოგზავნილი სიგელის მიღების შემდეგ გამხნევდა და ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა. 1380 წლის 7/IX რუსეთის მხედრობა გადავიდა მდ. დონზე და განლაგდა სამი მდინარის - დონის, ნეპრიადვასა და კრასივაია მეჩას შორის კულიკოვის ველზე (რუსეთის ლაშქარში სულ 50-60 ათასი მებრძოლი იქნებოდა, ოქროს ურდოში კი 100-150 ათასი).

8 სექტემბერს, ბრძოლის წინ, ქრისტეს ახოვანმა მხედარმა დიმიტრიმ, ასე მიმართა საომრად გამზადებულ სპას: „მამანო და ძმანო! უფლის სახელისათვის, წმინდა ტაძრებისათვის და ქრისტეს სარწმუნოებისათვის იბრძოლეთ. ნუ იფიქრებთ ამქვეყნიურზე და მაშინ ძლევის გვირგვინით შეგვამკობს სულთა ჩვენთა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი“. შემდეგ ალამზე გამოსახული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინაშე ილოცა, აბჯარი აიხადა და რიგითი მებრძოლივით შეიჭრა ბრძოლაში.

გაჩაღდა სასტიკი ომი. ზეცაში ცხადად იხილვებოდა ანგელოზთა მხედრობა მთავარანგელოზ მიქაელის წინამძღოლობით, ჩანდა მოწამეთა დასიც და მათ შორის წმინდა მხედრები - გიორგი ძლევაშემოსილი, დიმიტრი თესალონიკელი, ბორისი და გლები. ისინი ცეცხლოვან ისრებს აყრიდნენ მტრებს, რუსთა ლაშქარს კი ნათლის ღრუბელი დაადგა, საიდანაც მართლმადიდებელ მხედართა თავზე ბრწყინვალე გვირგვინები დაეშვა. მონღოლ-თათრთა ლაშქარმა სამარცხვინო დამარცხება იგემა: დიმიტრი იოანეს ძემ 20 ათასამდე მეომარი დაკარგა, ხოლო მამაიმ მთელი ჯარის 8/9.

ბრძოლის დროს ნეტარმა სერგიმ შეკრიბა ბერები და ერთად ილოცეს გამარჯვებისათვის და დაღუპული მეომრების სულის ცხონებისათვის. ღირსი სერგი სულით ჭვრეტდა კულიკოვის ბრძოლის მიმდინარეობას და ყოველი მოკლული თანამემამულის სახელი მყის განეცხადებოდა ღმრთისაგან - ლოცვის დროს ის წარმოთქვამდა ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სახელებს და მანვე ახარა ძმებს გამარჯვების ამბავი.

ბრძოლის შემდეგ დიმიტრი გონდაკარგული იპოვეს, თუმცა დაჭრილი არ იყო და ცნობამ გამარჯვების შესახებ მას სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა. დონის პირას მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებისათვის ხალხმა მას სიყვარულის ნიშნად დონელის ზედწოდება მიანიჭა. ამ ბრძოლამ დაარწმუნა რუსი ხალხი, რომ საჭირო იყო მოსკოვის გარშემო გაერთიანება. კულიკოვის ბრძოლის შემდეგ დაიწყო რუსული სამთავროების მონღოლთაგან განთავისუფლება.

მამაიმ გაქცევით უშველა თავს. სექტემბრის ბოლოს მას თოხთამიშთან მოუხდა შეტაკება და დამარცხებული თავის განძეულობით კაფში (თეოდოსია) გადავიდა, თუმცა იმავე წელს მოკლეს თოხთამიშ-ხანის (1380-1395) ბრძანებით. [გადმოცემით მამაის ერთ-ერთი ვაჟი ლიტვის სამთავროში გადასულა, ქ. გლისკში დაბინავებულა და იქ თავისი ავტონომიური სამთავრო ჩამოუყალიბებია. მის შთამომავლად ითვლება ივანე IV მრისხანე, რომლის დედა - ლიტვური წარმოშობის მთავრის, ვასილი ლვოვის ძის ქალიშვილი - დიდი მთავრინა ელენე ვასილის ასული გლინსკაია (1506-1538) იყო მოსკოვის დიდი მთავრის, ვასილი III იოანეს ძის მეორე ცოლი (1526-1538)].

