წმიდა მოწამენი შვიდნი ძმანი: ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსე, ფირმინე, კვირიკე და ლონგინოზ მხედარი (IV)

24 (07.07) ივნისი

წმიდა მოწამენი, შვიდნი ძმანი - ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინი, კვირიკე და ლონგინოზი რომაელი მხედრები იყვნენ და იმპერატორის ლაშქარში მსახურობდნენ. მაქსიმიანეს (284-305) მეფობაში ბერძნებს სკვითები დაესხნენ თავს. ორენტის ებრძანა, რომ გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე სკვითების ბელადს, მაროთს შებრძოლებოდა. გაბედულებითა და ძლიერებით გამორჩეული მხედარი თავის ექვს ძმასთან ერთად ქრისტეს სასოებდა, ახლაც ღვთისგან გამოითხოვა შეწევნა და დაამარცხა სკვითების აქამდე დაუმარცხებელი ბელადი. ამ გამარჯვებამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა - სკვითები უკუიქცნენ. იმპერატორი წარმართული ღვთაებებისთვის სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად გაემზადა და გამარჯვებულს - ორენტისაც უხმო. წმიდანმა უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე და ახოვნად აღიარა, რომ მას ქრისტე ღმერთი სწამდა და მხოლოდ მას ემსახურებოდა. ვერც პატივისა და სიმდიდრის აღთქმამ და ვერც მუქარამ ვერ მოდრიკა აღმსარებელი. მაშინ სასტიკმა და უმადურმა თვითმპყრობელმა ბრძანა, იგი თავის ძმებთან ერთად კავკასიაში გადაესახლებინათ. გზაში ყველა მათგანი გარდაიცვალა: პირველად, 22 ივნისს, ეროსი აღესრულა პარემვოლში; შემდეგ ორენტიმ შეჰვედრა სული უფალს. მას ყელზე ლოდი გამოაბეს და ზღვაში ჩაძირეს. მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალაქ რიზის ნაპირებთან გამოიყვანა იგი და აქ მიიცვალა. ფარნაკი 3 ივლისს გარდაიცვალა კორდილში; წმიდა ფირმოსი და ფირმინი - 7 ივლისს, ასპარში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; წმიდა კვირიკე კი - ზიგანიაში, 14 ივლისს. მეშვიდე ძმას, ლონგინოზს ხომალდზე აღმოხდა სული. ქარიშხალმა გემი ქალაქ ბიჭვინთასთან მიაგდო და წმიდანის ნეშტიც აქ მიაბარეს მიწას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.