აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი (412)

28 (11.07) ივნისი

წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა. პატრიარქ თეოფილეს (385-412) სურდა, განეწმინდა ეს ადგილი დემონთაგან, მაგრამ ვერ მოასწრო. მღვდელმთავრის სურვილი მისმა მემკვიდრემ, პატრიარქმა კირილემ (412-44) აღასრულა. ნეტარი მამა გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ხელი მოემართა წმიდა საქმის განხორციელებაში. ბოლოს ნათელმოსილი ანგელოზი წარსდგა მის წინაშე და უბრძანა, წმიდათა უვეცხლოთა კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაესვენებინა მანუფინში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეასრულა ზეციური კურთხევა, შემდეგ კი სოფელში მარტვილთა სახელობის ტაძარიც ააგო. ამ დროიდან მოყოლებული მანუფინი განთავისუფლდა ბოროტ სულთა მძლავრობისაგან. კვიროსისა და იოანეს ლოცვით აქ მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

ცნობები წმიდანების შესახებ 31 იანვრის საკითხავშია მოთავსებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.