გამოჯანმრთელების შემდეგ დიმიტრი დონელი ეახლა სერგი რადონეჟელს, სურდა მოეხსენებინა ბრძოლაში დაღუპულთა სახელები და დიდი შესაწირავი მიეძღვნა მონასტრისათვის. სწორედ მაშინ დააწესეს მამულისა და სარწმუნოებისათვის თავგანწირულთა მხედართა მოსახსენებლად დიმიტრის შაბათი [აღინიშნება დიმიტრი თესალონიკელის, მირონმდინარის (+306 წ) ხსენების (ძვ. სტ. 26 ოქტომბერი; ახ. სტ. 8 ნოემბერი) წინა შაბათს], რომელიც შემდეგ, საერთოდ, მიცვალებულთა მოსახსენებელ დღედ იქცა. დიდმა მთავარმა თავისი აღთქმაც შეასრულა, რომელიც ბრძოლაში წასვლის წინ მისცა უფალს. მან ღირსი სერგის დახმარებით მდინარე დუბენკაზე ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი ააშენა, ხოლო მისმა მეუღლემ მოსკოვში, კრემლში ღმრთისმშობლის შობის სახელობისა. სამების ლავრის გარდა, წმ. სერგიმ დააარსა კიდევ რამდენიმე მონასტერი: ხარებისა კირჯაჩზე, კოლომნისთან ახლოს „სტარო-გოლუტვინის“, ვისოცკის მონასტერი; წმ. გიორგის სკიტი მდინარე კლიაზმას უდაბნოში. ამ სავანეებში მან თავისი მოწაფეები დაადგინა. მისმა მოწაფეებმა კი 40-მდე სავანე დააარსეს.

თოხთამიშ-ხანმა შეძლო დროებით განემტკიცებინა ოქროს ურდო, 1382 წელს მოსკოვი აიღო და გადაწვა, (წმინდა სერგიმ და მისმა საძმომ თავი ტვერს შეაფარეს, ტვერის მთავრის, მიხეილ ალექსანდრეს ძის მფარველობით), შემდეგ კი თემურლენგს შეებრძოლა. თემურლენგმა დაამარცხა თოხთამიში, დაიპყრო და დაანგრია ვოლგისპირეთი და ყირიმის ქალაქები, რითაც ოქროს ურდოს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა (თემურლენგის შემოსევას მოჰყვა თეთრი ურდოს დაპყრობა. თემურლენგის სახელმწიფოს დასუსტების შემდეგ თეთრი ურდოს ტერიტორიაზე XV ს-ის 20-იან წლებში შეიქმნა ციმბირის სახანო, 40-იან წლებში ნოღაის ურდო, შემდეგ კი ყაზახთა, უზბეკთა და ასტრახანის სახანოები. 1480 წ. გაძლიერებულმა მოსკოვის სამთავრომაც მოიცილა თათართა უღელი. XVI ს-ის დამდეგს თეთრმა ურდომ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა).

1385 წელს ღირსი სერგი დიმიტრი დონელის მტერს - სიმკაცრით ცნობილ მთავარს, ოლეგ რიაზანოვს ესტუმრა და დაარწმუნა სამუდამო ზავი დაედო დიდ მთავართან. დიმიტრის თანამოღვაწე, სერპუხოვის თავადი ვლადიმერ ანდრეის ძე, რომლის მფლობელობაშიც შედიოდა რადონეჟის უდაბნო, იყო წმ. სერგის სულიერი შვილი და მან პირველმა ცნო დიდი მთავარი დიმიტრი თავის ხელმწიფედ. დიდი წვლილი შეიტანა ღირსმა სერგიმ რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, იმით, რომ ხელი შეუწყო ძალაუფლების თავმოყრას ერთი ძლიერი მთავრის ხელში და მშვიდობა ჩამოაგდო დიმიტრი იოანეს ძისა და განდგომილ მთავართა შორის.

დიდი მთავარი მალევე დავადმყოფდა (დაძაბული ცხოვრების წესის გამო), და როცა სიკვდილის მოახლოვება იგრძნო, ღირსი სერგი მოაყვანინა, ანდერძი დაწერა, ხელი მოაწერინა და ზიარება მიიღო. ამ ანდერძმა, ერთხელ და სამუდამოდ დაამყარა წესრიგი რუსეთის დიდი სამთავროში - მფლობელობის მამიდან უფროს შვილზე გადაცემის შესახებ. 1389 წლის 13 მაისს დიდი მთავარი გარდაიცვალა. ის დაასაფლავეს არხანგელსკის ტაძარში თავის წიანპრებთან ერთად. გადმოცემით წესის აგების დროს მრავალრიცხოვან სამღვდელოებას შორის იმყოფებოდა მისი მფარველი და მისთვის მლოცველი, ღირსი სერგი რადონეჟელი.

ქმრის სიკვდილის შემდეგ, დიდი მთავრინა ევდოკია, ევფროსინიას სახელით მონაზვნად აღიკვეცა მოსკოვის ფერისცვალების მონასტერში. მან სახელი გაითქვა ასკეტური ღვაწლით და სასწაულებით. სიკვდილის შემდეგ (1407წ) იგი წმინდანთა დასში შეირაცხა.

