წმიდა მოწამე აკვილინა (+293)

13 (26) ივნისი

წმიდა მოწამე აკვილინა (+293) კეთილმორწმუნე ფინიკიელთა ოჯახში იზრდებოდა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მშობლები ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ შვილს. აკვილინასაც გულწრფელად უყვარდა ღმერთი, ეცოდებოდა სულიერ ნათელს მოკლებული თანატოლები და ურჩევდა მათ, შესდგომოდნენ ქრისტეს. მეფისნაცვალ ვოლუსიანეს ერთმა მსახურმა ბატონთან დაასმინა აკვილინა - ამხანაგებს მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. მაშინ წმიდა ყრმა 12 წლისა იყო. ვოლუსიანემ გადაწყვიტა, ტკბილი შეგონებებით, ალერსით მოენადირებინა ბავშვის გული და წარმართობისკენ გადაედრიკა, მაგრამ აკვილინამ საოცარი სიმტკიცით აღიარა მის წინაშე თავისი სარწმუნოება. როცა ვერანაირმა მზაკვრობამ ვერ გაჭრა, მტარვალმა თავისი ნამდვილი ბუნება გამოაჩინა და ბავშვის წამება ბრძანა. ჯალათებმა ჯერ სასტიკად სცემეს აკვილინა, შემდეგ კი გააშიშვლეს და საშინლად აწამეს. ვოლუსიანემ დაცინვით მიმართა ნორჩ მოწამეს: „სად არის შენი ღმერთი? მოვიდეს და გამომგლიჯოს შენი თავი ხელიდან!“ აკვილინამ უპასუხა: „ჩემი ღმერთი უხილავად ყოველთვის ჩემთანაა და რაც უფრო მეტად ვიტანჯები, მით უფრო მეტ ძალასა და მოთმინებას მანიჭებს!“

ქრისტეს ტარიგს გახურებული შამფურები გაურჭვეს ყურებში და თავი გაუხვრიტეს. იგი მკვდარივით დაეცა მიწაზე. მტარვალმა ბრძანა ბავშვი ქალაქგარეთ დაეგდოთ ძაღლების დასაგლეჯად. შუაღამისას უფლის ანგელოზი მიეახლა აკვილინას, ხელის შეხებით განკურნა, წამოაყენა და უთხრა: „წადი, ამხილე ვოლუსიანე და უჩვენე, რა უძლურია მისი ძალა უფლის წინაშე!“ მოწამემ ადიდა უფალი, მეფისნაცვლის სასახლისკენ გაემართა და ვოლუსიანეს წინაშე წარდგა. შიშით ზარდაცემულმა მტარვალმა მსახურებს უხმო და უბრძანა, კრძალულად დაეცვათ გოგონა, დილით კი მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, როგორც ჯადოქარსა და მეფის ურჩს. როცა წმიდანი დასასჯელად მიჰყავდათ, ის ლოცულობდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა. პასუხად გაისმა ხმა, რომელიც აკვილინას ზეციური სასუფევლისკენ მოუწოდებდა, და მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+293). ჯალათს მმართველის ბრძანების შეუსრულებლობის შეეშინდა და უკვე მიცვალებულ მარტვილს მოჰკვეთა თავი. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი იგი კონსტანტინეპოლში, მის სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.