წმ. სერგის განსასვენებელი
წმიდა სამების ლავრაში

ექვსი თვით ადრე თავის სიკვდილმდე, ღირსმა სერგიმ მონასტრის წინამძღვრად თავისი მოწაფე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი ნიკონი დაადგინა (ხს. 17 ნოემ), თვითონ კი განმარტოვდა და აღსასრულისათვის ემზადებოდა. წმინდანს წინასწარ ეცნობა უფლისაგან თავისი სიკვდილის ჟამი, უკანასკნელად შეკრიბა ძმები და ანდერძად დაუბარა: „ყურადღებით იყავით, ძმებო! უწინარეს ყოვლისა გქონდეთ ღმრთის შიში, სულიერი სიწმიდე და შეუორგულებელი სიყვარული“-ო, დაარიგა და უფალ იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმინდა დედას მიაბარა. წმ. სერგი უკანასკნელად ეზიარა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებას და 1392 წლის 25/IX ლოცვით შეავედრა უფალს თავისი წმინდა სული.

გამოუთქმელი კეთილსურნელება გავრცელდა წმინდანის კელიაში. მოღვაწის სახე ზეციური ნეტარებით ანათებდა. გეგონებოდა ღრმა ძილით დაიძინაო. ძმებმა ცხედარი სავანის ტაძრის სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად დაკრძალეს, მაგრამ მისი ნეტარი აღსრულებიდან სულ მალე დაიწყო წმინდანის საკვირველი გამოცხადებები და განკურნებები. ბერმა ეგნატემ ის იხილა ტაძარში თავის ჩუეულ ადგილზე, ძმებთან ერთად მგალობელი. 1408 წელს წმინდა სერგი გამოეცხადა მამა ნიკონს და უწინასწარმეტყველა ედიღეის ხანის მიერ ლავრის განადგურება და შემდეგ მისი აღდგენა. ორივე წინასწარმეტყველება აღსრულდა. სამების ლავრა გადაწვეს და გაანადგურეს. ბერები ტყეში დაიმალნენ. მათ გადაარჩინეს, ხატები და სერგი რადონეჟელთან დაკავშირებული ნივთები.

1408 წელს, როცა მოსკოვი და მისი შემოგარენი თათართა ურდოებმა ააოხრეს, წმინდა სამების ლავრაც დაიწვა და დაცარიელდა. უსჯულოთა მოსალოდნელი თავდასხმის წინა ღამეს ღირსი სერგი ეჩვენა თავის მოწაფეს და მემკვიდრეს - იღუმენ ნიკონს, აუწყა მოსალოდნელი უბედურების შესახებ და თან დაამშვიდა - განსაცდელი დროებითია, სავანე აღდგება, კიდევ უფრო აყვავდება და აღორძინდებაო. წმინდა სერგი გამოეცხადა ბერს, რომელმაც ნაჯახი ჩაირტყა ფეხში და სასწაულებრივად განკურნა იგი.

თავისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, ნეტარი მამა ერთ კეთილმსახურ ერისკაცს ეჩვენა და უბრძანა, ძმებისთვის ეუწყებინა: „რატომ მაჩერებთ ამდენი ხანი კუბოში, სადაც მიწა მფარავს და წყალი მაწუხებს-ო“. ეკლესიის საძირკველის გათხრისას მუშები გადააწყდნენ წმინდანის ლუსკუმას, რომლის ირგვლივ, მართლაც, წყალი იდგა, თუმცა მის წმინდა ძვლებს არ შეხებია.

1422 წლის 5 ივლისს მღვდელმსახურთა დასის, დიდებულებისა და ურიცხვი ხალხის თანდასწრებით პატივით ამოასვენეს ნეტარი მამის ნაწილები, როცა კუბო გახსნეს, საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა ირგვლივ - არა მარტო ცხედარს, სერგი რადონეჟელის სამოსელსაც კი არ დასტყობოდა გახრწნის კვალი.

მაშინ მამა ნიკონმა ხის ტაძრის მაგივრად, რომელიც 1415 წლის 14 სექტემბერს აკურთხეს, დაიწყო წმინდა სამების ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

წმინდა ეკლესია ღირსი სერგის, უფლის სათნომყოფელი ახოვანი მოსაგრისა და მონღოლთაგან გავერანებულ რუსეთში მონასტრული ცხოვრების ამაღორძინებლის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღასრულებს: 5 ივლისს (ახ. 18 ივლ.) - წმინდანის ნაწილთა აღმოყვანებისა და 25 სექტემბერს (ახ. 8 ოქტ.) - მისი მიცვალების დღეს.

წმ. სერგის „ცხოვრებათა“ სხვადასხვა (რუსული) ვარიანტებიდან თარგმნა,
ისტორიული ნაწილი დაამუშავა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა.